კავკასიის დიდი კედელიკავკასიის დიდი კედელი — თავდაცვითი დანიშნულების ძეგლი ისტორიულ ჰერეთში. ხალხური გადმოცემით, აღნიშნული კედელი აგებულია
თამარ მეფის მიერ (XII ს). მკვლევართა შორის ჯერ კიდევ არ არის მტკიცედ დადგენილი აზრი ამ ძეგლის დათარიღების შესახებ. X საუკუნის არაბი
მოღვაწე იბნ-ალ ფაკიხი კედლის მშენებლობას ხოსრო I ანუშირვანს (531-578 წწ.) მიაწერს[1]. 1936 წელს ამ კედლის მიდამოებში გათხრები
აწარმოა ა. პოხომოვმა, მისი აზრითაც, იგი აგებული უნდა იყოს სასანიდების მიერ (V - VII ს.).
ყველაზე კარგად კავკასიის დიდი კედლის ნაშთები შემორჩენილია ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში, მაგისტრალური გზის მარცხენა მხარეს სოფ. კატეხთან. ზოგიერთ ადგილებში კედლის სისქე 150 სმ. აღემატება, სიმაღლე - 250 სმ. აგებულია რიყისა და კაჭარის ქვისაგან კირის მოჭარბებულ ხსნარზე, ისე როგორც აფხაზეთის დიდი კედელი.
აღნიშნული ძეგლის ნაშთების არსებობა ძალზე შორს აღწევდა, (დაწყებული ლაგოდეხიდან ნუხამდე), მაგრამ თანდათანობით დანგრევამ და მოსახლეობაში
სახლების მშენებლობისათვის და გზების გასაყვანად მისმა გამოყენებამ ამ კედლის კვალი ბევრგან წაშალა. კედლის სისტემაში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა ყოფილა ჩართული - კოშკები, სამლოცველოები, საცხოვრებლები და სხვ. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობის ნაშთი დარჩენილია დღემდე მდ. მაწის წყლიდან ოცდამეშვიდე კილომეტრზე. ამ ნაგებობას გეგმაზე წესიერი წრეხაზის მოხაზულობა აქვს, რომლის შიგა დიამეტრი 36 მ-ია. კედლის სიმაღლე ამ ცილინდრული „კოშკისა“ 240 სმ უდრის, სისქე - 120 სმ. აღნიშნული ცილინდრული ნაგებობის შიგა სივრცე გამოყენებულია სამეურნეო დანიშნულების ეზოდ.
***
კავკასიის დიდი კედელი ანუ საინგილოს გრძელი გალავანი(V-VI სს ?)
https://www.dzeglebi.ge/dzeglebi/k/kavkasii...idi_kedeli.html1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
გალავანი, სწორკუთხა ნაგებობა, სამლოცველო, ციხე-გალავანი.
2. მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია
ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე წარსულში მდებარეობდა ჩინეთის კედლის მსგავსი ორი საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობა: საინგილოს ტერიტორიაზე კავკასიის დიდი კედელი, ანუ საინგილოს გრძელი გალავანი, (სიგრძე 150 კმ) და დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის დიდი გალავნის ანუ კელასურის დიდი კედელი.
3. ადგილმდებარეობა
კავკასიის დიდი კედელი მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებში – სოფ. კატეხისა
და სოფ. მაწეხის ახლოს, ლაგოდეხ–ზაქათალას მაგისტრალური გზის მარცხენა მხარეზე.
4. რუკა

5. ისტორიული მიმოხილვა
კავკასიის დიდი გალავნის დათარიღების შესახებ მკვლევართა საერთო აზრი ჯერ კიდევ არაა დადგენილი. უცხოელ მწერალთა და მოგზაურთა უძველეს წერილობით წყაროებში ამ ძეგლის დათარიღების შესახებ რაიმე პირდაპირი მითითება არ მოიპოვება, გარდა X საუკუნის არაბ მოღვაწეს იბნ–ალ–ფაკიხსა, რომელსაც აღნიშნული აქვს, რომ "...სასანიდმა ხოსრო I ანუშარვანმა 531–578 წლებში აღაშენა ალბანების მიწაზე ამბვაბი შქი და ამბვაბი.“... როგორც ცნობილია, არაბი გეოგრაფები "ამბვაბს" უწოდებდნენ მთის ხეობებში გასასვლელ კარებს, მაგრამ აქ ზუსტად არ არის მითითებული იგი ნამდვილად ეხება თუ არა "კავკასიის დიდი გალავნის" "აღშენებას".
ანალოგიური ცნობა მოცემული აქვს X საუკუნის სომეხ ისტორიკოსს კალანკატუელს, სადაც წერია, რომ "სპარსელთაგან დადგენილ მთავარმმართებელმა ალბანიისამ (ანუშირვანმა) ნახა, რა დაემართა გასაოცარ კედელზე მდგომარე ჯარებს, კედლის ასაშენებლად კასპიის ზღვისა და კავკასიის მთის შუა, სპარსეთის ხელმწიფეებმა შეაწუხეს ალბანია და მოღალეს ხალხი ხუროთმოძღვრების ძებნითა და მასალის ზიდვითა.
1936 წელს ამ კედლის მიდამოებში გათხრები აწარმოა ა. პოხომოვმა, მისი აზრითაც, იგი აგებული უნდა იყოს სასანიდების მიერ (V - VII ს.).
ი. ადამიას აზრით, კავკასიის დიდი კედელი აშენებული უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, სახელდობრ „26 ენაზე მოლაპარაკე ტომების“ მიერ, ჯერ კიდევ ადრე ფეოდალურ ხანაში დაახლოებით V–VI საუკუნეების მიჯნაზე.
დამოწმებული ამონაწერიდან აშკარად ჩანს, რომ ალბანეთში (ჰერეთში) არსებობდა რაღაც "გასაოცარი კედელი" რომლის ასაგებად საჭირო "მასალის ზიდვითა" და მშენებელ სპეციალისტთა (ხუროთმოძღვართა) ძებნით ხალხი ძლიერ მოქანცულა. აქვე მითითებულია აღნიშნული კედლის გეოგრაფიული მდებარეობა. კასპიის ზღვისა და კასპიის მთის შუა ტერიტორია , რომელიც დაახლოებით მოიცავს თანამედროვე საინგილოს ტერიტორიაზე" კავკასიის გრძელი კედლის" დღემდე დარჩენილი ნაშთების ადგილმდებარეობას.
ამ ძეგლის შესახებ (პირდაპირი მნიშვნელობით) არაფერია ნათქვამი "ქართლის ცხოვრების" ფურცლებზე, არც ვახუშტი ბაგრატიონი გვაწვდის მასზე რაიმე ცნობას.
თვით სახელწოდება "დიდი ანუ გრძელი კედელი" იმაზე მიუთითებს, რომ იგი დიდ მანძილზე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული–ნუხიდან მოყოლებული, საბუემდე, რაც დაახლოებით 150 კმ-ს შეადგენს. მისი ანალოგიური კედლის ე. წ. აფხაზეთის დიდი გალავნის ანუ კელასურის კედლის სიგრძე, დიუბუა დე მონპერეს გადმოცემით, 160 კილომეტრს უდრიდა.
საყურადღებოა ხანდაზმული ინგილოების გადმოცემა, – დედოფალ ფერის, აქ ჰქონია სასახლე. იგი განაგებდაო ქვეყნის საქმეებს. მას ჩვენი ადგილ – მამულები შემოუზღუდავს ქვის გალავნით. სანამ ფერი ცოცხალი ყოფილა, მტრებიც დაჩოქილი ჰყოლია, მაგრამ ფერის შემდეგ მტრებს ჩვენები გალავნიდან გადაურეკიათ. გალავანი დაუნგრევიათ და ჩვენი მამა–პაპის ადგილებს თვითონ დაჰპატრონებიან. ეს გალავანი (ზღუდე) გაჭიმული ყოფილა კასპიამდე (კასპიის ზღვამდე) და დარუბანდის ციხე–სიმაგრის გალავანს უერთდებოდა. როგორც ირკვევა, ახალი პერიოდის პუბლიკაციების ავტორების უმრავლესობა ძირითად ცნობებს "გრძელი კედლის" მშენებლობის შესახებ ხალხური ზეპირი წყაროებიდან იმოწმებს.
ამ თქმულებების საფუძველზე ზოგიერთი ავტორი თამარ მეფის მოღვაწეობის ხანის ფაქტებს იშველიებს და გალავნის მშენებლობის თარიღსაც 1184 და 1212 წლებს უკავშირებს.
ყველაზე კარგად ამ კედლის ნაშთები ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებში – სოფ. კატეხისა და სოფ. მაწეხის ახლოსაა შემორჩენილი.
ძეგლის ნაშთების კვალი დიდ მანძილზე შეინიშნებოდა დაწყებული ლაგოდეხიდან ნუხამდე, მაგრამ თანდათანობითმა ნგრევამ და მოსახლეობაში სახლების მშენებლობისათვის და გზების გასაყვანად მისმა გამოყენებამ ამ კედლის კვალი ბევრგან წაშალა. სამწუხაროდ ეს კედელი, როგორც უნიკალური ძეგლი, არასოდეს ყოფილა დიდი გულშემატკივრობით დაცული; განსაკუთრებით მისი დიდ სიგრძეზე დანგრევა დაიწყო 1910 წელს,.... გზის იჯარადარმა, რომელიც წამხდარ გზას ანახლებდა, სანახევროდ დაარღვია იგი და მასალად გამოიყენა.“
მოხვეული გზის გასწორებისას 1954 წელს. სოფ. კატეხის ბოლოს მდ. მაწის ანუ მაჭის წყლიდან (მაზმიჩაიდან) იქ, სადაც ოცდამეშვიდე კილომეტრის მაჩვენებელი ნიშანსვეტი დგას, გზის რეკონსტრუქციის დროს უყურადღებობამ იმსხვერპლა აღნიშნული "გრძელი კედლის" სისტემაში ჩართული სათავდაცვო დანიშნულების უზარმაზარი ცილინდრული ნაგებობის კედლების ერთი მესამედზე მეტი, რომელიც ა. ასპახოვას მიდამოზე ყოფილა დაცული.
ყველაზე გამანადგურებელი საფრთხე, მაინც მის საშენ მასალად გამოყენება იყო, საუკუნეების მანძილზე იგი გადაქცეული იყო საშენი რიყის "კარიერად".
გამოურკვეველია, თუ როდის დაკარგა "კავკასიის დიდმა კედელმა" თავისი თავდაცვითი მნიშვნელობა, რომელ საუკუნეში დაიწყო ამ გრანდიოზული ნაგებობის ხელყოფა, მისი რღვევა.
ჯერ კიდევ 120 წლის წინათ ამ საკითხებისათვის ყურადღება მიუქცევია ბესტუჟევ–მარლინსკის,, ძველი ჰერეთის ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს. იგი წერდა; "საინტერესოა, საით მიიმართებოდა ან სადამდის აღწევდა ეს კედელი? როდის დაიწყო მისი გატაცება სოფლის ასაშენებლად? აი კითხვები, რომელთაც, ალბათ ვერასოდეს ვერ მოვფენთ ნათელს".
არსებობს გადმოცემა, თითქოს ამ კედლისათვის საჭირო საშენი ქვა კასპიის ზღვიდან მოჰქონდათ, მაგრამ ეს აზრი უსაფუძვლოა, რადგანაც არ ჩანს ის ზღვის ნიჟარები, რომლებიც დამახასიათებელია კასპიის ზღვის ნაპირის კენჭებისათვის".
"კავკასიის გრძელი კედლის" ასაშენებლად საჭირო რიყის ქვის ფანტასტიკური რაოდენობა (დაახლოებით 300მილიონი კუბ. მეტრი), როგორც ირკვევა, კავკასიონის სამხრეთი ფერდობებიდან ადიდებულ მდინარეებს ჩამოჰქონდათ.
ადგილობრივ მცხოვრებთა – მოხუცი ინგილოებისა და ლეკების გადმოცემით, ამ კედლის ნაწილები პირველ რევოლუციამდე (1905წ.) სოფ. კახის ახლოსაც ყოფილა დარჩენილი; მისი ნანგრევები ახსოვთ სოფ. კოხ–მოხთან, ნუხის აქეთ და ნუხის იქითაც, სოფ. მუხახთან და სხვ. ამ კედელში მრავალი სათვალთვალო კოშკი ყოფილა დატანებული.
ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში დაცულია ერთი მეტად საინტერესო თქმულება, რომ ამ კედელს კოშკები ჰქონია დატანებული, რომელთა მეშვეობით ხდებოდა სიგნალების გადაცემა. ხალხური გადმოცემით დარიალის კარიდან კასპიის ზღვამდე ამბის გადაცემას სულ 4 საათიც კი არ სჭირდებდა.
"კავკასიის კედლის" კომპლექსის – მთელი ანსამბლის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა ბესტუჟევ–მარლინსკის 135 წლის წინანდელი ფრიად მნიშვნელოვანი აღწერა. წარსულში "კავკასიის კედელი" ზოგიერთ ადგილას როგორც ჩანს დაუზიანებლად ყოფილა შემონახული. მას დაჰყვებოდა პატარ–პატარა კოშკები, რომლებიც ერთმანეთისაგან არათანაბარი მანძილით იყვნენ დაშორებული და ზომითაც არ იყვნენ ერთნაირი. საფიქრებელია, რომ ისინი მთავარ საგუშაგოებად იყვნენ განკუთვნილნი. მათში ინახავდნენ იარაღსა და სანოვაგეს. იქვე ცხოვრობდნენ ჯარის უფროსები და ომიანობის დროს იქვე იწვევდნენ ლაშქარს. კოშკების სიმაღლე იცვლება ნიადაგის უსწორმასწორობასთან დაკავშირებით და ციცაბო დაღმართებში იგი კიბისებურად დაბლდება. კოშკები ერთი არშინითაა კედელზე მაღალი. როგორც დამოწმებული ცნობებიდან ირკვევა, „კავკასიის კედლის“ სისტემაში დატანებულ მცირე ზომის კოშკებს სათვალთვალო (საგუშაგო) დანიშნულება ჰქონია; მტრის თავდასხმის შემთხვევაში მათი მეშვეობით ხდებოდა შორ მანძილზე საგანგაშო ნიშნების გადაცემა, რის გამოც ერთი კოშკიდან მეორის დანახვა და ხმის მიწვდენაც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო;
კავკასიის დიდი კედლის პირველი სასინჯი არქეოლოგიური გათხრები ჩატარებულ იქნა 1936 წელს. (პახომოვის ხელმძღვანელობით) ეს გათხრები არ ყოფილა დიდი მასშტაბისა, ამიტომაც ექსპედიციას არ უცდია აღნიშნული კედლის ტრასის მთელი სისრულით აღდგენა. იგი არ გასცილებია ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებს.



This post has been edited by Катеньки on 7 Mar 2021, 16:26
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.