JHR
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1706
წევრი No.: 137914
რეგისტრ.: 1-November 11
|
#36111038 · 21 Apr 2013, 13:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კოლხურ-მოსუინიკური საომარი ისტორიის ზოგირთი საკითხი (მოსუინი; ფალანგა; ძვ.წ.401წ.; ინკორპორაცია) საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ბრძოლებში იყვნენ ჩაბმული. ისინი მტერს შეუპოვრად ერკინებოდნენ. ამ ბრძოლებში ვითარდებოდა და იხვეწებოდა მათი სამხედრო-საბრძოლო გამოცდილება, სტრატეგია, ტაქტიკა და შეიარაღება. ანტიკურ ეპოქაში ძველი საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური ჰეგემონობა კოლხეთმა და იბერიამ მოიპოვეს, რომელთა ადგილსა და საფუძველზე მომავალში წარმოიქმნა ერთიანი სახელმწიფო _ საქართველო. წერილობითი წყაროების, არქეოლოგიური და ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემების ურთიერთშედარების და კრიტიკულად განხილვის საფუძველზე გარკვეულწილად ხერხდება ხსენებული ეპოქის საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის მეტ-ნაკლები აღდგენა-წარმოდგენა. ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე კოლხეთი სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალის, ერთი მხრივ, ირანული და, მეორე მხრივ, ანტიკური ორიენტაციის ქვეყნების საომარი მოქმედებების ხშირი ასპარეზი იყო. ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ურარტუს (იხ. Меликишвили, 1954) აგრესიულმა მეზობლობამ ძველი საქართველოს ტერიტორიაზე მომხდურთან დასაპირისპირებლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების თავდაცვითი ორგანიზება და კონსოლიდაცია გამოიწვია. ძვ.წ. 720წლიდან წინა აზიაში ე.წ. კიმერიულ-სკვითური ტომების პერმანენტული ბრძოლებით შემოჭრა იწყება. ეს, ნომადური, მეომარი ტომები მომთაბარეობას ეწეოდნენ და ცხენების მეშვეობით სწრაფად გადაადგილდებოდნენ. ისინი მთელი ჯალაბობით და ქონებით მოძრაობდნენ. კიმერიელ-სკვითების საომარი ტაქტიკის ძირითადი საფუძველი იყო - მსუბუქად შეიარაღებული სწრაფი ცხენოსნები, რომლებიც ელვისებურად მოქმედებდნენ; მათი დიდი რაოდენობა; რკინის სპეციფიკური შეიარაღება (მშვილდ-ისრები, სატევრები, ცულები). კიმერიელ-სკვითების ნომადური, აგრესიული ტომობრივი გაერთიანებები სამხრეთ რუსეთის ტრამალებიდან შავი ზღვის ჩრდილოეთი და დასავლეთი სანაპიროს გაყოლებით ბრძოლებით მოძრაობდნენ. ისინი ბოსფორ-დარდანელის სრუტის გადმოლახვით შეიჭრნენ წინა აზიაში (იხ.Тереножкин, 1976) და იმ დროის მდიდარ, მოწინავე ქვეყნებს დაერივნენ. კიმერიელ-სკვითების გაერთიანებებმა დაარბიეს და დააქციეს მთელი რიგი ქვეყნები. ბრძოლებით გაიარეს წინა აზია და აქ გეოპოლიტიკური სიტუაცია გარკვეულწილად შეცვალეს. ქართველური მოსახლეობით დასახლებული სამხრეთ ტრანსკავკასიის ტერიტორიაზე მისვლისას მათი საომარ-აგრესიული პოტენციალი, პერმანენტული ბრძოლების შედეგად, უკვე მნიშვნელოვნად დასუსტდა. შესაძლოა, რომ ამ დროისათვის კიმერიელ-სკვითების ნაწილი ასიმილირდა ადგილობრივ მოსახლეობაში. ნაწილი კი ჩადგა ადგილობრივ ხელისუფალთა სამსახურში. მაგალითად, ურარტუს მეფე რუსა II-ის (ძვ.წ.685-645წწ.) ჯარში კიმერიელებიც იბრძოდნენ (Меликишвили, 1954, გვ.364). კიმერიელ-სკვითთა დიდი ლაშქრობები არ შეხებია ტრანსკავკასიას. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაში არ ჩანს კიმერიულ-სკვითური ტომების პირველი ტალღის დამადასტურებელი არტეფაქტები. აქ ზოგადად ძვ.წ. VIIს. ბოლოთი და VIს. დათარიღებული ე.წ.სკვითური მატერიალური კულტურის ელემენტები მცირე რაოდენობით ჩანს (აკინაკები, ქარქაშის ბუნიკები, ცულები, ცხენის ლაგმები). იხ. არქეოლოგიური არტეფაქტები _ სოფ. კოლხიდიდან, ყულანურხვიდან, ჩობან-ლუკიდან, გუადიხუდან, წითელი შუქურიდან, სოხუმიდან, მერხეულიდან, პალურიდან, ნიგვზიანიდან, ბრილიდან, თლიადან, როკიდან, დვანიდან, წიწამურიდან, სამთავროდან, ხოვლედან, დიღმიდან, ბეშთაშენიდან, კუმისიდან, შულავერიდან, მელაანიდან (იხ. ფირცხალავა, 1978, გვ.31-52 და ტაბ.9-14). საყურადღებოა აგრეთვე, რომ საქართველოს არქეოლოგიურ მონაცემებში არ ჩანს ე.წ.სკვითების რაიმე საომარი მოქმედების კვალი. თუმცა არქეოლოგიური მასალიდან ისიც ირკვევა, რომ ადგილობრივი კულტურისათვის დამახასიათებელ ელემენტებთან ერთად, ზოგიერთ სამარხში, იშვიათად, ე.წ. სკვითურისათვის მიკუთვნებული ესა თუ ის ნივთიც ჩნდება. ძვ.წ. VIსაუკუნეში ქართველური ხალხით დასახლებულ ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ტრანსკავკასიას აქემენიდური ირანის იმპერია დაუმეზობლდა. აქემენიდებმა ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე და სპარსეთის ყურიდან არალის ზღვამდე ტერიტორიები გააერთიანეს (იხ.Дандамаев, 1985). ამ უზარმაზარმა იმპერიამ, ბუნებრივია, დიდი როლი ითამაშა ტრანსკავკასიის ქვეყნების განვითარებაზე. აქემენიდებმა ტრანსკავკასიის სრული დამორჩილება ვერ შეძლეს, ალბათ რთული რელიეფის და გეოპოლიტიკური ვითარების გამო, მაგრამ სამხრეთ ტრანსკავკასიაზე კი განავრცეს თავისი ზეგავლენა. მათ დაიმორჩილეს ეს ტერიტორიები და იმპერიის XIX სატრაპიაში შეიყვანეს; წლიურად 300ტალანტს ოქროთი ახდევინებდნენ (იხ. ჰეროდოტე, ისტ.III,94). ძვ.წ.400-410წლებისთვის აქემენიდებს კოლხები, მოსუვინიკები და ხალიბები აღარ ემორჩილებოდნენ (იხ. ქსენოფონტი, ანაბასისი,VII,8,25). მეფე არტაქსერქსე II-ს (ძვ.წ. 404-359წწ.) აუმხედრდა ძმა _ კიროსი, რამაც განაპირობა აქემენიდიანთა გავლენის ერთგვარი დასუსტება იმპერიის პერიფერიებში, კერძოდ, სამხრეთ-დასავლეთ ტრანსკავკასიაშიც. ძვ.წ. 401წელს კაპადოკიისა და ლიდიის (მცირე აზიაში) მმართველმა უფლისწულმა კიროსმა ირანის მეფე არტაქსერქსეII-ს წინააღმდეგ სამეფო ტახტის წასართმევად ომი წამოიწყო. ამ ომში ბერძენი დაქირავებული მეომრების ერთ-ერთი სამხედრო ხელმძღვანელი იყო ქსენოფონტი, რომელმაც აღწერა ბრძოლები და ის ტერიტორიები, სადაც ქართველური მოდგმის ხალხი ცხოვრობდა. ქალაქ ბაბილონთან მომხდარი ბრძოლის შედეგად უფლისწული კიროსი დაიღუპა, ხოლო მისი ჯარი დაიშალა; დაქირავებული, ომებში გამობრძმედილი დაახლოებით 10.000მეომარი ბერძენი გამოემართა სამშობლოში. გზად მათ სამხრეთ-დასავლეთ ტრანსკავკასიაზე გაიარეს, სადაც ადგილობრივ ქარველურ მოსახლეობასთან, უმეტესად ბრძოლით, ხოლო ზოგჯერ მოლაპარაკებებით მძიმედ და რთულად იკაფავდნენ გზას. 10.000-იან ჯარს დიდი რაოდენობით სურსათი დასჭირდებოდა, რაც ბერძენი მეომრების ადგილობრივებთან ბრძოლის ძირითადი მიზეზი იყო. ზოგ გამაგრებულ ქალაქს, რომელიც მოიცავდა სიმაგრეთა მთელ სისტემას, ბრძოლებით, შტურმით იღებდნენ, ზოგს კი ვერ იღებდნენ და ამიტომ გვერდს უვლიდნენ. ბერძენმა მეომრებმა მრავალი გამაგრებული ქალაქი გაიარეს, რომელთა გამაგრების სისტემა ქსენოფონტის გადმოცემით სხვადასხვანაირი იყო. მაგალითად, მათ ვერ შეძლეს ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის აღება: "როდესაც ბერძნები ამ მთიან ქვეყანაში მივიდნენ (ადგილობრივმა მცხოვრებლებმა)... გადაწვეს და მიატოვეს თავისი სიმაგრეები, რომლებიც ადვილად ასაღებად ეჩვენებოდათ...". "...ერთი ციხე-სიმაგრე მათი დედაქალაქი იყო...", "...მას გარშემო ღრმა თხრილი ჰქონდა და ამიტომ მისადგომად სახიფათო იყო. ჰოპლიტმა მეომრებმა... იერიში მიიტანეს ციხე-სიმაგრეზე. მათ უკან მისდევდნენ მეალაფეები, რომლებიც სურსათს და სხვა ქონებას აგროვებდნენ."..."როცა ბერძნებმა საბრძოლო იერიშით ვერ შეძლეს ციხე-სიმაგრის აღება, რადგან მას გარშემო განიერი თხრილი და მიწის ყრილი ჰქონდა შემოვლებული; მათზე კი ხის კედლები და მრავალი კოშკი იყო აღმართული, გადაწყვიტეს გასცლოდნენ სიმაგრეს; მაგრამ ადგილობრივები თავს დაესხენ ბერძნებს. გაქცევა შეუძლებელი იყო, რადგან სიმაგრიდან ხრამის გადალახვა მხოლოდ სათითაოდ შეიძლებოდა."..."სიმაგრე სავსეა მრავალი სიმდიდრით, მაგრამ მისი აღება შეუძლებელია, რადგან ის მიუვალია და არც უკან დახევაა ადვილი, რადგან (დამცველები) სწრაფად გამოვარდებიან ხოლმე ციხე-სიმაგრიდან და ხელჩართულ ბრძოლას გვიმართავენ" (ანაბასისი,V,2,3-7). ბრძოლებში ბერძენთა რაზმები უკუიქცნენ, ბევრი დაიღუპა და დაიჭრა (ანაბასისი,V,2,7). ქსენოფონტის, რომელიც სამხედრო საქმის კარგი მცოდნე იყო, ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ სამხრეთ-დასავლეთ ტრანსკავკასიაში მცხოვრები ქართველური მოსახლეობა კარგად ფლობდა მაშინდელი სამხედრო საქმის ძირითად ელემენტებს. კერძოდ, მათ ჰქონდათ სასიმაგრო-ფორტიფიკაციული სპეციალური ნაგებობები- თხრილები, ხის სასიმაგრო კედლები, კოშკები, მიწაყრილები; გააჩნდათ იმ დროისათვის მოწინავე რკინის იარაღი: შუბი, სატევარი, ცული, მშვილდ-ისარი; ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები: ფარი, მუზარადი, ჯავშანი; ფლობდნენ საომარ ხერხებს: სწრაფი იერიში, გადაჯგუფება, რელიეფის მოხერხებულად გამოყენება; იყვნენ ბრძოლაში მამაცნი, მოხერხებულნი და შეუპოვარნი (იხ. ანაბასისიIII-V). ძვ.წ.401წელს კოლხთა და ბერძენთა ჯარის შერკინების შესახებ, სამხედრო საქმის კარგი მცოდნის, ამ ომში ბერძნების მხედრობის ერთ-ერთი მეთაურის, ქსენოფონტის წერილობითი აღწერაა შემონახული. კერძოდ, ეს ბრძოლა კოლხეთის სამფლობელოების საზღვართან, მაღლობზე მომხდარა. ამ მაღლობის ტრადიციული ბერძნული ფალანგით (ბერძენთა ჯარის მთავარი ტაქტიკური დანაყოფი) აღება რთული, მთაგორიანი რელიეფის გამო მარტივი არ იქნებოდა. მთაგორიან ადგილზე ფალანგის ქვეითთა მწკრივები უთუოდ აირეოდა და დამარცხდებოდა. ამიტომ ბერძენთა ჯარის სარდლობის (სტრატეგოსები - ქსენოფონტი, ხეირისოფოსი, ესქინე აკარნანელი, კლეანორე ერქომენელი) გადაწყვეტილებით "ფალანგა" დაყვეს ცალ-ცალკე ასეულებად - ლოხებად (დაახლოებით 80-მდე) და ისინი ფრონტალურად ცალ-ცალკე დააწყვეს მოწინააღმდეგის განლაგების მთელ პერიმეტრზე. ეს მოხდა იმდაგვარად, რომ კოლხების წყობის ხაზს სჭარბობდა, რაც შემდგომ ფლანგებიდან შეტევის საშუალებას მისცემდათ. ლოხების ერთი მეორისაგან დაცილებული მწკრივის წინ განალაგეს სამი (თითოეულში 600-მდე მსუბუქად შეიარაღებული მეომარი- პელტასტი) მობილური, სწრაფი დანაყოფი. ამ ჭარბმა ძალებმა იერიში მიიტანეს მაღლობზე მდგარ კოლხთა განლაგებაზე და შეუპოვარი ბრძოლის ფასად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე აიღეს. ამ ბრძოლის შედეგად ბერძნები კოლხების ქვეყანაში შეიჭრნენ და შავი ზღვისაკენ გზა გაიკაფეს. შემდეგ ისინი სანაპიროზე, კოლხების ქვეყანაში, ქალაქ ტრაპეზუნტში შევიდნენ (იხ. ანაბასისიIV-VIII, 17-19,22). კოლხების სამხედრო ხელმძღვანელობას ეტყობა დაზვევრვის ცნობები ჰქონდა ბერძენთა საომარი გადაადგილების შესახებ. ამიტომ კოლხთა ლაშქარი საბრძოლველად მზად იყო და კოლხების საზღვართან სტრატეგიულ მაღლობებზე იდგა. ეს ადგილი აღმოსავლეთ პონტოს და ლაზეთის მთიანეთში უნდა ყოფილიყო (ახლა მდებარეობს თურქეთში). კოლხები მართებულად მოიქცნენ, როცა სტრატეგიულ სიმაღლეზე განალაგეს თავისი მხედრობა. კოლხთა ძირითადი დანაყოფის სპეციალურ წყობას, სამხედრო საქმის კარგმა მცოდნემ, ბერძნების მხრიდან ამ ბრძოლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა "ფალანგა" უწოდა (იხ. ანაბასისი IV,VIII,17) ანუ "კოლხური ფალანგა". ბერძენთა ჯარის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად ჩათვალა კოლხთა ლაშქრის ხელსაყრელი სტრატეგიული პოზიცია და ტაქტიკური წყობა. ამის გამო ბერძნებმა ბრძოლის ტრადიციული ტაქტიკა შეცვალეს. ეს კი იმის მოწმობა უნდა იყოს, რომ "კოლხური ფალანგა" საკმაოდ საშიში ძალა იყო. ბერძნულ-დორიულ ფალანგას (იხ.Жмодиков, 1998,გვ.89) მძიმედ შეიარაღებული (მახვილებით, შუბებით, ფარებით, მუზარადებით, საბარკულებით, ჯავშნებით) მეომრების, ჰოპლიტების, მწკრივებად (დაახლოებით 15) დალაგებულ მწყობრს უწოდებდნენ, რომელიც მთელ ხაზზე იყო განლაგებული. ფალანგა ბერძენთა ჯარის ძირითადად ტაქტიკურ დანაყოფს წარმოადგენდა და სწორ რელიეფზე მოქმედებისას შემჭიდროვებულ დამრტყმელ ფრონტის ხაზს ქმნიდა, რაც მას მრისხანე ძალად აქცევდა (იხ. ჩონნოლლყ,1988, გვ.41-51). ფალანგის მწკრივების სისწორისათვის აუცილებელი იყო ფეხაწყობილი სიარული, რაც მკაცრი წვრთნით, დისციპლინით და მუსიკალური საკრავებით ტაქტის დაცვით მიიღწეოდა. ბერძნულმა სამხედრო წყობამ - ფალანგამ, იმ ეპოქაში არაერთხელ ნათელყო უპირატესობა ცალკეულ ჯგუფებად მოქმედ მეომრებთან შედარებით. ძვ.წ. 401წელს მომხდარი ბრძოლის დროს, როგორც ამას ბერძენთა ერთ-ერთი სარდალი, ქსენოფონტი გადმოგვცემს, კოლხების ფალანგა ბერძნების შეტევისას სწრაფად, მწყობრად ორად გაიყო. ამის შედეგად ფალანგის ერთი ნაწილი მარჯვნივ, ხოლო მეორე მარცხნივ გადაჯგუფდა. ამ ქმედებით კოლხების ხელმძღვანელობამ გარკვეული მანევრი ჩაატარა. მათ ფალანგის ცენტრალური ნაწილის გახსნით ისეთი მდგომარება შექმნეს, რომ ბერძნები შეეტყუებინათ და შემდგომ ფლანგებიდან აპირებდნენ შეტევას. მოცემული მანევრით კოლხებმა თავიდან აიცილეს ბერძნების ლოხებისაგან გარშემოვლის საშიშროება. კოლხებმა ტაქტიკურად სწორი მანევრი განახორციელეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ბერძენთა მებრძოლების რიცხობრივმა სიმრავლემ ითამაშა. ისინი 10.000-მდე იყვნენ. ზემოხსენებული, კოლხთა ფალანგის მანევრი, მათი წინასწარ სტრატეგიულ სიმაღლეზე განლაგება, იმის მაჩვენებელია, რომ კოლხებს სამხედრო საქმე არც თუ ცუდად ჰქონდათ დაყენებული. ჩანს, ისინი ბერძნულ, იმ დროისათვის მოწინავე სამხედრო ხელოვნებასაც კარგად იცნობდნენ. კოლხების და ბერძნების ბრძოლის ამბავს ქსენოფონტი მოკლედ შემდეგნაირად გადმოგვცემს: "როდესაც მოწინააღმდეგემ (ბერძენი მეომრები) შენიშნა; ისინი (კოლხი მეომრები) გამოემართნენ მათკენ და ამის მერე გაიშალნენ ნაწილი მარჯვნივ, ხოლო ნაწილი - მარცხნივ; ამგვარი გადაჯგუფებით თავისი ფალანგის ცენტრში ფართე დერეფანი შექმნეს" (ანაბასისი, IV,VIII,17). თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კოლხებმა ჯერ კიდევ ძვ.წ. 401წ. ზემოხსენებულ ბრძოლაში, მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების წინააღმდეგ, ე.წ. ქიმიური იარაღის მაგვარი რამ გამოიყენეს. კერძოდ, როცა ბერძენმა ჯარისკაცებმა აიღეს კოლხების დასახლებული პუნქტები და იქ შევიდნენ, ადგილობრივებმა იქ დატოვეს სპეციფიკური თაფლი. ბერძენ "მეომართაგან ყველამ ვინც კი თაფლის ფიჭა შეჭამა, გონება დაკარგა, აღებინა, კუჭი აეშალა და არც ერთს ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. ისინი ვინც ცოტა ჭამა მაგრად მთვრალებს ჰგვანდნენ, ხოლო ვინც ბევრი - შეშლილებს ან მომაკვდავებს. უმრავლესობა ეყარა ისე, როგორც დამარცხების შემდეგ ბრძოლის ველზე" (ანაბასისი IV,8,20-21). კოლხი მებრძოლების ამ ტაქტიკურმა ფანდმა ბერძენი მეომრები მწყობრიდან გამოიყვანა და მათი შეტევა რამდენიმე დღით შეაჩერა. სპეციფიკური თაფლის საომარი მიზნით გამოყენება წერილობით წყაროებში აგრეთვე ძვ.წ. Iს-შია დადასტურებული. ეს ამბავი დაახლოებით იგივე ადგილებში მოხდა. კერძოდ, რომაელ სარდალს პომპეუსს "...ამოუწყვიტეს სამი სპეირა (დაახლოებით 350 მეომრიანი რაზმი), რომლებიც მოძრაობდნენ ამ მთებში. მათ (მეომრების) გზებზე ფართოპირიანი ჭურჭელით დადგეს გამაცოფებელი თაფლი," რომაელმა მეომრებმა "...შეჭამეს ის და გაცოფდნენ; მაშინ მათ თავს დაესხენ და ადვილად დახოცეს" (იხ. სტრაბონიXII,III,18). ასევე ე.წ. ქიმიურ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს სპეციფიკური შხამიანი ისრები. კერძოდ, სპეციალური მომწამვლელი ნივთიერებით დაფარული ისრისპირები, რომლის მოხვედრის შემთხვევაში მოწინააღმდეგის მეომრები მცირე ჭრილობითაც სწრაფად იღუპებოდნენ(სტრაბონიXI,II,19). შემდგომ, კოლხეთში სამხედრო მოქმედებების დროს გამოიყენებოდა "მედეას ზეთი," ნავთობიც (იხ. გამყრელიძე, 2001,გვ.26-32) და სხვა კომპონენტები, რომელიც თანამედროვე "ნაპალმს" ჰგავდა თავისი მოქმედებით (იხ. პროკოპი, BG,VIII,11,36-40). სამხედრო საქმის განვითარების გარკვეულ დონეზე მიუთითებს ალბათ ისიც, ძვ.წ. 400წლებში მოიხსენიებიან ქართველური წარმომავლობის მეომრები, რომლებიც აქემენიდთა ირანის სახელმწიფოს ჯარში მოქირავნეებად მსახურობდნენ - "... ტირიბაზს ყავს ჯარი და მოქირავნეები: ხალიბები და ტაოხები" (ანაბასისიIV,4,18). ისინი ომობდნენ გასამრჯელოსათვის და, ბუნებრივია, პროფესიონალი მეომრები იყვნენ; ისევე, როგორც ქსენოფონტის ბერძენი მეომრები, რომლებიც უფლისწულმა კიროსმა დაიქირავა. შესაძლოა მოქირავნეებზევეა ლაპარაკი ჰეროდოტესთანაც, როცა ის აღწერს ირანის მეფე ქსერქსეს მიერ, ძვ.წ. 480წელს საბერძნეთში ლაშქრობას (ისტორია VII,53-79). ძვ.წ. IVს.-ში წინა აზიაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა. აქემენიდთა ირანის იმპერია ალექსანდრე მაკედონელის ბერძენ-მაკედონელთა ძლიერ არმიასთან ბრძოლებში დაემხო. ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეობის შედეგად ხმელთაშუაზღვიდან მდ. ინდამდე სამყარო შეიცვალა (იხ. Шахермайр,1986; Левек,1989; Шлюмберже,1985; Эллинизм,1990). ალექსანდრე დიდის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიისათვის დამახასიათებელი იყო _ მოწინააღმდეგის რესურსების და სამხედრო ძალების წინასწარი ყოველმხრივი შესწავლა-დაზვერვა; ახალი სამხედრო ტაქტიკა (ე.წ. მაკედონური ფალანგა) და ტექნიკა (ინდივიდუალური შეიარაღება და საალყო მანქანები); ზურგის საიმედო მომარაგების და კომუნიკაციების უზრუნველყოფა; მოწინააღმდეგის მთავარი ძალის განადგურებისაკენ სწრაფვა; სტრატეგიული ჩანაფიქრის სისტემური, თანმიმდევრული და მიზანსწრაფული განხორციელება. ძვ.წ. 334წელს მცირე აზიაში ომისთვის ალექსანდრე მაკედონელს კარგად ორგანიზებული და მკაცრად დისციპლინირებული 48.000-იანი რეგულარული არმია ჰყავდა მომზადებული (იხ. პლუტარქე, ალექსანდრე მაკედონელი, 15). მისი არმია შედგებოდა - შეიარაღების მიხედვით: მძიმე, საშუალო და მსუბუქი ქვეითებისაგან და მხედრებისაგან. ამგვარი, ახალი ორგანიზაციული დაყოფა, მთლიანობაში არმიის ტაქტიკური მანევრების საშუალებას მკვეთრად ზრდიდა. მძიმედ შეიარაღებული ქვეითები და მხედრები ელიტურ დანაყოფებს წარმოადგენდნენ. ალექსანდრეს არმიის მთავარი დანაყოფი "მაკედონური ფალანგა" იყო, რომელიც 15-დან 20-მდე მწკრივისაგან შედგებოდა. პირველი მწკრივის მეომრების შუბებს უკანა მწკრივის გრძელი შუბებიც ემატებოდა. ამგვარად, შუბის წვერების მრისხანე კედელი იქმნებოდა. ფალანგის წინ მსუბუქად შეიარაღებული მობილური ჯგუფები მიდიოდნენ, ხოლო ფლანგებს მძიმედ შეიარაღებული მხედრები უმაგრებდნენ; არიერგარდში მსუბუქად შეიარაღებული მხედრები მოძრაობდნენ (იხ.ჩონნოლლყ,1988,გვ.64). აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთი რაოდენობის და ტაქტიკური დანაწილების არმიისათვის, ალბათ, ძნელი იქნებოდა მთაგორიანი რელიეფის მქონე ქვეყანაში წარმატებული მოქმედება (მაგ. კავკასიაში). ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რატომაც ალექსანდრე მაკედონელს, პირადად, კავკასიაში არ ულაშქრია. მაგრამ აქ, შესაძლოა, მაკედონელების მხარდაჭერით სამხრეთ-დასაავლეთ ტრანსკავკასიის ერთ-ერთმა ქართველური გაერთიანების (მაგ. არიან ქართლის) ხელმძღვანელმა, პატრიკმა აზონმა ილაშქრა (იხ. ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.17-18; აქ დასახელებული ციხე-ქალაქების უმეტესი ნაწილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად სადღეისოდ დოკუმენტურად არის დადასტურებული). აზონს დაუპირისპირდა მცხეთელი წარჩინებული ფარნავაზი თავისი მომხრეებით, რომელიც აგრეთვე გარკვეულწილად უცხო ძალას დაეყრდნო. ამ დაპირისპირებას აზონის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. ფარნავაზს შეუკავშირდა კოლხეთის (რესპ. ეგრისის) გავლენიანი წარჩინებული პირი - ქუჯი და აზონის წინააღმდეგ საომარი სამზადისი დაიწყეს. ალბათ მათ აზონის მკაცრი პოლიტიკით უკმაყოფილო სხვა წარჩინებული მხედრებიც მიიმხრეს და უცხო ტომის ხალხსაც უხმეს; ამით "განიმრავლეს სპანი" და "ეგრისით შეკრიბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს აზონს" (ქ.ც., გვ.23). ჩანს, კოლხეთი ფარნავაზის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. აზონის და ფარნავაზ-ქუჯის შეიარაღებულ მომხრეთა შორის შეტაკება-საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული ნგრევის მოწმობაა ალბათ საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებული ძვ.წ. IVს. მიწურულის გადამწვარი ნამოსახლარები. ასეთი დანგრეულ-გადამწვარი ნამოსახლარები არქეოლოგების მიერ შესწავლილია - სოფ. მთისძირში, ადეიშვილების გორის გამაგრებული სამოსახლო; სოფ. ვარციხესთან ვარდიგორა; ვანის ნაქალაქარზე - ე.წ. თეთრი შენობა და 211, 193 ნაკვეთების ძელურბათქაშიანი ნაგებობა; სამადლოს (იხ. Гагошидзе,1979), ციხიაგორას, ურბნისის (იხ. ჭილაშვილი,1968,გვ.35-37) გადამწვარი სასიმაგრო ნაგებობები (იხ. გამყრელიძე, 2002, გვ.37-38, 111-121). წერილობით წყაროებში ასახულ ამ საომარ პერიპეტიებში აშკარად ჩანს ალექსანდრე მაკედონელის ბერძენ-მაკედონელთა იმპერიის და მისი მემკვიდრეების აგრესიული ინტერესები კავკასიაში. ამ ინტერესებს ისინი ადგილობრივი წარჩინებულის, კლარჯი აზონის ხელით ახორციელებდნენ. აზონიც და ფარნავაზ-ქყჯიც ურთიერთ ქიშპისას იყენებდნენ გარეშე სამხედრო ძალებს (ე.წ. საგარეო ფაქტორი). როგორც ჩანს, ალექსანდრეს სარდლები აქტიურად ერეოდნენ იბერიელ წარჩინებულთა პირველობისთვის ბრძოლებში. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ, რომ თავისი ზეგავლენა წინა აზიის უკიდურეს ჩრდილოეთით – ტრანს-კავკასიაში გაევრცელებინათ. ძვ.წ.IIIს-ის დასაწყისში ფარნავაზმა მოახერხა მთელი ქართლის და კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება. მან საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანების სამეფო დინასტიას. წერილობითი წყაროები მას მიაწერს იბერიის სამეფოს სამხედრო ორგანიზაციის რეფორმებს. მეფე ფარნავაზმა სახელმწიფო სამხედრო-ადმინისტრაციულ პროვინციებად (საერისთავოებად) დაყო, რომელთა სათავეში საერო და სამხედრო ხელისუფლებით აღჭურვილი, ერთგული წარჩინებულები დააყენა (ქ.ც.,გვ.24-26). ქართულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობები, რომლის მიხედვითაც აზოს და შემდგომში ფარნავაზის დროს (ძვ.წ.IVს-ის ბოლო -IIIს-ის დასაწყისი) კოლხეთის ნაწილი იბერიის სამეფოს ფარგლებშია მოქცეული, სანდოდ გამოიყურება. ამ დროისათვის კოლხეთის სამეფო დასუსტებულია და ვეღარ უძლებს შემოსევებს. ჯერ აღმოსავლეთ, ხოლო შემდეგ შიდა კოლხეთზეც ვრცელდება იბერიის პოლიტიკური გავლენა. ამას მხარს უბამს დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური მონაცემები (იხ. ლორთქიფანიძე, 1972,გვ.40). საისტორიო ტრადიციის მიხედვით, იბერიის მეფე ფარნავაზმა ეგრისის საერისთავო დაუმტკიცა ქუჯის, რომელიც, როგორც ჩანს, ადრეც ფლობდა კოლხეთის ნაწილ ტერიტორიას. ახლა ფარნავაზმა მას ტერიტორიები გაუფართოვა, სამეფო ხელისუფლების ადმინისტრაციული უფლებებიც უბოძა; და გააყოლა ცოლად და ამით სამეფო დიდმოხელედ აქცია. საყურადღებოა, რომ რვა ერისთავიდან საისტორიო წყაროში მხოლოდ ქუჯია მოხსენიებული (იხ. ქ.ც.,1955, გვ.24). ქუჯი წარმომავლობით არისტოკრატიული გვარიდან იყო და ქართლის მეფის ხელისუფლებისათვის ბრძოლაში წვლილი მიუძღოდა. ამრიგად, თვალშისაცემია, რომ საომარი ფაქტორი მნიშვნელოვან, ზოგჯერ გადამწყვეტ როლს თამაშობდა კოლხეთ ისტორიული განვითარების პროცესში. იბერიის სამეფოსთან კოლხეთის ნაწილის ინკორპორაციამ კოლხეთის სამეფოს დაშლა და პოლიტიკური სტატუსის შეცვლა გამოიწვია. წერილობითი და არქეოლოგიური წყაროებიდან ჩანს, რომ კოლხები კარგად ფლობდნენ მაშინდელი საომარი საქმის ძირითად ელემენტებს. მათ იცოდნენ და წარმატებით იყენებდნენ ტაქტიკურ ხერხებს _ სწრაფ იერიშს, გადაჯგუფებას, რელიეფის მოხერხებულად გამოყენებას, ისინი ომში მამაცნი, მოხერხებულნი და შეუპოვარნი იყვნენ. ყოველივე ამის განსახორციელებლად კი მათ, შეტევის და თავდაცვის, იმ დროისათვის მოწინავე შეიარაღება ჰქონდათ.
|