ქვაში ჩაკირული საიდუმლო
რას მოგვითხრობენ პიქტოგრამები?!
ძველ ეგვიპტეში ტორნადოს ხელოვნურად იწვევდნენ?!

იდუმალების განცდას ტოვებენ ფშავ-ხევსურეთის კოშკებში ჩატანებული პიქტოგრამიანი ქვები. ფშავ-ხევსურთა გადმოცემით, ამ ქვებით უხსოვარ დროში, არაგვის პირას ტაძარი იყო აშენებული, რომელიც მერე ხალხმა დაშალა, მთაში აიტანა და კოშკებში ჩაატანა. ზოგს მათზე ამოტვიფრული ფიგურები ქართული ანბანის სათავედაც მიაჩნია. ამ უბერებელ თემას ყურადღება განსაკუთრებით ბოლო დროს მიექცა. კამათში ჩაერთნენ მეცნიერები და ხელოვანები. რამდენიმე ხნის წინ «კვირის პალიტრის» ხელშეწყობით რეჟისორმა ბექა რამიშვილმა პიქტოგრამებზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.
მანამდე კი კინორეჟისორმა დავით გოგუაძემ გადაიღო ფილმი და პიქტოგრამების გაშიფვრა გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს გიზო ვაშაკიძეს სთხოვა, - რაიმე საერთო ხომ არა აქვს ეგვიპტურ იეროგლიფებთანო. მეცნიერს ამ დროისთვის თავის წიგნში, «პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის», ზოგიერთი იეროგლიფი უკვე ჰქონდა გაშიფრული.
აღნიშნულის შესახებ ბატონ გიზოს ვესაუბრებით:
- იგი, ვინც ამ პიქტოგრამებს
ქმნიდა, აუცილებლად რაღაცას აღწერდა, მიანიშნებდა. ისე რა აზრი ექნებოდა ქვებზე ფიგურების ამოჭრას. ამასთანავე, სპეციფიკურ ქვას იყენებდა. ერთხელ ტელევიზიით ბასკეთზე ვუყურებდი გადაცემას და ვხედავ, ზუსტად ისეთივე პიქტოგრამებს აჩვენებენ, როგორიც ფშავ-ხევსურეთშია. მაშინ გამიელვა ფიქრმა, რომ ასე იდენტურად მსგავსი ნახაზები აუცილებლად ერთსა და იმავე ცივილიზაციას უნდა შეექმნა. თუკი ხევსურეთში, იტალიაში, მექსიკასა და პერუს უდაბნოში ერთნაირი ხატოვანდამწერლობიანი ქვები გვხვდება, ესე იგი, ის ერთმა ცივილიზაციამ «დაწერა».
- ამით რისი თქმა გნებავთ?
- უპირველესად იმის, რომ რახან პიქტოგრამები უძველეს დროშია შექმნილი, ჩვენც უძველესი ერი ვართ და ხსენებული ცივილიზაციის არეალში მოვხვდით. ამ ცივილიზაციას კი ჰქონდა უნარი, ურთულესი გეომეტრიული ნახაზები შეექმნა.
- ეს ნიშნები გეომეტრიული ნახაზებია?
- დიახ. თუმცა, გვხვდება ისეთი ქვებიც, რომლებზეც იმ დროისთვის დამახასიათებელი მხატვრობაც არის, - ნადირზე წვეტიანი ჯოხებით ნადირობა. მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი დედამიწის ცივილიზაციას ეკუთვნის, გეომეტრიული ნახაზები კი, უცხო სამყაროს. ამ ნახაზებში იკითხება შემდეგი: დედამიწაზე რამდენიმე ათასი წლის წინ იმოგზაურა უცხო სამყაროს ცივილიზაციამ. მათ დატოვეს მონაცემები, რომელი ვარსკვლავიდან ჩამოვიდნენ, აღწერეს ფრენის ტრაექტორიები, საფრენი აპარატები, ანტენები, რადარები და თანაც სწორედ იმ მასალაზე, რომელიც ათასწლეულებს უძლებს - ქვებზე.
- იმის თქმა გნებავთ, რომ ხევსურულ კოშკებში კოსმოსური ხომალდის მაკეტის სქემაა ჩატანებული?
- ამ კოშკების ქვებში არის ისეთი პიქტოგრამაც, რომლის მნახველი ბავშვიც კი მიხვდება, რომ ეს ხომალდია.
- მაგრამ მეცნიერებმა ვერ შეძლეს სიცოცხლით დასახლებული პლანეტის აღმოჩენა...
- თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი ვარსკვლავები არსებობენ. ბოლო დროს კი ასტროფიზიკოსებმა უკვე განაცხადეს, რომ დედამიწას მზის სისტემის მეათე, უცნობი პლანეტა უახლოვდება. სხვათა შორის, ამ პლანეტის შესახებ შუმერებმა უკვე იცოდნენ. მათ ლეგენდებში წაიკითხავთ, რომ არსებობს პლანეტა, რომელიც 3600 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას და ის დედამიწაზე 4-ჯერ დიდია. შუმერები იხსენებდნენ სტუმრებსაც, რომელიც ჩამოდიოდნენ ციდან სწორედ ამ პლანეტის გამოჩენის პერიოდში. მე ვერ გეტყვით, გავიდა თუ არა ამ პლანეტის მოახლოებიდან 3600 წელი, მაგრამ მეცნიერები მის გამოჩენას უკვე ვარაუდობენ. შუმერებზე შორს კი ეგვიპტელები მიდიოდნენ. 5 ათასი წლის წინ იეროგლიფებში წერდნენ, რომ დამწერლობა და მათემატიკა ციდან ჩამოსულებმა ასწავლეს. მათ სტელებზე ეს არსებები ფარაონებთან ერთად არიან გამოსახული. მათ ადამიანის ტანი აქვთ, ზოგს კი ცხოველის ანდა ფრინველის თავი. თუმცა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს ნიღბები იყოს. მთავარი ერთი იყო - ფარაონი ციდან ჩამოსული «ღმერთების» მეგობარი გახლდათ. ეგვიპტურ იეროგლიფებში ასე წერია: «რა-მ (მზის ღმერთმა) დაუშვა პირამიდაზე მხედარი, რათა ფარაონის სული აიყვანოს ცაში, თავისთან». პირამიდების ფენომენზე დიდხანს ვიმუშავე. როცა ვფიქრობდი, თუ რა იყო ეს «რა-ს მხედარი», მივედი იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად იქნებოდა ბუნებაში ისეთი მოვლენა, რომელსაც «რა-ს მხედრის» იეროგლიფი ასახავს, - იეროგლიფები ხომ სიმბოლოებია. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ტორნადოს ფოტო, რომელიც წვეთი წყალივით ჰგავს ამ იეროგლიფს. ესე იგი, პირამიდაზე ტორნადო ტრიალებდა. მას კი შეწოვის უნარი აქვს. მაგრამ თქვენ ალბათ იკითხავთ, ხომ შეიძლება ფარაონების გარდაცვალებიდან წლები ისე გასულიყო, ეგვიპტეში ტორნადო არც ამტყდარიყოო. საქმეც ის არის, რომ მას ხელოვნურად იწვევდნენ.
- ტორნადოს ხელოვნური გამოწვევის გამო დაინტერესდა თქვენი წიგნით პენტაგონი?
- ეს ცდა ლაბორატორიულ პირობებში ჩავატარე. საქმე ის არის, რომ ეგვიპტელები პირამიდებს თეთრი, სარკისებური ქვით აპირკეთებდნენ, რომელიც დღეს ყველა პირამიდაზე ჩამოცვენილია. მხოლოდ კაიროს მახლობლად, ხეფრენის პირამიდის წვერზეა შერჩენილი. ეს ქვები პირამიდებზე 52 გრადუსის კუთხით იყო განლაგებული. ამ კუთხეზე და მით უფრო, თეთრ ქვაზე, მზის სხივი ისე აისხლიტებოდა, რომ პირამიდა ცივი რჩებოდა, გარშემო ტერიტორია კი, ისედაც ცხელ ეგვიპტეში, ორმაგად ცხელდებოდა. ასეთი მკვეთრი სხვაობა ცივსა და ცხელს შორის ხელს უწყობდა ტორნადოს დაბადებას. მით უფრო, რომ პირამიდის გარშემო ტერიტორია ნილოსს რვა თვის განმავლობაში ჰქონდა დატბორილი. დანარჩენ ოთხ თვეს კი ტენს პირამიდების გარშემო გაჭრილი არხები ქმნიდა. ეგვიპტელებს პირამიდების შემდგომ მსგავსი აღარაფერი შეუქმნიათ. ასე რომ, შესაძლოა პირამიდების შენებისა და ტორნადოს ხელოვნურად გამოწვევის ცოდნაც უცხო ცივილიზაციამ დაუტოვა ეგვიპტელებს. ზოგადადაც დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის სტუმრობას სხვა ბევრი დამადასტურებელი ფაქტი აქვს. მაგალითად, იტალიაში, ვალ-კამონიკის კლდეზე, დაახლოებით 12000 წლის წინ სკაფანდრიანი ხალხია გამოხატული.
- ჩვენ რა ცოდნა დაგვიტოვეს?
- სხვათა შორის, ჩვენს მთებშიც ნახავთ ქვებზე პიქტოგრამებში ხელოვნურ თანამგზავრებსა და თვითმფრინავებს და არა მარტო: ამ ქვებზე აშკარად არის გამოსახული რადიოტალღების სიმბოლოები. ჩვენთან ბევრს ახსოვს, როგორ იწყებოდა ადრე საქართველოს ტელევიზიის გადაცემები, როცა ფუნიკულორის ანძის წვერის ირგვლივ წრეები იშლებოდა. ამ ქვებზე ბევრგან არის ასეთი სიგნალები აღნიშნული. მეტიც, რამდენიმე ხნის წინ ხევსურული ქვის ნახაზიდან თავად ავაწყვე ტელევიზორის ანტენა. დოლიძის ქუჩაზე ვცხოვრობ და ამ ანტენამ ყველა ქართული არხი აბსოლუტურად უხარვეზოდ დაიჭირა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენი სტუმრები ტელევიზორებს უყურებდნენ ამ ანტენებით. კავშირგაბმულობა რთული სფეროა. არ არის გამორიცხული, ერთმანეთთან კავშირისთვის დასჭირვებოდათ. ასევე ქართულ პიქტოგრამებშია მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათი ვარსკვლავის კოორდინატების შესახებ. ისინი მიანიშნებენ, რომ ჩვენგან მდებარე მეხუთე ვარსკვლავიდან ჩამოვიდნენ. არ მინდა მკითხველი ზედმეტი ლაპარაკით გადავღალო, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ქართულ პიქტოგრამებში გამოსახული ხელის მტევნით იშიფრება. დავას არ იწვევს ის, რომ ეს პიქტოგრამები ადგილობრივი მოსახლეობის ტანსაცმელზე აისახა. ბატონმა ჯუმბერ ლომინაძემ მითხრა, ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა მივხვდი, რატომაა სწორკუთხოვანი ნაქარგები ფშავ-ხევსურების კაბებზეო.
ასეთი გახლავთ ჩემეული მოსაზრება პიქტოგრამების საიდუმლოზე, რომელიც თაობებს კვლავ დააინტერესებს...
ეთერ ერაძე