ყოველთვის გამარჯვებული არმია
შორეული აღმოსავლეთი, მარკო პოლოს საოცნებო მხარე, ქაღალდის, დენთისა და კომპასის გამომგონებელი ხალხის ქვეყანა, კონფუცის, ლაო-ძისა და სუნ-ძის ჩინეთი... ამ ქვეყნის ისტორია ბევრ უცხოელ მეცნიერ-მკვლევარს იზიდავს. არც სამხედრო ისტორიკოსებისთვის არის გამონაკლისი. ჩინეთის მდიდარი სამხედრო ისტორია საშუალებას იძლევა უამრავი საინტერესო ფაქტის გამოკვლევისა. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ სუნ-ძის, ლეგენდარული სამხედრო მოღვაწისა და გენიალური წიგნის – “ომის ხელოვნების” ავტორის ქვეყანაა. ჩინეთის სამხედრო ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესოა “ყოველთვის გამარჯვებულ არმიად” წოდებული შენაერთის ამბავი. “ყოველთვის გამარჯვებული არმია”(ჩინ. 常勝軍, cháng shèng jūn) მე-19 საუკუნის ჩინეთის საიმპერიო არმიას ეწოდა. ამ ჯარით ცინის დინასტია ნიენისა და ტაიპინის აჯანყებებს ებრძოდა. “ყოველთვის გამარჯვებული არმია”შედგებოდა ჩინელი ჯარისკაცებისგან, რომლებიც ევროპელების მიერ იყვნენ გაწვრთნილები და მომზადებულები. სამხედრო კამპანიაშიც მათ ევროპელი მეთაურები მიუძღოდნენ.
ამ განსაკუთრებული სამხედრო შენაერთის აქტივობის წლები სულ ოთხი წელი გაგრძელდა – 1860-1864. მიუხედავად ამისა ამ ჯარმა დიდი როლი ითამაშა ტაიპინის აჯანყების ჩახშობაში და ჩინეთის სამხედრო ისტორიაში შევიდა, როგორც ევროპული სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბებული პირველი ჩინური არმია, რომელიც იყენებდა ევროპულ ტაქტიკას, სტრატეგიასა და ტექნიკას. იგი მოდელი გახდა მას შემდეგ შექმნილი ჩინური ჯარებისა. “ყოველთვის გამარჯვებული არმიის”შემქმნელი ამერიკელი ავანტიურისტი ფრედერიკ ვარდი(1831-1862) იყო. იგი შანხაის ბიუროს მიერ იქნა ჩამოყვანილი მეკობრეებთან ბრძოლისთვის და მანაც თავი კარგად წარმოაჩინა. როდესაც შანხაის პარტიზანმა ტაიპინებმა მიაღწიეს, ჩინელებმა ვარდს მიანდეს არმიის მომზადება შანხაიში მყოფი ევროპელებისგან, რადგან ჩინური ჯარი ძალიან სუსტი და დაბალეფექტური გამოდგა. ამერიკელის შექმნილმა “უცხოური იარაღის რაზმმა” რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა ტაიპინებთან ბრძოლაში, მაგრამ დიდი დანაკარგები განიცადა და განადგურებულ იქნა, ვარდი კი დაიჭრა და 1860 წლის ბოლოს იძულებული გახდა სამკურნალოდ წასულიყო.
ფრედერიკ ვარდი 1861 წლის გაზაფხულზე იგი დაბრუნდა და აღადგინა თავისი შენაერთი. იმასთან დაკავშირებით, რომ ვარდი თავის ჯარისკაცებს მაღალ ანაზღაურებას პირდებოდა, შანხაის პორტში მდგარ ბრიტანულ ხომალდებზე დეზერტირობა დაიწყო. დაპატიმრებას რომ ასცდენოდა, ვარდი ჩინეთის სამსახურში შევიდა. მას შემდეგ, რაც 1861 წლის მაისში “უცხოური იარაღის რაზმი” კვლავ განადგურდა ტაიპინების მიერ, ვარდმა გადაწყვიტა მოემზადებინა ჩინელებისგან შემდგარი დიდი შეიარაღებული შენაერთი და გამოეყენებინა შემორჩენილი ევროპელები ოფიცრებად. 1862 წლის იანვარში ვარდმა ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი რაზმი ჩამოაყალიბა, რომელმაც თებერვლისთვის ტაიპინებს რამდენიმე გამანადგურებელი დამარცხება მიაყენა. 1862 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ ვარდის ქვედანაყოფს ოფიციალურად უწოდა “ყოველთვის გამარჯვებული არმია”. 1862 წლის განმავლობაში ეს შენაერთი უფრო და უფრო ამართლებდა თავის სახელწოდებას, ანადგურებდა მოწინააღმდეგეს, იკავებდა მათ გამაგრებულ პოზიციებს. რადგან ტაიპინებს უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, ჯარი იძულებული იყო ხშირად შეეცვალა დისლოკაციის ადგილი, რასაც გზების ცუდი მდგომარეობა ართულებდა, ამიტომ ვარდმა არხებისა და მდინარეების მეშვეობით დაიწყო რაზმების გადაყვანა. სამდინარო გზების დასაცავად მან შეაიარაღა რამდენიმე ორთქლმავალი, რომელიც ტრანსპორტიც გახდა და მობილური არტილერიაც. ლი სიუჩენმა თავისი დამარცხება სუჩჟოუს რაიონში სწორედ ამ ორთქლმავლებს დააბრალა. მისი აზრით მის ჯარს შეეძლო გამკლავებოდა “ზღვის ეშმაკებს” ნაპირზე, მაგრამ ორთქლმავლების წინააღმდეგ მისი სამდინარო ძალები – უძლურნი იყვნენ.
გამარჯვებებთან ერთად ფრედერიკ ვარდის რეპუტაციაც იზრდებოდა. მანჯურიელ დიდებულებს მასზე თავაპირველი წარმოდგენაც შეეცვალათ. ვარდი არ მისდევდა ყველა ჩინურ ტრადიციას, თუმცა ოფიციალურ მანჯურიულ სამოსს ატარებდა.
ჰენრი ანდრეს ბოჯევაინი ვარდი სასიკვდილოდ დაიჭრა 1862 წლის 21 სექტემბერს ცისის ბრძოლის დროს, ნინბოს რაიონში. მას სურდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ არმიის ხელმძღვანელი ფილიპინელი მაკანაია გამხდარიყო, მაგრამ მეთაურობა ამერიკელმა ჰენრი ანდრეს ბოჯევაინმა აიღო. მალე მან უღალატა ცინის დინასტიას და ლი შისინის მეამბოხეთა არმიას შეუერთდა, ხოლო “ყოველთვის გამარჯვებულ არმიას” ინგლისელი ჩარლზ ჯორჯ გორდონი ჩაუდგა სათავეში. გორდონის მეთაურობით “ყოველთვის გამარჯვებულმა არმიამ” სამთავრობო ჯარებთან ერთად რამდენიმე ფინალური გამარჯვება მოიპოვა ტაიპინების წინააღმდეგ. გორდონის გატარებულმა სასტიკმა დისციპლინამ არმიაში დეზერტირობა და შეთქმულებებიც კი გამოიწვია, მათი რიგები ინგლისელმა მეთაურმა ტყვე ტაიპინებით შეავსო, რომელთაც სურვილი ჰქონდათ ცინის დინასტიის მხარეს გადმოსულიყვნენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა “ყოველთვის გამარჯვებული არმიის” მოქმედების ეფექტურობის დაკარგვისა. 1864 წლის მაისში “ყოველთვის გამარჯვებული არმია” ოფიციალურად გაუქმდა. დაშლის დროს მასში 104 უცხოელი ოფიცერი და 2288 ჩინელი ჯარისკაცი მსახურობდა. “უცხოური იარაღის რაზმი” თავდაპირველად შანხაიში შეკრებილი 200 ევროპელისგან შედგებოდა. მათი ნაწილი 1861 წელს დაითხოვეს, დარჩენილი ნაწილი კი 1200 ჩინელი ჯარისკაცისგან შემდგარ ახალ რაზმში ოფიცრად დარჩა. 1862 წლის მაისში ვარდს 3000 ჩინელი მეომარი ჰყავდა, შეიარაღებული ევროპული იარაღით და ეკიპირებული ბრიტანელების მიერ შანხაიში. “ყოველთვის გამარჯვებული არმიის” ქვეითი ჯარი ბატალიონებად იყოფოდა, რომელთაც ვერდი პოლკებს უწოდებდა. 1864 წელს 6 ასეთი პოლკი იყო შექმნილი, თითოეულში 650 კაცამდე შემადგენლობით.

თითოეული პოლკი ექვსი ასეულისგან შედგებოდა. ზოგადად ასეთ ასეულში ორი უცხოელი ოფიცერი, შვიდი ჩინელი სერჟანტი და 80 რიგითი ჩინელი ჯარისკაცი. პოლკს თითო თარჯიმანი მაინც ჰყავდა, რათა უცხოელი ოფიცრების ბრძანება(ინგლისურ ენაზე) ჯარისკაცებისთვის ეთარგმნა. ვარდმა ასევე ჩამოაყალიბა ფილიპინელებისგან შემდგარი პირადი მცველების რაზმი – 200-300 მეომრის შემადგენლობით. გორდონის დროს ეს შენაერთი ევროპელი და აფრიკელი ჯარისკაცებისგან შედგებოდა, რასაც ემატებოდა ასამდე რჩეული ჩინელი მებრძოლი. 1863 წლისთვის, “ყოველთვის გამარჯვებულ არმიას” თავისი არტილერია ჰქონდა, რომელიც 6 ბატარიისა და მძიმე და მსუბუქი არტილერიისგან შედგებოდა. თითოეულ ბატარეაში ხუთი უცხოელი ოფიცერი, 19 ჩინელი სერჟანტი და 120-150 ჩინელი კანონირი იყო.
ვარდის შექმნილი ფლოტილია 12 სამდინარო ორთქლმავლით(ნაყიდი ან ნაქირავები) შედგებოდა. ამას ემატებოდა 30-50 შეიარაღებული ჩინური ჯონკა. გორდონის დროს ეს ფლოტი 2 ორთქლმავლამდე შემცირდა, მაგრამ შემდეგ ექვსამდე გაიზარდა. ჯონკებისა და ორთქლმავლების კიჩოზე 9-დან 12 ფუნტამდე კალიბრის ზარბაზნებს დგამდნენ. “ყოველთვის გამარჯვებული არმიის” ყველაზე დიდი ხომალდი “Hyson” იყო, რომელიც სიგრძით 90 ფუტს აღწევდა და შეიარაღებული იყო 32 ფუნტიანი ზარბაზნითა და 12 ფუნტიანი ჰაუბიცით.
ნიკა ხოფერია * * *
პრეტორიანული გვარდია
რომის იმპერიის არმია მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და წარმატებულ სამხედრო ძალად ითვლება, რომლის წყალობითაც რომმა დიდი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, გაავრცელა რომაული კულტურა, ენა და ტრადიციები, ცივილიზაცია შეიტანა ევროპაში, აზიასა და აფრიკის ნაწილში, ააგო გზები, აკვედუკები და სხვა ცივილური ნაგებობები. ყველაფერი ეს რომაული სამხედრო ძალის მოქმედებას უკავშირდება. ომის დროს რომაელები მტერს ებრძოდნენ და იმარჯვებდნენ, მშვიდობიანობისას კი ეს სასტიკი მეომრები მშენებლებად და რომაული კულტურის გამავრცელებლებად გვევლინებოდნენ.
გზებისა და აკვედუკების დიდი ნაწილი პროვინციებში, სწორედ რომაელი მეომრების აგებული იყო. ტერიტორიულ ზრდამ და სახელმწიფო მმართველობის ფორმის შეცვლამ, რამაც რესპუბლიკური ქვეყანა ნამდვილ იმპერიად აქცია ერთპიროვნული იმპერატორის ძალაუფლებით, გამოიწვია ის, რომ საჭირო გახდა უფრო მეტი სამხედრო ძალა, რათა განემტკიცებინათ მდგომარეობა პროვინციებში, ჩაეხშოთ შესაძლო აჯანყებები, უზრუნველეყოთ გადასახადის აკრეფა, სავაჭრო გზების დაცულობა, აღეკვეთათ მტრის შემოსევა, ეწარმოებინათ დაპყრობითი ომები. ამიტომაც რომის იმპერატორებმა ლეგიონების რაოდენობა გაზარდეს და მასში მსახურის უფლება პროვინციელებმაც მიიღეს.
დიქტატორ იულიუს კეისრის (Gaius Julius Caesar, ძვ.წ. 100 – ძვ.წ. 44) ბრუტუსის(Marcus Junius Brutus, ძვ.წ. 85- ძვ.წ 42), კასიუსისა(Gaius Cassius Longinus, ძვ.წ. 85 - ძვ.წ. 42) და რესპუბლიკელების მიერ მოკვლისა(ძვ.წ. 44) და ძალაუფლებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული კეისრის შვილობილი ოქტავიანე ავგუსტუსი(Imperator Gaius Julius Caesar Augustus, ძვ.წ. 63 - ახ.წ. 14, იმპერატორი ძვ.წ. 27 – ახ.წ. 14 წლებში) გამოვიდა, რომში საბოლოოდ დამყარდა საიმპერიო ძალაუფლება და დაიწყო პრინციპატის ეპოქა. ოქტავიანემ მიაქცია ყურადღება იმას, რომ რომაელი იმპერატორი არ იყო სათანადოდ დაცული, რაზეც მეტყველებდა იულიუს კეისრის მკვლელობაც. მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად, უფრო კი რომში თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად, მან გადაწყვიტა შეექმნა დიდი საჯარისო ერთეული, რომელიც პასუხს აგებდა იმპერატორის უსაფრთხოებასა და ქალაქის დაცვაზე. ოქტავიანეს ბრძანებით პროვინციაში გაფანტული ლეგიონებიდან ჩამოყალიბდა პრეტორიანული გვარდია. ეს გამოცდილი, კარგად შეიარაღებული და მომზადებული მეომრები მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ იმპერატორის ხელში. პრეტორიანულ გვარდიაში სამსახური სათანადოდ ფასდებოდა – მათ დიდი ხელფასი და სამხედრო სამსახურის ხანმოკლე პერიოდი ჰქონდათ(16 წელი, ჩვეულებრივი ლეგიონერი 20 წელი მსახურობდა). ამ საჯარისო შენაერთის სახელწოდება უკავშირდება Praetorium-ს, რომაულ ბანაკში მხედართმთავრის კარვის ადგილს, რომლის გარშემოც Cohorta Praetoria – მეთაურის მცველთა ერთი კოჰორტა იყო განლაგებული. სციპიონ აფრიკელმა( Publius Cornelius Scipio Africanus Maior, ძვ.წ. 235 - ძვ.წ. 183) ჯერ კიდევ ძვ.წ. III საუკუნეში ჩამოაყალიბა ცხენოსანთა რაზმი, რომელსაც პრეტორიანული გვარდია უწოდა. შტაბი, კანცელარია, მხედართმთავრის ახლო წრე და მხარის განმგებლები(კვესტორი, პრეტორი, ტრიბუნი, ლეგატი, თარჯიმანი, მწერალი, ლიქტორები, შიკრიკები, ჰეროლდები და ბოლოს მეგობრები და ნაცნობები – comites) ერთად შეადგენდნენ Cohorta Praetoria-ს. ოქტავიანე ავგუსტუსის პრეტორიანული გვარდია ბევრად მრავალრიცხოვანი იყო და შეადგენდა 9 კოჰორტას, თითოეულში 1000 ჯარისკაცით.

სამი კოჰორტა რომში იდგა, დანარჩენები კი იტალიის სხვადასხვა მხარეში იყვნენ განლაგებულები. უფრო გვიან ერთი კოჰორტა, რომელსაც ქალაქის კოჰორტა(cohortes urbanae) ეწოდებოდა, გამოეყო გვარდიას და შეადგინა კორპუსი, რომელშიც 14 კოჰორტა იყო გაერთიანებული. პრეტორიანელები ემორჩილებოდნენ თავიანთ პრეფექტს - praefectus praetorio. იმპერატორ ტიბერიუსის( Tiberius Julius Caesar Augustus, რომის იმპერატორი ახ.წ. 14-37 წლებში) დროს პრეტორიანელების პრეფექტი ლუციუს ელიუს სეიანუსი(Lucius Aelius Seianus, დაახლ. ძვ.წ. 20 – ახ.წ. 31) იყო, რომელმაც მთელი პრეტორიანული გვარდია რომში მოაქცია და მათთვის სპეციალური ბანაკი - castra praetoria ააგებინა. რადგანაც პრეტორიანელები რომში მომხდარ ყველა შეთქმულებასა და აჯანყებაში მონაწილეობდნენ, იმპერატორებმა რამდენჯერმე სცადეს მათ ორგანიზაციაში ცვლილებების შეტანა.
პრეტორიანელები მონაწილეობას იღებდნენ იტალიის საზღვრებს გარეთ მიმდინარე ომებშიც. მაგალითად მათ იბრძოლეს გერმანიკუსის(GermanicusJulius Caesar, ძვ.წ. 15 – ახ.წ. 19) ლაშქრობებში, შემდეგ ახ.წ. 69 წელს ბედრიაკუმის ბრძოლაში იმპერატორ ოტონის(Marcus Salvius Otho Caesar Augustus, იმპერატორი 14 იანვარიდან – 16 აპრილამდე) მხარეს იდგნენ ვიტელიუსის(Aulus Vitellius Germanicus Augustus, იმპერატორი 69 წლის 16 აპრილიდან – 22 დეკემბრამდე) წინააღმდეგ. ვიტელიუსმა დაშალა პრეტორიანული გვარდია და ახალი შეადგინა 16 კოჰორტის შემადგენლობით, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ, იმპერატორმა ვესპასიანე ფლავიუსმა(Titus Flavius Caesar Vespasianus Augustus, იმპერატორი 69-79 წლებში) კვლავ 9 კოჰორტამდე დაიყვანა გვარდია. პრეტორიანელებმა მონაწილეობა მიიღეს დომიციანესა(Titus Flavius Caesar Domitianus Augustus, რომის იმპერატორი 81-96 წლებში) და ტრაიანეს(Marcus Ulpius Nerva Traianus Augustus, რომის იმპერატორი 98-117 წლებში) კამპანიებში დაკიასა და მესოპოტამიაში, ხოლო მარკუს ავრელიუსთან(Marcus Aurelius Antoninus Augustus, რომის იმპერატორი 161-180 წლებში) ერთად მდინარე დანუბეს ფრონტზე იდგნენ. 193 წელს დიდიუს იულიანემ( Marcus Didius Severus Julianus Augustus, რომის იმპერატორი 193 წელს რამდენიმე თვით) იმპერატორ პერტინაქსის(Publius Helvius Pertinax Augustus, რომის იმპერატორი 193 წელს რამდენიმე თვით) პრეტორიანელების მოკვლის შემდეგ, ამ უნაკასკნელთაგან დიდ თანხად “იყიდა” საიმპერატორო ტახტი. იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა(Lucius Septimius Severus Augustus, რომის იმპერატორი 193-211 წლებში) დაშალა პრეტორიანული გვარდია და თავისი პანონიური ლეგიონებით ჩაანაცვლა. 271 წელს იმპერატორმა ავრელიანემ(Lucius Domitius Aurelianus Augustus, რომის იმპერატორი 270-275 წლებში), რომლის დროსაც გვარდია კვლავ ფუნქციონირებდა, პრეტორიანელები პალმირას წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა.

284 წელს დიოკლეტიანემ( Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus, რომის იმპერატორი 284-305 წლებში) პრეტორიანულ გვარდიას ფუნქცია დააკარგვინა, გადავიდა რა რომის სამართავად ქალაქ ნიკომედიაში, რითაც პრეტორიანელები რომის უბრალო გარნიზონად აქცია. იმპერატორს ორი ახალი კორპუსი – Jovians და Herculians იცავდა. პრეტორიანელთა მნიშვნელობა არც დიოკლეტიანეს გადადგომის(305 წ.) შემდეგ შეცვლილა. 312 წელს, როდესაც კონსტანტინე დიდმა( Flavius Valerius Aurelius Constantinus Augustus, რომის იმპერატორი 306-337 წლებში) მულვიუსის ხიდთან თავისი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და რომი ხელთ იგდო, მან საბოლოოდ დაშალა პრეტორიანული კოჰორტები. პრეტორიანული გვარდიის ჯარისკაცები სხვადასხვა ლეგიონებში მიმოფანტა რომის პროვინციებში, მათი ბანაკი რომში კი – დაანგრევინა. პრეტორიანული გვარდიის მომზადება უფრო ინტენსიური იყო ვიდრე ჩვეულებრივი ლეგიონებისა, რადგან ზოგადად მათ უფრო მეტი თავისუფალი დრო რჩებოდათ თუ იმპერატორთან ერთად არ ლაშქრობდნენ. შეიარაღება იგივე ტიპის იყო, როგორიც ლეგიონერებს ჰქონდათ, მაგრამ უკეთესი ხარისხის, უფრო დახვეწილი. საჭურველი ორი ტიპისა იყო, ერთი რომში მსახურისთვის, ხოლო მეორე ლაშქრობებისთვის. პრეტორიანელთა სიმბოლოები იყო მთვარე, ვარსკვლავები და მორიელი. გვარდიელები ხელფასს უფრო მეტს იღებდნენ ვიდრე ლეგიონერები – თუ ჩვეულებრივი ჯარისკაცი 250 დენარს იღებდა, პრეტორიანელს 375 ეძლეოდა. ამას გარდა ზოგჯერ იღებდნენ სპეციალურ სტიპენდიასაც, დამატებით ხელფასს – 1500 დენარს წლის განმავლობაში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ყოფილი პრეტორიანელი იღებდა 5000 დენარის ოდენობის თანხას, მიწის ნაკვეთსა და დიპლომს, რომელზეც ეწერა – “მეომარს, რომელიც მამაცურად და ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას”. პრეტორიანულ გვარდიაში თავიდანვე შედიოდა მცირე კავალერიული შენაერთი - equites singulares Augusti, იმპერატორის ესკორტი როგორც მშვიდობიან, ისე სამხედრო კამპანიის დროს. ეს ცხენოსანი რაზმი ერთგული პროვინციელებისგან შედგებოდა, რომელთაც საკუთარი ტრადიციული სამოსი და იარაღი ჰქონდათ. ტრაიანემ გაზარდა ეს შენაერთი და მასში რომაელებიც ჩარიცხა. გვარდიის კავალერიაში ანუ ala milliaria-ში 720 მხედარი მსახურობდა, გადანაწილებული 24 ესკადრონში( turmae ), რაზმი ემორჩილებოდა tribunus militum-ს და ზოგადად პრეტორიანელთა მე-10 კოჰორტას შეადგენდა.
პრეტორიანული გვარდიის რანგები
• Milites – გვარდიის რიგითი ჯარისკაცი
• Immunes – გამოცდილი ჯარისკაცი, რომელსაც ხუთწლიანი სამსახურის შემდეგ პრეტორიანული კავალერიის ნაწილში მსახურის უფლება ჰქონდა
• Evocati Augusti – ვეტერანი მეომარი, რომელიც 16 წლიანი სამსახურის მოხდის შემდეგ კვლავ გვარდიაში დარჩა და მიიღო განსაკუთრებული პრივილეგია
• Centuriones – პრეტორიანული გვარდიის ცენტურიის უფროსი
• Tribuni – უფროსი ოფიცერი, პრეფექტის მოადგილე
• Praefectus – პრეტორიანული გვარდიის მეთაური
ნიკა ხოფერია
Out of every one hundred men, ten shouldn't even be there, eighty are just targets, nine are the real fighters, and we are lucky to have them, for they make the battle. Ah, but the one, one is a warrior, and he will bring the others back
Heraclitus