ვისაც დაგაინტერესებთ და ვისაც არ წაგიკითხავთ, ნახეთ.
საინტერესოა.
ძველია, მაგრამ მაინც დავდებ.
„ფუტკარაძის სინდრომი“ და ინტელექტუალური შაჰიდიზმი ქართულ მეცნიერებაში - ზაქარია ფურცხვანიძეთავისთავად ასახსნელი ფენომენია ის ფაქტი, თუ როგორ მოვედით დღევანდელ დისკუსიამდე; ასახსნელია ის, თუ როგორ მოიპოვა ერთმა ყველა ენათმეცნიერული პარამეტრით გადაჭრილმა (დახურულმა) თემამ ისეთი აქტუალობა, რომ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე პოზიცია გამოვხატოთ საკითხზე, რომელიც, როგორც წესი საენათმეცნიერო კონგრესებისა და ქოლოკვიუმების განსჯის საგანი იყო.
თუ კი ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და საავტორო უფლებებსაც დავიცავთ, მაშინ კითხვა ერთგვარად კონკრეტდება: როგორ შეძლო პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ ქართველურ ენათა ლინგვისტური კვალიფიკაციის პრობლემის ისეთ კონტექსტში მოქცევა, რომ დისკუსიაში ჩაბმულია მთელი საზოგადოება, თავის აზრს ამ თემაზე გამოთქვამს ყველა: ექიმი, ავტობუსის მძღოლი, მეხანძრე, სასულიერო ფუნქციონერები, ჟურნალისტები, სტიუარდესები…... ეს არის უდავოდ დიდი “დამსახურება, რომელიც ტარიელ ფუტკარაძის დახვეწილ “პრომოუტერულ” უნარებს უკავშირდება.
მოდით ვიყოთ კიდევ უფრო მეთოდურები და კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ კითხვა: როგორ მოხდა რომ ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წიაღში ერთმანეთთან თავსებადი გახდა ერთის მხრივ აკადემიური ტიტული “პროფესორი” და მეორეს მხრივ 90-იანი წლების ხელმოცარული პოლიტიკოსის ქართული ტიპაჟი – ტარიელ ფუტკარაძე.
მიდით აქედან დავიწყოთ.
ამ პლანეტის ყველა პოლიტიკოსს აქვს ერთი პროფესიული თვისება, რომელიც ნიჭიერებისდამიხედვით, განსხვავებული ინტენსივობით ვლინდება და რომელსაც ყველა საზოგადოებაში (ელექტორატში) ჰქვია ერთი სახელი: შიში! არსებობს ერთი სლოგანი, რომელსაც ყველა პოლიტიკოსი სხვადასხვა კონტექსტში უცვლელად ატრიალებს: “-თუ კი მე არ მომემხრობით, ქვეყანა დაინგრევა, იქნება ომი და შიმშილი” და ასე შემდეგ. ადამიანების შიშზე დელიკატური თამაში პოლიტიკურ დისკურსის ისეთი იმანენტური ნიშანია, რომ ყველაზე ჰუმანური პოლიტიკოსის ლექსიკონშიც კი არის ფესვგადგმული. შიში უარესობის მიმართ ადამიანის ქვეცნობიერი კომპლექსია, რომლის ცნობიერად ქცევაზე პოლიტიკოსები თავის კარიერას აგებენ.
რა კავშირშია ეს ტარიელ ფუტკარაძესთან?
პოლიტიკური კარიერის წარუმატებლობა დიდ ნაკლად ვერ მიიჩნევა. ხელი ჩერჩილსაც შეშლია. საქმე იმაშია, რომ მან დაიწყო ფსევდომეცნიერული თეზების წამოყენება, რომლებსაც გააჩნიათ მეცნიერების ნებისმიერი დარგისათვის უჩვეულოდ უცხო ერთი საერთო თვისება და რომელსაც ერთი სახელი აქვს: ეს არის შიში! ტარიელ ფუტკარაძის ფსევდომეცნიერული თეზები შეიცავენ ტიპიურ პოლიტიკურ სტრუქტურას. დაახლოებით ასეთს: „თუ კი ჩვენა არ ვაღიარებთ, რომ მეგრულ-ჭანური და სვანური დიალექტებია და არა ენები, მაშინ რუსეთი მოითხოვს სამეგრელოს და სვანეთის საქართველოსაგან სეპარაციას…… ……...“ ქვეყანა დაგვენგრევა, თუ ეს მეცნიერული თეზა არ გავიზიარეთ და სხვა დანარჩენი თეზები არ უკუვაგდეთ. ანუ ითესება შიში, რომლის დასაძლევად საჭიროა „მხოლოდ და მხოლოდ“ ფუტკარაძის ფსევდომეცნიერული თეზების გაზიარება. თუ ასე არ მოვიქცევით, დამოუკიდებლად იმისა, რას ამბობს ჭეშმარიტი მეცნიერება და ენათმეცნიერული ელიტა, ხელს შევუწყობთ ქვეყნის დაქცევას და რახან ამგვარი ნიშის თავის თავზე ტვირთვა არავის სურს, ხდება შიშის წინაშე საზოგადოების კაპიტულირება. ყურადღება მიაქციეთ, მეცნიერული დისკუსიის რეგულირების კონტექსტს ქმნის ელემენტარული საზოგადოებრივი ფობია, რომელიც აღმოცენებულია მეცნიერულად საფუძველსმოკლებული თეზების ბაზაზე.
ტარიელ ფუტკარაძის პოლიტ-ლინგვისტური ლოგიკა კიდევ უფრო საშიში პერსპექტივის პროპაგანდას ეწევა: „თუ მეგრულ-ჭანურს და სვანურს ენებად გამოვაცხადებთ, მაშინ უახლოეს მომავალში ბიბლიაც ითარგმნება ამ ენებზე და ქართული ეკლესიის მთლიანობა დაინგრევა“. ისევ შიში! ისევ შიში იმის მიმართ, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ფუტკარაძის თეზას არ მივემხრობით. არ-მიმხრობა ამ შემთხვევაში ნიშნავს ქართული ეკლესიის დანაწევრების მსურველობას. და რახან, ამ საშვილიშვილო ცოდვის თავის თავზე ატვირთვა წარმოსადგენედაც კი ძნელია, სხვა გზა რაღა დაგვრჩენია: გაუმარჯოს საქართველოს ბურჯს, ერთ სახე ცერეცოს, ტარიელ ფუტკარაძეს და პოლიტ-ლინგვისტიკას!!!
ყურადღება მიაქციეთ: სულ ფიგურირებს შიში! “ტარიელ ფუტკარაძის სინდრომი” არის შიშის სინდრომი, რომელიც პროდუქტიულია პოლიტიკურ დისკურსში. ხოლო მეცნიერებაში ჯერ არავინ მისულა იმ აზრამდე, რაიმე იკვლიოს “შიშის” გამო, რაიმეს დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს შიშის გამო. იცით თურმე, რატომ წერდა არნოლდ ჩიქობავა, მეგრულ-ჭანური და სვანური ქართველური ენებიაო?... ფუტკარაძის ვერსიით, იმიტომ რომ კგბ-სი ეშინოდა, ივანე ჯავახიშვილს და ნიკო მარს იგივეს მტკიცების დროს ენკავედე-სი ეშინოდათ, იოსებ ყიფშიძეს და ალექსანდრე ცაგარელს მეფის “ოხრანკა” ამანდრაჟებდათ, ასე რომ წერდნენ ქართველური ენები ენებია და არა დიალექტებიო. მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილი აშკარად ჰყავდათ დაწოლის ქვეშ ცარისტული რუსეთის ვირ-ეშმაკებს, თორემ როგორ დაწერდა, მეგრული ენააო? მე სამწუხაროდ არ ვიცნობ ტარიელ ფუტკარაძის ვერსიას იმის შესახებ, თუ ვისი ეშინოდა ლეონტი მროველს... აბა, ნებაყოფლობით ხომ არ დაწერდა მეგრულ-ჭანური და სვანური ენებიაო.
შიში! ამ არგუმენტის გარეშე ფუტკარაძის თეორია არ მუშაობს.
ბიბლიის თარგმნის და ეკლესიის დანაწევრების შიში არა მარტო ზოგადი საზოგადოებრივი ფობიაა, არამედ კონკრეტული თეოლოგიური და აღმსარებლობითი პრობლემა, რომელიც ისეთ ფსევდო-სეკულარულ სახელმწიფოში, როგორც საქართველოა, უმალ იქცევა ყოვლისმომცველ დისკურსად. ამ დისკურსს, ანუ დისკუსიას სამღვდელოებასთან გაურბის მეცნიერებათა აკადემიის ყველა აკადემიკოსი, ანუ ამ ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა. აქაც შიში! შიში, რომელზეც პირდაპირ თვალწინ იფურჩქნება ტარიელ ფუტკარაძის პოლიტ-ლინგვისტიკა.
ჩვენი საზოგადოება არის ღრმა სენით შეპყრობილი საზოგადოება, რომელიც შიშზე რეაგირებს, რომელიც თავისი ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპებს იმაზე აგებს, “ვაი, უარესი არ დაგვემართოს”... თუ ამ შიშს ჭეშმარიტი მრავალ საუკუნეს რუდუნებით ნასაზრდოვები მეცნიერული აზროვნება აღვივებს, მაშინ ჭეშმარიტება ამ საზოგადოებისათვის გამოუსადეგარია.
უნდა ვაღიარო ჩემი მიამიტობა ერთი ამბის გამო. ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ერთი განათლებული, უდავოდ ნიჭიერი და აღიარებული ინტელექტუალი ქართველი ისტორიკოსი ჩემთან საუბარში ასეთ რამეს იტყოდა: “ტარიელ ფუტკარაძე რომ ფსევდომეცნიერია, ამაზე არ გედავები, მაგრამ მისი თეორია ახლა საქართველოს სჭირდებაო”. ანუ პოლიტიკურად კორექტულიაო, გულისხმობდა. პირველად რაც გავიფიქრე, იყო საოცარი მსგავსება ამ ჩემს თანამოსაუბრესა და თვითმკვლელ შაჰიდს შორის იმ განსხვავებით, რომ შაჰიდი თავს იფეთქებს და უარს ამბობს სიცოცხლეზე, ეს ინტელექტუალი ჩემი თანატოლი ქართველი კი თავის ინტელექტს, განათლებას, ნიჭს იფეთქებს... იგი იმ ინტელექტის მკვლელია, რომელიც მარტო მას არ ეკუთვნის, არამედ მეც და მთელ ქვეყანას. ამ ქცევას საფუძვლად უდევს შიში! შიში, რომელიც ისე ძლიერია, რომ ჭეშმარიტ მეცნიერულზე, ყოველგვარ რაციონალურზე თურმე უარს გათქმევინებს.
მეცნიერული მორალი, რომლის ნიმუშებიც იყვნენ ჩემი თაობის ძვირფასი მასწავლებლები პეტრე ვაჭრიძე, დათუნა ბრეგაძე, გიორგი გვაზავა, ბესიკ ჯორბენაძე, საჭიროებს პროფესიულ კურაჟს, მოქალაქეობრივ სიმამაცეს. ჩემი სამყარო წიგნების გაყვითლებული ფურცლები და საკრალური პალიმფსესტებია. მაგრამ თუ კი ვხედავ, რომ საზოგადოებას “ფუტკარაძის სინდრომი” აკონტროლებს ისე, როგორც სენი; თუ კი ვხედავ, რომ ჩემი ფიქრის საგანი “ქართული ენათმეცნიერება” შიგნიდან იხრწნება, საიდან მოვიპოვო სიმშვიდე და “სირაქლემას პოზიციაში” ჩემს კვლევებზე ვიზრუნო; ვისთვის ვიკვლევ, თუ ფუტკარაძის სტუდენტები მარტო “შიშის არგუმენტს” იცნობენ, როგორც მეცნიერული მოღვაწეობის ერთადერთ მეთოდს.
იქნებ ამ ხრწნას მარტო მე ვხედავ. შარშანწინ ზალცბურგში ინდოგერმანისტთა ევროპული საზოგადოების კონგრესსზე პირდაპირ იზეიმეს აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. იგი იდგა მსოფლიო ლინგვისტური ელიტის აბსოლუტურ ეპიცენტრში. საოცარი განცდა იყო ამის ნახვა და გა#####დები, რომ ჩემი სიამაყის გრძნობა პროფესიულსა და ნაციონალურს შორის იყო თანაბრად გახიდული. ახლა ვფიქრობ: ნუთუ ის ვერ ხედავს “ფუტკარაძის სინდრომის” სიმპტომებს, ნუთუ ის ვერ ხედავს, რომ სამეცნიერო კონფერენციებზე მომხსენებელ სასულიერო პირებს საერო მეცნიერები ოპონირებას ვერ უბედავენ, სასულიერო პირისათვის იმის მითითება, რომ მისი მეცნიერული თეზა მცდარ ემპირიულ ბაზას ეყრდნობა საზოგადოებრივ ეტიკეტში არ ზის. შიში!, შიში!, შიში! ვის რაში სჭირდება ასეთი მეცნიერება? ვის რაში არგებს ასეთი დისკუსია? თუ ის, რომ შიშს დიდი თვალები აქვს, მეცნიერული კვლევისათვის პროდუქტიულია: გაფართოვებული თვალებით უფრო მეტს დაინახავ!
საერთოდ არ დაბრმავდეთ!
აშკარაა, რომ მეცნიერება “ფუტკარაძის სინდრომს” ვერ უმკლავდება. შიში – პირველი: „2-3 წელიწადში ემერიტუსობას ფუტკარაძის გამო საფრთხეში ხომ არ ჩავიგდებ?!”, შიში მეორე: „ფუტკარაძეს მომხრევები სასულიერო ფუნქციონერებში ჰყავს და მასთან მეცნიერული კონფრონტაციით ეკლესიის რისხვას დავიტეხ და ექსოდუსი ამ ამცდება“……... შიში მესამე: “რაღა მე ამოვიღო პირველმა ხმა?! იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც!”, შიში მეოთხე: “…ვის აინტერესებს, რას ამბობს და აკეთებს ფუტკარაძე, სანამ ამას ქუთაისში ამბობს და აკეთებს”; თუ კი რამე გამომრჩა, აქვეა ღია ტექსტი: შიში მეხუთე: „….. .. ..“; შიში მეექვსე: „.. .. .. „; შიში მეშვიდე: „.. .. .. “ და ა.შ.
ყველა საზოგადოებამ, რომელიც თავის პასუხისმგებლობას ხალიჩის ქვეშ არ მალავს, დაასაბუთა ერთი ჭეშმარიტება: „საზოგადოება დაუშვებს X მოვლენას, ან საზოგადოება არ დაუშვებს იგივე X მოვლენას“. „ფუტკარაძის სინდრომი“ პიროვნება ფუტკარაძის დამსახურება როდია, სეკულარიზმის საზღვრების განეიტრალება ეკლესიის ან სახელმწიფოს აქტიური ქმედების შედეგი როდია. ეს არის ჩვენი საზოგადოების მიერ დაშვებული მოვლენა, საზოგადოებისა, რომელსაც ეშინია იმ გამოწვევების, რომლებსაც თავისუფალი სამყარო გვთავაზობს, საზოგადოებისა, რომელის სითამამე აპრიორული აკრძალვების დაწესებასა და სადღეგრძელოებში ვლინდება. თავისუფალი აზროვნების ოაზისური კუნძულები ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ან რამდენიმე ინტერნეტპორტალის სახით საზოგადოებას ვერ შეცვლის. საზოგადოებას შეცვლის განათლება, მეცნიერებით შეძენილი სინათლე. განათლებული ხომ სინათლიდან მოდის. როდის ავიღეთ ბოლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ერთი რაიმესათვის მაინც ბოლო ოცი წლის მანძილზე, რა თემა გახდა ფართო საზოგადოებრივი დიკუსიის ნაწილი ბოლო დროს ისე, რომ საზოგადოებას არ ეძებნა ჭეშმარიტება, არამედ შეექმნა იგი. მეცნიერება იცნობს და იყენებს ჭეშმარიტების პროცესუალურ ბუნებას: იგი იქ არ იძებნება, იგი იქ იქმნება. ამიტომ სჭირდება საზოგადოებას მეცნიერი და მეცნიერება, რომელისაც ცალსახა საზღვარი აქვს ტრანსცენდენტულთან. ამოუცნობის დეტრანსცენდეტალიზირებამ შექმნა ის სამყარო, რომელიც ქართულის გვერდით მთელ მსოფლიოს ასე ეამაყება და არა უკვე ამოცნობილზე და ემპირიულად დასაბუთებულზე თვალების დახუჭვამ.
მეცნიერული ჭეშმარიტება არის ფუფუნება, რომელსაც დაცვა სჭირდება აკადემიის ყველაზე მაღალი კაბინეტებიდან დაწყებული, დამწყები ლაბორანტით დამთავრებული. „ფუტკარაძის სენის“ ბოლო სტადია არის საერთაშორისო იზოლაცია. პოლიტ-მეცნიერებაში არცერთი დასავლელი მეცნიერი არ გაერევა. მათი რუსეთის რეზიდენტებად აღიარება ფუტკარაძის ცნობილი „მეცნიერული“ ინსტრუმენტია. განა არ ვიყავით საკმარისი დრო იზოლირებული? განა დაგვავიწყდა სამეცნიერო რარიტეტების დევნა და უკიდეგანო იერარქიების გადალახვა მათ მოსაპოვებლად? განა არ ვიგრძენით, როგორც იქნა, DHL–ით სამ დღეში დასავლეთიდან ჩამოსული აქტუალური სამეცნიერო გამოცემის ჯერ კიდევ გაუქარვებელი სტამბის სურნელი? განა არ დავინახეთ, რომ ქართველ მეცნიერებს დასავლეთის ყველაზე კონსერვატიულ სამეცნიერო წრეებშიც კი ხელზე კოცნით ეგებებიან? განა ვყოფილვართ უფრო ახლოს ოდესმე დასავლურ სამეცნიერო ელიტასთან? „ფუტკარაძის სინდრომი“ არის ჩვენი შიშის პროდუქტი იმის წინაშე, რომ დასავლური სამეცნიერო სამყაროს განუყოფელი ნაწილი გავხდეთ. ეს არის შიში იმ პასუხისმგებლობის წინაშე, რომელიც ამ წევრობით ჩვენს მხრებზე იტვირთება. ამ პასუხისმგებლობას თან მოაქვს ვალდებულებები, რომელთა ტარება შიშს გვგვრის: ვაი თუ არაკომპეტენტურები აღმოვჩნდეთ! ვაი თუ ჩვენი პოლიტიკური კორექტულობით ინფილტრირებული ფსევდო-მეცნიერება თავზე ჩამოგვექცეს! ვაი თუ პიროვნულ და კულუარულ ინტრიგებს გადაყოლებული სამეცნიერო გრანტები უკანდასაბრუნებელი გაგვიხდეს! რა გასაკვირია, რომ ამდენი შიში გვამუნჯებს და ყველას დიპლომიან სირაქლემებად გვაქცევს. „ფუტკარაძის სინდრომი“ არის ჩვენის საზოგადოების უპასუხისმგებლობის პირდაპირი შედეგი. როგორც ორგანიზმს სჭირდება ვარჯიში სენის პრევენციისათვის, ისევე სჭირდება საზოგადოებასაც. ფსევდო-მეცნიერების სინდრომი არის საზოგადოების დასუსტებული იმუნიტეტის ინდიკატორი. ამიტომ ტარიელ ფუტკარაძეს, როგორც პიროვნებას, საზოგადოებამ მადლობა უნდა უთხრას: ჩვენ დავუშვით იგი და მისი პოლიტ-მეცნირება და ამით დავინახეთ საკუთარი სახე; ჩვენ მას ვუწოდეთ „პროფესორი“ და მივანიჭეთ ავტორიზირება „დაგვაშინოს“. ჩვენვე ვართ საკუთარი უბედურების მიზეზი. „საფრთხეები“ არის ფუტკარაძის პოლიტ-მეცნიერების ყველაზე ფრენკვენტირებადი ცნება. მეცნიერული ჭეშმარიტება თავისთავად არავისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს. მეცნიერული ჭეშმარიტება არის შანსი! შანსი, რომელსაც ქართული საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს და უპატიებლად ფანტავს.
ახალი საქართველოს შემქმნელი არის ჭეშმარიტი და რაციონალური მეცნიერება, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ინდოქტრინიზმისა და კონფესიისაგან და თაობა, რომელსაც საშუალება ექნება აკადემიურ ტაძრებში ეზიაროს ამგვარ მეცნიერებას, რომელიც განკურნებულია „ფუტკარაძის სენისაგან“. ჩვენს სამშობლოს რა დააქცევს? რისი მართლა უნდა გვეშინოდეს? გაპოლიტიკოსებული და ანაფორაჩაცმული პროკრუსტეს მიერ ნამუსაყრილი მეცნიერება და სირაქლემა საზოგადოება, რომელიც ნამუსაყრას მხოლოდ თვალს ადევნებს.
http://azrebi.ge/index.php?pid=1087