ShaqroPapa
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 161
წევრი No.: 265019
რეგისტრ.: 4-January 22
|
#61090178 · 16 Mar 2024, 16:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ჩანს ბევრს თეიმურაზ I "დიდ" მეფედ და "პატრიოტად" მიაჩნია, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მის მოღვაწეობის ძირითადი ასპექტები აქ მოკლედ განმეხილა. ეხლა, ქრონოლოგიურად მივყვეთ თეიმურაზის მოღვაწეობას; ასევე გაკვრით შევეხები ლუარსაბ II-ის მოღვაწეობასაც.
1606 წელი - თეიმურაზი იკურთხა კახეთის ქრისტიან მეფედ; იმ დროს ის 16 წლის იყო.
1606 წელი - ქართლის ტახტზე დაამტკიცეს ლუარსაბ II; იმ დროს ის 14 წლის იყო.
1606 წლის გაზაფხულზე შაჰ აბასი კვლავ შემოიჭრა ამიერკავკასიაში. აიღო ყარაბაღი, განჯა და ქართლში შევიდა, ადვილად განდევნა ოსმალები, და ქართლის ციხეებში თავისი მეციხოვნეები ჩააყენა.
„ქართლიდან წასული შაჰ აბასი ფრიად გამაგრებულ შემახას ციხეს მიადგა და თეიმურაზს უბრძანა, რომ თავისი ჯარით იქ გამოცხადებულიყო. თეიმურაზმა მას ბოდიში მოუხადა და ამჯერად ლაშქრობისაგან გათავისუფლება სთხოვა. შაჰ აბასს, როგორც ისქანდერ მუნში გადმოგვცემს, ეს ამბავი ძალიან ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია, ამის შემდეგ შაჰი, უკვე შესაფერ მომენტს ელოდა „მოღალატე“ თეიმურაზის დასასჯელად" - საქართველო XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე, ტომი მესამე. გვერდი 218.
შენიშვნა - არ ვიცი ესეთი გაუთვალისწინებელი და წინდაუხედავი საქციელი მის არასრულწლოვანებას და პოლიტიკურ გამოუცდელობას უნდა მივაწეროთ თუ სხვა რამეს? ფაქტი კი ერთია რომ აბსოლიტურად გაუგებარია თუ რა მოტივით არ მივიდა თეიმურაზი შაჰის დაძახილზე როცა ის შემახას ციხესთან იდგა.
„ამჯერად ჩვენ უფრო თეიმურაზის პიროვნება გვაინტერესებს. ქართლიდან ახლად გასულმა შაჰმა შემახას ალყა შემოარტყა და დასახმარებლად თეიმურაზი იხმო ჯარითურთ. ამ უკანასკნელმა თავის სიუზერენს უარი შეუთვალა და ლაშქრობისაგან განთავისუფლება სთხოვა. ისკანდერ მუნში წერს: „მაგრამ მან (თეიმურაზმა) ზოგიერთი იმ ბოროტგამზრახველის მიერ ცდუნებულმა, რომელნიც მუდამ აცდენენ უვიცს და გამოუცდელ (თეიმურაზს) სწორ გზას და არწმუნებენ მას, არ წასულიყო ცის მსგავს სასახლეში (შაჰის კარზე), ყალბი ბოდიში მოითხოვა და ითხოვა, რომ გაეთავისუფლებინათ იმჟამად მაღალ კარზე ხლებისაგან და რომ გამოგზავნიდა თავის დედას, დედოფალს, რომელიც (მისი)ქვეყნის მთავარი საქმეების გადამწყვეტი იყო. რამდენსაც შეძლებდა და მოახერხებდა, იმდენის ლაშქრით“ - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 235.
„იმ საბაბით, რომ ქართველი მეფის გამოუცხადებლობა სხვა ქვეშევრდომებისათვის დაუმორჩილებლობის ცუდი და გადამდები მაგალითი არ გახდესო, შაჰმა თეიმურაზისთვის შეათვლევინა უბრალოდ, „ის მარტო მსუბუქად გვეახლოს“, ლაშქრობისაგან განთავისუფლება და უკან დაბრუნების ნებართვა გვთხოვოსო. მაგრამ, - განაგრძობს შაჰის მეხოტბე-ისტორიკოსი ისკანდერ მუნში, „(თეიმურაზმა) ბოროტგამზრახველების წაქეზებით, ამჯერად საპატიო მიზეზის გარეშე თქვა უარი (მოსვლაზე) და (შაჰის) სამსახურზე ბედნიერებას არ ეზიარა...რამდენიმე დღის შემდეგ მაღალ ურდოში მოვიდა დედამისი ქართველთა ჯარის ერთი რაზმით, რომელიც სულ ათასზე მეტი კაცისაგან არ შედგებოდა...ხელმწიფეს ეწყინა ეს უხამსი საქციელი“, მაგრამ არ შეიმჩნია. ჩვენ, რა თქმა უნდა , შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ შაჰ აბასის მლიქვნელი ისტორიკოსის არგუმენტები ჭეშმარიტებად მივიჩიონთ, მაგრამ მას ანგარიში მაინც უნდა გავუწიოთ. ისიც უნდა ვაღიაროთ , რომ თეიმურაზის საქციელში პირადი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა-არიდება და მშობლის კალთას ამოფარება იკითხება.
შაჰმა წყენა გულში ჩაიკლა. ოსმალეთთან ომი გრძელდებოდა და კახთა ან მათი მეფის დასჯაზე ფიქრის დრო არ იყო. მან ქეთევან დედოფალს ირანულ-ყიზილბაშურად პატივი სცა: „თეიმურაზის დედა გაბედნიერებული იქნა ხელმწიფის ჰარამხანის მანდილოსნებთან შეხვედრით“, ხოლო კახთა რაზმისათვის არაფერი დაუვალებიათ.
1610 წლის ზაფხულში შაჰმა ისევ დაიბარა თეიმურაზი. ეს უკანასკნელი ამჯერად ეახლა ირანის მბრძანებელს და ამით ცოტათი გამოასწორა-გამოისყიდა თავისი ადრინდელი ურჩობა - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 236.
შენიშვნა- აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ 1610 წელს, თეიმურაზ I და ლუარსაბ II წელგამართულები ჩავიდნენ შაჰთან ერთადერთი მიზეზის გამო და ეს მიზეზი იყო, გიორგი სააკაძის მიერ მოგებული - ტაშისკარის ბრძოლა (1609 წ.) თუმცა ნამდვილად ვერ ჩაითვლება გონივრულად ლუარსაბ II-ის საქციელი რომელმაც შაჰ-აბასს თბილისის ციხიდან ირანული გარნიზონის გაყვანა მოსთხოვა; აღნიშნული გარნიზონი შაჰ-აბასმა თბილისის ციხეში 1606 წლის ლაშქრობის დროს ჩააყენა.
რა შეიცვალა იმით რომ თბილისის ციხეში ირანული გარნიზონი აღარ იდგა? არც არაფერი! მოიპოვა ქართლმა ირანისგან დამოუკიდებლობა? რა თქმა უნდა არა! ეს იყო კიდევ ერთი ფაქტორი რამაც გააუარესა ქართლ-კახეთის ურთიერთობა ირანთან! ეს იყო დაუდევარი და არადიპლომატიური ნაბიჯი!
„საბოლოო კონფლიქტის პირობები 1612 წლის ზაფხულში შეიქმნა. შაჰმა კვლავ დაიბარა თეიმურაზი და ქართლის მეფე ლუარსაბ II. ირანის მბრძანებელს არც ერთი ეახლა და არც მეორე, რაც „აჯანყებას უდრიდა - ამით ისინი შაჰის ვასალობაზე უარს ამბობდნენ“- (საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი IV, გვერდი 262.)
„გაურკვეველია, რამ მისცა საფუძველი ქართველი მეფეების ამ უცნაურ ერთსულოვნებას. ირან-ოსმალეთის ომის სასწორი ირანის გამარჯვებისკენ იყო გადახრილი. ქართველი მეფეების საქციელი ოსმალეთის მძლეველ ირანთან ქართლისა და კახეთის დაპირისპირებას და მასთან მარტოდ დარჩენას ნიშნავდა“ - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 237.
*შენიშვნა* - მართლაც, აბსოლიტურად გაურკვეველია თუ რატომ გადაწყვიტეს თეიმურაზმა და ლუარსაბმა რომ ირანის ვასალობაზე ესე უეცრად ეთქვათ უარი? რის იმედად იყვნენ? ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასახელმწიფოებრივი პოზიციაა. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ როცა რუსეთიდან რაიმე ხელშესახებ სამხედრო დახმარების მიღებაზე საუბარიც არ იყო.
"მართლაც, 1612 წლის 20 ნოემბერს სტამბოლში ირან-ოსმალეთის ზავი დაიდო. ძირითადად აღდგა ამასიის ზავის პირობები. შაჰმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ ესარგებლა ზავით და დაეპყრო ქართლ-კახეთი. მან თავი მოუყარა ჯარებს და 1613 წლის ოქტომბერში საქართველოსკენ დაიძრა, თან ხმებს ავრცელებდა, ვითომდა ოსმალეთის დასალაშქრავად მიდიოდა. 163-1614 წლების ზამთარი შაჰმა განჯაში გაატარა" - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 237.
შენიშვნა - აქ გასაგებია შაჰ-აბასის მოქმედების არსი. ის აშკარად ხედავს რომ მისი ვასალები მის ბრძანებებს არ ასრულებენ და უნდა რომ მათ "ჭკუა ასწავლოს" თორემ თუ მსგავსი დაუმორჩილებლობის ფაქტები დაუსჯელი დარჩა, შეიძლება მათ სხვებმაც მიბაძონ და შედეგად, ირანი, როგორც ძლიერი ქვეყნის ავტორიტეტს დაკარგავს.
რას აკეთებდნენ ამ დროს ქართველი მეფეები? მეფე-პოეტი თავის ცნობილ პოემაში: „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“, რომელშიც კახთა მეფის ცხოვრებაა აღწერილი, თეიმურაზს ათქმევინებს: ირანის შაჰი „განჯას მოვიდა მოპარვით, ამბავი ვერ ვსცანთ მოსვლისა, სიტყვა რამ შემოეთვალა იქიდამ სხვაგან წასვლისა“.
ე.ი. ირანელთა გამოზამთრება მეზობელ განჯაში ქართველ მეფეებს“მოპარვად“ ჩაუთვლიათ და ამიტომაც არც საომრად მომზადებულან, თუმცა არც მორჩილებას აპირებდნენ - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 237.
შენიშვნა -აქაც გაუგებარია თუ როგორ ვერ გაიგეს ამხელა ჯარის საქართველოს საზღვართან მოსვლა და გამოზამთრება? ესეც იმაზე მეტყველებს თუ როგორ არასერიოზულად უყურებდნენ თეიმურაზი და ლუარსაბი ირანიდან მომავალ საფრთხეს. სამწუხაროდ, მათმა არასერიოზულმა და უგუნურმა პოლიტიკამ, მთელი აღმოსავლეთ საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
"თეიმურაზმა შაჰის მიერ კახეთში გამოგზავნილი ალი ყული ხანის ლაშქარი გაანადგურა. ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, „ირანის ლომის“ გააფთრებული სახე წარმოვიდგინოთ. როგორც აბასის ფეხის მტვერი - მემატიანე ისკანდერ მუნში წერს, „შაჰის უწმინდეს გონებას ხელმწიფის კეთილშობილური აღტკინების ალი და მისი მძვინვარების ცეცხლი ისეთი ძალით ავარდა, რომ ყოველი მისი ნაპერწკალი ქვეყნიერების დამწველი მეხი იყო“ - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 238.
"აქ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ამჯერად ჩვენთვის იმ გარემოებასაც, რომ შაჰს, რა თქმა უნდა, სამეფოები უნდა გაეუქმებინა და ისინი სახანოებად გარდაექმნა. ჩვენთვის ისაა მთავარი, რომ ამჯერად შაჰ აბასს ქართლისა და კახეთის მოსახლეობის აყრა და გადასახლება მიზნად არ ჰქონია და ჯერჯერობით, არც საამისო ნაბიჯი გადაუდგამს.
*ამ გადაწყვეტილებამდე შაჰი კახეთის 1615 წლის აჯანყებამ, ალი ყული ხანის ყიზილბაშური ჯარის გაწყვეტამ და თეიმურაზის კვლავ გამეფებამ მიიყვანა.*
"მძიმე დანაშაულის ტოლფასი შეცდომა დაუშვა არა მარტო თეიმურაზმა, არამედ, საერთოდ, კახეთის სამეფოს მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ, მაშინდელმა ცნობილმა მოღვაწეებმა: დავით ჯანდიერმა, ნოდარ ჯორჯაძემ, შერამაზან ჩოლოყაშვილმა და სხვებმა, რომლებმაც თეიმურაზის წაქეზებით აჯანყება მოაწყეს" - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 239.
"ეს უკვე მერამდენედ გამოავლინა თეიმურაზმა თავისი არაშორსმჭვრეტელობა, სპონტანურობა, აჩქარებულობა, ვერ გათვალა ელემენტარული მოსალოდნელი შედეგები, გამოავლინა ის, რასაც პოლიტიკის სფეროში ირაციონალიზმი შეიძლება ეწოდოს. ამას დაემატა კიდევ ერთი პოლიტიკური სიბეცე - თეიმურაზმა ირანის მოსისხლესთან, ოსმალეთთან დაამყარა კავშირი და ოსმალეთის ხონთქარს მოკავშირედ დაუდგა, იმ ოსმალეთს, რომელსაც არა მარტო ირანი, არამედ რამდენიმე ევროპული ქვეყანა: ავსტრია, პოლონეთი, ბალკანელები, რუსეთი და სხვანი ებრძოდნენ - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 239.*
"სამწუხაროდ, კახეთის დაქცევის ერთ-ერთი მიზეზი სამეფოს მაშინდელი ელიტისა და მისი მეთაურის, თეიმურაზ I-ის ახლომხედველური პოლიტიკა აღმოჩნდა" - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე. გვერდი 240.
შენიშვნა- მართლაც, თუ შაჰ აბასს ქართლ-კახეთის სახანოებად გადაქცევა და მისი მოსახლეობის აყრა და ირანში გადასახლება უნდოდა თავიდანვე, რატომ არ გააკეთა ეს პირველი (1614 წ.) შემოსევის დროს? მით უმეტეს, 1612 წელს ირან-ოსმალეთმა ზავი დადო და აქედან გამომდინარე, ირანს ხელ-ფეხი გახნსილი ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში.
თეიმურაზის საგარეო პოლიტიკა
ამონარიდები წიგნიდან - თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები, დიმიტრი შველიძე.
„თეიმურაზის ცდები რუსეთთან კავშირის აღდგენისა და მოსკოვის თუნდაც ფრთხილი მესიჯები კახეთ-საქართველოს მფარველობაზე მხოლოდ და მხოლოდ აღიზიანებდა შაჰ აბასს. მას უფრო უმტკიცდებოდა აზრი, რომ „წყეული გურჯისტანის“ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მახვილით თუ არ გადაჭრიდა, საქართველოს დაკარგავდა - გვერდი 233.
ამ წლებში თეიმურაზის პრორუსულმა ელჩობამ ირანში, უფრო ნეგატიური შედეგი გამოიღო - გვერდი 233.
"1620 წელს თეიმურაზის სიჯიუტით განრისხებულმა შაჰმა კახთა მეფის შვილები, ლევანი და ალექსანდრე, დაასაჭურისებინა. ლევანი გარდაიცვალა, ხოლო ალექსანდრე ჭკუაზე შეცდა. შაჰ აბასმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია რუსეთის ხელისუფლების შესაძლო უკმაყოფილებას და გადაწყვიტა სათავეშივე ჩაეკლა რუსეთი-საქართველოს ახლად აღდგენილი ურთიერთობების პერსპექტივა. თეიმურაზის შვილების დასჯით ირანი რუსეთს აგრძნობინებდა, რომ არ მოითმენდა რუსეთის ჩარევას საქართველოს საქმეებში, იმ ქვეყნის საქმეებში, რომელიც მას თავის სამფლობელოდ მიაჩნდა“ - გვერდი 233.
„ერთი სიტყვით, 1616-1619 წლებში, როდესაც თეიმურაზ I რუსეთისაგან დიპლომატიური დახმარების მიღებისათვის ელჩობას გზავნიდა და ერთხანს თვითონაც ფიქრობდა მოსკოვში გამგზავრებას, რუსეთისათვის კახეთის მხარდაჭერა მეორეხარისხოვან საკითხს წარმოადგენდა და გამორიცხავდა რაიმე რეალურ შედეგს. პირიქით, სუსტი დიპლომატიური სიგნალები, რომლებიც შაჰის ყურამდე აღწევდნენ, უფრო ნეგატიურ ფონს ქმნიდა ირან-საქართველოს ურთიერთობაში. რუსეთის კახეთში ფეხის მოკიდების პერსპექტივა ირანის შაჰს მხოლოდ „გურჯისტანის საკითხის“ ძალისმიერ გადაწყვეტისაკენ უბიძგებდა“ - გვერდი 234.
"ქართველმა მკვლევარებმა სამართლიანად შენიშნეს, რომ სწორედ კახეთ-რუსეთის ურთიერთობის გააქტიურების უშუალო შედეგი იყო როსტომისათვის კახეთის ჩამორთმევა, სელიმ ხანისათვის მისი გადაცემა და თურქმანული ტომების ჩამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება" - თამარ ტივაძე, რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში. გვერდი 82.
"თეიმურაზმა ახლა უფრო მეტი ენერგიით და ჯიუტად განაგრძო რუსეთში ელჩების გაგზავნა. ფაქტობრივად, ამ პერიოდიდან - 1648 წლიდან, მისმა ბრძოლამ დაკარგა ის ეროვნულ-სარწმუნოებრივი ხასიათი, რაც აქამდე ჯერ კიდევ ინარჩუნებდა და მიიღო საკუთარი მეფობისა და ხელისუფლების აღდგენისათვის ბრძოლის შინაარსი. ან ბრძოლას კახეთ-საქართველოს რუსეთის დახმარებით თუ რუსეთის ჩარევით ამიერიდან, მხოლოდ უარყოფითი შედეგების მოტანა შეეძლო და ასეც მოხდა. ირანისათვის უკვე ცხადი გახდა, რომ თეიმურაზთან კომპრომისი შეუძლებელი იყო და მან საბოლოოდ გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ მოეშალა ის საფუძველი, რომელიც თეიმურაზისთვისაც და რუსეთისთვისაც სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრების ბაზას წარმოადგენდა - კახეთის მოსაახლეობა" - გვერდი 243.
ირანში კახეთის მკვიდრი მოსახლეობის სრული გადაშენება გადაწყვიტეს. 1656 წელს კახეთი როსტომს ჩამოართვეს და განჯის ხანს - სელიმს გადასცეს. ეს გეგმის პირველი ნაწილი გახლდათ. შემდგომში ირანელებმა კახეთში სამი დიდი ციხე ააგეს, კახეთი ორად გაყვეს, ისინი ყიზილბაშ ხანებს გადასცეს და საბოლოო ღონისძიება განახორციელეს - კახეთში 80,000-მდე თურქმანი ჩამოასახლეს - გვერდი 243.
თეიმურაზის უგუნურმა საგარეო-პოლიტიკურმა კურსმა, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი შინაარსი და ხასიათი მიიღო.
თეიმურაზის ირაციონალურმა პოლიტიკამ ორჯერ დააყენა კახეთის მოსახლეობა დიდი საფრთხის, ჯერ გენოციდის, ხოლო შემდგომ - გადაშენების წინაშე - გვერდი 244.
ასევე უნდა ითქვას რომ რუსეთიდან რეალური სამხედრო კი არა, ეკონომიკური დახმარების მიღების მოლოდინიც კი ფუჭი ოცნება იყო რადგან რუსეთი თვითონაც გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო.
„ძირითადი, რაც თ.ლეონტიევს ევალებოდა, ეს შაჰისაგან მატერიალური დახმარების მიღება იყო. რუსეთის მთავრობა 400000 მანეთის მიღებას იმედოვნებდა, მაგრამ არც 100000 მანეთზე ამბობდა უარს. შიკრიკმა ვერ შეძლო ამ თანხის მიღება. თავისი ელჩების, კაია სალტანისა და ბულატ ბეგის ხელით შაჰ აბას პირველმა მიხეილ თევდორეს ძეს მხოლოდ 7260 მანეთის ღირებულების ვერცხლის ზოდები გაუგზავნა“ - თამარ ტივაძე, რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში. გვერდი 25.
„1623 წლის დეკემბერში მოსკოვში ჩავიდა თეიმურაზის ელჩი არქიეპისკოპოსი თეოდოსი. კახთა მეფე სიგელით ეკითხებოდა რუსეთის ხელმწიფეს, მიხეილ თევდორეს ძეს: ჯარს მომცემ დასახმარებლად, თუ ფულს. მოსკოვში კახეთის ელჩს არაორაზოვნად აუხსნეს, რომ არც ერთით და არც მეორეთი არ შეეძლოთ დახმარება. ამის შემდეგ თეიმურაზის ელჩმა მოსკოვის ხელისუფლებას სთხოვა, დიპლომატიური არხით მაინც დახმარებოდა განდევნილობაში მყოფ მეფეს და შაჰ აბასთან ეშუამდგომლა.
რუსეთი ისე ერიდებოდა ძლევამოსილ ირანის შაჰთან მეგობრული ურთიერთობისათვის ჩრდილის მიყენებას, რომ შუამდგომლობაზეც უარი თქვა. ყველაფერი ეს კი იმით დამთავრდა, რომ თეიმურაზის ანტიირანული დემარშებით გაღიზიანებულმა შაჰ აბასმა 1624 წლის 12 სექტემბერს არაადამიანური წამებით მოაკვლევინა თეიმურაზის დედა ქეთევან დედოფალი.
საკმაო საფუძველი არსებობს იმისა, რომ კახთა დედოფლის წამებული სიკვდილი თეიმურაზ მეფოს ოსმალეთთან კავშირისა, რუსეთში მორიგი ელჩობის და დახმარების ძიების პირდაპირ შედეგად მივიჩნიოთ“ - გვერდი 241.
"თეიმურაზის გაუტეხლობითა და აგრეთვე, მისი ოსმალეთთან და რუსეთთან კავშირით გაცოფებულმა შაჰ აბასმა ჯავრი მისი ოჯახის წევრებზე იყარა" - საქართველო XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე, ტომი მესამე. გვერდი 230.
*შენიშვნა* - ნამდვილად არა მაქვს იმისი მცდელობა რომ შაჰ-აბასი მამა აბრამის ბატკნად წარმოვაჩინო მაგრამ ფხიზელი თვალით თუ შევხედავთ მოვლენებს ჩვენც იმ დასკვნამდე მივალთ რაც ზემოთ მოყვანილი ნაშრომების ავტორები მივიდნენ. ქეთევან დედოფალი 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ირანში და ამ ხნის განმავლობაში არავის არ უთქვია მისთვის გინდა თუ არა ისლამი მიიღეო, თუ შაჰ აბასს მისი მოკვდინება უნდოდა, რატომ მანამდე არ გააკეთა ეს?
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ იმ დროს რუსეთის დახმარების იმედად ყოფნა (ეკონომოკური იქნებოდა ეს დახმარება თუ სამხედრო) და ზოგადად, რუსული ორიენტაციის არჩევა იყო ყველანაირ საღ აზრს მოკლებული. ესეთი საგარეო პოლიტიკა დამყარებული იყო მაშინდელი საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციის ტოტალურ არცოდნაზე, რამაც საბოლოო ჯამში კატასტროფული შედეგები მოუტანა ქვეყანას.
ამონარიდები ისტორიკოსის, ქალბატონი თამარ ტივაძის წიგნიდან - „საქართველოს და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში.“
„ირანთან კეთილურთიერთობის შენარჩუნება მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო და მასზე უარის თქმას რუსეთი სულაც არ აპირებდა“ - გვერდი 30.
„ა. ნოვოსელცოვი წერს: „...კავშირი ამ უკანასკნელთან (ლაპარაკია ირანზე) სავაჭრო-პოლიტიკური ინტერესების გამო რუსეთის მთავრობისათვის გაცილებით ძვირფასი იყო, ვიდრე ქრისტიანული სარწმუნოების ერთობაზე და შაჰ აბასის მიერ საქართველოს დაჩაგვრასა და განადგურებაზე ოხვრა-გოდება“ – გვერდი 32.
„მ. პოლიევქტოვი, ხსნის რა რუსეთის მიერ საქართველოს დახმარებაზე თავის შეკავების მიზეზს, წერს,: „...საკითხი რუსეთიდან სპარსეთში ტრანზიტის შესახებ, თვით რუსეთის შინაური ცხოვრებისათვის ამის მნიშვნელობას რომ თავი დავანებოთ, წარმოადგენდა დიდი კოზირს მოსკოვის ხელში ევროპის სახელმწიფოებთან მოლაპარაკების დროს. ამით განისაზღვრა მოსკოვის მთავრობის დამოკიდებულება თეიმურაზ I პოლიტიკისადმი...შეიარაღებული დახმარების აღმოჩენა კახეთის მეფისადმი, რომლის გეგმები თანდათან ანტისპარსული მოქმედების ელფერს ღებულობდა, მოსკოვს არ სურდა“- გვერდი 77.
This post has been edited by ShaqroPapa on 16 Mar 2024, 17:36
|