#31230259 · 18 May 2012, 10:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი ასეთი აზრი მომივიდა, მოდით ამ თემაში ვისაუბროთ სხვა ქართველ მხედართმთავრებზეც, რომლებიც ბაკურის მსგავსად რომში ან ბიზანტიაში მოღვაწეობდნენ. ცალ-ცალკე თემების გახსნა ალბათ არ იქნება მოსახერხებელი.
მაგალითად, შეიძლება ვისაუბროთ პერან იბერიელზეც, რომელზეც ცნობებს გვაწვდის პროკოფი კესარიელი: ka.wikipedia.7val.com/wiki/პერან_იბერიელი
საინტერესო ფიგურაა ფაზა იბერიელიც.
ვიკიპედიის მასალა: "ფაზა იბერიელი - ფარნავაზიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი[საჭიროებს წყაროს მითითებას], ვახტანგ გორგასლის შთამომავალი, სარდალი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე, ქართველი სარდლის პერან იბერიელის ძმისწული და ბაკურის ბიძაშვილი. იბრძოდა ოსტგუთების წინააღმდეგ.
ფაზა იბერიელის შესახებ ცნობებს გვაწვდის ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი. იგი ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის (527-565) კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე იყო. ფაზა იბერიელის სახელი პირველად გვხვდება 542 წელს, როდესაც იუსტინიანე იმპერატორმა იტალიის პრეფექტად დანიშნა მაქსიმიანე, მისცა მას ფლოტი, რომელზედაც აიყვანა ჯარი, შედგენილი თრაკიელებისა და არმენიელებისაგან. თრაკიელთა ჯარს მეთაურობდა ჰეროდიანე, ხოლო არმენიელებისას ფაზა სარდალი. იგი იბრძოდა ოსტგუთების წინააღმდეგ. ოსტგუთთა მეფე ტოტილა სათავეში ჩაუდგა ანტიბიზანტიურ აჯანყებას იტალიაში და რამდენიმე სერიოზულ გამარჯვებასაც მიაღწია ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ამინდი შეიცვალა. ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და რომაელთა ხომალდები ჩაიძირა. მაგრამ ჰეროდიანემ და ფაზა იბერიელმა ნაპირზე გამოსვლა მოასწრეს და გადარჩნენ.
547 წელს ფაზა იბერიელი ცხენოსანთა ჯარით გაიგზავნა ქალაქ ტარინტის მახლობლად გუთების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლაში ფაზა იბერიელის სარდლობით ბიზანტიელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს გუთებზე. ბიზანტიელებმა სიფრთხილე მოადუნეს და სანოვაგის საშოვნელად მახლობელ დასახლებებში გაიფანტნენ, რითაც ისარგებლა ტოტილამ და შეუტია ბიზანტიელთა მცირე ჯგუფს. ფაზა იბერიელი ამ დროს თავის კარავში ისვენებდა, მასთან გუთები შეცვივდნენ და მოკლეს."
ანუ სულ აქ საუბარია 4 ქართველზე:
1) ბაკურ იბერიელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ადრიანოპოლის ცნობილ ბრძოლაში და ევგენიოსის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი იყო სახელგანთქმული ფილოსოფოსი და სამხედრო მოღვაწე.
2)მეორე ბაკურ იბერიელი, რომელიც მოღვაწეობა ბიზანტიაში VI საუკუნეში და რომელიც ფაზა იბერიელთან ერთად მეთაურობდა ბიზანტიელთა ბრძოლას ოსტგუთების მეფეების ტოტილას (541-552) და ტეიას (552) წინააღმდეგ. ეს ბაკური გახლდათ პერან იბერიელის ძე.
3) ფაზა იბერიელი, რომელიც მოღვაწეობდა VI საუკუნეში და მონაწილეობას ღებულობდა ოსტგუთების წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო კარგი მხედართმთავარი და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.
4) პერან იბერიელი - ფაზა იბერიელის ბიძა და ბაკურის მამა. პერანი 535 წელს ველისარიუსთან ერთად იბრძვის ოსტგუთთა მეფის თეოდოტის წინააღმდეგ. 537 წელს პერან იბერიელი ისევ იტალიაშია და იბრძვის ოსტგუთების წინააღმდეგ. პროკოფის თქმით, პერანმა და მისმა ჯარმა რამდენჯერმე იერიში მიიტანეს გუთებზე და გააქციეს ისინი. ჩაატარა არაერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია.
This post has been edited by ooooo3333 on 18 May 2012, 10:09
|