გზა... დაკარგული სამშობლოსკენ
უწინ აქ ყველა ქართულად ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა...
(გაგრძელება. დასაწყისი “კვირის პალიტრა” №№24,25)
ჩანჩქერი
ოშკის გადასახვევიდან ორიოდე კილომეტრში თორთუმის ტბაა, რომელიც თურმე 1791 წელს, მიწისძვრისას, კლდის უზარმაზარი მასივის მდინარე თორთუმისწყალში ჩამოწოლის შედეგად წარმოიშვა. ტბა 13 კილომეტრზე გრძელდება და გზის მარჯვნივაა, ულამაზესი ხედებით. როგორც ბატონი ბონდო გვეუბნება, აუცილებლად უნდა ვნახოთ თორთუმის ჩანჩქერიც, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულობით. ჩანჩქერი მართლაც დიდებულია, მას ნიაგარასაც კი ამსგავსებენ. შხეფებს რამდენიმე ათეულ მეტრზე ისვრის და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის ნამდვილი მისწრებაა: ოშკის ნახვის შემდეგ გულს ჩანჩქერის შხეფებით ვიგრილებთ და იშხნისკენ მივემართებით.
იშხანი
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. ვჩქარობთ, რადგან იშხნისკენ მიმავალი გზა საკმაოდ სახიფათოა, ციცაბო კლდეებზე გადის. თუ ავტომანქანის ბორბალი ვიწრო ქარაფს შემთხვევით ოდნავ ასცდა, შეიძლება უზარმაზარ უფსკრულში აღმოჩნდე. ეს გზა მძღოლის ოსტატობას ცდის. მანქანის მარცხენა სარკმლიდან ვიყურები და სული მელევა - ბორბლებსა და უფსკრულს შორის მანძილი ათი სანტიმეტრიც არ არის. მძაფრი შეგრძნებები მეც მიყვარს, მაგრამ ეს ნამდვილად მეტისმეტია. პირტიტველი კლდის კენწეროზე მოქცევისას მწვანე წალკოტი გამოჩნდა, მის შუაგულში კი ტაოს ნამდვილი მარგალიტი - იშხანი. ნანახი მოლოდინს აჭარბებს. “სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა”, - ამბობდნენ ძველ ტაოში. იშხნის დანახვაზე გავიფიქრე, ამ ტაძარში დიდი სიყვარულია ჩადებული-მეთქი. საუცხოო შეფერილობის ქვა ზოგან მოთეთრო-მოვარდისფრო, ერთ მხარეს კი მონარინჯისფრო ტაძარს მეტ მიმზიდველობას სძენს. მზის სხივების მოხვედრისას ტაძარი თითქოს ანათებს კიდეც. დიდი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმები თითქმის არსად მეორდება. ეს ნამდვილი სასწაულია, ასეთი ამაღლებული გრძნობა არც ერთი ტაძრის ხილვისას არ გამჩენია.
ბონდო კუპატაძე: “იშხანში ეკლესია პირველად VII საუკუნის პირველ ნახევარში ააგო ნერსე ეპისკოპოსმა, რომელიც სოფელ იშხნიდან იყო. ძველი, ნერსესეული ტაძარი, როგორც ჩანს, არაბთა შემოსევის შედეგად განადგურდა. გადარჩა მხოლოდ ლამაზი საკურთხეველი სვეტნარით, რომელიც ჰარმონიულად შეერწყა ახალ ტაძარს. იშხნის ტაძარი გრიგოლ ხანძთელის დავალებით მის დეიდაშვილს - საბას აუშენებია, შესაწირი კი აშოტ კურაპალატის შვილებს გაუღიათ. აგებისთანავე იშხანი საეპისკოპოსო კათედრად აკურთხეს, ხოლო საბა პირველი იშხნელი ეპისკოპოსი იყო. ამჟამინდელი სახე ტაძარმა XI საუკუნეში მიიღო, როცა ანტონ იშხნელმა ტაძარში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. მთავარი ტაძრის სამხრეთით გურგენ მეფის მიერ 1006 წელს აგებული მცირე დარბაზული ეკლესიაა. იშხნის საეპისკოპოსოს შუა საუკუნეების საქართველოში დიდი გავლენა ჰქონდა. მეფის კურთხევისას აქაურ ეპისკოპოსს აფხაზთა კათოლიკოსის შეცვლა შეეძლო. იშხნელის გამორჩეულობას ოსმალებმაც გაუწიეს ანგარიში და XVII საუკუნემდე საეპისკოპოსოს არსებობის ნება დართეს”.
დღეს იშხანი ინგრევა, ჭერი ზოგან ჩამოშლილია, მოხატულობიდან ცოტა რამ არის შემორჩენილი. როგორც გუმბათის მიდამოებში ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთერისთავი და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი X საუკუნის მეორე ნახევარში მოხატეს. ტაძრის ერთ-ერთ წარწერაზე აღნიშნულია, რომ მეფე დიმიტრი I-ს იშხნის ტაძრისთვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისთვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II-ს და მამას, მეფე დავით აღმაშენებელს.
იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, რომელსაც შემდგომში “მესიის სახარება” ეწოდა. აქვე 973 წელს გაკეთდა ჭედური, მოოქრული ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
იშხნიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულები წამოვედით. ამასობაში შემოგვაღამდა. ღამე პარხალში, ერთ-ერთ ახალაშენებულ სასტუმროში გავათენეთ. სასტუმროს არა უშავს, მასპინძლებიც სტუმართმოყვარენი არიან.
ხვალ პარხალსა და ოთხთა ეკლესიას ვნახავთ. ჯერ არ ვიცით, რომ ხვალ გურჯების ერთ-ერთ მიუდგომელ სოფელში გულისამაჩუყებელი შეხვედრა გველის.
პარხალი
ადრიანად პარხლისკენ ავიღეთ გეზი. პარხლის ტაძარში ამჟამად მეჩეთია. შიგნით კედლები თეთრ-ცისფრად გადაუღებავთ, მაგრამ საკურთხეველში ფრესკების ფრაგმენტები მაინც იკითხება. იგი X საუკუნის 60-იან წლებში დავით III კურაპალატის ბრძანებით აუშენებიათ. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და მოყავისფრო-მორუხო შეფერილობა აქვს. მონასტრისთვის იონა ბარაიას შეუწირავს შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი.
ტაძარი პარხლისწყლის ხეობაშია. ლაზეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში, პარხალთან ახლოს, სოფელ სავრიეთთან კლდეში ნაკვეთი რამდენიმეკილომეტრიანი სარწყავი არხია, რომელიც უშუალოდ თამარ მეფის ბრძანებით მოსახლეობისთვის გაუყვანიათ.
ბალხი
ახლა ერთ-ერთი ძველი ქართული სოფლის - ბალხისკენ მივდივართ. მთის ძირიდან კარგად ჩანს მთის წვერზე მერცხლის ბუდესავით შეფენილი სახლები. ყველაფერს ზღაპრული იერი აქვს. მანქანა ნელა მიიწევს მთის ფერდობზე. სოფლის შესასვლელიდან ფეხით უნდა იარო, სამანქანო გზა აღარ არის. აქაური ქუჩები კლდოვანი ვიწრო ბილიკებია. პირველი შეხვედრა: ქართული, კეთილი, ღიმილიანი შემოგებება.
- გურჯები ხართ? - მეც გურჯი ვარ, - გვეუბნება უცნობი მამაკაცი და დურსუნ ტოზაკად გვეცნობა. ამ სოფელში თავიანთი ქართული გვარ-სახელები არ იციან, მაგრამ მაინც იგრძნNობთ, რომ მათში ქართული სული არ ჩამკვდარა. ვაზი ხეივნებად, ზოგან მცირე ვენახებად გაუშენებიათ. დურსუნი ოჯახში გვეპატიჟება. აივნიდან ულამაზესი ხეობის ხედი იშლება. დურსუნის მეუღლეც კეთილად გვიღიმის და არომატული ჩაით და ხილით გვიმასპინძლდება. ყველას “კვირის პალიტრის” იმ ნომერს ვჩუქნით, სადაც საქართველოს რუკა დევს. ქართული წერა-კითხვა არ იციან, მაგრამ უხარიათ. გაზეთებს გვართმევენ და ინტერესით ათვალიერებენ. რუკაზე იმ ადგილს ეძებენ, სადაც დაიბადნენ. ცოტა ხანში დურსუნისა და მეზობლის ბავშვებიც გამოჩნდნენ. მათთვის ჩვენს საგამომცემლო სახლში დაბეჭდილი ფერად-ფერადი ზღაპრები და ტკბილეული გვაქვს. ზღაპრებს ხელიდან გვტაცებენ. განსაკუთრებით ქართული ხალხური ზღაპრები მოსწონთ.
თავდაპირველად ჩვენს მასპინძელს, დურსუნ ტოზაკს ვესაუბრეთ:
- თქვენი ქართული გვარი თუ იცით?
- ქოროღლიშვილები ვართ...
- დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
- აქ დავიბადე და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ.
- აქ საკმაოდ მკაცრი პირობებია, არ გიჭირთ?
- აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ და მიყვარს აქაურობა... არ მიჭირს.
- თბილისში თუ ყოფილხარ?
- არა, ტფილისი არ მინახავს, მაგრამ მოსკოვში 4 წელი გავატარე, ვმუშაობდი.
- საქართველოს შესახებ თქვენი წინაპრებისგან რამე თუ გსმენია...
- გურჯისტანზე ბევრი არაფერი ვიცი. ვიცი, რომ აქ ადრე გურჯები ცხოვრობდნენ და თამარას (თამარ მეფეს გულისხმობს. - ავტ.) აქ ხალხისთვის წყლის რუ (წყლის არხი. - ავტ.) აუშენებია.
- ქართული ენა ასე კარგად როგორ შეინახეთ?
- ჩემი მამა-პაპა ქართულად ლაპარაკობდა და იმათგან დავისწავლე. უწინ აქ ყველა ქართულად ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა უკვე ყველა თურქულად ლაპარაკობს. ბავშვებმა ქართული უკვე აღარ იციან.
- არ გინდა, რომ ასწავლო?
- როგორ არ მინდა, ვასწავლი კიდეც ცოტ-ცოტას. კარგი იქნება, დედაენას თუ მოგვაწვდით.
- იცი, რომ შენი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ?
- არ ვიცი, ჩვენ მუსლიმანები ვართ და მეჩეთში ვლოცულობთ...
- ცოლი ერთი გყავს?
- ერთი ცოლი მყავს, მეტის მოყვანას არც ვაპირებ. ისე გამიგონია, რომ ზოგს მეტი ცოლი ჰყავს, მაგრამ ჩვენ სოფელში ასე არ არის.
- ბევრი ფული რომ გქონდეს, წახვიდოდი აქედან?
- არა... მიყვარს აქაურობა. ბევრი ფულიც მქონდა, მაგრამ სულ აქ დავხარჯე.
სოფლის ქანდარაზე (გადასახედზე) ჩამოვჯექით, დურსუნმა მეუღლის მიერ სახელდახელოდ ჩვენთვის გამომცხვარი ნამცხვარი მოგვართვა. დაახლოებით ქართული ნაზუქის გემო ჰქონდა, ოღონდ ფორმით პატარა, დამრგვალებულ ბურთებს ჰგავდა.
ჩემი მასპინძლები სოფლის იმამისკენ მიმიძღვებიან, ისიც გურჯია, უნდა გაგაცნოთო. ცოტა უხერხულობის გრძნობა მიჩნდება, ვფიქრობ, იმამს რაზე უნდა ველაპარაკო-მეთქი, მაგრამ მასპინძლების კეთილგანწყობასა და სურვილს ვემორჩილები და სოფლის ოღროჩოღრო ბილიკებით იმამის სახლისკენ მივდივართ, იმამი იაშა სარმად გვეცნობა.
- დიდი ხანია, აქ ცხოვრობ?
- აქ დავიბადე, ცოლი და ორი შვილი მყავს. მე იმამი ვარ, მუსლიმი, თქვენ ქრისტიანები ხართ, მაგრამ ყველა გურჯები ვართ. ჩემი დედ-მამა გურჯები იყვნენ. ბათუმიდან და ტფილისიდან წამოსულან და აქ დარჩენილან.
- საქართველოს ნახვა თუ გინდა?
- ალბათ.... ალბათ.
- საქართველოზე რა იცი?
- არაფერი ვიცი... არც წერა ვიცით, მარტო აბლი-აბლი (ცოტ-ცოტას) ვლაპარაკობთ...
- შვილებს თუ ასწავლი ქართულად ლაპარაკს?
- აბლ-აბლია ვაჩვევ, რომ არ დაივიწყონ.
- თამარ მეფე გაგიგიათ?
- თამარა ლამაზი ყოფილა, სათვალავი ბევრი ჰქონებია, აქ სარწყავი რუ უშენებია, მაგრამ მერე სათვალავი გათავებია და აქედან წასულა.
- არ გინდათ ქართულად წერა რომ ასწავლოთ ბავშვებს?
- გვინდა... ალბათ... კარგია, სკოლებში ქართულს თუ ისწავლიან.
- საცხოვრებლად სხვაგან წახვიდოდით?
- წავიდოდი...
- რატომ?
- აქ არ მინდა... ცუდია, საქმე არ არის, სკული (სკოლა) არ არის. სწავლა მხოლოდ 5 წელია, მერე ბავშვი სხვაგან უნდა წაიყვანო.
იაშამ ისიც გვითხრა, რომ მალე საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადადის, “კვირის პალიტრას” და საქართველოს რუკას დაკვირვებით ათვალიერებს და მადლობას გვიხდის ყურადღებისთვის. ბალხის გურჯი იმამი კეთილგანწყობილი ღიმილით გვემშვიდობება. დურსუნი გვეუბნება, თუ დარჩებით, ცხვარსაც დაგიკლავთო. მერე შემოდგომაზე რთველში გვეპატიჟებიან და საოცრად ქართული ღიმილითა და სევდანარევი თვალებით გვაცილებენ.
ესეც ძველი გურჯები. ახლა ოთხთა ეკლესიისკენ უნდა დავიძრათ.
ოთხთა
ჩვენი შემდეგი გაჩერება ოთხთა ეკლესიაა. ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო. როგორც ამბობენ, ასეთი სახელი ამიტომ დაურქმევიათ. ოთხთაზე ლეგენდაც არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია, მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. თამარს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა. დღესდღეობით ოთხთაც განადგურების პირასაა. ბაზილიკაზე მცენარეები, ხეებიც კი ამოსულა. საკურთხეველთან მიწა გადათხრილია. თურქეთში არსებობს გადმოცემა, რომ ქართულ ტაძრებში დიდი სიმდიდრეა ჩაფლული, ამიტომ აქაურები დღესაც ცდილობენ განძის მიგნებას. ოთხთა X საუკუნეში დავით III კურაპალატის ბრძანებით ააგეს. საუკუნეების მანძილზე ოთხთა დიდ მონასტერს წარმოადგენდა, რომელსაც თავისი მამულები და მეურნეობა ჰქონდა.
ტაოდან კლარჯეთში
მეოთხე დღეს ტაოდან კლარჯეთში გადავდივართ. ლიგანის ხეობაში აზიაში სიდიდით მესამე კაშხალი შენდება. ჩვენში მას ჭოროხის კაშხალს ეძახიან.
ბონდო კუპატაძე: - კაშხლის მშენებლობისას მნიშვნელოვანი ქართული ძეგლი - კავკასიძეების ციხე დაიტბორება. ითქვა ისიც, რომ კაშხლის გამო მიკროკლიმატის შეცვლა რეგიონში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს. იტბორება ქალაქი იოუსუფელი - ართვინის ვილაიეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. თავის დროზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად გადახდილი თანხა მიზერულია, რადგან ეს გაცილებით დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ვფიქრობ, ამ კაშხლისგან ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ თურქეთსაც. არ ვიცი, თურქეთის ენერგოკრიზისს ეს კაშხალი რამდენად გადაწყვეტს, მაგრამ მგონი, ეკოლოგიური ზარალი გაცილებით დიდი იქნება. აბსოლუტურად შეიცვლება ბუნება. გაიზრდება მეწყრების საფრთხე, ტენიანობა, დაიწყება ეროზია.
- ქართული ძეგლებიდან, კავკასიძეების ციხის გარდა. კიდევ რომელი ძეგლი იტბორება?
- არც ერთი, თუმცა ამ ძეგლის დატბორვაც ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეულია.
თამარ სუჯაშვილი
თბილისი-თურქეთი-თბილისი
(დასასრული შემდეგ ნომერში)
ბალხი
მიმაგრებული სურათი
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....