რადიო “ჰერეთი” თბილისში მაუწყებლობას ითხოვს
იულონ გაგოშიძე საინგილოს პრობლემების წინაშე
ივანე ჯავახიშვილი - “საქართველოს საზღვრები”. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი.
ჰერეთის (საინგილოს) ისტორიული მიმოხილვა
ჯაბა სამუშია -როგორ გააჩუქეს ორჯონიკიძემ და სტალინმა საინგილო
ზაზა წულაძე: ინგილოები – „სტრატეგიული ძმობის“ მსხვერპლნი. აზერბაიჯანში ქართველთა უფლებები მასობრივად ირღვევა
საინგილოში მამა ბასილს ავიწროვებენ
საინგილოდან მამა ბასილი გამოაძევეს
მიტოვებული ინგილოები და ასიმილაციის საფრთხეჰერეთის (საინგილოს) ისტორიული მიმოხილვა საინგილო, ანუ ისტორიული ჰერეთის ერთი ნაწილი უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებით იყო დასახლებული. ახ. წ. აღ–ით I-II საუკუნეებიდან ჰერეთი მტკიცედ იყო გაერთიანებული ქართლის (იბერიის) სახელმწიფოში. III-IV სს–ში ჰერეთი და ჰერები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ მხარეში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა IV საუკუნის პირველ ნახევარში მეფე მირიანის დროს ქრისტიანობის გავრცელებას. საისტორიო წყაროებში დაცული ცნობებიდან ირკვევა, რომ ნინოს მისიონერული მოღვაწეობის ობიექტთა შორის ერთ–ერთი ძირითადი ჰერეთის ქვეყანა ყოფილა.
ჰერეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელების ფაქტი თავის მხრივ დაკავშირებული იყო ქართველი ხალხის კონსოლიდაციასთან. შუა საუკუნეებში რელიგიური ნიშანი, ე.ი. ამა თუ იმ საეკლესიო ორგანიზაციისადმი დაქვემდებარება ერთ–ერთი გადამწყვეტი იყო. მისი მიხედვით განისაზღვრებოდა ინდივიდისა, თუ კოლექტივის შესაბამის ეთნიკურ ჯგუფში მონაწილეობა. ჰერეთის გაქრისტიანების საკითხის შესწავლა შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ არა მარტო მათ პოლიტიკურ–კულტურულ ორიენტაციაზე, არამედ ეთნიკურ თვითშეგნებაზეც. ქრისტიანული კულტურის დამნერგავი მთავარი ცენტრი ჰერეთისათვის იყო ქართლი. აქედან მიდიოდნენ მისონერები, აქედან წარმოებდა ქრისტიანობის პროპაგანდა და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებანი.
V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის ეპოქაში ჰერეთი ქართლის სამეფოს ერთ–ერთი საერისთაო იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული ჰერეთში ქალაქების, ეკლესიების, საეპისკოპოსო კათედრების (ბოდბე, ხორნაბუჯი, ბახალათი, ანუ ბახთალო, გიში და სხვა.) აგება – დაარსება, და საერთოდ მრავალი დიდი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული და კულტურული ღონისძიებების გატარება. ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული ცნობების მიხედვით ვახტანგ გორგასლის დროს, ჰერეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, წუქეთში (თანამედროვე კახის რაიონი) იჯდა მთავარი, რომლის სამფლობელოც წუქეთის გარდა მოიცავდა ხუნძეთს (კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა მცხოვრები თანამედროვე იმიერკავკასიელი ტომების: ხუნძების, ავარების, წახურების ტერიტორია).
ჰერეთი, ვახტანგ გორგასლის ეპოქაში გატარებული სახელმწიფოებრივი რეფორმების პერიოდში, ქართლის სახელმწიფოს უშუალო და ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო. ჰერეთის საეპისკოპოსოები ქართლის კათალიკოსის იურისდიქციას ექვემდებარებოდნენ. ძირითადი ენა იყო ქართული. პოლიტიკურადა ჰერეთი ქართლის შემადგენლობაში შედიოდა.
კიდევ უფრო ნიშანდობლივია ცნობები VIII საუკუნის ქართველთა მეფის არჩილის მოღვაწეობის შესახებ. იგი აშენებს ციხე – ქალაქებს (მათ შორის ნუხპატს), ეკლესია – მონასტრებს: კასრი, ყუმის სამ ეკლესიიანი ბაზილიკა, ლექეთის მრგვალი ტაძარი. აწყობს ქვეყანას ადმინისტრაციულად.
VIII-IX საუკუნეში წარმოიშვა ქართული ფეოდალური სამეფო–სამთავროები, რომელთა შორის ერთ–ერთი ჰერეთი იყო.
XI საუკუნის ოციან წლებში, კახეთის მეფის კვირიკე III დიდის (1009–1037) დროს დასრულდა ჰერეთ–კახეთის პოლიტიკური შერწყმის პროცესი და წარმოიქმნა ე. წ. „რანთა და კახთა“ სამეფო. თუმცა იგი ისტორიულ წყაროებში კვლავაც იხსენიება XV საუკუნის დასასრულამდე. კვირიკე III დიდს მიეწერება „რანთა და კახთა“ სამეფოს ადმინისტრაციული მოწყობა, კერძოდ, მთელი სამეფო დაყოფილ იქნა შვიდ საერისთაოდ (სამი კახეთში და ოთხი ჰერეთში). ჰერეთის საერისთაოებს წარმოადგენდნენ: ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის. თანამედროვე საინგილოს ტერიტორია ექვემდებარებოდა მაჭის ერისთავს. მემატიანის გადმოცემით, კვირიკე III მაჭის ერისთავს მისცა: „მაჭის წყლის (თანამედროვე მაზიმ–ჩაი) ქვეით და ალაზნის აღმოსავლეთი შაკიხითურთ და ხუნძახითურთ.
XII საუკუნის პირველ მეოთხედში, დავით აღმაშენებლის (1089–1125) ხანაში, ჰერეთის ქვეყანა საბოლოოდ ჩამოყალიბდა გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ ფარგლებში. ამიერიდან ვიდრე XV საუკუნემდე ჰერეთი ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
წერილობით წყაროებში დაცული ცნობების გარდა, ყოველივე ამის ცოცხალი და უტყუარი მოწმეა ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე დღემდე შემონახული ტიპიური ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები. ქართული ტოპონიმიკა და ქართული ეპიგრაფიკის ბრწყინვალე ნიმუშები.
XV საუკუნეში ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ისტორიული ჰერეთის ტერიტორია კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.
1604 წელს შაჰ–აბას I–მა, კახეთის მეფე ალექსანდრეს (1574–1605) მისი სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი კაკი გამოსთხოვა და ელისუს სასულთნო ჩამოაყალიბა. სულთნობა გამაჰმადიანებულ ქართველ თავადს ალიბეგ ვახვახიშვილს უბოძა. ამ ტერიტორიის სანაცვლოდ ვერაგმა შაჰმა კახეთის მეფეს სპარსეთში სოფლები მისცა და ჯამაგირი დაუნიშნა. ამით მან კახეთის სამეფოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი წაართვა, რამაც ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველი შეურყია.
XVII საუკუნეში ამ მხარის მთის ძირა სოფლებში მასობრივად ჩამოსახლდნენ დაღესტნის მთიელები. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი (ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალას, მუხახის, ჯინიხის) და წახურელი (წახურის, ელისუს, სუვაგილის და ყარადულაკის) ლეკების, ე.წ. თავისუფალი (უბატონო) თემები, რომელთაც ოსმალეთ–ირანის მხარდაჭერით კახეთის სამეფოს ძირძველი ჩრდილო–აღმოსავლეთი მიწა–წყალი დაიპყრეს, ხოლო ადგილობრივი მკვიდრი ქართველი მოსახლეობა (შემდგომში ინგილოები) დაიმორჩილეს, დააყმევეს და იძულებით გაამაჰმადიანეს. თითოეული ეს თემი თავის მხრივ იყოფოდა გაბატონებულ ლეკთა თავისუფალ სოფლებად და დამორჩილებული ინგილოებისა და მუღალების სოფლებად, რომლებიც იხდიდნენ გადასახადს ამ ე.წ. მფლობელი ტემების სასარგებლოდ. ეს სოფლები წყაროებში იწოდებიან საქეშქელო სოფლებად (ქეშქელი ერქვა იმ გადასახადს, რომელსაც ინგილოები და მუღალები ლეკთა სასარგებლოდ იხდიდნენ). დამორჩილებულ და დაბეგრილ ქართველ გლეხს ეწოდა „ინგილო“. ტერმინი ინგილოს სხვადასხვა განმარტება არსებობს: ზოგი მეცნიერის აზრით, იგი ახლად მოქცეულს ნიშნავს, ზოგი მოსაზრების თანახმად, იგი მომდინარეობს კახის რაიონის სოფელ ჰენგიანის სახელწოდებიდან. „ენგილა“ სპარსულლად ამოძირკულის, ამოგდებულის შესატყვისია. ამ მოსაზრებებს შორის უდავო ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის, რომ ინგილო ეთნიკური ტერმინი არ არის, ამ ტერმინის გამოყენება ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ XVIII საუკუნის ბოლოდან იწყება.
როგორც ცნობილია, XIX საუკუნეში მეფის რუსეთმა რამდენჯერმე მოახდინა ზაქათალის ოლქის „საინგილო“ კამერალური აღწერა (1859 წ, 1871 წ, 1886 წ). ამ აღწერების მასალების მიხედვით, ყოველი ინგილოური სოფლის გასწვრივ, სპეციალურ გრაფაში გარკვევით არის აღნიშნული: ეროვნება – ქართველი.
1830 წელს მეფის რუსეთმა საინგილოს ერთი ნაწილი, ჭარ–ბელაქანი დაიმორჩილა. იმავე წელს ელისუს სასულთნო ყმადნაფიცობისა და ხარკის გადახდის პირობით, რუსეთის იმპერიას დაექვემდებარა.
1839 წელს საინგილო დაიყო ხუთ სამაღალოდ: ჭარის, თალის, ენისელი, ბელაქნისა და მთის. ელისუს სასულთნო, რომელიც ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, მეექვსე სამაღალო იყო.
1840 წელს ამირკავკასიაში ჩატარებული რეფორმების დროს საინგილოს დასავლეთი ნაწილი ჭარ–ბელაქანი ბელაქნის მაზრის სახით საქართველო–იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც სამ – ჭარის, თალის და ენისელის უბნებად დაყვეს. ჭარის უბანში ჭარისა და ბელაქნის სამაღალოები შევიდა, თალის უბანს თალისა და მთის სამაღალოები მიაკუთვნეს. ენისელის უბანმა ენისელის, მუღალის, ჩაბანველის და ბაზრის საზოგადოებები მოიცვა. საინგილოს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილს – ელისუს სასულთნოს, ეს ახალი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფა არ შეხებია.
1842 წელს ჭარ–ბელაქანში გაუქმდა სამოქალაქო მმართველობა და ეს მხარე მთლიანად სამხედრო მმართველობას დაემორჩილა. ბელაქნის მაზრა კვლავ ჭარ–ბელაქნის ოკრუგად გადაკეთდა.
1844 წელს ელისულ სასულთნო გააუქმეს და იგი ჭარ–ბელაქნის სამხედრო–სამოქალაქო ოკრუგს შეუერთეს. ამ ორი ადმინისტრაციული ერთეულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ჭარ–ბელაქნის ოლქი.
1859 წელს ჭარ–ბელაქნის სამხედრო ოლქს კვლავ ჭარ–ბელაქნის სამხედრო ოკრუგი უწოდეს. 1860 წელს ჭარ–ბელაქნის ოკრუგი ზაქათლის ოკრუგად გადაკეთდა.
1883 წელს, როდესაც სამხედრო სახალხო მმართველობა გაუქმდა, ზაქათლის ოკრუგი უშუალოდ კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა.
1909 წელს საინგილოს (ზაქათლის ოკრუგი) თბილისის გუბერნიისადმი გადმოცემის საკითხი დაისვა. XIX ს–ის დასასრულს და XX ს–ის დასაწყისში ზაქათლის ოკრუგი გეოგრაფიული, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და ისტორიული თვალსაზრისთ თბილისის შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა, მაგრამ მისი გადმოცემის საკითხი ბოლომდე გაურკვეველი დარჩა.
1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი – საინგილო აზერბაიჯანს გადასცა.
დღეს საინგილოს ტერიტორია მოიცავს ბელაქნის, ზაქათლისა და კახის რაიონებს.
http://iberiana.wordpress.com/about/hereti-saingilo/ვისაც უფრო დეტალებში გაინტერესებთ და დროც გაქვთ, შეგიძლიათ უყუროთ კიორგი კალანდიას დოკუმენტურ ფილმებს ჰერეთზე, ძალიან საინტერესო კადრებია.
http://www.myvideo.ge/?video_id=746563http://www.myvideo.ge/?video_id=746550
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.