ვარაზვაჩე
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3425
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
|
#55633989 · 25 Dec 2019, 07:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართველი ერის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მონაპოვარი მისი მარტივი, ლამაზი და თვითკმარი (სრული ფონემურ-გრაფემული შესაბამისობის მქონე) დამწერლობაა. ანბანის შექმნისა და განვითარების ისტორიის კვლევა ქართველოლოგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ საკითხებზე არაერთი მონოგრაფია, ფუნდამენტური ნაშრომი და სამეცნიერო სტატიაა დაწერილი, მაგრამ დღემდე ვერ ხერხდება კონსენსუსამდე მისვლა ისეთ უმთავრეს საკითხებთან დაკავშირებითაც კი, როგორებიცაა ქართული ანბანის შექმნის წყარო და ეპოქა. დღეს, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ქართული დამწერლობა არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და იუნესკოში წარდგენილია მასალები მისი სამივე სახეობის _ მრგლოვანის, ნუსხურისა და მხედრულისთვის მსოფლიო მნიშვნელობის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად, ამ საკითხების კვლევა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. V საუკუნის ქრისტიანულ ტაძრებზე აღბეჭდილი ასომთავრული გრაფემები სიმაღლეში თანაბარია, მათი შემადგენელი ელემენტების უმეტესი ნაწილი კი _ წრიული. სწორედ ამ წარწერების საფუძველზე შემუშავდა ახლად აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლების დათარიღების კონცეფცია _ თუ მათზე წარმოდგენილი ასო-ნიშნები არ იქნებოდა სიმაღლეში თანაბარი და გრაფემები, რომლებიც ზემოხსენებულ წარწერებში თავშეკრულია, წარმოდგენილი იქნებოდა თავღია (რკალური) ფორმით, ძეგლები უნდა დათარიღებულიყო გვიანდელი პერიოდით. ქართული დამწერლობის შემადგენელ ასო-ნიშანთა ისტორიულ-შედარებითი კვლევა ცხადჰყოფს, რომ მის გრაფემებს ახასიათებს სისტემური მსგავსება ბერძნულ კაპიტალურ დამწერლობასთან (ასოთა რიგი, სიმაღლეში თანაბრობა, კუთხოვანება-წრიულობა), მაგრამ ამ ორი დამწერლობის მსგავსი ბგერების აღმნიშვნელი ასოები ერთმანეთისგან განსხვავებულია _ მათი სპეციფიკური, ურთიერთგანმასხვავებელი ნიშნები ერთმანეთს არ ჰგავს. წარმოგიდგენთ ბერძნულისა და ქართული ასომთავრულის ფონეტიკურად მსგავსი ბგერების აღმნიშვნელი გრაფემების პარადიგმატიკას წიგნიდან “წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა” (გამყრელიძე 1989: 133). ერთი დამწერლობის მეორისაგან წარმომავლობის დასამტკიცებლად მთავარი ამ მაიდენტიფიცირებელი ელემენტების მსგავსებაა, ასოთა რიგი, სიმაღლეში თანაბრობა და მკვეთრად გამოხატული გეომეტრიული მოხაზულობები, კი _ ასო-ნიშანთა ერთ სისტემას მეორისაგან შეიძლებოდა მიეღო მისი განვითარების რაღაც კონკრეტულ ეტაპზეც. რეალობიდან გამომდინარე, ქართული ანბანის ბერძნულიდან წარმომავლობა კანონზომიერი არ ჩანს, მაგრამ დასტურდება უკვე არსებული ქართული დამწერლობის რეფორმა ბერძნულის მიხედვით. ასეთ პირობებში დათარიღების ის პრინციპი, რომლითაც დღეს მეცნიერთა უმრავლესობა ხელმძღვანელობს, რეალურად, გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მათ რომელიმე ძეგლი ამ ეპოქაზე უფრო ადრეულად დაათარიღონ. * * * იქმნება ჩაკეტილი წრე, რომელიც საშუალებას არ იძლევა, აკადემიურად გადამოწმდეს ქართული ანბანის ჩვენი წელთაღრიცხვით IV საუკუნემდე წარმოშობის თეორია. დამწერლობათმცოდნეობა მეცნიერების ისეთი დარგია, რომელიც ძირითადად პალეოგრაფიული ძეგლების ისტორიულ-შედარებით და სისტემურ ანალიზს ემყარება. შესაბამისად, კვლევის შედეგებისათვის შესაძლოა განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდეს თითოეულ ახალაღმოჩენილ არტეფაქტს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთხელ კიდევ ყურადღებით გაგვეანალიზებინა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში რუსთავსა და ნეკრესში აღმოჩენილი წარწერები, რომლებიც გრაფემათა მოყვანილობით მნიშვნელოვნად განსხვავდება უძველესი თარიღიანი ძეგლებისაგან და რომელთა დათარიღებასთან დაკავშირებითაც მეცნიერთა შორის აზრთა ყველაზე რადიკალური სხვაობაა, მაგ. ლევან ჭილაშვილის წიგნში ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები ეს წარწერები I-IV საუკუნეებით არის დათარიღებული (ჭილაშვილი 2004), ბესიკ ხურცილავას ნაშრომში ნეკრესის ნაქალაქარის ქართული ასომთავრული წარწერების შესახებ კი _ V-X საუკუნეებით (ხურცილავა 2003: 31-47). შემოგთავაზებთ ზოგიერთი მათგანის განსხვავებულ წაკითხვას და ჩვენეულ არგუმენტებს დათარიღებასთან დაკავშირებით. საყურადღებოა ნეკრესის # 10 და რუსთავის #1 წარწერებში ერთნაირი გრაფიკული ნიშნების ამოკითხვის საკითხი. ლევან ჭილაშვილი წერს, რომ ეს „ქართული ანბანისთვის უცნობი გრაფიკული გამოსახულებაა“ (ჭილაშვილი 2004: 26) და მიდის იმ დასკვნამდე, რომ „ეს არის ალბანური დამწერლობის „ვიე“ _ „ჳ“ და რომ ნიშანთა კომპლექსში უნდა იკითხებოდეს სახელი „ბაჳა“ (ჭილაშვილი 2004: 26). ამ აზრს იზიარებს თამაზ მჭედლიძეც (მჭედლიძე 2013: 15, 21). წიგნში ასომთავრულიდან პირველსახისკენ (ნინიძე 2005: 33-34; ნინიძე 2007: 127) მოხმობილი გვაქვს ამ წარწერებში „ჳ“-დ ამოკითხული გრაფემების იდენტური მოხაზულობის არაერთი მაგალითი, სადაც ეს ნიშანი ბგერა „ჯ“-ს აღმნიშვნელია და თან შეცდომა გამორიცხულია, რადგან იგი ძირითადად შედის სიტყვის _ „ჯუარი“ დაწერილობაში და აღბეჭდილია ჯვრის კვარცხლბეკებზე (შოშიაშვილი 1980: 75, 76, 81, 84, 100, 115, 165). საუბარი გვაქვს V-VII საუკუნეებით დათარიღებულ ისეთ ეპიგრაფიკულ ძეგლებზე, როგორებიცაა: ბოლნისის სიონის ვარდან ნახპეტის წარწერა, ლამაზი გორის ფრაგმენტი, ლამაზი გორის ბარნაბას ჯვრის წარწერა, პანტიანის ეკლესიის ერემიას და ფალავოჭის მოსახსენიებელი, დავით გარეჯის ეკლესიის მართუეცის მოსახსენიებელი, მცხეთის თემესტიას მოსახსენიებელი და სხვ. რატომღაც მეცნიერები გვერდს უვლიან იმ ფაქტსაც, რომ ასო „ჯ“-ს ჯვრის ფორმა არა აქვს არც მე-4 საუკუნის დავათის სტელაზე. საგულისხმოა, რომ ამ ნიშანს დროთა განმავლობაში გარკვეული ელემენტები რომც დაზიანებოდა და წაშლოდა, მისი პირველსახე მაინც ვერ იქნებოდა „ჯ“ გრაფემის ის მოყვანილობა, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს და ქართული ანბანის წარმომავლობაზე მსჯელობისას ეყრდნობიან ხოლმე მეცნიერები _ (ჯავახიშვილი 1996: 226; პატარიძე 1980: 260; გამყრელიძე 1989: 167; გამყრელიძე 2011: 47; მაჭავარიანი 1982: 49-54; მაჭავარიანი 1989). ის არასწორი მოსაზრება, თითქოს გრაფემა „ჯ“-ს ქართული ანბანის შექმნისთანავე ჯვრის ფორმა ჰქონდა, ზოგჯერ არგუმენტადაც კი არის გამოყენებული იმის დასამტკიცებლად, რომ ეს დამწერლობა ქრისტიანულ ეპოქაში შეიქმნა. თამაზ გამყრელიძის წიგნში „ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა“ ვკითხულობთ: „ძველი ქართული „ასომთავრული დამწერლობის“ ქრისტიანულ დამწერლობად მიჩნევა და მისი წარმომავლობის დროის განსაზღვრა ქართულ სახელმწიფოში ქრისტიანობის გავრცელების ხანით, აგრეთვე გასაგებს ხდის ძველ ქართულ ანბანში „ჯვრის“ მოხაზულობის „ჯან“ ასოს * * * მოთავსებას ანბანის ბოლოში, ფონეტიკური მნიშვნელობის მქონე უკანასკნელ ნიშნად, რასაც ამ თვალსაზრისით გასაგები სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა“ (გამყრელიძე 2011: 47). ნეკრესის # 10 წარწერაში ზემოხსენებული ადგილი უნდა ამოვიკითხოთ, როგორც სახელი „ბაჯა“ და არა „ბაჳა“. ვფიქრობთ, ამ წარწერის წინაქრისტიანული პერიოდით დასათარიღებლად გასათვალისწინებელია ლევან ჭილაშვილის მიერ მოხმობილი არგუმენტიც _ ცოლ-ქმრის ერთად დაკრძალვის ფაქტი, რაც ქრისტიანულ ეპოქაში მხოლოდ მათი ერთად გარდაცვალებით შეიძლება იყოს გამოწვეული, წარმართობისათვის კი, როდესაც გარდაცვლილ ქმარს ცოლს სწირავდნენ და მასთანვე მარხავდნენ, სრულიად ტიპიური შემთხვევაა (ჭილაშვილი 2004: 28). კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გრაფემების იდენტიფიცირება რუსთავის #1 წარწერის ბოლოს. აქ ქარაგმით იკითხება არა გაურკვეველი მნიშვნელობის სიტყვა „ვივი“ (ჭილაშვილი 2004: 57, მჭედლიძე 2013: 14, 20), არამედ _ „ჯ-ი ჯ-ი ი ი“ „ჯუარი ჯუარი იყავნ იყავნ“. ქრისტიანული წარწერის დასრულება ამგვარი ფრაზით სავსებით ბუნებრივია. ქარაგმა „ი ი“ _ „იყავნ იყავნ“ ბოლნისის სიონის დავით ეპისკოპოსის წარწერაშიც დასტურდება, ნეკრესის ეპიგრაფიკული ძეგლი კი გამორჩეულია იმით, რომ ტექსტის დასასრულის უფრო სრულ ქრისტიანულ ფორმულას გვთავაზობს. შესაბამისად, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს წარწერა II-IV საუკუნეებს მიეკუთვნება, გადასახედია. იგი აშკარად ქრისტიანული (ვგულისხმობთ, საქართველოში მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას) ეპოქისაა და IV საუკუნის მეორე ნახევარზე ადრეული ვერ იქნება. კვლევის შედეგად იკვეთება ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი _ გრაფემა „ჯ“-ს არცერთ უძველეს წარწერაში ჯვრის ფორმა არა აქვს და ეს მოხაზულობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავეც კი არ შეუძენია, იგი კიდევ უფრო გვიანდელია. შესაბამისად, აშკარად მცდარია ის მოსაზრება, რომ ქართული ანბანი იმთავითვე იმ სახით შეიქმნა, როგორითაც წარმოდგენილია ბოლნისისა და იერუსალიმის წარწერებში. წარმოუდგენელია, რომ სიტყვა „ჯვრის“ პირველ ასოს ჯერ ჯვრის მოხაზულობა ჰქონოდა და მოგვიანებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ მიეღო სამი ურთიერთმკვეთი ხაზის ის მოხაზულობა, როგორიც დასტურდება ნეკრეს-რუსთავისა და ზემოთ ჩამოთვლილ არაერთ სხვა წარწერაში. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ეს ეპიგრაფიკული ძეგლი ბოლნისისა და იერუსალიმის წარწერებზე უფრო ადრეულია. ლოგიკური იქნება, რომ ამის შემდეგ პირდაპირ გადავიდეთ იმ წარწერების განხილვაზე, რომელთა დასასრულშიც არა ქრისტიანობაზე მიმანიშნებელი ჯვრის ინიციალი, არამედ სრულიად სხვა ნიშანი გვაქვს, თან ზუსტად ისეთი მოყვანილობისა, როგორიც საქართველოში ნაპოვნ წარმართობისდროინდელ ძეგლებზეა აღმოჩენილი, ვგულისხმობ წარწერების ბოლოს ასო „ჩ“-ს ან კომპლექს „ჩ ი“-ს არსებობას. ჩვენც ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ „ი“ უნდა იყოს „იყავნის“ ქარაგმა (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ბოლნისის ერთ-ერთ წარწერაშიც * * * დასტურდება), მაგრამ ცალსახად დამტკიცებულად არ მიგვაჩნია „ჩ“ გრაფემის ფუნქციური დატვირთვა და მნიშვნელობა. მართალია, სრული დამაჯერებლობით ვერ ვიტყვით, არის თუ არა ის მთვარის სიმბოლურ რიცხვ 28-ზე მინიშნება (ჭილაშვილი 2004: 26), მაგრამ ერთი რამ უტყუარი ფაქტია _ გრაფემა „ჩ“, რომელიც ნეკრესისა და რუსთავის ოთხი წარწერის ბოლოში გვხვდება, აღბეჭდილია საქართველოს ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა ადგილას _ არეშსა და ვანში ნაპოვნ, ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით დათარიღებულ ნივთებზე (იხ. ვანის წითელკეციანი ჭურჭლისა და არეშის დერგის წარწერები). გრაფიკული ნიშანი, რომელიც ამა თუ იმ ნივთზე ცალკე, დამოუკიდებლად არის გამოსახული ან წარწერის ბოლოსაა აღბეჭდილი იმ ადგილას, რომელიც ქრისტიანულ ეპოქაში სიტყვა „ჯვარმა“ ან ჯვრის გამოსახულებამ დაიკავა, გვაფიქრებინებს, რომ ასევე რელიგიას უნდა უკავშირდებოდეს და წარმართული ხანისა უნდა იყოს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ რუსთავის #2, 3 და ნეკრესის #1, 10 წარწერები, რუსთავის #1 წარწერისაგან განსხვავებით, წინაქრისტიანული პერიოდისაა. ნეკრესის ქვევრის პირზე გაკეთებულ #6 წარწერას („მბ ესე ჭ(უ)რი მე დავრგე“) ლევან ჭილაშვილი II-III სს. ათარიღებს. სავსებით ლოგიკურად გვეჩვენება მის მიერ ქარაგმაში „მბ“ მაზდეანთა ღმერთის _ მითრა-ბაგას (მითრა ღმერთის, მზე ღმერთის) ამოკითხვა (ჭილაშვილი 2004: 32). მითრას თაყვანისცემის გავრცელებას საქართველოში ადასტურებს ბორისა და არმაზისხევის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის თასები, რომელთა ფსკერზე შიდა მხრიდან გამოსახულია სამსხვერპლოს წინაშე მდგარი ტორაწეული ცხენი ანუ ის ცხოველი, რომელიც, საზოგადოდ, მზის ღვთაებას შეეწირებოდა ხოლმე. მეცნიერთა აზრით, საქართველოში მითრას თაყვანისცემის გავრცელებას ხელი შეუწყო იმან, რომ მას აქ „დახვდა ადგილობრივი მზის ღვთაების ტრადიცია“ (მუსხელიშვილი და სხვები 2012: 182). სახელს მითრიდატე (მითრას ძღვენი) იბერიაში ატარებდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების რამდენიმე მეფე. გარდა ამისა, ნეკრესის სამლოცველოს გათხრებისას აღმოჩნდა მაზდეანობის სარიტუალო ინვენტარი _ ბრინჯაოს წკეპლების კონა. საგულისხმოდ გვეჩვენება ქარაგმა „მბ“-ს გაშიფრვისას ლევან ჭილაშვილის მიერ პარალელის გავლება ურბნისში აღმოჩენილი ქვევრის პირზე გაკეთებულ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგდროინდელ წარწერასთან _ „ქჭე“ (ჭილაშვილი 2004: 30, 34), რომლის პირველი ასო ქრისტეს ინიციალია და, სავარაუდოდ, ამ ქვევრის საეკლესიო დანიშნულებაზე მიგვანიშნებს („ქრისტეს ჭური ესე“). რამდენადაც ღვინო მითრაისტულ რიტუალებშიც გამოიყენებოდა, ლევან ჭილაშვილი მიიჩნევს, რომ ქვევრი, რომელზეც #6 წარწერაა გაკეთებული, შესაძლოა შესაწირავი ღვინისთვის ყოფილიყო განკუთვნილი და წარწერის დასაწყისში მითრა-ბაგას მოხსენიება იმავე პრინციპს ემყარებოდა, რომელსაც ქრისტიანულ ეპოქაში ასეთსავე წარწერაში ქრისტეს ხსენება. ჩანს, რომ რელიგიური აღმსარებლობის შეცვლასთან ერთად მოხდა წარწერათა დასაწყის-დასასრულებში მითრას ქრისტეთი ჩანაცვლებაც. რაც შეეხება სიტყვა „ჭურის“ სიძველეს (ჭილაშვილი 2004: 29, 30), საგულისხმოა, რომ ივანე ჯავახიშვილი მევენახეობის ისტორიის შესახებ შექმნილ თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „ჭურს“„ქვევრზე“ უფრო ადრინდელ ლექსიკურ ერთეულად მიიჩნევს და წერს, რომ უძველეს ქართულში სწორედ სიტყვა „ჭური ყოფილა ღვინის ჩასასხმელ-შესანახი ჭურჭლის აღსანიშნავად მიღებული, შემდეგდროინდელ საბუთებსა და ძეგლებში, ჭურს გარდა, ქვევრიც * * * ჩნდება“. (ჯავახიშვილი 1986: 652, 653). რაც შეეხება სიტყვას „დავრგე“, ის ფაქტი, რომ ეს სიტყვა ქვევრის ჩადგმასთან დაკავშირებით ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებში აღარ იხმარება, ასევე მიგვანიშნებს წარწერის სიძველეზე. ნეკრესის #7 („...ან აზატსი არს ნუმცავინ ხრევს“) წარწერასთან დაკავშირებით (ახ. წ. I-II სს.), საყურადღებოდ გვეჩვენება ლევან ჭილაშვილის შენიშვნა ხანმეტობის პერიოდთან დაკავშირებით (ჭილაშვილი 2004: 39). ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროების მიხედვით, ეს ტენდენცია V-VII საუკუნეებში დასტურდება, მაგრამ უფრო ადრეული ეპიგრაფიკული მასალის არარსებობის გამო ვერ ვიტყვით, როდიდან დაიწყო. ასეთ პირობებში ტექსტის ხანმეტობა მის V საუკუნეზე უფრო ადრეული პერიოდისათვის კუთვნილების დამამტკიცებელი არ არის, მაგრამ ამის ვარაუდის საშუალებას მაინც გვიტოვებს. სარწმუნოდ გვეჩვენება ლევან ჭილაშვილის მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, რომ წარწერაში საფლავის ხელშეუხებლობის მოთხოვნა უფრო წინაქრისტიანულ პერიოდში შეიძლებოდა გაკეთებულიყო, როდესაც მიცვალებულისთვის საფლავში ჩატანებული ძვირფასი ნივთები მათი ძარცვის მიზეზი ხდებოდა ხოლმე (ჭილაშვილი 2004: 39). ნაკლებ არგუმენტირებულად გვეჩვენება ლევან ჭილაშვილის მიერ ნეკრესის # 8 („...ვი ე ავანისი და ნუმცავინ წა... ერთვის“) წარწერის დაზიანებული ადგილების ამოკითხვა და ტექსტის მიჩნევა „სამეფო თუ მუნიციპალურ საჯარო განკარგულებად“. ჩვენი აზრით, ბევრად უფრო მეტი საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ წარწერის დასაწყისში შემორჩენილი ბოლო ორი ასო _ „ვი“ სიტყვა „საფლავი“-ს ნაწილია და ეპიგრაფიკული ძეგლი ეპიტაფიაა. შავ ჰორიზონტალურ პარალელურ ხაზებს შორის წარმოგიდგენთ წარწერის ზედა, ჩამოტეხილი ნაწილის რეკონსტრუქციის შესაძლო მოდელს, რომლის მიხედვითაც, მეორე ხაზის ზემოთ შემორჩენილი ოდნავ დახრილი ვერტიკალური ხაზი ასო „ფ“-ს ფეხი შეიძლებოდა ყოფილიყო. რეკონსტრუქციისათვის პირობითად გამოვიყენეთ „ს“ და „ა“ გრაფემების ფორმები ამავე წარწერიდან და „ფ“ და „ლ“ გრაფემებისა _ რუსთავის #2 წარწერიდან. ჩვენი აზრით, გადასახედია იმ სიტყვის წაკითხვაც, რომელიც ლევან ჭილაშვილის მიერ ამოკითხულია, როგორც „წაერთვის“. თუ გავითვალისწინებთ იმავე წარწერაში ერთი ხაზით ზემოთ აღბეჭდილი „დ“-ს მოყვანილობას _ , ნიშანი შესაძლოა შეესატყვისებოდეს ბგერა“დ“-ს და არა „წ“-ს, რადგან მსგავსი „წ“ არცერთ სხვა წარწერაში არ გვხვდება. რაც შეეხება მეორე ხაზის ბოლოს დაზიანებული ნიშნის _ „ა“ და „ნ“ გრაფემებად ამოკითხვას, დამაჯერებლად არ გვეჩვენება. # 8 წარწერის გრაფემათა მოხაზულობა ძალზე თავისებურია. სხვაგან არსად შეგვხვედრია ასეთი „ც“ _ „რ“_ და „ჳ“ _; იშვიათია „თ“ _ ). ამას გარდა, გრაფემათა ფორმა არასტაბილურია _ გვაქვს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ერთი და იგივე ასო-ნიშნები: „ა“ _ , „ი“ _ , „ე“ _ და წარწერის შუაში განთავსებულია არაეპიგრაფიკული ელემენტები _ გეომეტრიული მოხაზულობები (წრეები და წრის შუაში ჩაწერილი წერტილი), რომლებიც, ბოლო სიტყვას შუაში წყვეტს. ყოველივე ზემოთქმულის გამო, ძნელია ისეთ არაორდინალურ მოხაზულობაში, როგორიცაა რომელიმე გრაფემების ამოცნობა, მით უფრო, რომ აქ საკუთარი სახელის დასაწყისი ასოებია სავარაუდებელი და სიტყვის იდენტიფიცირებაში კონტექსტი ვერ დაგვეხმარება. თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ * * * ასომთავრულ წარწერაში არ არის დაცული გრაფემათა სიმაღლეში თანაბრობის პრინციპი, ასო-ნიშანთა უმრავლესობა რკალური ფორმისაა და „ჳ“ და „თ“ გრაფემები თავშეუკვრელია, რაც წიგნში ასომთავრულიდან პირველსახისკენ, ქართული დამწერლობის განვითარების სისტემური კვლევის საფუძველზე მიღებული დასკვნის მიხედვით, შეიძლება წარწერის სიძველის ნიშანი იყოს. ლევან ჭილაშვილის აზრით, ნეკრესის ბაზილიკაში აღმოჩენილი ფიქალზე შესრულებული # 9 წარწერის დასაწყისი იკითხება ასე: „როი (რამეთუ ოდენ იყო) სატანანი ქრისტეფორე და სალალრიმ დო სალოსტმარიანებო...“ მკვლევრის აზრით, იგი შესრულებულია წარმართთა მიერ და ქრისტიანების წინააღმდეგ „წყევლის თუ ჯადოს დანიშნულება უნდა ჰქონოდა“ (ჭილაშვილი 2004: 49-50). ჩვენი აზრით, წარწერის ასე ამოკითხვა გარკვეულ ეჭვებს ტოვებს: 1. ასოებს „როი“ არ ახლავს ქარაგმის ნიშანი და ჩვენი აზრით, საკმარისი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ აქ „რამეთუ ოდენ იყო“ იგულისხმება. ტექსტის დასაწყისის მაგალითები _ „იყო“ და „რამეთუ იყო ჟამი“, რომლებიც ლევან ჭილაშვილის წიგნში შესადარებლად არის მოხმობილი აგიოგრაფიული თხზულებებიდან, ვრცელი ამბის გადმოცემის წინ მართებულია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რამდენად მიესადაგება მსგავსი შესავალი რამდენიმე ხაზიან წარწერას, რომელიც, ამავე წიგნში გამოთქმული მოსაზრებით, მხოლოდ მოხსენიებულ ქრისტიანთა დასაწყევლად იყო განკუთვნილი და არა ვინმესთვის წასაკითხად. წარწერიანი ფიქალი ისეთნაირად იყო ჩაშენებული ტაძრის სვეტში მეტრნახევრის სიმაღლეზე, რომ ეკლესიაში მყოფი ადამიანები ვერ ამოიკითხვდნენ. 2. რამდენად მართებულია წარწერის დასაწყისის მეოთხე გრაფემის მიჩნევა „ს“ ასო-ბგერად. გარდა იმისა, რომ ასეთი მოხაზულობა „ს“ ასო-ნიშნისთვის ასომთავრულში გავრცელებული არ არის, იგი არ დასტურდება არც განსახილველ წარწერაში. „ს“ ბგერის გამომხატველი ნიშანი აქ გვხვდება შემდეგი ფორმებით: , „ზ“-ს გამომხატველები კი _ შემდეგით: . ვერ ვიტყვით, რომ გაურკვეველ სიტყვაში _ „ასმე“ „ს“-დ ამოკითხული ნიშანი მართლაც „ს“-ა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, წარწერის მეორე სიტყვა არ უნდა იკითხებოდეს, როგორც „სატანანი“. 3. თავისთავად, სიტყვა სატანა, როგორც ავი ძალებისა და დემონების მთავარი, ათეიზმის მომძლავრებამდე, სანამ მოხდებოდა რელიგიური ლექსიკის გარკვეული სემანტიკური ტრანსფორმაცია, მრავლობით რიცხვში არ იხსენიებოდა. შესაბამისად, მისი ასეთი ფორმით არსებობა მეოთხე საუკუნის ძეგლზე ნაკლებ სარწმუნოა. ჩვენი აზრით, წარწერის დასაწყისიდანვე, პირველი სამი გრაფემის ცალკე გამოყოფის გარეშე, ჩამოთვლილი უნდა იყოს სახელები, სავარაუდოდ, „როიზატ, ანანი, ქრისტეფორე...“ მართალია, სახელი „როიზატ“უძველეს წყაროებში ვერ ვიპოვეთ, მაგრამ, როდესაც ეპიგრაფიკული ძეგლი ესოდენ დაზიანებულია, იძულებული ვხდებით მეტნაკლებად ლოგიკურ ვარაუდებს დავეყრდნოთ. მეორე მხრივ, სახელი „ანანი“, რომელიც „ანანიას“ ადრეული ფორმაა, ბიბლიურია. იგი ებრაულად ღვთის მადლს, უფლის მფარველობას ნიშნავს. სახელით ანანი ბიბლიაში მოხსენიებულია იუდეის მეფე იოაკიმის დროს მცხოვრები გოდოლიას ღვთისმოსავი ვაჟი, იექონიას ერთ-ერთი შთამომავალი და მრავალი სხვა; ანანია კი, იქედან გამომდინარე, რომ * * * ერქვა მაცხოვრის მოწაფეს (სამოცდაათიდან), შუა საუკუნეების სელევკიელ, სპარს, ფინიკიელ და არაერთ სხვა ქრისტიან მოწამეს, პირველ საუკუნეებშივე მთელ საქრისტიანოში ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. საგულისხმოა, რომ ჩვენთან არსებობს გვარი ანანიაშვილიც. თუ წარწერაში საუბარი არ არის „სატანებზე“ და ქრისტიან ღვთისმსახურთა სახელებია ჩამოთვლილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი არა მათდამი დაპირისპირებული წარმართის, არამედ ასევე ღვთისმოსავი ადამიანის _ მშენებლის, ხატმწერის, შემომწირველის ან სხვ. მიერ უნდა იყოს შესრულებული და ტაძრის ერთ-ერთ სვეტში მოკრძალებულად ჩატანებული. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ტაძარი აგებულია თრდატ მეფის დროს და, შესაბამისად, უნდა დათარიღდეს 369-383 წლებით, იგი ემყარება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ცნობას: „და დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი თრდატ... მის ზე-ვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით“. (მოქცევაჲ: 5) და, ბუნებრივია, ვიზიარებთ. ვერ ვიტყვით, რომ წარწერა უფრო ადრეულია და შემდეგ არის ჩატანებული ტაძრის სვეტში. „ქ“ გრაფემის ჯვრის ფორმა და წარწერის ტექსტში მოხსენიებული ქრისტიანული სახელები _ ქრისტეფორე და კვირიაკოზი თავისთავადაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი მეოთხე საუკუნის 40-იან წლებზე ადრეული ვერ იქნება. ბესიკ ხურცილავას ნაშრომში ნეკრესის ნაქალაქარის ქართული ასომთავრული წარწერების შესახებ აშკარად იგრძნობა წინასწარი განზრახვა, რომ ნეკრესში ნაპოვნი არცერთი წარწერა არ დათარიღდეს IV საუკუნეზე ადრეული პერიოდით. მკვლევარი ცდილობს ლევან ჭილაშვილისეულ დათარიღებათა გაბათილებას, მაგრამ არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელთა საშუალებითაც ამას აკეთებს, ნაკლებ დამაჯერებელია. მაგ. იგი წერს, რომ ნეკრესის #6 წარწერა IX საუკუნეზე ადრინდელი ვერ იქნება, რადგან სიტყვათა შორის ინტერვალები ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში მხოლოდ ხსენებული პერიოდიდან გვხვდება (ხურცილავა 2003: 36). რეალურად, #6 წარწერაში სიტყვის ასოებს შორის არაერთგან არის უფრო დიდი ინტერვალი, ვიდრე სიტყვებს შორის. სიტყვებს შორის შემთხვევითი ინტერვალები კი გვხვდება არათუ საყოფაცხოვრებო წარწერებში (#6 წარწერა ქვევრის პირზეა ამოკაწრული), არამედ ტაძარზე ამოკვეთილ მონუმენტურ ეპიგრაფიკულ ძეგლებზეც კი. მაგ. დააკვირდით ინტერვალებს ბოლნისის სიონის დავით ეპისკოპოსის V საუკუნის წარწერის სიტყვებს _ „ხულოცოს იგიცა ღნ (ღმერთმან) შეიწყალე“ შორის ასევე დააკვირდით, როგორი ინტერვალებია #6 წარწერის „სიტყვებს: „მბ“ „ესე“ „ჭური“ და როგორ არის ერთმანეთისგან დაშორებული სიტყვის „დავრგე“ შემადგენელი ასოები _ „დ“, „ა“, „ვ“. სიტყვებს შორის დაშორებები შემთხვევითობასაც რომ არ მივაწეროთ და რომელიმე ძველ ქართულ წარწერაში მართლაც იყოს ასეთი ინტერვალები ან სიტყვათგამყოფი ნიშნები, მათი სიძველე ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდე ჩვენს ხელთ არსებულ ქართულ წარწერებში ასეთი რამ არ შეგვხვედრია. ასეთი პრაქტიკა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნეებიდან უკვე არსებობდა სხვა დამწერლობებში, დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ეპიგრაფიკულ ძეგლებშიც და სავსებით მოსალოდნელია, რომ იგი ქართულ წარწერებშიც გამოეყენებიათ. იხ. მაგ. არმაზში აღმოჩენილ ლანგარზე გაკეთებული I საუკუნის ბერძნული * * * 9 წარწერა, რომლის ყველა სიტყვა ინტერვალებით არის გამოყოფილი ერთმანეთისგან: „მე მეფე ფლავიოს დადემა ვუძღვანი პიტიახშ ბერსუმს“. არგუმენტად არ გამოდგება მეცნიერის ეჭვები ეპიტაფიების ტრადიციასთან დაკავშირებითაც (ხურცილავა 2003: 42). იმ ფაქტს, რომ საფლავზე ქვის აღმართვის და ეპიტაფიის გაკეთების ჩვეულება საქართველოში ნამდვილად არსებობდა, მოწმობს სერაფიტას II საუკუნის სამარხი და მასზე აღბეჭდილი წარწერა. არალოგიკურად მიგვაჩნია მოსაზრება, თითქოს ის წარწერიანი ქვები, რომლებიც ლევან ჭილაშვილს ეპიტაფიებად და მოგვიანებით, მარნის კედლებში მეორადი დანიშნულებით ჩაშენებულად მიაჩნია, ხელოსანთა მიერ იყოს შესრულებული უშუალოდ მარნის მშენებლობისას (ხურცილავა 2003: 46). ამას გამორიცხავს #4 წარწერაზე საკუთარი სახელის წარმოდგენა კუთვნილებითი ფორმით _ „ჲოთორისი“ და #5 წარწერის დასაწყისი „ესე საფ“, რომელიც, დიდი ალბათობით, სიტყვა „საფლავის“ ნაწილია. ქრისტიანობის შემოღებამდე ქართული დამწერლობის არსებობის თვალსაზრისის მოწინააღმდეგენი აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა საუკუნეების ის ქართული ისტორიული წერილობითი ქრონიკები, რომლებსაც ეყრდნობა „ქართლის ცხოვრება“, არამეული ან ბერძნული ალოგლოტოგრაფიით იქნებოდა ჩაწერილი (ხურცილავა 2008: 11). ჩვენი აზრით, ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან „ქართლის ცხოვრების“ იმ ნაწილშიც კი, რომელიც ისტორიის უძველეს პერიოდს ასახავს, სპეციფიკური ქართული ბგერების შემცველი საკუთარი და გეოგრაფიული სახელები და ეთნონიმები სრული ფონემურ-გრაფემული შესაბამისობით არის წარმოდგენილი (წუნდაჲ, დურძუკეთი, ხერთვისი, ოძრჴე, ჭოროხი, ღადოჲ, სამცხე, ჭართალეთი, ტყეტბა, ბერდუჯისი, რეჴი, ხლაჭა, ხენეშგი, ჰერეთი, ჯიქნი, ჰრომნი სხვ.). აქ რომ ალოგლოტოგრაფიასთან გვქონდეს საქმე, ის სპეციფიკური ქართული ბგერები, რომლებიც ბერძნულსა და არამეულში არ იყო, პირთა და გეოგრაფიულ სახელებში მაინც დაიკარგებოდა. ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩვენს თვალწინაც კი ხდებოდა, როდესაც რუსეთის პოლიტიკური გავლენისა და ოფიციალური დოკუმენტების რუსულ ენაზე წარმოების გამო ბევრ ქართულ გვარში ფუძისეული სპეციფიკური ქართული ასო-ბგერა დაიკარგა და მისი აგილი დაიკავა რუსულში ამ ბგერის ჩამნაცვლებელმა ნიშანმა. გარდა ამისა, 36 ქართული ბგერის გადმოსაცემად 22/24 გრაფემიანი დამწერლობები ყოვლად მოუხერხებელი იქნებოდა და ვერ შეუვსებდა ქართველებს დამწერლობის დანაკლისს. ქრისტიანულ ეპოქაში, როდესაც ყველა ქრისტიანი ერი ხაზს უსვამდა მისი კულტურის, მათ შორის დამწერლობის, კავშირს ამ რელიგიასთან (იხ. მაგ. სომხური დამწერლობის შექმნის ისტორია მესროფ მაშტოცის მიერ, სლავურისა _ კირილესა და მეთოდეს მიერ), საეკლესიო მოღვაწე _ ლეონტი მროველი, რატომ მიაწერდა ქართული დამწერლობის შექმნას წარმართ მეფე ფარნავაზს, ამ ფაქტის დამადასტურებელი რეალური ისტორიული წყაროები რომ არ ჰქონოდა ხელთ. თუ ამ არგუმენტებს დავამატებთ „ჯ“ ასო-ნიშანთან დაკავშირებულ რეალურ სურათს და იმ ფაქტს, რომ ნეკრესისა და რუსთავის ოთხი ასომთავრული წარწერის ბოლოს ცალკე მდგარი გრაფემა „ჩ“-ს გამოსახვა * * * დაგვეხმარა საქართველოს ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილ, ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით დათარიღებულ, ორ ნივთზე აღბეჭდილი ამავე ნიშნის ქართულ გრაფემა „ჩ“-დ იდენტიფიცირების დადასტურებაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული დამწერლობა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ნამდვილად არსებობდა და ნეკრესისა და რუსთავის ცალკეულ წარწერებში აღბეჭდილი გრაფემათა მოხაზულობები ჩვენამდე მოღწეულთაგან უძველესია. წიგნში ასომთავრულიდან პირველსახისკენ გამოთქმული გვქონდა მოსაზრება, რომ ქართულმა დამწერლობამ განვითარების რაღაც ეტაპზე რეფორმა განიცადა ბერძნულის გავლენით _ მოხდა გრაფემათა სიმაღლეში გათანაბრება, თავშეკვრა-გაკუთხოვანება და ბერძნულ ანბანურ რიგზე დალაგება. თუ ვიმსჯელებთ ნეკრესისა და რუსთავის ზემოთ განხილული წარწერების მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამდე ამ რეფორმის ერთი ეტაპი უკვე განხორციელებული იყო _ ზემოთ გაანალიზებულ უძველეს წარწერებშიაც კი, ცალკეული გრაფემები გვხვდება თავშეკრული ან კუთხოვანი ფორმით და გრაფემა „უ“ შედგენილია ორი ასო-ნიშნის კომპლექსით (ეს მოვლენა ბერძნულსა და ქართულში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ მოხდებოდა). დავათის სტელის 367 წლით დათარიღებული წარწერის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის უკვე მომხდარი იყო „ქ“ გრაფემისთვის ჯვრის ფორმის მიკუთვნება, ასოთა დალაგება ბერძნულის მსგავს რიგზე, ასო-ნიშნებისთვის ბერძნულის მსგავსი რიცხვითი ოდენობის დამკვიდრება და უკანასკნელი ასო-ნიშნის _ ჵ-ს დამატება 10 000-ის აღსანიშნავად. ბოლნისის სიონის, ურბნისის და პალესტინის წარწერები ასახავს რეფორმის ბოლო ეტაპს, როდესაც მოხდა გრაფემა „ჯ“-სთვის ჯვრის განსხვავებული ფორმის (Crux decussata) მიკუთვნება, ასო-ნიშანთა სიმაღლეში გათანაბრება და ისეთი გრაფემების თავშე
This post has been edited by ვარაზვაჩე on 25 Dec 2019, 07:05
|