ფეისბუქზე გადავაწყდი.
კახა კვაშილავას (არ ვიცი ვინაა) პოსტია.
რას ფიქრობთ ამაზე? მე მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს. უბრალოდ შემხვდა, დამაინტერესა და ვაკოპირებ:
კიდევ ერთი ტიტულით შემამკეს ენგურგაღმიდან: „პისეც“. რუსულად ეს სიტყვა ზოგჯერ „გადამწერს“, ზოგჯერ კიდევ „კალიგრაფს“ შეესაბამება. ჟარგონში კი, მწერალს, კნინობითი მნიშვნელობით. რა ვქნა? ვერ მოვიგე იმათი გული. მაგრამ, როგორც ჩანს, აქტიურად კითხულობენ ჩემს პოსტებს.
ჰოდა, ერთმა მომწერა: თუკი თქვენს ინგოროყვას არ დასიზმრებია, როგორც თქვენ ამბობთ, აფსუათა ჩამოსახლება და მართლა ასეც იყოო, მაშინ სადაა ის წყაროები, რომლებიც აფსუათა მიერ აფხაზთა, როგორც თქვენ უწოდებთ იქაურ ქართველ მოსახლეობას, აკლებას აჩვენებს, ქრისტიანი მღვდლების მკვლელობას, ეკლესიების დანგრევას.
არ მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ აი, ამ დილას გადავწვიტე, ორიოდე ფრაზით ვუპასუხებ-მეთქი.
საბედნიეროდ, არა ერთი ქართული თუ უცხოური წყარო პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე იძლევა პასუხს ამ აფსუა მკითხველის კითხვებზე. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმეს, რაც ახლა უცებ გონებაში ამომიტივტივდა:
1. ჩრდილო-დასავლეთი ოდიშის ანუ თამედროვე ოჩამჩირე-გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსახლე ქართველთა ამომჟლეტ-ამაწიოკებელი ყვაპუ და ქერექიმ შარვაშიძეების ფიცის წიგნი აფხაზთა კათალიკოსისადმი: „...მტკიცე, უტყუარი ფიცი, პირი და წიგნი დაგიწერეთ და მოგართვით ჩვენ შერვაშიძემან ბატონმან ყვაპუ და ჩემმან ძმამან ქერექიმ თქუენ ჩრდილოისა და აფხაზეთისა კათალიკოზსა დავითს ასრე და ამა პირსა ზედა, რომელ ნაჟნარეული (თანამედროვე სოფელი ოტობაია – კ.კ.) და ხოირული (თანამედროვე სოფელი ოხურეი – კ.კ.) კაცები, რომელიც ახალ იყოს, ის შეუცოდებლად და თქუენდა უკითხავად აღარც გავყიდოთ, და თქვენის სიტყვისა და ბრძანების მორჩილის კაცისაგან კარგად შემოუაროთ, არც თქვენი ხლება და სამსახური დაუშალოთ და არც თქვენი ბეგარა და სარგო, რომელიცა ემართოს, ...როდისაც მობრძანდეთ, როგორათაც სხვას ძველს კათალიკოზებს ემსახურებინოს და ეხმაროს, თქვენც ისრე გემსახუროთ და გერგებოდეს“.
2. იტალიელი მისიონერების რელაციებიდან ჩანს, ყვაპუ შარვაშიძეს, წმიდა სტეფანეს ძვირფასი თვლებით შემკული ვერცხლის ქანდაკების მოპარვის ბრალდებით, 100-ზე მეტი მართლმადიდებელი მღვდელი სიკვდილით დაუსჯია. არ აქვს მნიშვნელობა, 100 მღვდელი ამოხოცა თუ 10? ფაქტია, რომ მისთვის ეს მიუღებელი იყო.
3. აფხაზეთის „უდიდესმა მთავარმა“ ბეზალუს შარვაშიძემ კათოლიკეებს მართლმადიდებლებისგან დაცლილი ბიჭვინთის ტაძარი გადასცა, მაგრამ აფხაზთა მუდმივი შემოტევებით შეწუხებულმა და დაუცველმა კათოლიკე სასულიერო პირებმა ბიჭვინთა მიატოვეს და ისევ ოდიშის სამთავროს საზღვრებს შეაფარეს თავი.
4. ჰოლანდიელი ავტორი ნიკოლაას ვიტსენი თანმედროვე აფხაზეთის ტერიტორაიზე მოსახლე აფსუების შესახებ წერდა: „მათი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი ბარბაროსულია, ხელოსნობის არც ერთ დარგს არ მისდევენ. ფულიც ცოტა აქვთ; მათი ძირითადი საქმიანობაა ყმაწვილებისა და ქალიშვილების გატაცება. ისინი ხან ერთ ქვეყანას ესხმიან თავს, ხან მეორეს მონების ხელში ჩაგდების მიზნით“.
5. ჯიქ-აფსუათა პერმანენტული შემოტევის შედეგად შეიქმნა სრულიად აუტანელი მდგომარეობა აფხაზეთის საერისთავოში (თანამედროვე გუდაუთისა და გაგრის რაიონები), რამაც აიძულა კათოლისკოსი ევდემონ I ჩხეტიძე (1557-1578) 1560-იანი წლების ბოლოს დაეტოვებინა ბიჭვინთის საკათოლიკოსო რეზიდენცია და კათოლიკოსის ტახტი გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაეტანა.
6. ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „იყო ჭირი დიდი ოდიშსა, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარედმდე, და დაეშენებოდნენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი“.
7. ფრანგული წარმოშობის შვეიცარიელი მოგზაური, ეთნოგრაფი და არქეოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, რომელმაც 1834 წ. კავკასიაში იმოგზაურა, წერდა: „...სამეგრელოს დადიანთა სამფლობელო ჯიქეთამდე იყო გადაჭიმული, მაგრამ მას ავიწროებდა მტერთა მუდმივი თავდასხმები – ერთის მხრივ, ჩერქეზთა (იგულისხმებიან აფსუები – კ.კ.) მუდმივი თავდასხმები და სისხლიანი ხელი და, მეორეს მხრივ, თურქები... ორი საუკუნის წინათ თავადი დადიანები იძულებული გახდნენ საზღვარი ჯერ ანაკოფიამდე გადმოეტანათ, ახლა კი მათ ღალიძგამდე დაიხიეს, და აფხაზეთი, ეს უბედური ქვეყანა, გახდა ისეთი გარეული, როგორც ამერიკის ტყეები: ყველაფერი ნანგრევებად იქცა, ყველა ეკლესია დაინგრა, ცივილიზაციის ყველა კვალი წაიშალა; ენგურამდე არცერთი ეპისკოპოსი არ დარჩენილა“.
8. ეკლესიების დიდი ნაწილი განადგურდა (ამ საქმიანობას დღესაც აგრძელებენ სეპარატისტები ქართული კვალის გასანადგურებლად). ქრისტიანობის აღდგენა და ეკლესიების ხელახალი გამართვა XIX ს. 30-იანი წლებიდან იწყება (ჯერ სამურზაყანოში, მოგვიანებით სხვაგან) და ამ პროცესის ინიციატორები ქართველი სასულიერო პირები არიან (ეპისკოპოსი ანტონ დადიანი და სხვ.).
აი, ასეა საქმე და არა იმგვარად, იქ რომ ჩმახავენ. სულმნათ პავლე იგოროყვას არაფერი დასიზმრებია, ოკუპირებულ აფხაზეთში კი, როგორც ჩანს, ესიზმრებათ და მერე საკუთარ მონაჩმახს „უტყუარ ისტორიულ ფაქტად“ სთავაზობს სეპარატისტული პროპაგანდა მის ტყვეობაში მყოფ მოსახლეობას.
ილუსტრაცია: ბედიის მონასტერი (1964 წ.)
#აფხაზეთი
#საქართველოსისტორია
#ოკუპაცია
#abkhazia
#historyofgeorgia
#russianoccupation