რათგან ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის, პოლიტიკურ განყოფილებაში დასაწერად გარკვეული ვადები ყოფილა საჭირო. ამიტომ ამ თემაში
ცდილობენ, ლაზები და მეგრელები დააჯერონ, რომ მსურდა დამეწერა და ამის ნაცვლად აქ დავწერ. თან წინასწარ ვიტყვი რომ მე მეცნიერი და ლინგვისტი არ ვარ, შეიძლება ვცდებოდე ჩემს აზრებში.
თუშური, ხევსურული, ფშაური, გურული, იმერული, იმერხეული, აჭარული, ჰერული, მესხური და ა.შ. ქართული ენის კუთხური ვარიანტებია. ანუ არის ერთი ენა (ქართული) რომელიც სხვადასხვა მხარეში განვრცობის შედეგად ტოტებად/დიალექტებად (გურულად, იმერულად, ჰერულად, მესხურად...) აღმოცენდა ანუ გადაიქცა იმ ერთი ენის ადგილობრივ სახეობებად. ანუ დიალექტი/ები რომ წარმოიშვას, უნდა არსებობდეს ერთი/ერთიანი (საწყისი) ენა.
– თავის მხრივ, მიუხედავდ იმისა, რომ იმ ერთმა/ერთიანმა ენამ სხვადასხვა კუთხეებში გადასხვაფერებული/დიალექტური სახე მიიღო, ცალკე განაგრძო განვითარებაც – ამას ქვია სალიტერატურო/სამწერლობო/სამწიგნობრო ენა, რომელიც საერთოა ყველა იმ კუთხეთა მცხოვრებისთვის. აქ არავითარი მნიშვენლობა არ აქვს, თუ როგორ, ვისთან, რანაირ კონტაქტში ვითარდება ის ერთი დასაბამიერი ენა, – ანუ ის დასაბამიდანვე იყო ერთი, და მიუხედავად მისგან განშტოებების გაჩენისა, მიჰყვა სწორ ხაზს. გზადაგზა, სხვა მონათესავე თუ არამონათესავე ენებთან, თვით მის საკუთარ დიალექტებთან თანაარსებობისა და გარკვეული ელემენტების შეთვისების მიუხედავად, სწორედ ისაა ის ერთი/დასაბამი/პირველ-ენა/დედა ენა. ამ სწორი ხაზის მიყოლა, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ის იყო საერთო ენა ყველასთვის მაშინაც, როდესაც მასზე მეტყველი "ხალხები" ცალკე, ადგილობრივად არ მეტყველებდნენ მისგანვე წამოსულ დიალექტებზე და მაშინაც, როცა ეს დიალექტები გაჩნდა.
:ანუ, მაგალითზე რომ გადავიყვანოთ – იყო ერთი კაცი (სახელად ვაჟა ზანიანი). ვაჟა დაქორწინდა და შეეძინა ექვსი შვილი: გიორგი, ამირანი, ნანა, კახაბერი, გუბაზი და ლამზირა. ბუნებრივია, ექვსივე ვაჟას შვილია და ვერცერთს ექნება პრეტენზია ვაჟას ძმობაზე/დობაზე (მამის ძმობაზე/დობაზე). ის კაცი იყო ვაჟა, მაშინაც, როცა არ ჰყავდა შვილები და მაშნაც, როცა ექვსი შვილი შეეძინა. ექვსივესთვისს ვაჟა იყო მამა.
ცხადია, ვაჟას ასაკი ემატება, ჭაღარავდება, წელში იხრება, ზოგან მეზობლებთან ჩხუბის გამო სხეულზე ნაიარევები დაეტყო, ცალი ფეხიც მოაჭრეს, ნაცვლად ხელოვნური (პროთეზი) გაუკეთეს...., მაგრამ ვაჟა მაინც იმ ექვსი შვილის მამად მიიჩნევა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ვაჟას დაბერებისა, შვილთაგან ვერცერთს ექნება პრეტენზია მამის ძმობაზე/დობაზე ან სულაც ვაჟაობაზე.
აქვე ერთი სრულიად ბუნებრივი რამ – ამ ექვს შვილთაგან, რა საკვირველია, ექვსივე სხვადასხვა წლისაა – განსხვავებული ასაკის: გიორგი ყველაზე უფროსია – 35 წლის, მერე მოდის ამირანი – 28 წლის. ნანა 12 წლისაა, კახაბერი 11-ს, გუბაზი 9 წლის, ლამზირა კი სულაც 5-საა.
ამათგან გიორგის და ამირანს, ქორწინების შემდეგ, ვაჟამ (მამამ) სახლი აუშენა იქვე, ეზოში.
სახლში ზოგჯერ კი წაჰკრავდნენ ერთმანეთს და-ძმები და მშობლებიც, მაგრამ ერთმანეთისადმი სიყვარული და ოჯახური სითბო არ განელებიათ. უნდა ვთქვათ, რომ უსინდისო მეზობლები და ძალიან შორიდან მოსული ბოროტი სტუმრები რას არ აკეთებდნენ მათი ოჯახური სიმყუდროვის დასარღვევად – ხან ღობეს გადმოწევდნენ, ხან ვაშლს მოპარავდნენ, ხანაც საქონელს და პურს, ღამით ყანაში შეცვივდებოდნენ და ტომრებით სიმინდს იპარავდნენ. რასაც ვერ მოიპარავდნენ, დალეწავდნენ და მერე თავიანთ ღორებს, ძროხებს და თხებს მიუშვებდნენ. მოხუცებული ვაჟას უღონობით ზოგი მეზობელი ამას დღისითაც აკთებდა, თავხედურად და მოურიდებლად. ზოგი და-ძმებსაც ატყუებდა და ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა და აღიზიანებდა – "კახაბერ, ამირანის შვილი შენს შვილზე უკეთ სწავლობს და შენს შვილს ამრეზით უყურებს. თუ გინდა, თოფს მოგცემ და მოკალი მისი შვილი! მერე ოჯახში პირველი და ყველაზე ჭკვიანი შენი შვილი იქნება!", "ნანა, ლამზირას ახალი სამოსი უყიდეს. მაკრატელს მოგცემ და დაუჭერი!" და სხვა...
– ამდენი ამბის მოყოლაში ის დაგვავიწყდა, რომ ვაჟას ექვსი კი არა, შვიდი შვილი ყავდა – ერთმა, ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადაღმიდან მოსულმა ბოროტმა სტუმარმა, სახელად ჭირუ ყურუთმა ვაჟას ერთი შვილი მოპარა, როცა ის 3 წლის იყო. ბავშვს დავითი ერქვა და ის ამირანის ტყუპისცალი იყო. დავითს არ ახსოვდა მისი წარმომავლობა, ღვიძლი დედ-მამა და და-ძმა, არ იცოდა საკუთარი გვარი და ასე იზრდებოდა. მას ყურუთების მთელი საგვარეულო აჯერებდა, რომ ის ყურუთების გვარის ერთი ყველაზე უსუსური შვილი იყო და ამიტომ რაც კი ცუდი და სასირცხვილო საქმე იყო, ყველაფერი მას უნდა გაეკეთებინა. დავითსაც ჯეროდა, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო ცხადად ხედავდა, რომ ის განსხვავდებოდა სხვა ყურუთებისგან და სულაც არ გავდა მის ''მამა" ჭირუ ყურუთს და მის ცოლ ღუჯიკეს. იმასაც მიხვდა, რომ სულაც არ იყო უსუსური და ყურუთების საგვარეულოში ყველაზე ძლიერი და გონიერი იყო – რის გაკეთებასაც ჭირუ ყურუთის სხვა შვილები წლებს ანდომებდნენ, დავითი იმ საქმეს ერთ-ორ დღეში აკეთებდა. თუ ყურუთებთან ვინმე სამტროდ მოვიდოდა, პირველი დავითს დაუძახებდნენ – "აბა! მტერი მოვიდა და შენ უნდა შეებრძოლო!"-ო.
ერთხელ, დავითმა ყურუთების საგვარეულო ტყეში, რომელიც თურმე სულაც არ ყოფილა ყურუთების და ოდესღაც ზანიანებისთვის წაურთმევიათ, სასწაული ნახა – მეორე "დავითი" და ეგონა, მომეჩვენაო. ეს "მეორე დავითი" მისი ტყუპისცალი ძმა ამირანი იყო. ამირანმა იცოდა მისი ძმის მოპარვის ამბავი და ცადა, დავითისთვის აეხსნა ყველაფერი, მაგრამ დავითი გაბრაზდა ამირანზე, მას მატყუარა და ყაჩაღი მიაძახა და ტყიდან გაიქცა. დავითს აქამდე არც ენახა საკუთარი ტყუპისცალი ძმა. "სახლში" ყურუთებთან რომ მივიდა, "მამამის" ჭირუს მოუყვა ტყეში ნანახი. ჭირუ გახელდა, დორბლებსა და ღვარძლს ანთხევდა. არ იცოდა, რა ექნა. ამდენი წლის დამალული მისი ტყუილი უნდა გაცხადებულიყო. მაშინ ჭირუსთან მივიდა მისი მეზობელი ხულშერი და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ამ ხულშერს ზანიანების ვალი ქონდა და ცდილობდა, თავი დაეძვრინა. ამიტომ შეეკრა ყურუთების გვარს. ხულშერთან საიდუმლო საუბრის შემდეგ ჭირუმ და ყურუთების მთელმა საგვარეულომ გადაწყვიტა, რომ დავითი ამ ჯერზე ასე მოეტყუებინათ – "შენ, მართალია, ვაჟას ძმა ხარ, მაგრამ ზანიანებმა, პატარა რომ იყავი მაშინ შენი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს, გცემდნენ, გაშიმშილებდნენ, დაგცინოდნენ, გაფურთხებდნენ შენი ძმა და მისი შვილები. ისინი ბევრნი იყვნენ ოჯახში, თავს ვერ ირჩენდნენ. ვაჟაც თავის შვილებს ხომ არ გააგდებდა? ...და გასაგდებად შენ გაგიმეტეს. ერთ წვიმიან ღამეს, როცა გარეთ გაგაგდეს, ვერ მოვითმინეთ შენი საცოდაობა და წამოგიყვანეთ, შეგიფარეთ და გაგზარდეთ. ახლა კი, რახან ზანიანებმა ნახეს, რომ შენ ძლიერი და ჭკვიანი ხარ, შენი უკან დაბრუნება გადაწყვიტეს! ნუ დაუჯერებ მათ! მართალია, მათთან ოდესღაც ნათესაობა გაკავშირებდა, მაგრამ ახლა ისინი შენი მტრები არიან და ეცდებიან, ტყუილებით თავი გამოგიტენონ!"-ო. მეზობელმა ხულშერმა ჭირუს შავი შელოცვაც ასწავლა – "თუ გონზე მოსვლას დააპირებს დავითი, ეს სიტყვები წარმოთქვი და ისევ გამწარდება ზანიანებზე."-ო.
...დავითმაც დაიჯერა ყურუთების! – მას დღესაც გონია, რომ მოხუცი ვაჟა მისი მამა კი არა მტერია. არც "ზანიანი"-ს გვარის გაგონება უნდა – "მე ჩემით მოვიგონებ გვარს და მაგას დავირქმევ!"-ო, ბრაზობს. მხოლოდ ზოგჯერ, როდესაც მის ტყუპისცალ ძმას ამირანს წააწყდება, სულ ერთი წამით დაფიქრდება, მაგრამ მერე ჭირუ ყურუთი ხულშერის სიტყვებით შეულოცავს და დავითიც კიდევ უფრო ბრაზდება და მწარდება დაკარგულ მამაზე და და-ძმებზე.
დღეს დავითი მარტო დაეხეტება, გულმოსული და გონებაარეული. აღარც ძველებური ძალ-ღონე შერჩა და აღარც გამჭრიახობა.
– ახლა, აქედან შეიძლება დავასკვნათ თუ არა, რომ ვაჟა ზანიანი არის წინარექართველური ენა, რომლისგანაც პირდაპირ მომდინარეობს ცურტაველისდროინდელი იქნება თუ რუსთაველისდროინდელი ენა და შესაბამისად – დღევანდელი სამწერლობო ქართული?
– შეიძლება, დავასკვნათ, რომ ვაჟას (ქართულის, გნებავს საერთოქართულის, გნებავს – რაც გნებავს, ის ვუწოდოთ) უფროსი შვილია (დიალექტია) გიორგი (სვანური), ასაკით მეორე შვილია ამირანი (მეგრული) და მისი ტყუპისცალი დავითი (ლაზური), ხოლო ასაკით გაცილებით ახალგაზრდა და-ძმებია ნანა, კახაბერი, გუბაზი და ლამზირა (შავშური, რაჭული, თუშური და ფერეიდნული...), რომლებიც მამის ახალგაზრდობას უფრო გვანან, ვიდრე მათზე უფროსი ძმები?
– გიორგიც, ამირანიც, დავითიც, ნანაც, გუბაზიც ვაჟას ძე-ასულები არიან. ვთქვათ, გიორგი რომ მამაზე 17-18 წლითაა მხოლოდ უმცროსი და უმცროს დაზე (ლამზირაზე) 30 წლით უფროსი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გიორგი მამამისის ძმაა?
– ვამბობთ, რომ გურული, ლეჩხუმური, მესხური, ჰერული, .... ქართული ენის დიალექტებიაო. – კი ბატონო! ასეც არის. ანუ რაღაც ეტაპზე ეს დიალექტები გამოეყო უკვე არსებულ ენას, შეიძლება ითქვას, უკვე არსებული ენა მხარეების მიხედვით გადასხვაფერდა, თუმცა იმ (დედა)ენას არსებობა არ შეუწყვეტია და სწორი ხაზით განაგრძო სვლა/განვითარება.
აქვე ვამბობთ, რომ, ვთქვათ, სიტყვაზე, ლაზური ენის დიალექტებიაო ათინურ-არტაშენული, ვიწურ-არქაბული, ხოფური და ჩხალური. – რომელი ლაზური ენის? რა არის „ლაზური ენა“? სად არის ლაზური ენა? ვინ მეტყველებს მასზე? რისი დიალექტია, ვთქვათ, ხოფური?
იგივე, სვანური ენის დიალექტიაო ბალსზემოური, ბალსქვემოური, ლენტეხური და ლაშხური. – სვანური ენა რომელია? ბალსზემოურია სვანური? მაშინ ლაშხური რაა? თუ ერთი სვანური ენა არ არსებობს, მას დიალექტები როგორ გაუჩნდა?
აქედან გამომდინარე, ხომ არ გვევარაუდა, რომ იყო ერთი ენა (ქართული, ქართველური, საერთოქართული, წინარექართული, პროტოქართული, გარდიგარდმოღმაქართული თუ რაცაა... სახელს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს), რომლისგანაც გარკვეული მიზეზებით ყველაზე ადრე ჩამოდიალექტდა სვანური, მერე ლაზ-მეგრული, ოდნავ მოგვიანებით და დაახლოებით დორის ახლო მონაკვეთებში გურული, აჭარული, იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, იმერხეული, კლარჯული, მესხური, ჯავახური, ქართლური, თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხეური, მთიულური, კახური, ჰერული, ფერეიდნული, ყიზლარ-მოზდოკური? ...ხოლო იმ (დედა)ენამ კი, ბუნებრივია, განაგრძო არსებობა და დღეს გვაქვს საერთოქართულის – სამწერლობო ქართულის სახით? (რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში ის /საკუთრივ დედაენის მიმყოლი ენა/ გარკვეულ სიალხეებს შეიძენდა, რომელიც, ვთქვათ, არ/ვერ შეუძენია მის რომელიმე დიალექტს. თავის მხრივ, დიალექტთაგანნიც მათი დედაენისგან განსხვავებულ სიახლეებს/სიუცხოვეებს შეითვისებდნენ. ...თუმცა, ეს არის თუ არა საფუძველი იმისთვის, რომ სხვადასხვა პერიოდში (ერთი მხრივ ადრეულ და მეორე მხრივ გვიანდელ პერიოდში) წარმოშობილი დიალექტების დედაენასთან მიმართება განვასხვავოთ სტატუსით და ადრე წარმოშობილ დიალექტებს მივანიჭოთ ენის სტატუსი, ხოლო გვიან წარმოშობილი დიალექტები კი დავტოვოთ დიალექტებადვე?
– გაგებინების დონე არისო ენა-დიალექტობის განმსაზღვრელი. ნორვეგიულთან, შვედურთან და დანიურთან მიმართებაში როგორაა ამ მხრივ საქმე? ბულგარულთან და მაკედონურთან მიმართებაში? სერბულთან და ხორვატულთან მიმართებაში? რუსინულთან და უკრაინულთან? ადიღეურთან და ჩერქეზულთან? აბაზურთან და აფსუურთან? ზაზას „ენა“ და ქურთული? არაბული „ენები“?
– რამ განაპირობა, რომ ეგრისის/ლაზიკის (მეგრელების/ლაზების) სამეფოს დროს არ გამოიყენებოდა საკუთრივ „მეგრული/ლაზური ენა“? არც შემდგომი სამეგრელოს სამთავროს პერიოდში გამოიყენებოდა „მეგრული ენა“, მიუხედავადმ იმისა, რომ სამეგრელოს სამთავრო, როგორც სხვა დანარჩენი ქართული სამთავროები, „ქორთუების“ გურია-იმერეთის სამეფო-სამთავროებს ებრძოდა? არც სვანეთის სამთავროში ყოფილა „სვანური ენა“ გამოყენებული. მეტიც, ელემენტარული, წარწერა, ოდნავ გამბულისმაგვარი რამე წინანადებაც კი არ გვაქვს ლაზ-მეგრულ-სვანურად, სანამ მოგზაურებმა თუ პიონერმა მეცნიერებმა მე-18-19 საუკუნეებში არ ჩაიწერეს.
– ენა, როგორც არაფერი სხვა, საფუძველია ერისა – ეროვნებისა. თუ ქართული მეგრელების, ლაზების და სვანების დედა ენა არაა, და თუ მეგრული, ლაზური და სვანურია მათი დედა ენა, ხოლო ქართული მხოლოდ თავსმოხვეული სამწერლობო ენაა, მაშინ გამოდის, მეგრელები, ლაზები და სვანები ქართველები არ ვყოფილვართ. იტყვით ალბათ, ეს (ენა) კი არა, თვითშეგნებააო ეროვნების საფუძველი. თავისთავად იმის ღაღადით და ჩიჩინით, რომ მეგრელის/სვანის დედა ენა არაა ქართული და მხოლოდ მეგრულია/სვანურია მისი დედა ენა, ხომ არის ერთი შეხედვით თითქოსდა უწყინარი, მაგრამ მიზანმიმართული ზემოქმედება იმ დღევანდელი მეგრელის/სვანის თვითშეგნებაზე, რომელიც ამ დღევანდელი თავისი თვითშეგნებით ქართველად აღიქვამს თავს? ამას დავამატოთ ამ „თვითშეგნების“ გამოცვლის თანამედროვე უსაზღვრო მეთოდები და ხერხები, ფანდები და ხრიკები. საერთოქართულისგან სრულიად დამოუკიდებლად სვანურ-მეგრული ლიტერატურის ცალკე შექმნის მცდელობა ხომ არის სვანების/მეგრელების ამ საერთოქართული შეგნების დარღვევის ძალიან ლამაზად და კოხტად მოხერხებული მცდელობა? ლაზებზე ეს მცდელობა არცაა საჭირო. პირიქით, დღეს როგორც ირკვევა, მათ არათუ საერთოქართული სხეულიდან ჩამოჭრას (რაც კაი ხანია გრძელდება), არამედ დანარჩენ ქართველებთან დაპირისპირებას ეწყობა ხელი, თან ამ დაპირისპირებაში მეგრელების (პირდაპირ) და სვანების (ირიბად) ჩართვის დაუოკებელი სურვილით?
– თუ ლაზური, მეგრული და სვანური ენებია, მაგრამ არასამწერლობო ენები, ამით, უკაცრავად და, ხომ არ ვამბობთ, რომ ლაზები, მეგრელები და სვანები იმდენად უკულტურო, უწიგნური, შეუგნებლები და განუვითარებელი ყოფილან, რომ მე-20-21 საუკუნემდე საკუთარ მშობლიურ ენაზე რაიმეს დაწერა არ მოფიქრებიათ? – მგონი, კი.
– ორი აზრი არ არსებობს, რომ ლაზური, მეგრული დ სვანური ყველა ჩვენთაგანის, მთელი ქვეყნის შეუდარებელი სიმდიდრეა. მეტიც, თითოეული შეგნებული ქართველისთვის ლაზურ-მეგრულ-სვანური „ენა თუ დიალექტი“ ღირსებაა და ნებისმიერ სხვა არსებულ საგანძურთან შედარებით განუმეორებელი და უპირველესად მოსაფრთხილებელი. ისიც ცხადზე ცხადია და საგანგაშოა, რომ მათზე მეტყველთა რიცხვი საგრძნობლად კლებულობს, თანაბარი სისწრაფით იმ „იზოლირებულ მთიან სვანეთშიც და “კოლხეთის ტიალ ველზეც“ – აბაშაში, ფოთში, სენაკში, ზუგდიდშიც, აფხაზეთზე რომ არაფერი ვთქვათ. ლაზური ხომ საერთოდ, მგონი, იმ პატივცემულმა ლაზმა ინტელექტუალებმაც კი არ იციან ლაზური გამართულად რამოდენიმე ხნის წინათ რომ დეკლარაცია დაწერეს. ასეთ პირობებში კი მართლაც რომ სავალალოა ნებისმიერი გაცდენილი და დაკარგული წუთი, რომელიც შეიძლება ლაზურ-მეგრულ-სვანურის გაძლიერებას და გადარჩენას მოხმარდეს. თუ ისინი გაქრებიან, ან თუნდაც ვერ შეინარჩუნებენ დღეს არსებულ პოზიციებს, ეს იქნება ქართველი ერის ერთერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და ქართული სახელმწიფოს მოუხოცავი სირცხვილი. შეიძლება ოშკის გუმბათიც ჩამოიქცეს, ღვინის წარმოებაც კი აგვიკრძალონ, ან სულაც თბილისიანად მთელი ქვეყანა ჩაბღუჯონ... სხვა ოშკს ავაშენებთ, ღვინოსაც თავიდან დავწურავთ, თბილისსაც დავიბრუნებთ და იქნებ განჯის ახალი კარებიც ჩამოვხსნათ, მაგრამ მერე ერთხელ გამქრალ და დაკარგულ მეგრულს, ლაზურს და სვანურს ვერ აღვადგენთ (ამწუთას ამათ გინდა ენა ვუწოდოთ და გინდა ზე-ენა ანაც ჟღურტული). ეს ეხება ქართულის ყველა სხვა დიალექტსაც. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დღესვე აუცილებელია სახელმწიფო დონეზე, ყოველგვარი ევროპული, ავსტრალიური თუ გონდვანური ქარტიების გარეშე, შეიქმნას ამ საქმის გამკეთებელი კომისია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრუნებს მათ გადასარჩენად და სხვა, დანარჩენი და თითოეული კუთხის ქართველებამდე ამ სიმდიდრის შესაფერისად მისატანად და გასათავისებლად. მეგრული „ჭიჭე მაფასკუები“ და სვანური სახარება ვერც მეგრულს უშველის და ვერც სვანურს. პირიქით, შორეულ პერსპექტივაში მათზე მეტყველი ერის ნაწილი შესაძლოა ჩამოშორებული იქნეს ამ ერისგან, რაც ამ რეგიონისადმი (კავკასიისადმი) ველური ინტერესისა და აღვირახსნილი გლობალიზაციის პირობებში გაცილებით მალე შთანთქავს მეგრულსაც, სვანურსაც და ლაზურსაც, ვიდრე ეს შეიძლება უმოქმედობით მოხდეს ამ უთავბოლო სახელმწიფოში. მერე კი თაროზე შემოდებული „მაფასკუები“ და ინტერნეტ-მასალად შემორჩენილი ლაზური პარამითები ვერაფერი ხეირის მომტანი იქნება და იმ დონის მასალად იქცევა, როგორიცაა დიუმეზილის „უბიხური ეტიუდები“ და სარდურის ურარტული წარწერები.
– ერთია კიდევ, თუ დღეს თურქეთის პირობებში კონკრეტულად ლაზურის გადასარჩენად საჭირო და აუცილებელია, რომ მას ქონდეს ენის სტატუსი, დაე, ასე იყოს. სულაც ნუ ახსენებენ, რომ ჩვენ ქართველებს რამენაირად გვენათესავებიან, თუ ეს ლაზურის გადასარჩენად აუცილებელი გახდება. ჯანდაბას და მეგრულთან ერთ ენობასაც ნუ იტყვიან, აქაო-და, მერე თურქებმა არ მოგვდონ შარი, რახან ქართველური ენაა, ეგერ საქართველომ იზრუნოს, რაღა თურქეთმაო. დღევანდელობაში უმთავრესია სწორედ მისი გადარჩენა – ყოფნა-არყოფნა. ეს საკითხი არცერთ ქართველში დღეს დავის საგანი არ უნდა გახდეს.
– დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ.