კულტურა
imedi / 22 თებერვალი 2018, 17:19 / სანდო წყარო
სოფელ კალაურის ტაძარში ნაპოვნი სამარხი კვირიკე III-ის არ აღმოჩნდა
სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი
ფოტო: კახა კუპატაძე
წინა სტატია
გურჯაანის სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღმოჩენილი სამარხი კვირიკე III-ის არ აღმოჩნდა.
imedinews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, განსასვენებელი კახეთ-ჰერეთის მეფის ქალწულს, დედოფალ ელენეს ეკუთვნის.
ამ მონაცემებს ის სპეციალისტები ადასტურებენ, რომლებმაც ასომთავრულად დატანებულ წარწერას რამდენიმე კვირის განმავლობაში დეტალურად სწავლობდნენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ წარწერის თითქმის ნახევარი დაზიანებულია ამიტომ მთლიანი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია.
,, წარწერა შევიწავლეთ , გავაკეთეთ მისი ასლები და ორიგინალური ტექსტი ისე გადმოვიტანეთ, რომლის დაახლოებით 40% ძალიან დაზიანებულია, ამიტომ ერთიანი ტექსტის გააზრება შეუძლებელია. თუმცა გარკვეული მონაცემები გვეუბნება, რომ აქ კვირიკე მეფე არ უნდა იყოს გარდაცვლილი , მართალია მასზე საუბარია , თუმცა სამარხი მის ქალიშვილს ელენე დედოფალს ეკუთვნის. წარწერა პალეოგრაფიული მონაცემებით XI-ე საუკუნის დასაწყისისკენ მიდის. ჩვენ ვიცით, რომ რანთა და კახთა მეფე, რომელიც აქ არის მოხსენიებული იყო კახურ სამეფო გვარში ორი: ერთი კვირიკე , რომელიც კვირიკე დიდად იყო წოდებული და ცხოვრობდა XI-ე საუკუნის დასაწყისში, ხოლო მეორე კვირიკე, რომელიც XI-XII-ის დასაწყისში მოღვაწეობდა. აქ საუბარია სწორედ კვირიკე დიდზე. აღასანიშნავია, რომ ასული ელენეს ცნობას სხვა წყაროებში, სამწუხაროდ, არ ვხვდებით. ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ მეფეს ვაჟიშვილი არ ჰყოლია. " - ამბობს ხელოვნებათმცოდნე.
სამარხზე კიდევ რამდენიმე მინიშნებაა. მაგალითად ,,ვინმე " დემეტრე, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით, სამეფო გვარიდან არის და ის დემეტრე უფლისწულის - ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი I-ის შვილი უნდა ყოფილიყო. ამ ვარაუდით, სწორედ მას ჰყავდა ცოლად კვირიკე III-ის ქალწული, დედოფალი ელენე.
"ვინმე" დემეტრე მაღალი სტატუსის, სავარაუდოდ, სამეფო გვარიდან უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდში კი მოღვაწეობდა დემეტრე უფლისწული - ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი I-ის შვილი( მეორე ცოლისგან ალდე დედოფლისგან) . განსასვენებელზე მინიშნებას ვკითხულობთ, სადაც საუბარი წყევლაზე იმ პირის მიმართ, ვინც სამარხს გახსნის"- აცხადებს სპეციალისტი.
კვირიკე III-ის სამარხის აღმოჩენის შესახებ პირველად ინფორმაცია გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. განსასვენებელი მონასტრის რეაბილიტაციის დროს აღმოაჩინეს. საპატრიარქომ კი მის გახსნაზე ჯერჯერობით უარი განაცხადა.
კვირიკე III-ის მოღვაწეობა (1010-1037 წწ) კახეთ-ჰერეთის გაერთიანებას უკავშირდება, რის გამოც მან მეფის ტიტული მიიღო, სამეფო კი ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო და დედაქალაქად თელავი გამოაცხადა. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. ისტორიული ცნობებით, თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III ოსმა მონამ მოკლა.
* * *
http://reginfo.ge/people/item/2242-sopel-k...avi-agmoachinesსოფელ კალაურში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს
16:02 - 25 აგვისტო 2017 hits 1929
211 0
სოფელ კალაურში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს. საფლავს გუშინ, ტაძრის გაწმენდითი სამუშაოების დროს მიაკვლიეს.
იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მე-9 საუკუნით თარიღდება და დასახლებული პუნქტიდან 4-5 კილომეტრის მოშორებით, კვირიკეს მთის ძირში მდებარეობს.
„ჩამოშლილი კირის და მიწის ფენა გაგვქონდა, როდესაც სამარხი გამოჩნდა. საფლავის ქვაზე დატანილია წარწერა, რომელსაც სპეციალისტები სწავლობენ. თუმცა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ზედ წერია, რომ აქ განისვენებს კვირიკე რანთა და კახთა მეფე. ამ დრომდე კვირიკე მესამის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. სამარხი მთავარი ტაძრის მარჯვნივ, სამხრეთ სამლოცველოში მდებარეობს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტაძრის სწორედ ამ ნაწილში იკრძალებოდნენ მეფეები“, - ამბობს კალაურის ეკლესიის მოძღვარი მამა ილია ჯანიაშვილი.
მისივე თქმით, XI საუკუნეში, კვირიკე III-ის მეფობის დროს, ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დიდი მონასტრის ნაწილი იყო. ტაძრის გარშემო გალავნის და შენობის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ სატრაპეზო ან საგანმანათლებლო ცენტრი უნდა ყოფილიყო. აღმოჩენილია უძველესი საძვალეც.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ეკლესიის რესტავრაცია დაახლოებით სამი წელია მიმდინარეობს. ძეგლს მეცნიერი თამაზ დვალი სწავლობს.
კვირიკე მესამე კახეთ-ჰერეთის მეფე იყო 1010-1037 წლებში. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. მანამდე კახეთის მთავრებს ქორეპისკოპოსები ერქვათ. კვირიკემ სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ: რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის. სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. აღსანიშნავია, რომ კვირიკე III-ის მმართველობის დროს, ალავერდის მონასტერში ძველი პატარა ეკლესიის ადგილას დღეს არსებული წმინდა გიორგის ტაძარი აშენდა.
ისტორიულ წყაროებში კალაური პირველად 1392 წელს საკათალიკოსო სოფლების ნუსხაში გვხვდება.