დავუბრუნდეთ თემას ....წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა რა თქმქუნდა ვისაც არა გაქვთ წაკითხული.

16- წლის ვახტანგი გაუძღვა ჯარს ოვსებისა და ხაზერების წინააღმდეგ--თიანეთიდან გავიდა ლაშქარი.
დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ.
მდინარის მეორე ნაპირზე უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი.
შვიდი დღე ერთიმეორის პირისპირ იდგნენ მდინარის იმიერ და ამიერ.
„ამა შვიდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა“.
ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი.
გავიდა ბარდაველი ფარსმან-ფარუხი.
გაალმასებით ეძგერნენ ერთურთს, თარხანმა „უხეთქნა ხრმალი“ და უსულოდ გადმოაგდო ცხენიდან თავგაპობილი მოპირდაპირე.
მეორე დღეს კვლავ გამოვიდა თარხან, ზვიადი გულით და უშვერი სიტყვით.
ახლა თვითონ მეფემ გაიწია საომრად.
წინაღუდგნენ წარჩინებულნი, არ ანებებდნენ, _ ჯერ კიდევ საომრად უმწიფარიაო და სავსებით გამოუცდელი ვახტანგ, თექვსმეტი წლის „ყმაწურილი“.
მაგრამ არ დაიშალა ვახტანგმა, მოახტა ჰუნეს და გავიდა, თითო ხელში თითო შუბით შეჭურვილი.
გამოეგება თარხან, შორიდან გოლიათი ეჩვენა ვახტანგი. ახლოს მივიდა და სავსებით უწვერული ყმაწვილი შეიცნო ხაზარმა. სიცილი დააყარა: სად მე, „გმირთა გამოცდილთა მბრძოლი“, და სად შენ, „ყმაწურილი“, მაგრამ რა გაეწყობა, შენზედაც დავიმდაბლებ თავსო.
„აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას“.
გაექანა ვახტანგ, ორივე შუბი გაწვართა და სარტყელს ზემოდ აძგერა თარხანს.
აძგერა, ასწია და შუბებზე აგებული გადაისროლა ცხენიდან. წამსვე გადასწვდა მახვილით და წარკვეთა თავი.
შემობრუნდა მეფე ძლევამოსილი.
აღფრთოვანებით შეხვდნენ ქართველნი.
ზარგანხდილი იდგა ხაზართა ურდო.
მომდევნო დღეს ოვსთა რიგი დადგა.
ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარ, „ბუმბერაზი“, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გამოსჩენია სარკენალ ველზე. თორმეტმტკავლიანი მშვილდი აეკიდნა მხარზე, ექვსმტკავლიანი ქეიბურებით აევსო კაპარჭი.
ალმაჭურად აღჭურვილი მოადგა გოლიათი მხედარი მდინარეს და ხმამაღლა შემოუძახა ქართველთა ბანაკს: ვახტანგ მეფევ, ნუ განლაღდები თარხანის მოკვლით; აბა, ჩემთან გაბედე გამოსვლა და ნახავ, როგორადაც გადამირჩებიო!
ვახტანგმა მშვიდად გაჰხედა ახალ მოპირდაპირეს და პასუხად გასძახა: „არა მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან“.
ეს სთქვა, ლაშქარი საბრძოლოდ გააწყო და თვითონაც სასწრაფოდ აღიჭურვა.
ვიგრის ტყავიანი ფარი აიღო, ამხედრდა და მდინარისაკენ დაეშვა.
მივიდა და უყვირა ბაყათარს: მე არ გადმოვალ მდინარეზე, არამედ შენ უნდა გადმოხვიდე ჩემ კერძო, რამეთუ მე მეფე ვარ, ხოლო შენ _ მონა. მეფის დაღუპვით მისი ჯარიც დაიღუპება, ხოლო შენებრ მონის დაღუპვით ოვსთა ლაშქარსაც არაფერი ვნება მიადგებაო.
ბაყათარმაც შემოუძახა: კარგი, მე გადმოვალ შენი მომკვლელი, მაგრამ მდინარის პირისგან სამი უტევანი დაიხიეო (ალბათ შიშობდა, მდინარის გადალახვისას არ მესროლოსო მოპირდაპირემ).
უკუდგა ვახტანგი. გადმოიარა მდინარე ბაყათარმა და როგორც კი ხმელზე შემოდგა, უგრძეს ისართა სეტყვა დაუშინა მეფეს.
ისარზე უსწრაფესია ფიქრი.
ისარზე უბასრესია ალმასი.
ხოლო ვახტანგს ფიქრზე უმალესი და ალმასზე უბასრესი მზერა ჰქონდა. ამიტომ იგი „სიფიცხლითა თვალთათა, და სიმახვილითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორსვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა“.
ორივე ბანაკი უსაზღვრო გაოცებითა და აღტაცებით უცქერდა გმირთა უჩვეულო რკენას. ორივე მხრიდან იდგა გრიალი ბუკთა და დაფდაფთა, ყიჟინა, ღრიალი და ზახილი, „რომლით იძვროდეს მთანი და კლდენი“.
როკავდა მეფე-მხედარი, გასროლილ ისართა მხედველი.
უსაზმნოდ სტვენდნენ ბაყათარისგან ნატყორცნი ქეიბურნი.
მხოლოდ ორი ისარი მოახვედრა ბაყათარმა ვახტანგის ფარს. ვიგრის ტყავმა აისხლიტა ორივ ნასროლი. მაშინ ცხენს დაუმიზნა ოვსთა რჩეულმა. იწივლა ქეიბურმა.
ყალყზე აღიმართა ვახტანგის ტაიჭი და მოსხლეტით დაეშვა. თითქოს წამიერად სიკვდილის ნება წაართვა მეფემ ერთგულ ცხოველს, ძირს დაცემამდე მიაგდო ბაყათარს და ელვის უსწრაფეს ალმედად მოიქნია ხმალი. მხარ-იღლივ გადაჰკვეთა ბაყათარ, მარჯვენა მხრიდან მარცხნივ გულამდე.
წამიერ იყო ყველაფერი.
ძირს ეყარნენ მკვდარნი _ ბაყათარ და ცხენი ვახტანგისი.
ხოლო ვატხანგ, ბაყათარის ცხენზე ამხედრებული, თავისიანთ შემოუბრუნდა და შესძახა: „მხნე იყვენით და განძლიერდით!“
ფრთაშესხმული ქართველთა ჯარი მტრისკენ დაიძრა