JHR
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1706
წევრი No.: 137914
რეგისტრ.: 1-November 11
|
#29590832 · 7 Feb 2012, 11:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეფის რუსეთი როგორ აფასებდა ქართველების ფსიქოლოგიას... ////// გამოქვეყნებულია წელიწდეულში - ,,ფსიქოლოგიის, კრიმინალური ანთროპოლოგიისა და ჰიპნოტიზმის მაცნე” აკადემიკოს ვ. მ. ბეხტერევის საერთო რედაქციით. სანკტ-პეტერბურგი, 1906
ედუარდ ერიქსონი მედიცინის დოქტორი
თარგმანი ლეილა ბეზარაშვილისა
მკვლელობებითა და ყაჩაღობით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ქვეყანათა შორის კავკასიას პირველი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება ენერგიულად იბრძვის ამ სახის დანაშაულებათა წინააღმდეგ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის განათლებაზე დიდი მატერიალური სახსრები იხარჯება. ბუნებრივია, რომ ეთნოფსიქიკით დაინტერესებულ ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს, ასევე ანთროპოლოგსაც შეიძლება აზრად მოუვიდეს შეკითხვა: აქვს თუ არა კავკასიაში გავრცელებულ მკვლელობათა და ყაჩაღობის ეტიოლოგიაზე გავლენა ამ მხარეში მოსახლე ცალკეული ტომებისა და რასების ფსიქიკის თანდაყოლილ ნიშნებს, თუ ასრულებს ამ დანაშაულებებში გარკვეულ როლს აგრეთვე ადამიანების ფსიქიკური და ნერვული დაავადებები? ვეცადოთ ამ რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხში თუნდაც ზედაპირულ გარკვევას.
ქართველები, რომლებითაც დასახლებულია თბილისის გუბერნია, კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე კულტურული ხალხია და მათ უკვე XII-XIII საუკუნეებში მიაღწიეს ცივილიზაციის საკმაოდ მაღალ საფეხურს. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ მებრძოლი ბუნებით და საუკუნეთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად წარმატებულად იცავდნენ თავიანთ ეროვნულ დამოუკიდებლობას ბერძნებთან, რომაელებთან, სპარსელებთან, არაბებთან, თურქებთან და ა. შ. ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიაზე დიდებულ ციხესიმაგრეთა სიუხვე მოწმობს ისტორიულ ძნელბედობაზე, უახლოეს მეზობლებთან სისხლიან ურთიერთობასა და ქვეყანაში მრავალი მხრიდან შემოჭრილი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაზე. მატიანეები და სხვა ისტორიული წერილობითი საბუთები, თავის მხრივ, გვარწმუნებენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც საზოგადოდ კავკასიაში, განსაკუთრებული ძალადობით გამორჩეული სისხლიანი ომები და შუღლი ოდითგანვე სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რაც შეეხება ხალხის შინაგან ცხოვრებას, საქართველოში რუსეთთან შეერთებამდე თუმცა კი არსებობდა სასამართლო, ფაქტობრივად სუფევდა ადამიანის პიროვნებაზე ძალადობა და განუკითხაობა. ადამიანის სიცოცხლე საკმაოდ იაფად ფასობდა და თითოეული იძულებული იყო, საკუთარი ძალებით დაეცვა თავისი ინტერესები. დღეს ქართველები, როგორც ადრე, მებრძოლნი, გულფიცხნი, გრძნობებს აყოლილნი არიან; მრისხანება მათში ძალიან ადვილად იფეთქებს ხოლმე, მოქმედება კი სწრაფად მოჰყვება. კავკასიაში მოსახლე ყველა ადგილობრივ ტომთან შედარებით ქართველები გამოირჩევიან უმეტესი გულუბრყვილობით, სიალალით, უდარდელობითა და ქეიფისა და დროსტარებისკენ მიდრეკილებით. უქმე დღეებში დუქნების მახლობლად მუდამ ისმის მუსიკა, სიმღერა, ჩხუბი, ყვირილი, სიცილი. ოჯახებშიც ნებისმიერი საბაბით ასევე მხიარულებას ეძლევა ხოლმე მოხუცი თუ ახალგაზრდა, კაცი თუ ქალი, სტუმარი თუ მასპინძელი. ამგვარი ხასიათის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ თავისუფალ დროს ქეიფისას სატაძრო დღესასწაულზე ან სხვა ადგილზე. მათ შორის ხშირად ხდება შელაპარაკება, რომელიც ადვილად მთავრდება სავალალო დრამით. ყაჩაღობის მიზნით, განსაკუთრებით კი ორგანიზებული ბანდების საშუალებით, მკვლელობებს ქართველები გაცილებით უფრო იშვიათად იდენენ. როგორც ყოველ ტომს, ქართველებსაც საკმაოდ აქვთ ხასიათის ნიშნები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემა და ევროპულ საზოგადოებაში ერთობ თვალშისაცემია. ეს კავკასიელი აბორიგენების საერთო და ყველასათვის ცნობილი თვისებაა. რამდენადაც შეიძლება დავასკვნათ ისტორიული საბუთების საფუძველზე, ქართველთა ხასიათის ძირითადი თვისებები 1500 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. (აუცილებელი განმარტება: ქვემოთ ტექსტში გვხვდება ქართველთა სუბეთნიკური და ეთნოგრაფიული ჯგუფები: მეგრელები, სვანები, ლაზები, ქართლელები, კახელები, იმერლები, თუშები, ხევსურები, ფშაველები, მთიულები, მოხევეები, რაჭველები, ლეჩხუმელები, გურულები, აჭარლები, მესხები, ჯავახები, ინგილოები - რედაქტორის შენიშვნა).
ქუთაისის გუბერნიაში მცხოვრები და ქართველებთან სისხლით დაახლოებული იმერლები, მეგრელები და გურულები მათი მსგავსნი არიან ისტორიული წარსულითა და ტემპერამენტით. სიამოვნების, აღტაცებისა და მხიარულების გამოხატვაში ისინი უფრო თავშეკავებულნი არიან, ნაკლებად ემორჩილებიან ბედს, ნაკლებად უდარდელნი და კეთილნი არიან. იმერლები მათ შორის ყველაზე ამპარტავანნი და შურისმაძიებელნი არიან და, სხვათა შორის, ახასიათებთ დავაქრობისკენ საოცარი მიდრეკილება. თუმცა ეს უკანასკნელი თვისება შეინიშნება კავკასიაში მცხოვრებ ბევრ ტომში, გასაკუთრებით ბერძენთა შორის, რაც ხშირად იწვევს სისხლიან შედეგს. გურულები ქართველებზე და იმერლებზეც კი მეტად გულფიცხნი არიან, თავმოყვარეობა უფრო აქვთ გამოხატული, ამასთან ერთად ისინი გულადნი, მამაცნი და ცბიერნი არიან, თანაც მშვენივრად ისვრიან მიზანში. გურულები კარგი აგებულებისა არიან, ლამაზები, ხოლო ურთიერთობაში - თავაზიანნი და დელიკატურნი, აქვთ კეთილშობილი ქცევა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით არიან აღსავსენი: სულის სიღრმეში პოეტები არიან და უფრო გრძნობებითა და ვნებებით ცხოვრობენ, ვიდრე განსჯით. როგორც მძარცველები, ისინი არა მარტო თანამემამულეთა, არამედ უცხოელთა შორისაც სარგებლობენ რაინდთა სახელით, მაგალითად, როცა მათ მიერ გაძარცული ვაჭრები ეტლში მანდილოსნებთან ერთად მგზავრობენ, გურულები ამ უკანასკნელთ შესამჩნევი გულწრფელობით სთხოვენ პატიებას მიყენებული უხერხულობის გამო. გურულები და იმერლები ქართველებზე მეტად მუყაითნი და მომჭირნენი არიან.
მეგრელები, რომლებსაც ქართველური ჯგუფის ტომებთან მრავალი საერთო თვისება აკავშირებს, მაინც გამოირჩევიან ქურდობისაკენ მიდრეკილებით. ახასიათებთ ვაჟკაცობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პატიოსანი თუ უპატიოსნო ქმედებების სიყვარული და ამაში იმერლებსა და გურულებზე ნაკლებ დაჟინებულნი არ არიან.
თავისუფლების სიყვარული ყველა ქართველურ ტომს ახასიათებს, მაგრამ ნამდვილ ქართველებს - ყველაზე ნაკლებად, რადგან ისინი, მაგალითად, რუსების წინაშე საკმაოდ დათრგუნულად გრძნობენ თავს. რელიგიურნი არიან ყველანი, მაგრამ რელიგია, როგორც ეტყობა, მცირედ აკავებს ძალადობისკენ მიდრეკილებას, თუკი ამ უკანასკნელის საბაბი ჩნდება. გურულები, მაგალითად, სხვა დასახელებულ ტომებთან შედარებით მკვლელობებისა და ყაჩაღობის განსაკუთრებით ბევრ მაგალითს იძლევიან სწორედ მარხვისას, რასაც მკაცრად იცავენ, და საეკლესიო დღესასწაულებზე. თუმცა ქართველების, იმერლების, გურულებისა და მეგრელების პატრიოტიზმი არ მიდის მშობლიური სახლის, საკუთარი სოფლის, საყვარელი ხეობების, მთების, ტყეებისა და კორძების მიმართ სიყვარულზე შორს, ტომთა შორის შუღლის შედეგად ჩადენილი მკვლელობები მაინც საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა თავი იჩინა ეკონომიკურმა მოუწესრიგებლობამ და გონების საერთო დაბინდვამ.
აჭარლები მკაცრი ზნეობისა და პირქუში სახის ხალხია, მათ ახასიათებთ სიურჩე, სიფხიზლე და საკუთარი ღირსების შეგნება. ეს მამაცი, ბრგე, ფიზიკურად ძლიერი ხალხია. მუსულმანური სარწმუნოება, მთის ლანშაფტი, ველური უღრანი ტყეები ამუხრუჭებს სულის მხიარულ განწყობას, ადამიანების ყველა ქმედებას სერიოზულობის დაღს ადებს. აჭარლების ურთიერთობებში შეინიშნება საოცარი დისციპლინა, რაც განსაკუთრებით მჟღავნდება მუსულმანური დღესასწაულების დროს, როცა მოსახლეობის მთავარი სიამოვნება გამოიხატება მეგობართა და ნაცნობთა მოკრძალებული მონახულებით. აჭარულ სოფლებში არ ისმის ცეკვა-სიმღერა და საკრავთა ხმა. არც ჩხუბი და აყალმაყალი გვხვდება. ირგვლივ უჩვეულო სიჩუმე სუფევს და ყოველივე ერთგვარ მოსაწყენ სიმშვიდეშია ჩაძირული, ხეებზეც კი იშვიათად შრიალებს ფოთლები და ფრინველთა გალობაც მიყრუებულია უღრანი ტევრით. და მაინც, ზანტი და სიტყვაძუნწი აჭარელის ტემპერამენტი სულაც არაა ცივი, თუ შემთხვევა მიეცა, მას დიდი სამოძრაო ენერგიის განვითარება შეუძლია, მაგალითად, დღე-ღამეში სამოც ვერსზე მეტს გაივლის ფეხით. გონებრივი შრომისკენ მოწოდება კი სუსტია. აჭარელი მუდამ იარაღშია ჩამჯდარი, ყოველთვის მზადაა სისხლიან ბრძოლაში ჩასაბმელად და უკან დახევა და დათმობა არ სჩვევია. თავმოყვარე, გულღრძო, შთაბეჭდილებებს ამყოლი, იმპულსური, სოციალურ ჩვევებს მოკლებული და საკუთარი პიროვნების ზედმეტად დამფასებელი აჭარელი ადვილად და წარბშეუხრელად კლავს. მაგრამ მოკლულის მიმართ სისასტიკეს არასოდეს იჩენს, თუნდაც ძალიან სძულდეს: უცებ, ერთი გასროლით გამოასალმოს სიცხოცხლეს მტერი - აი, მისი დევიზი.
წარსულში აჭარელი ყაჩაღები მთელს არემარეს შიშის ზარს სცემდნენ, თვით აჭარაში კი მთავარ გზებზე ვერ გაივლიდი. მხოლოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დამშვიდდა ხალხი, თუმცა მკვლელობები ძველებურად ყვავის.
ბათუმის მაზრაში შავი ზღვის ნაპირას მცხოვრები ლაზები ძლიერ არ განსხვავდებიან აჭარლებისგან, ოღონდ უფრო ვაჭრობისა და მუშტრის გაყვლეფისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე ყაჩაღობისკენ.
ხევსურებმა, რომლებიც კავკასიის მთავარი ქედის ალპურ სიმაღლეზე, ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებში სახლობენ, პირველყოფილი სიწმინდით შეინარჩუნეს უძველესი დროიდან მომდინარე წეს-ჩვეულებები. მათი ხასიათი უკიდურესად სუსტად ემორჩილება ევროპული ცივილიზაციის გავლენას. ხევსურები თავდაჯერებულნი და ამპარტავანნი არიან. მშობლიურ მთებში ადვილად გადაადგილდებიან და მამაცურად იქცევიან, მაგრამ ბარად ჩამოსულნი ზანტად მოძრაობენ, მხდალები და ეჭვიანები ხდებიან. მათ აინტერესებთ მხოლოდ თავიანთი პაწაწინა სამშობლო, პატარა ერთობების შინაგანი ყოფა-ცხოვრება, საგვარეულო და სათემო ტრადიციები - სხვა არაფერი. გვარის უხუცესები მათი მიწიერი მთავრობაა, სატევარი და თოფი - საუკეთესო მეგობრები. სისხლის აღებას, როგორც დიადი წარსულის გადმონაშთს, ხევსურები ყოველი მოზრდილი მამაკაცის მოვალეობად მიიჩნევენ. მათ საკუთარი სამართალწარმოება აქვთ, რომელიც შეიცავს უამრავ დაზუსტებას შურისძიების ფორმისა და მისი ჯარიმით ჩანაცვლების შესახებ. ყოველ ზარალს შესაბამისი კომპენსაცია ეკუთვნის, მაგალითად, თანასოფლელის მკვლელობა უფრო მძიმე დანაშაულია სხვა სოფლის მკვიდრის მკვლელობაზე, ცოლისა და შვილების დახოცვა არ ითვალისწინებს სისხლის აღებას, არამედ მხოლოდ ჯარიმას და ა. შ. ხევსურებს რაინდული ხასიათის თვისებებიც აქვთ: არ სცემენ დაცემულს, იბრალებენ სუსტსა და უიარაღოს, იცავენ მიცემულ ფიცსა და დაპირებას.
სხვათა შორის, მოხსენიებას იმსახურებს ხევსურთა შორის გავრცელებული ხმლიანი ორთაბრძოლები სრული საომარი აღჭურვილობით (მუზარადი, ჯაჭვის პერანგი, ფარი და ა. შ.) და ფარიკაობა, როგორც ბავშვების აღსაზრდელი საგანი. სასწავლო შეტაკებებისა და ორთაბრძოლებისას საქმე მსუბუქ ნაკაწრზე შორს არ მიდის: სისხლის რამდენიმე წვეთი უკვე ცხადად აჩვენებს, ვინ გაიმარჯვა. მარადიული თოვლის საზღვარზე მცხოვრებ ხევსურებს არასოდეს განუცდიათ დამპყრობლის უღელი და ოდითგანვე თვითნებობას არიან ჩვეულნი. მიუხედავად ამისა, თუ სისხლის აღებას არ ჩავთვლით, დანაშაული მათთან საოცრად იშვიათია.
ასევე მაღალ მთაში მცხოვრები თუშები ხევსურებზე ბევრად ჭკვიანნი და განვითარებულნი არიან. მათაც გამოარჩევთ მებრძოლი სული, სიმამაცე, შურისმაძიებლობა, მოქნილი მიხრა-მოხრა და დიდი ფიზიკური ძალა. ხევსურების მიმართ თუშები მეგობრულად არიან განწყობილნი, მაგრამ ძალიან მტრობენ მეზობლად მოსახლე და ხელმრუდობისკენ მიდრეკილ ქისტებს. თუშების ინტერესები უპირატესად მწყემსურია - ქალაქური ცივილიზაცია მათ, სხვა მთიულების მსგავსად, არ მოსწონთ, ხოლო ბარად ცხოვრებისათვის მათი ორგანიზმი მოუწყობელია ანთროპოლოგიური თვალსაზრისით. და მაინც, თუშები ნაკლებად არიან მთებში ჩაკეტილნი და ხევსურებისგან განსხვავებით ქალაქად ჩამოდიან ხოლმე სავაჭროდ.
ფშაველები, რომლებიც თიანეთისა და დუშეთის მაზრების ნაკლებად მაღალ მთებში სახლობენ, ხევსურებსა და თუშებზე მეტად გულკეთილნი არიან და უფრო ემსგავსებიან ნამდვილ ქართველებს, თუმცა უკიდურესად უმეცარნი არიან. შურისძიების მიზნით მკვლელობა თუშებსა და ფშაველებს შორის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ხევსურთა მსგავსად ისინიც არ ქმნიან ყაჩაღურ ბანდებს და, საზოგადოდ, ყაჩაღობისკენ მიდრეკილებას არ ამჟღავნებენ.
სვანები ქუთაისის გუბერნიის მაღალმთიან მხარეში ცხოვრობენ. ისინი ფსიქიკური აგებულებით უკვე ხსენებულ ქართველურ ტომებს ემსგავსებიან. ბუნებით კეთილნი არიან, უყვართ მხიარულება, განსაკუთრებით, თუ სასმელი აქვთ, სიტყვაძუნწები, გულადები, ამტანები არიან, თუმცა კი უკიდურესად უმეცარნი. სამაგიეროდ, მათ ენაში არ მოიპოვება უწმაწური და საგინებელი სიტყვები და ისე ჩანს, რომ ყველაზე მძიმე შეურაცხყოფა, რაც კი შესაძლებელია, არის სიტყვა -სულელო!”. თბილისელი ფსიქიატრი დ. ი. ორბელი, რომელმაც მცირე ხნის წინათ მოინახულა სვანეთი, შემდეგს გვაცნობებს მისი მოსახლეობის შესახებ: -სვანთა შორის დანაშაულებრიობა ძალიან დაბალია. ყველა საკამათო საკითხი უხუცესთა მიერ წყდება და მხოლოდ ცოტა რამ თუ აღწევს მომრიგებელ მოსამართლემდე. ყველა საქმე უკონფლიქტოდ წყდება. ყაჩაღობა, ცეცხლის განზრახ წაკიდება, მკვლელობა, ძარცვა და ა. შ. სვანებისთვის თითქმის უცნობია. სამაგიეროდ, სვანეთში გაბატონებულია სისხლის აღება, რაც მძიმე დაღს ასვამს მოსახლეობას. სვანები ამ მკვლელობას დანაშაულად არ მიიჩნევენ, დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ზნეობრივი ვალია. შურისმაძიებელი მკვლელი არ კარგავს პატიოსანი და ღირსეული კაცის სახელს”. სისხლის აღების უმთავრესი საფუძველია ქალიშვილებისა და ქალების გატაცება, რადგან უკანასკნელთა რაოდენობა მამაკაცებთან შედარებით მცირეა. გათხოვილი ქალის გატაცება, ჩვეულებრივ, გამტაცებლის სიკვდილით უნდა დასრულდეს. სვანებს სისხლის აღებისგან ხშირად აკავებს მიმალვის და, აქედან გამომდინარე, მშობლიური კერისა და მთების მიტოვების აუცილებლობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სვანეთში საოცრად დიდია, შეიძლება ითქვას, საქართველოში უდიდესია ეპილეფსიით დაავადებულთა, დეგენერატთა და სხვადასხვა ტიპის ნევროპატთა შედარებითი რიცხვი, უნდა გვიკვირდეს, რომ მის მოსახლეობაში ასე მცირედაა წარმოდგენილი დანაშაულებრიობა.
|