არქანჯელო ლამბერტი:
,,ამ მთების ზურგზე სახლობენ ველური და ბარბაროსი ხალხები, რომელთა აღწერა და ჩვეულებათა ჩამოთვლა მოითხოვდა ძლიერ გრძელ მოთხრობას და მთელი წიგნების დაწერას, უმახლობელესნი არიან აფხაზები, ალანები, სვანები, ყარაჩაელები (caraccioli), ჯიქები და ჩერქეზები. ესენი ყველანი ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ კანონები კი არა აქვთ, ეტანებიან ნადირობას და მტაცებლობას. მათის ენებისა და კილო-კავების სხვადასხვაობა გასაკვირველია. თვითოეული ამ ხალხთაგანი ხმარობს საკუთარ ენას, რომელიც განირჩევა მეორე ხალხის ენისგან იმდენად, რომ არავითარი მსგავსება ბგერისა მათ შორის არ არის."
,,საქართველოს მეფეები წინათ ფრიად ძლიერი იყვნენ და მათი უფლება დიდზე იყო გავრცელებული...
იმ დროს საქართველოს სამეფო (l’imperio Giorgiano) გავრცელებული იყო ირანის მხრით თავრიზამდი და თურქეთის, ანუ უკეთ ვთქვათ, სამცხის მხრით _ არზრუმამდი. კოლხიდისაკენ კი საქართველოს სამეფო მიდიოდა კაფამდი, რომელიც ხერსონესშია (3).
ამ მხრით საქართველო შეიცავდა თავის სამფლობელოში აფხაზებს, ანუ აბასქებს, ჩერქეზებს და ჯიქებს, ანუ ძიქებს. საქართველოს სამეფოს რომ ასეთი სივრცე ეჭირა, ამის ცხადი კვალი დღესაც იპოვება იქ. არზრუმის ქალაქის მახლობლად ახლაც მოიპოვება ქართული სოფლები. უწინდელ დროში თვით ამ ქალაქში იჯდა ქართველი ეპისკოპოსი, არზრუმელად წოდებული. კოლხიდის გარედ, აფხაზების და ჯიქების ქვეყანაში, მშვენირი ტაძრები დგანან ქართულად აშენებულები და ქართულის ზედწარწერებით; მაგალითად ანაკოფიაში და ბიჭვინთაში არის კოლხიდის, გურიის და იმერეთის პატრიარქის საჯდომი. ირანის მხრითაც, თვით თავრიზამდი, როგორც ქართული ეკლესიების, ისე ქართული სოფლების ცხადი კვალი დღესაც ჩანს."
,,ამ მაღალ მთებში ცხოვრობენ სხვადასხვა ველური ხალხები, რომელთაც ერთი მეორისაგან ისეთი განსხვავებული ენა აქვთ, რომ ერთმანეთისა არა ესმით რა. სტრაბონი და სხვა მწერლები მრავალს სხვადასხვა ხალხს ასახელებენ აქ. ხოლო კოლხიდელებთან უფრო ახლო ცხოვრობენ: სვანები, აფხაზები, ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, ყარაჩაელები (Caraccioli)."
...,,სამეგრელოს ჩრდილოეთით ცხოვრობენ აფხაზები ანუ აბაშები, რომელთაც თურქები უწოდებენ აბასად (Abbassa). ამათი მშვენიერი და საუცხოო ქვეყანა სულ დაყოფილია ნოყიერი გორაკებით. რადგან ჰაერი მრთელი და მშრალია, ხალხიც არის მშვენიერი სისხლისა, ლამაზი სახისა და თეთრი ხორცისა, კარგად მოყვანილი, ღონიერი, მკვირცხლი და მარდი, ჯაფის ამტანი და მოხერხებული. ახალგაზრდობა არასოდეს უსაქმოდ არა ზის, არამედ ვარჯიშობაში ატარებს დროს: ხან შუბის ხმარებაში ვარჯიშობს, ხან მძიმე რამეებს ჰაერში ისვრის და ხან თხრილებზე ხტება, რათა შეიძინოს ძალა და გაიწვრთნას სიმარდეში. აფხაზებს ბევრი ჯოგი ჰყავთ. მათი ყოველდღიური საჭმელია: ყველი, რძე და გარეული ნადირი. თევზს არა სჭამენ, თუმცა შეეძლოთ ბევრი დაეჭირათ მდინარეებშიც და ზღვაშიც. კიბო საშინლად ეზიზღებათ, როგორც გველი, და დასცინიან მეგრელებს, რომელთაც ძალიან უყვართ კიბო.
აფხაზები ქალაქებში და ციხეებში როდი ცხოვრობენ, არამედ შეიყრება ერთი გვარის ათი თუ ოცი ოჯახი, ამოირჩევენ რომელსამე მაღლობ ადგილს, გააშენებენ იქ კარგ ისლით დახურულ ფაცხებს, შემოავლებენ ამორჩეულ ადგილს მაგარ ღობეს და ღრმა თხრილს. ღობეს და თხრილს იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ თავდასხმისა, გარეშე ხალხის კი არა, თვით აფხაზები თავს ესხმიან და სძარცვავენ ერთმანეთს, ხოლო ართმევენ ერთმანეთს, სახლის ავეჯს კი არა, რადგან აფხაზს ასეთი ავეჯი არც კი გააჩნია, არამედ კაცებს, ქალებს და ბიჭებს. ამისათვის ჩვეულებრივ ღამე დაეცემიან ერთმანეთს და ვისაც მოახელთებენ, დაიჭერენ და წაიყვანენ. გაუფრთხილებლობით რომ ეს არ დაემართოთ, აფხაზები საშიშ დროს ჯავშანს ჩაიცვამენ, ხელში შუბს დაიჭერენ, ფარს სასთუმალს ქვეშ დაიდებენ, შეკაზმულ ცხენს ლოგინთან დააბამენ და ისე დაიძინებენ. აფხაზის ტყვეს მეტად აფასებენ თურქები: ქალებს სიმშვენიერისათვის და ბიჭებს იმიტომ, რომ რაკი თავის რჯულზე მოაქცევენ და სამხედრო ხელოვნებაში გაავარჯიშებენ, უფრო ხშირად ისეთი კაცები დგებიან, რომ სახელმწიფო საქმეებსაც და სამხედრო თანამდებობასაც მეტად კარგად ასრულებენ.
....................
აი ეს მონაკვეთი კი განსაკუთრებით basattt-ს დააინტერესებს ჩემის ღრმა რწმენით

,,აფხაზებს აქვთ ერთი შესანიშნავი ჩვეულება, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება; სახელდობრ ის, რომ მიცვალებულებს როდი მარხავენ, არამედ ჰკიდებენ ხოლმე ხეზე შემდეგის წესით. გამოღადრავენ ხის ღერს კუბოს მსგავსად, შიგ ჩასდებენ მიცვალებულს და ვაზის მაგარ ლერწებით ჩამოჰკიდებენ ხის წვერზე. ამავე ხეზე ჩამოჰკიდებენ ყველა იარაღს, რომელსაც მიცვალებული სიცოცხლეში საომრად ხმარობდა. მისი საჯდომი ცხენიც უნდა გავუგზავნოთო, ამბობენ ჭირისუფლები, რადგან საიქიოსაც ისე დასჭირდება, როგორც აქ სჭირდებოდაო. ამისთვის ცხენს გადააფარებენ აბრეშუმის ქსოვილს და იმ მინდორზე, სადაც მიცვალებულია ჩამოკიდებული, აჭენებენ იმ დრომდი, სანამ დაღლილობისგან არ მოკვდება. თუ ცხენი ჩქარა მოკვდა, ამბობენ, რომ პატრონს ძლიერ ყვარებიაო და მალე წაიყვანაო, და თუ დიდ ხანს არ მოკვდა, ეს იმის ნიშანიაო, რომ პატრონს არ ყვარებია და დაიგვიანა მისი წაყვანაო."
,,; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა _ იცვლება აფხაზურად. აქედან ცხადია, რომ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია, რადგან კოდორს გადაღმავე ცხოვრობენ აფხაზები თავისის განსაკუთრებულის ენით."