არა, სპეციფიკური ტერმინი არ არის. აქ უკვე წინასწარ ცოდნას ეხება საქმე.
ვაგრძელებ. გეოგრაფიულ სახელებში თუ რამე არასწორად დავწერე, შემისწორე.
ფიჭვნარის სამაროვნები
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქები და იქაური ცხოვრება თითქმის არაა გამოკვლეული. ლიტერატურული და ეპიგრაფიული წყაროების ნაკლებობისა და გვიან დაწყებული გათხრების გამო პონტოს სანაპირო დიდხანს დარჩა თეთრ ლაქად არქეოლოგიურ რუკაზე.
მხოლოდ მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაწყებული ანტიკური წყაროების ინტენსიური კვლევით და გაძლიერებული არქეოლოგიური საველე სამუშაოებით გახდა ნათელი, რომ აქ ქრ. შ.-მდე პირველი ათასწლეულის შუალედში დიდი ბერძნული კოლონიზაციით და კოლხეთის სამეფოს წარმოშობით შექმნილი იყო საქალაქო ცენტრები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მაშინდელი სამყაროს ისტორიულ პროცესებში. მათ რიცხვს განეკუთვნება გონიო-აპსაროსი, ბათუმისციხე-პორტუს ალტუსი, პეტრა-ციხისძირი, ქობულეთი-ფიჭვნარი, ფაზისი, გიენოსი, დიოსკურია და ეშერა.
წინამდებარე სტატია პირველ რიგში შეეხება ქობულეთი-ფიჭვნარს. ფიჭვნარი მდებარეობს შავი ზღვის კურორტ ქობულეთიდან ჩრდილოეთით 10 კმ.-ის მოშორებით, მდინარეების - ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართავთან. აქ, დაახლოებით ერთი კვ. კილომეტრის ფართობზე შემორჩენილია შუა - და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის, ადრეული რკინის ხანის, გვიანდელი არქაული და ჰელინისტური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების კულტურული ფენები. ჩოლოქსა და ოჩხამურს შორის ქრ. შ. -მდე I ათასწლეულში უხვად არსებული მადნის წყალობით რკინას აწარმოებდნენ. ეს მეტალურგიული აქტიურობა აშაკარად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფიჭვნართან და ქალაქის განვითარებას უწყობდა ხელს. ფიჭვნარის დასავლეთით ორ კილომეტრზე შეიძლება თვალი ვადევნოთ 7-8 მეტრის კულტურულ ფენას, რომელიც განეკუთვნება ქრ. შ.-მდე მე-8/მე-7 საუკუნის მეჩხერ დასახლებებს. აქ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობის გარდა ტომების საკულტო რიტუალებიც ტარდებოდა. ფიჭვნარში ჩატარებულმა მრავალწლიანმა გათხრებმა ცხადყო, რომ ბოძებზე მდგარი ნაგებობების გარდა, რომლებიც დამახასიათბელია ქრ. შ. -მდე მე-6 საუკუნისთვის, ხის მორებიანი სახლებიც შენდებოდა, რომლებიც შებათქაშებული იყო და ამას გარდა ჰქონდა სქელი, აგურისმაგვარი ფილებიანი იატაკი. კრამიტი, რომელიც ჰერაკლეაში, სინოპში, ან ადგილობრივადაა დამზადებული, იშვიათადაა გამოყენებული. აღმოჩენილია ქვის არქიტექტურის ნაშთებიც. ერთ-ერთი საფლავის თავზე სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული იყო კირქვის სვეტი, რომლის ნაწილები ერთმანეთთან რკინის დუბელებით იყო დაკავშირებული.
ქრ. შ.-მდე მე-6 საუკუნეში ფიჭვნარში ინტენსიურად მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, კარგად იყო განვითარებული მეთევზეობა და ხელოსნობა. ფიჭვნარის მეტალურგები ჩანს დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ რკინას, რადგან ამ დროის საფლავებში მრავლადაა აღმოჩენილი რკინისგან დამზადებული სამკაულები და სამუშაო და საბრძოლო იარაღები. ხის კუბოების დამზადებისას მრავლადაა გამოყენებული რკინის ლურსმნები.
როგორც იმპორტული ნაკეთობები გვიჩვენებს, ქალაქის მაცხოვრებლებს ჯერ კიდევ არქაული ხანიდან ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტები ბერძნული სამყაროს საქალაქო ცენტრებთან: როგორც ბერძნულ ხმელეთთან, ასევე ეგეოსის ზღვის კუნძულებთან, მცირე აზიის ქალაქებთან და პონტოს სანაპიროს ქალაქებთან. დასავლეთ მცირე აზიის იონური კერამიკის გარდა ნაპოვნია ათენიის შავი კერამიკის (შავლაკიანი კერამიკის) ნაწარმიც, ასევე სხვადასხვა წარმომავლობის ამფორები
http://www.kambisene.org/ampora-amphora, მონეტები და ფერადი შუშის ჭურჭელი.
ქრ. შ.-მდე მე-5 საუკუნის სამაროვანი
კოლხური ნეკროპოლი
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=27205განსაკუთრებით მდიდარი აღმოჩენები გაკეთდა ქრ. შ.-მდე მე-5 საუკუნის კოლხეთის ნეკროპოლში ბორცვ ნაპურვალაზე, ფიჭვნართან ახლოს. ჯერჯერობით გათხრილ შედარებით პატარა ფართობზე აღმოჩენილ იქნა 285 საფლავი. აქედან გამომდინარე, სამაროვანი მჭიდროდ დაკომპლექტებული ყოფილა. ამასთან მიცვალებულები დასაფლავებული არიან ინდივიდუალურ საფლავებში. უბრალო ორმოსამარხების გარდა ნაპოვნია ოთხკუთხედი და მრგვალი კენოტაფები.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%...%83%A4%E1%83%98 მიცვალებულთა ნაწილი ჩასვენებულია ხის კუბოებში, ზოგიერთს მხოლოდ ხის ფიცარი აქვს ზემოდან დაფარებული, ზოგი კი უშუალოდ მიწაშია ჩასვენებული. კირით ღარიბ ქვიშიან ნიადაგში ჩონჩხები თითქმის მთლიანადაა დაშლილი. კოლხური წეს-ჩვეულების შესაბამისად საფლავების უმეტესობა ჩრდლილოეთისკენაა მიმართული. ზოგიერთი საფლავი აღმოსავლეთისკენაა მიმართული, რაც შეიძლება ბერძნულ გავლენაზე მიუთითებს. ფიჭვნარის სამაროვნის გამოკვლევას უნდა ვუმადლოდეთ მნიშვნელოვან ცნობებს მკვიდრი მოსახლეობის მატერიალური კულტურისა და მათი დასაფლავების წეს-ჩვეულებების შესახებ. აღსანიშანვია, რომ ნაპოვართა დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოშობისაა, მიუხედავად იმისა, რომ აქ იმპორტული ნაკეთობებიცაა აღმოჩენილი. ეს ეხება მაგალითად კერამიკის ნაწარმს. ადგილობრივი ტრადიციებით დამზადებული კერამიკის გარდა ნაპოვნია ატიკური შავი კერამიკის ნაწარმი და ამფორები ლესბოსიდან, ქიოსიდან და თასოსიდან, ასევე ნაპოვნია იონური სადა ”ზოლებიანი კერამიკული ნაწარმი”. ასევე: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის უამრავი სამკაული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოშობისაა. ეს ნაპოვარი მოწმობს ამ პერიოდში კოლხეთში ბრინჯაოსა და რკინის ინტენსიურ წარმოებასა და გადამუშავებაზე და ასევე ჩინებულ ოქრომჭედლობაზე. სამკაული პირველ რიგში მოიცავს რგოლებიან საკიდებს, საყურეებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია განუმეორებელი ოქროს რგოლი ღია ბოლოებით, რომელიც შემკულია ბეჰემოთის თავით, დაწნული ლენტებითა და გრანულაციით.
იმპორტულ ნაკეთობებს განეკუთვნება მინის ჭურჭელი, მძივები, მძივის საკიდები, რომლებიც მაშინ ძალიან ძვირფასი იყო. ისინი ეგვიპტური და სირიული სახელოსნოებიდან ბერძენი მოვაჭრეების მეშვეობით მოხვდნენ ფიჭვნარში.
საფლავებში ნაპოვნია კოლხური მონეტებიც. გვიანდელი არქაული ხანის ერთი მონეტა სინოპიდან ძალიან ადრინდელია და შავიზღვისპირეთის არცერთ სხვა ტერიტორიაზე არ არის ცნობილი. უნდა აღვნიშნოთ რომ ”ქარონის გასამრჯელოს” წეს-ჩვეულება - ანუ მონეტის ჩატანება მიცვალებულისთვის, რათა მას შესძლებოდა მიწისქვეშა სამეფოში მენავე ქარონისთვის გასამრჯელოს მიცემა - ფიჭვნარში უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე სხვა ადგილებში. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში ეს წეს-ჩვეულება მხოლოდ მე-4 საუკუნიდან დასტურდება.
სხვა ტიპურ ჩატანებულ ნაკეთობებს განეკუთვნება ქამრის მოჭედილობა და ლითონის აქსესუარები ტანსაცმლისთვის, ასევე შუბები, ისრის წვერები, ბრინჯაოს ჭურჭელი, მაშები, სალესი ქვები. შესაძლოა ესენიც ადგილობრივი მეტალურგების ნაკეთობა იყოს. ფიჭვნარის საფლავების ინვენტარი მოწმობს მაღალგანვითარებულ ხელოსნობას და დასაფლავებულების სიმდიდრეს.
ბერძენი კოლონისტების სამაროვანი
ბერძენი კოლონისტების ნეკროპოლს ფიჭვნარის სამაროვნის დასავლეთ ნაწილი უკავია. ის სანაპიროსთან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და წარმოადგენს კლასიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ნიადაგძეგლს. ამ ტიპის სხვა ნეკროპოლი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არ მოიპოვება. საფლავები და სამსხვერპლო მოედნები ძალიან კარგ მდგომარეობაშია შემონახული, რამაც შესაძლებელი გახადა დაკრძალვის წეს-ჩვეულებების, საფლავის ტიპების, საფლავის ინვენტარის, სოციალური და ეთნიკური კუთვნილების დეტალური გარკვევა და ზუსტი დათარიღება. ამ სამაროვანში აქამდე გამოკვლელი 296 საფლავიდან მხოლოდ ერთი იყო გაძარცვული, სავარაუდოდ ანტიკურ ხანაშივე. ნეკროპოლი განეკუთვნება ათენის დასახლებას, რომელიც კოლონიზაციის განმავლობაში შეიქმნა ფიჭვნარში. ნეკროპოლი ძირითადად განეკუთვნება სამ პერიოდს: 1. ქრ. შ.-მდე მე-5 საუკუნის მე-2 მეოთხედიდან. 2. ქრ. შ. -მდე მე-5 საუკუნის შუალედიდან და მე-2 ნახევრიდან. 3. ქრ. შ.-მდე მე-4 საუკუნის პირველი მეოთხედიდან მესამე მეოთხედამდე პერიოდი.
უძველეს საფლავებს პირველ ბერძენ კოლონისტებს უკავშირებენ. მხოლოდ რამდენიმე მათგანია მდიდრულად მორთული. დაკრძალულთა უმეტესი ნაწილი, როგორც ჩანს, მოსახლეობის ღარიბი ფენებიდან იყვნენ. მეორე პერიოდში იგრძნობა ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც გამოიწვია ბერძნულმა კოლონიზაციამ. ამ პერიოდის საფლავებში მიცვალებულები ხის კუბოებში არიან ჩასვენებული, რომლებიც შეკრულია რკინის ლუსმნებით. საფლავის ინვენტარიც მათ სიმდიდრეს მოწმობს: ბერძნული მონეტები, მოხატული ძვირფასი კერამიკული ნაწარმი, სამკაულები და თვალსაჩინო ტორევტიკის სხვა ნიმუშები, სუნამოს მრავალფერიანი ფლაკონები და სხვ. მესამე და ბოლო პერიოდის საფლავებში, ქრ. შ.-მდე მე-4 საუკუნეში, მოკრძალებული ინვენტარია, რაც ასახავს საბერძნეთის პოლიტიკურ პრობლემებს, კერძოდ ათენის დამარცხებას პელოპონესის ომში და მასთან დაკავშირებული პოზიციის დასუსტებას მაშინდელ მსოფლიო არენაზე. მაკედონელების მიერ საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ ფიჭვნარის ბერძნული კოლონია დაიშალა.
ქრ. შ.-მდე მე-5 საუკუნიდან აშკარად მჭიდრო კავშირები არსებობდა შავიზღვისპირეთის ხალხებს შორის - განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და საბერძნეთს, უპირველესად კი ატიკას შორის. ამას გვიჩვენებს ფიჭვნარის ბერძნული სამაროვნის უხვი და მრავალფეროვანი ნაპოვარი, რომელიც ინტერკულტურული გაცვლისა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის აკულტურაციის
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=2811 კვლევისთვის კარგ წყაროს წარმოადგენს. აღსანიშნავია ატიკურ-წითელფიგურიანი კრატერი, რომელიც ნიობიდების მხატვარს მიეწერება და მე-5 საუკუნის მეორე მეოთხედით თარიღდება. კრატერზე გამოსახულია პრიამოსის ვაჟის - ტროელი პარისის მიერ მშვენიერი ელენას გატაცება, რამაც, როგორც ცნობილია, ტროას ომი გამოიწვია. ამას გარდა უამრავი ამფორა, ქიოსიდან, ლესბოსიდან, თასოსიდან, მენდედან, ბიზანტიიდან, ჰერაკლეადან, სინოპიდან და პანტიკაპეონიდან. ნაპოვნია დიდი რაოდენობით შავი კერამიკის ნაწარმი საბერძნეთის ხმელეთიდან და ასევე დიდი რაოდენობით მოუხატავი, მაგრამ დახვეწილად შემკული კერამიკული ნაწარმი ატიკადან. მცირე რაოდენობითაა იმპორტული ”ზოლებიანი კერამიკული ნაწარმი”
ფიჭვნარში მცხოვრები ბერძნებიც იყენებდნენ ადგილობრივ ნაკეთობებს, მაგალითად ადგილობრივი მექოთნეების მიერ დამზადებულ კერამიკულ საყოფაცხოვრებო ნაკეთობებს, ასევე კოლხურ ოქროს გრანულოვან სამკაულებს, რომლებსაც მიცვალებულებს ატანდნენ საფლავში. შესაძლოა ვანის მსგავსად ფიჭვნარშიც არსებობდა ოქრომჭედლობის სკოლა, რომელმაც შექმნა საკუთარი მხატვრული მიმდინარეობა. იმპორტირებულ სამკაულებად უნდა განვიხილოთ ოქროს, ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები, ასევე ოქროს რგოლი, რომელზეც გამოსახულია ეროსი და აფროდიტე. ამას გარდა სუნამოს უამრავი ფლაკონი და მძივები როდოსის, ეგვიპტისა და სირიის სახელოსნოებიდან სავარაუდოდ ათენის სავაჭრო გზით მოხვდა ფიჭვნარში.
ზოგიერთ საფლავში ნაპოვნია სპორტული ხელსაწყოებიც, ისეთები, როგორსაც სპორტის მიმდევარი ახალგაზრდები იყენებდნენ პალესტრაში. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ფიჭვნარში სპორტსაც მისდევდნენ და შეჯიბრებებიც ტარდებოდა ბერძნული წეს-ჩვეულების მიხედვით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოქროსა და ვერცხლის მონეტებს. ახალი ადგილობრივი მონეტების ყველაზე პატარა ნომინალები, ე.წ. ”ჰემიტეტარტემორიონები” (?) (ტეტარტემორია ატიკური მონეტის ყველაზე პატარა ნომინალია) უნიკატებია. ფიჭვნარში ამას გარდა ნაპოვნია მონეტები კიზიკიდან და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ქალაქ-სახელმწიფოებიდან, როგორიცაა პანტიკაპეონი და პანტიკაპეონთან დაკავშირებული კოლონიებიდან - თეოდოსია, ნიმფაიონი და სინოპი.
სხვა ძალიან საინტერესო ნივთები იპოვეს ფიჭვნარის სამაროვნის ადრეულ ჰელენისტურ ნაწილზე, სადაც ჯერ 165 საფლავი და ძველბერძნული დასახლების განყოფილებაა (ე.წ. ნაქალაქარი) გამოკვლეული. ფიჭვნარის ადრეული ჰელინისტური საფლავები თვალსაჩინოს ხდის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და ჰელენისტურ სამყაროს შორის კავშირების ცვლილებებს. ჰელენისტურ ხანაში ქალაქების ეკონომიკამ საგრძნობი აღმავლობა განიცადა. ადრინდელზე მეტი რაოდენობით აწარმოებდნენ საქონელს ბაზრისთვის. მკვიდრი მოსახლეობა უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ვაჭრობაში და კონტაქტები მყარდებოდა ახალ ცენტრებთან. მაკედონელების მიერ საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ სამხრეთი და ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთის მნიშვნელობა იზრდება. მატერიალური და სულიერი კულტურის სფეროში იქმნება ახალი მიმდინარეობები და მიმართულებები.
ხელახალი გამოცოცხლება ფიჭვნარში მხოლოდ ადრეული შუა საუკუნეებიდან შეიმჩნევა, კერძოდ ეგრისის სახელმწიფოს აღზევების დროს. ნაპოვნია ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკის ნაშთები. ამას გარდა ბოლო წლებში აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების საფლავები ძალიან საინტერესო ინვენტარით.