butkujნეკრესის ნაქალაქარზე არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი 1984 წლიდან. გათხრილია II-IV სს. ცეცხლის ტაძარი, ანტიკური ხანის ქალაქის ზღუდის ნაწილი: IV-VI- სს. ნაგებობის ნაშთები (სასახლე, მარანი), VI ს. ეკლესია და სხვა. აღმოჩენათა შორის მეტად მნიშვნელოვანია IV-VI სს. დათარიღებული არქიტექტურული ნაგებობის კედლებში მეორადი გამოყენებით ჩატანებული ქვის ფილები ქართული უძველესი წარწერებით, რომელთა ხნოვანება განისაზღვრება IV საუკუნის ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის ახ.წ. I-III საუკუნეებით. პალეოგრაფიული ნიშნებითაც ისინი უძველესი წარწერების რიგში ექცევიან.
სულ დადასტურებული შვიდი წარწერიდან I-III საუკუნეებს მიეკუთვნება 5 წარწერა. 1999 წ. დადასტურებულ იქნა კიდევ ერთი წარწერიანი ფილა. ის აღმოჩნდა ნაქალაქარის ტერიტორიის ცენტრში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ითხრება IV ს. მონუმენტური ეკლესია. ქვა ეგდო ზედაპირზე, საურმე გზაზე. გამოჩენილია წყლის დინების შედეგად, არა თავის ადგილზე. წარწერიანი ქვა სიგრძით 41.5 სმ-ია. მისი სიგანეა 10-10.5 სმ, სისქე – 5.5 სმ. თავი და ბოლო მოტეხილი აქვს. განსაკუთრებით დასანანია ზედა ნაწილის დაზიანება, რამდენადაც დაიკარგა წარწერის დასაწყისი ნაწილი. წარწერა შესრულებულია ამოკაწვრის წესით, ასოების სიმაღლე მერყეობს 1.8 – 2.5 სმ შორის, სიგანე 1.0 – 2.0 სმ შორის. შემორჩენილია ორი დაზიანებული და ექვსი სრული სტრიქონი.
პირველი სტრიქონი: შემორჩენილია ბოლო ორი ასოს ქვედა ნაწილები.
მეორე სტრიქონი: შემორჩენილია პირველი ორი ასოს ქვედა ფრაგმენტები და ორი ბოლო ასო (ან)
მესამე სტრიქონი: (აზატ), ბოლო ჩამოტეხილია, შეიძლება აღდგეს (ი)
მეოთხე სტრიქონი: (სი არს)
წარწერა ერთი მხრივ აღნიშნავს დაკრძალულის ვინაობას, და მეორეს მხრივ თხოვნაა თუ მოწოდება : ნურვინ შეეხება მას, ნურავინ არევს (ნუმცავინ ხრევს).
წარწერა ასომთავრულია. გამოყენებულია ქართული ანბანის თოთხმეტი ასონიშანი: ა(4), ე(1), ვ(2), ზ(1), ი(2), მ(1), ნ(2), რ(2), ს(3), ტ(1), ვ(1), ო(1), ც(1), ხ(1).
როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს წარწერიან საფლავის ქვასთან, რომელიც სტელის სახით იქნებოდა აღმართული საფლავზე. წარწერის დაზიანებულ ნაწილში, სავარაუდოა, აღნიშნული იქნებოდა დაკრძალულის სახელი. ნეკრესის სხვა წარწერებისაგან განსხვავებით, აღნიშნულ წარწერას ორი სიახლე ახასიათებს. ის ხანმეტურია და მასში გვხვდება ძველი ქართული წყაროებისათვის უცნობი სოციალური ტერმინი აზატი. ეს ტერმინი ვარაუდით პართულ ხანაში უნდა შემოსულიყო. აღნიშნავდა – თავისუფალს. მეზობელი ქვეყნების – ირანისა და სომხეთის – მაგალითებით აზატები მძიმედ შეჭურვილი ცხენოსანი მეომრები იყვნენ. არის ვარაუდი, რომ მასთან არის დაკავშირებული ქართული სოციალური ტერმინი აზნაური – მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელის სახელი, რომელიც დადასტურებული გვაქვს პირველივე ქართულ ლიტერატურულ ძეგლში “შუშანიკის წამება”. წარწერის მიხედვით აზატის ინსტიტუტის არსებობა საქართველოში შეიძლება ახ.წ. პირველი საუკუნიდან ვივარაუდოთ. ადრეულ ქართულ ძეგლებში ის არ გვხვდება.
აღნიშნული წარწერა ნეკრესში აღმოჩენილ სხვა რამდენიმე წარწერასთან ერთად დღეისათვის ცნობილ ქართულ წარწერებს შორის ყველაზე უადრესია და ის ახ.წ. I-II-III საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

ამ წარწერიანი სტელის გარდა ნეკრესის ნაქალაქარზე, კერძოდ ადგილ – “ნაგებებში” აღმოჩენილია 5 სხვა წარწერიანი ქვა, რომლებიც ჩატანებული ყოფილა IV ს. აგებული სასახლის კედლებში, მეორადი გამოყენებით. წარწერების დათარიღებაში გვეხმარება არქიტექტურული ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის არქეოლოგიური მასალა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ნეკრესის წარწერებს აქვს ყველა პალეოგრაფიული გამორჩეული ნიშანი, რომლითაც თარიღდება ქართული წარწერების ყველა, ადრეულად მიჩნეული წარწერა (პალესტინა, ბოლნისი, ურბნისი). ეს ნიშნებია: თავშეკრულობა, მარცხნივ გაზიდული ხაზის და ქარაგმის არ არსებობა, კუთხოვნება. ნეკრესის წარწერაზე არ გვხვდება ტექსტის დასაწყისის და დასასრულის სტანდარტული, დაკანონებული ფორმები: “ქრისტე”, ვედრება – “უფალო”, “ღმერთო”, “იყავნ, იყავნ”, “ამენ” და სხვა, რაც დამახასიათებელია ქრისტიანული ხანის წარწერებისათვის.
დასკვნები
1. ზემოთ განხილული წარწერა, ნეკრესის სხვა ხუთ წარწერასთან ერთად წინაქრისტიანული შემოქმედების ნაყოფია. არქეოლოგიურად ისინი თარიღდება ახ.წ. I-III საუკუნეებით. ყველა განეკუთვნება ცეცხლთაყვანისმცემელთა საფლავის ქვებს. ამგვარ დათარიღებას ეთანხმება წარწერაში დადასტურებული სოციალური ტერმინი “აზატი” და ტექსტის ხანმეტური ხასიათი.
2. წარწერიანი ქვა დაზიანებულია – მოტეხილი აქვს თავიც და ბოლოც. ასევეა დაზიანებული სხვა წარწერიანი ქვებიც, რაც შემთხვევითობას არ შეიძლება მივაწეროთ. ისინი განზრახ, წინასწარმოფიქრებული ღონისძიებით ჩანს დაზიანებული, რაც ქრისტიანობის გავრცელებისას, ცეცხლთაყვანისმცემლებთან დაპირისპირების დროს არის განხორციელებული. ამ დროს, ე.ი. IV ს. დასაწყისში, მთელი სისასტიკით დაანგრიეს და გაძარცვეს მაზდეანთა ტაძარი – მეტად შთამბეჭდავი, მონუმენტური არქიტექტურული ძეგლი. როგორც ჩანს ეს იყო საერთო ღონისძიება მაზდეანთა წინააღმდეგ, როდესაც გაუნადგურებიათ მათი ტაძარ-სალოცავები ან გადაუკეთებიათ ქრისტიანულ ეკლესიებად: საფლავის ქვები დაუმტვრევიათ და დაუყრიათ, მოგვიანებით კი გამოუყენებიათ როგორც სამშენებლო მასალა.
3. ნეკრესის წარწერების აღმოჩენის შემდეგ, დღეს გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ქართული ასომთავრულის განვითარება არ შეიძლება დაუკავშირდეს ქრისტიანობის შემოსვლა-დამკვიდრებას. იგი გაცილებით ადრეა მომხდარი სხვა სოციალური გარემოსა და რელიგიური მრწამსის პირობებში.
4. ჩვენი ვარაუდით, ქართული ანბანის შემოღება და დამწერლობის განვითარება დაკავშირებული შეიძლება იყოს მაზდეანური რელიგიის ტექსტების – ლოცვები, ჰიმნების და სხვათა სათარგმნელად და ქართველ მაზდეანთა საკუთარ ეროვნულ ენაზე აღნიშნული ტექსტებით უზრუნველსაყოფად, რიტუალის სრულყოფილად წარმართვისათვის.
5. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, მსგავსივე ღონისძიების განხორციელებას – რელიგიური წიგნების ქართულ ენაზე თარგმნის საქმეს, ეკლესიის მესვეურნიცა და ქართველ ქრისტიანთა მრევლიც მომზადებულები შეხვდნენ, რადგანაც მათ უკვე ჰქონდათ ეროვნული ანბანიცა და მწიგნობრობაც. ეს იმ დროს, როდესაც ქართველთა მეზობლები ამ დროს იწყებენ იმავე საქმიანობისათვის საკუთარი ანბანის შექმნას ქრისტიანული საღვთო ჰიმნების სათარგმნელად (სომხები, ალბანელები).
6. ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზ მეფის მიერ (ძვ. წ. III ს.) მწიგნობრობის გავრცელების შესახებ (“და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული”) ნდობით უნდა მოვეკიდოთ. ფარნავაზის დროს იწყება ცეცხლის კულტის განსაკუთრებული გავრცელება. მანვე დააფუძნა აჰურა მაზდას კულტი და თვით კი ღმერთის რანგში მოგვევლინა. “მწიგნობრობა” პირველ რიგში უნდა გავიგოთ როგორც “წიგნის”, რელიგიური შენაარსის, სჯულის კანონთა კრებულის დოკუმენტური გაფორმება. “ბიბლია” წიგნია, ისევე როგორც “ყურანი”, “წიგნის ხალხი” კი – გარკვეული სჯულის წიგნის მიმდევარი. “მწიგნობრობა” პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, როგორც სჯულის კანონის წიგნის შექმნა. მაშასადამე, მწიგნობრობის შემოღებაში პირველ რიგში საეკლესიო წიგნების თარგმნა იგულისხმება, კონკრეტულ შემთხვევაში კი “ავესტას” წიგნების გადმოქართულება.
ლევან ჭილაშვილისაქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი,
ნეკრესის ნაქალაქარის გათხრებმა სენსაციური აღმოჩენების მოწმე გაგვხადა. გაითხარა უნიკალური წარმართული ტაძრის ნაშთები, რომლის ანალოგი ჯერჯერობით მსოფლიოში ცნობილი არ არის. ტაძრის ზომაა 50X50 მ, ანუ 2500 კვ.მ. აღმოჩენილ იქნა უძველესი ქართული წარწერებიც, რომელთა ნაწილი აკად. ლ. ჭილაშვილმა ძვ.წ. II და ახ.წ. I საუკუნეებით დაათარიღა. ამ წარწერების დათარიღების შესახებ ქართველ ისტორიკოსთა შორის ერთიანი აზრი არ არსებობს.
გურამ ნარსიძემ გაშიფრა და დაათარიღა ნეკრესის წარწერები:
– ბ-ნ გურამ, რომელ საუკუნეს განეკუთვნება აღმოჩენილი წარმართული ტაძარი?
– ტაძარს ათარიღებს წარწერა 7, რომელიც ქართულ წარმართულ კალენდარს წარმოადგენს და ასახავს ახ.წ. 81 წლის ასტრონომიულ სურათს. ეს კალენდარი შეისწავლა და გამოაქვეყნა ბ-ნმა ნოდარ გაფრინდაშვილმა ჯერ კიდევ 2002 წელს. ამრიგად, ტაძრის აშენების დასაწყისად ახ.წ. 81 წელი უნდა მივიჩნიოთ.
– ოპონენტები ამბობენ, რომ მშენებლების მიერ გამოყენებულია ცემენტი, რაც რომაული წარმოშობისაა და ჩვენში გვიან არის შემოსული…
– როდის გვიან? რომელ წელს გახდა ცნობილი საქართველოში ობსიდიანის ცემენტი? ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ. ამავე დროს ჩვენ ზუსტად ვიცით ის უგვიანესი წელი, როდესაც საქართველოში ცნობილი გახდა ეს სამშენებლო მასალა. ამას გვამცნობს ახ.წ. 73 წელს შესრულებული, მცხეთაში აღმოჩენილი ვესპასიანე და დომიციანე კეისრების წარწერა, რომ მათ გაამაგრეს მცხეთის კედლები. თქვენი აზრით, დამცავი ნაგებობის გასამაგრებლად რომაელები ტალახს ან თიხას იყენებდნენ თუ ცემენტს? ე.ი. ნეკრესის ტაძარზე 8 წლით ადრე ჩვენი წინაპრებისთვის უკვე იყო ცნობილი ცემენტი.
– თვით წარწერებიც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და ოპონენტები მათ VI-VII ან უფრო გვიან – VIII-IX საუკუნეებით ათარიღებენ…
– ყველა, ვინც ნეკრესის წარწერებს გაეცნო, აღნიშნავს, რომ ქართულ ტექსტებში გამოყენებულია ქართულისთვის არადამახასიათებელი, „უცნაური“ ასოები. სწორედ ამ გარემოებამ გამოავლინა იმ პალეოგრაფთა სრული არაკომპეტენტურობა, ვინც წარწერების „გაახალგაზრდავებასა“ და ქრისტიანულ ეპოქაში გადმოტანას ცდილობს. მე ასეთ კითხვას დავსვამ – ქართულ წერილობით ძეგლებში, არათუ IX, არამედ V-VI საუკუნეებში თუ უნახავთ მსგავსი მოხაზულობის ასოები? ცხადია, არ უნახავთ, არათუ ქართულში, არამედ საერთოდაც, რადგან ზოგ წარწერას საერთოდ ვერ კითხულობენ და რაც „წაიკითხეს“, ისიც შეცდომით.
– რას მიგვანიშნებს აღნიშნულ ასოთა მოხაზულობა?
– ეს ასოები არამეული ანბანის ასოებია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც წარწერების სწორი წაკითხვის, ასევე დათარიღებისთვისაც. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, აღვნიშნავ, რომ არამეული ანბანი საყოველთაოდ გამოვიდა ხმარებიდან ახ.წ. IV საუკურეში და V საუკუნიდან სირიულის ნაირსახეობით შეიცვალა. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა მსოფლიო მეცნიერებაში. ნეკრესის წარწერები უნდა დათარიღდეს არამეული პალეოგრაფიით, რაც კარგად არის ცნობილი და შესწავლილი.
– რამდენი წარწერის დათარიღებაა შესაძლებელი?
– ამჯერად შესაძლებელია წარმართული ხანის ექვსი წარწერის დათარიღება. ერთი, როგორც უკვე ვთქვი, კალენდარია და თვით შეიცავს ასტრონომიულ თარიღს. დანარჩენი ხუთი წარწერის შესრულების დრო განისაზღვრება არამეული პალეოგრაფიით.
– რომელია ამ წარწერათა შორის უძველესი?
– უძველესია წარწერა 8. ამ წარწერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან წარმართული ღმერთის სახელით არის შესრულებული და რიტუალურ აკრძალვას ეხება. ლიგატურა, რომელიც წარწერის პირველ სტრიქონშია მოცემული და ვითომ არ „იკითხება“, არამეული ასოებით არის შესრულებული და იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ. აქ სულ ხუთი ასოა – ალეფ, რეშ, მემ, აინ და ზაინ. იკითხება ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაების – არმაზის სახელი და სწორედ არმაზი კრძალავს წარწერაში მითითებულ ქმედებას – „ვიხწი – სითა ნუმცა ვინ ხაფად ჰკრვის“. ტექსტი ჰაემეტურია. კარგად არის ცნობილი, რომ წარმართულ რიტუალებში ღვთაებების ხმობა დაფის კვრით ხდებოდა. როგორც ჩანს, მეტისმეტად ხმაურიანი კვრა იკრძალებოდა, რაც ასახულია წარწერაში. ამ ტექსტში სულ 24 ასოა გამოყენებული, რომელთაგან 14 არამეულია ე.წ. „პოსტიმპერიული“ ფორმით და წარწერის ამოკვეთის თარიღად ძვ.წ. III საუკუნის მეორე ნახევარს განსაზღვრავს. წარმართული ღვთაებების სახელების მსგავსი ლიგატურები ფართოდ იყო გავრცელებული პოსტაქემენიდურ პერიოდში – ინტერნეტით მოვიძიე სპარსული თასი, რომელიც ძვ.წ. V-III საუკუნეებით არის დათარიღებული და მასზე აჰურა მაზდა თითქმის ანალოგიური ლიგატურით არის დაწერილი. ამ ფაქტმა ყოველგვარი ეჭვი გაფანტა ჩემეული დათარიღების მიმართ.
– სხვა წარწერებზე რას იტყვით?
– ამჯერად, 2 წარწერით შემოვიფარგლოთ. აქ წაკითხულია სახელი „ლევაკი“, რაც არასწორია. ამ ექვსასოიანი სახელის პირველი, მეხუთე და მეექვსე ასოები ასევე არამეული ასოებია, რაც კარგად ჩანს როგორც ქვაზე, ასევე ფოტოზეც. ესენია – წადე, ჰეთ და იოდ. ანუ სახელი იკითხება როგორც „წევახი“ ან „ძევახი“ და წარმოადგენს ბერძნული წარწერებიდან კარგად ცნობილი „ზევახოსის“ ქართულ გამოთქმას. ეს წარწერა ძვ.წ. II საუკუნისაა.
– რატომ არის ნახმარი არამეული ასოები ქართულთან ერთად?
– ეს კითხვა ჯერჯერობით ღიად დავტოვოთ, რადგან ქართული დამწერლობის გენეზისს ეხება და ღრმა ანალიზს მოითხოვს.