ზიარი დმანისის შემდეგ შესაძლოა მეორე აღმოჩნდეს, სადაც პირველყოფილი ადამიანები ცხოვრობდნენ
პარასკევი, 07 ნოემბერი 2014 19:09
ზიარი დმანისის შემდეგ შესაძლოა მეორე ადგილი აღმოჩნდეს, სადაც პირველყოფილი ადამიანები ცხოვრობდნენგურჯაანის რაიონის სოფელი ზიარი დმანისის შემდეგ შესაძლოა მეორე ადგილი აღმოჩნდეს მთელს კავკასიაში, სადაც პირველყოფილი ადამიანები ცხოვრობდნენ. ზიარში ჩატარებული გათხრების მიხედვით ირკვევა, რომ ადამიანი, რომელიც იარაღებს ზიარის ტერიტორიაზე ამზადებდა, აქვე ცხოვრობდა და ნადირობდა. ზიარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ზიარში აღმოჩენილი ნივთების გამოკვლევის შემდეგ, შესაძლოა დმანისის აღმოჩენიდან შემდგომ ძეგლამდე არსებული შუალედი შეივსოს, რომელიც აქამდე გამოკვლეული არ იყო.
სოფელ ზიარშიარქეოლოგებმა პირველყოფილი ადამიანების სახელოსნოს გასული წლის 60-იან წლებში მიაკვლიეს. მისი შესწავლა ნაწილობრივ მაშინვე მოხდა და ახლაც გრძელდება. ზიარში არქეოლოგიური სამუშაოები 1 თვის წინ განახლდა. ტერიტორიაზე, ქვის ხანის (პალეოლითის) ორი ძეგლი ზიარი - I და ზიარი - II გაითხარა, რომლებიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. მეცნიერები პირველყოფილი ადამიანის სადგომს თავდაპირველად 400 000 წლით ათარიღებდნენ, თუმცა ზიარის ექსპედიციის ხელმძღვანელის ნიკა თუშაბრამიშვილის განცხადებით, ახალი გათხრების მიხედვით, შესაძლოა ეს თარიღი შეიცვალოს და აღმოჩნდეს, რომ პირველყოფილი ადამიანების სადგომი 500 000 - 1 000 000 წლის წინ იყო.
არქეოლოგების თქმით, აღმოჩენების ზუსტი ასაკი უახლოეს პერიოდში, ლაბორატორიული კვლევების შედეგად გაირკვევა.
ზიარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის განმარტებით, ზიარის ღია ტიპის სადგომ-სახელოსნოში პირველყოფილი ადამიანები ნადირობისთვის საჭირო იარაღებს ადგილობრივი ჯიშის კაჟის ქვისგან ამზადებდნენ. არქეოლოგიური გათხრების დროს უნიკალური, ქვის ხანის იარაღები - ხელცულები, ნუკლეუსები, წვეტანები, საფხეკები, ლამელები და სხვა ნივთები აღმოაჩინეს. გათხრებისას ასევე აღმოჩნდა ცეცხლის ნაკვალევი, საიდანაც მოხდა სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა პერიოდს მიეკუთვნება.
„ზიარში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სადგომი-სახელოსნოს და ქვის იარაღების მიხედვით, საქმე გვაქვს დმანისის ნამოსახლარის მსგავს აღმოჩენასთან, რომელიც შესაძლოა დმანისის შემდეგ კავკასიაში მეორე იყოს, სადაც პირველყოფილი ადამიანი ცხოვრობდა. გათხრების მიხედვით ირკვევა, რომ ადამიანი, რომელიც იარაღებს ზიარის ტერიტორიაზე ამზადებდა, აქვე ცხოვრობდა და ნადირობდა. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, 60-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს გარეული ცხენის, ადრეული ირმის და დომბას (წყვილჩლიქოსანი ცხოველი) ნაწილები იქნა აღმოჩენილი“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნიკა თუშაბრამიშვილმა.
მისივე თქმით, ზიარში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ყვავილის მტვერს უცხოურ ლაბორატორიებში გაგზავნიან, კვლევით დადგინდება, როგორი იყო იმ პერიოდის კლიმატი და რა სახეობის იყო მცენარეები. აღმოჩენილ ქვის იარაღებს კი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურ კაბინეტში შეისწავლიან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, სოფელ ზიარში არქეოლოგიურ აღმოჩენებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვება. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღია ტიპის არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა იგეგმება. რის შემდეგაც ზიარში აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანის ღია ტიპის სახელოსნო კახეთის ტურისტულ რუკაზე მოინიშნება და არქეოლოგიურ ტურებში ჩაჯდება.
თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, 10 ნოემბერს ზიარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაათვალიერებენ.
ზიარის ტერიტორია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კიანზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით ნაწილობრივ გასული საუკუნის 60-იან წლებში შეისწავლა. 1965 წელს სოფელში ქვის ხანის პირველყოფილი ადამიანის ღია-ტიპის სადგომი, სახელოსნო-ზიარი-I, ხოლო 1966 წელს, აღნიშული ტერიტორიიდან 500 მეტრის დაშორებით ამავე ტიპის მეორე სადგომი აღმოაჩინეს, რომელსაც მეცნიერებმა პირობითად ზიარი-II დაარქვეს.
http://ick.ge/articles/20045-i.html?format...style=f-smaller