ტაკს
ატლანტიკისთვის ბრძოლა რადიოლოკაციური ტექნოლოგიების სფეროში
მეორე მსოფლიო ომის დროს ატლანტიკაში უამრავი საზღვაო ბრძოლა, ოპერაცია და საინტერესო მომენტი მოხდა - გერმანული "ენიგმას" და ბლეჩლი-პარკის ბრიტანელი კრიპტოგრაფების დაპირისპირება, წყალქვეშა ფლოტის მეთაურის, კარლ დენიცის ტაქტიკური ნოვაციები და ინგლის-ამერიკის თანამშრომლობა ამ ნოვაციებთან საბრძოლველად და ა.შ.
ძალიან საინტერესო ბრძოლა იმართებოდა ფრონტის ხაზიდან შორსაც, გერმანელი და ინგლისელი მეცნიერების და ტექნიკოსების დაპირისპირებაში, რომლებიც მუდმივი ტექნიკურ-ტექნოლოგიური ნოვაციებით (განსაკუთრებით ომის მეორე ნახევარში) ამ ბრძოლას განსაკუთრებულ ინტერესსა და დაძაბულობას მატებდნენ.
მათი დაპირისპირების ერთ-ერთი სფერო რადიოლოკაციური ტექნოლოგიები იყო, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდა მოკავშირეების თვითმფრინავებზე დამონტაჟებული რადარები და გერმანულ წყალქვეშა ნავებზე არსებული დეტექტორები, რომლებიც ამ რადარების მოქმედებას აფიქსირებდნენ და წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს აფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ - რადარით აღჭურვილი მსუბუქი ბომბდამშენები და ე.წ. "მფრინავი ნავები" ("კატალინა") წყალქვეშა ნავების მთავარი და ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეები იყვნენ და სწორედ მათ შეიტანეს უდიდესი წილი ატლანტიკისთვის ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებაში.
მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე რადარის თვითმფრინავზე დამონტაჟება საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო - ეს მოწყობილობა ჯერ გემებზე დასაყენებლად საჭირო ზომამდეც არ იყო დაპატარავებული და მას მხოლოდ ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში იყენებდნენ გერმანული თვითმფრინავების მოახლოების დასაფიქსირებლად. ომის დროს ინგლისელმა ინჟინრებმა - რენდალმა და ბუტმა - რეზონატორული მაგნეტრონის გამოყენებით რადარის ფაქტიური მინიატურიზება მოახერხეს, რის შედეგადაც 1941-1942 წლებიდან ბრიტანულ გემებზე, მოგვიანებით კი თვითმფრინავებზეც, დამონტაჟდა რადარები, რომლებიც გერმანულ წყალქვეშა ნავებს წყალსზედა მდგომარეობაში აფიქსირებდნენ და ბრიტანელები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები ნავის ადგილმდებარეობაზე.
გერმანულ საზღვაო შტაბში ბრიტანულ თვითმფრინავებზე რადარების არსებობის ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში არ იჯერებდნენ, მიუხედავად 1941 წლიდან ბევრი წყალქვეშა ნავის მეთაურის სწორი ვარაუდისა, რომ ინგლისელებმა მოახერხეს რადარის თვითმფრინავებისათვის მორგება. გერმანელ ტექნიკოსებს მხოლოდ 1941 წელს მიეცათ განკარგულება რადარის დეტექტორების შემუშავებისა, როდესაც 1941 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ აფრიკაში ASV Mk.I ტიპის რადარით აღჭურვილი ინგლისური ბომბდამშენი "ველინგტონი" გერმანელებს ჩაუვარდათ ხელში და უკვე ცხადი გახდა, რომ ინგლისელი პილოტები ამ მოწყობილობას იყენებდნენ.
რადარის პირველი დეტექტორი FuMB 1 Metox 600A იყო, რომელსაც სახელი მისი (ფრანგი) შემქმნელის საპატივსაცემოდ დაერქვა. მას 1.5 მეტრის სიხშირეზე მოქმედი ASV რადარის მოქმედების დაფიქსირება შეეძლო უსაფრთხო დისტანციაზე - მას, როგორც პირველ მოდელს, ნაკლიც გააჩნდა - გერმანელებმა მალე აღმოაჩინეს, რომ "მეტოქსი" ხშირად სხვა (მაგ. გერმანული ავიაციის გადამცემების) სიგნალებსაც იღებდა; დეტექტორი მალე გააუმჯობესეს, თუმცა "მეტოქსს" მეორე ნაკლიც გააჩნდა - სუსტი სიგნალი, რომელიც საკმაო პრობლემებს უჩენდა ნავების ეკიპაჟს. 1943 წლის გაზაფხულზე ინგლისელებმა ახალი, 10სმ-იანი ASV რადარი შექმნეს, რომლის მუშაობასაც "მეტოქსი" უკვე ვეღარ აფიქსირებდა და ამას გარდა, ტყვედ აყვანილმა ბრიტანელმა ოფიცერმა მათ გაანდო, რომ დეტექტორის სიგნალს ინგლისელების სანაპირო თავდაცვის სისტემები იჭერდა. ამან ახალ მოწყობილობაზე, Naxos-ზე მუშაობა გარკვეული პერიოდით გადადო, რადგან გერმანელ კონსტრუქტორებს უკვე ახალი ფაქტორის გათვალისწინებაც ჭირდებოდათ - ამ პერიოდში წყალქვეშა ფლოტმა დიდი დანაკარგები განიცადა.
ზემოთ ნახსენები პირველი სანტიმეტრული რადარი წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ 1943 წლის 17 მარტს იქნა გამოყენებული და გამომდინარე იქიდან, რომ "მეტოქსი" მის მოქმედებას ვერ აფიქსირებდა, ნავები დაუცველები იყვნენ უეცარი საჰაერო შეტევებისგან. ბისკაის ყურე, სადაც მანამდე გერმანული ნავები საკმაოდ უსაფრთხოდ დაცურავდნენ, ASV Mk.III სანტიმეტრული რადარით აღჭურვილი თვითმფრინავებით პატრულირების დაწყების შედეგად უკვე სახიფათო ადგილად გადაიქცა გერმანელებისთვის. დენიცმა (Karl Dönitz, გერმანული წყალქვეშა ფლოტის მეთაური მეორე მსოფლიო ომის პერიოდში) პრობლემების შესახებ მაისში შეიტყო, თუმცა ეგონა, რომ ეს პრობლემები "მეტოქსის" ბრალი იყო და არა ახალი სისტემის რადარების.
ფირმა "Telefunken"-მა 1943 წლის მეორე ნახევარში ახალი მიმღები, FuG 350 Naxos I შექმნა, რომელიც 2500-დან 3750 მეგაჰერცის სიხშირეზე მუშაობდა (რაც 12-8 სანტიმეტრულ სიხშირეს უტოლდება).
Naxos დეტექტორიU-952-ზეNaxos I ვერტიკალურად პოლარიზებულ ანტენას წარმოადგენდა, რომელსაც თავიდან ინგლისური რადარების სიგნალის დაჭერა უჭირდა, რადგან ინგლისელების მოწყობილობები ჰორიზონტალურ პოლარიზაციაზე მუშაობდა. Naxos Ia-ს სამმაგი ანტენა გააჩნდა, რომლის ელემენტები ერთმანეთს 45-გრადუსიანი დახრით კვეთდა - დამზადდა Naxos I-ის 1000 მოწყობილობაზე მეტი, როგორც წყალქვეშა ნავებისათვის, ასევე საჰაერო ფლოტისთვის.
პირველი მოწყობილობები 1943 წლის სექტემბერში ამოქმედდა ნავებზე - მისი მოქმედება ინგლისელებმა ნოემბერში შეამჩნიეს, როცა გააანალიზეს, რომ თვითმფრინავის რადარის კონტაქტთან დაახლოების შემდეგ სიგნალი ქრებოდა. საპასუხოდ, მათ ASV Mk.VI შექმნეს, რომელსაც ე.წ. "ატენუატორი" გააჩნდა - მისი საშუალებით პილოტს რადარის სიგნალის შემცირება შეეძლო, რომ ნავის ეკიპაჟი შეცდომაში შეეყვანა, იმ ილუზიის შექმნით, რომ თვითმფრინავი მას არ უახლოვდებოდა. ამას გარდა, მათ 1943 წლის ბოლოს 3სმ-იანი ASV Mk.VII რადარზე მუშაობაც დაიწყეს და იმის მიუხედავად, რომ გერმანელების მხრიდან ამ რადარის საწინააღმდეგო 3სმ-იანი Naxos-იც შეიქმნა, მისი მასიური დამზადება და ნავებზე დამონტაჟება უკვე ვეღარ მოესწრო.
მასალა: Emmanuel Gustin, uboat.net
ომის ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიქმნა კიდევ ორი ტიპის დეტექტორი - FuMB10 Borkum და FuMB21 Tunis, თუმცა მათ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ ქონდა მოკავშირეების მიერ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ახალი სისტემების ამოქმედების და რიცხობრივი და ოპერატიული უპირატესობის მათ მხარეს გადასვლის გამო.
This post has been edited by Scouser_tornikE on 6 Mar 2006, 01:48