http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-02-12/3499მოცარტი, ჰაიდნი... ყანჩელი
რეცენზიას არ დავწერ, უბრალოდ, შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ.
ორიოდე დღის წინ კონცერტზე გახლდით კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც მევიოლინე გიდონ კრემერის, პიანისტ ხათია ბუნიათაშვილისა და ორკესტრ “კრემერატა ბალტიკას” შესრულებით მოცარტის, ჰაიდნის, ვინმე რერშნიტკეს (თუ შნერშნიტკეს) და ყანჩელის მუსიკას მოვუსმინე.
შეიძლება საკამათო რამეს ვამბობდე, მაგრამ, ვფიქრობ, რომ თუკი არის დღეს რაიმე დარგი (ან სფერო) წარმატებული დღევანდელ საქართველოში და თუკი შესაძლებელია სიტყვა ხარისხიანის გამოყენება ამ რომელიმე დარგის (ან პროფესიის) მიმართ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ საშემსრულებლო მუსიკა და
კლასიკური მუსიკის ინტერპრეტატორები.
და, საერთოდაც, მგონია, რომ ჭეშმარიტად ხარისხიანი (ბოდიშს გიხდით, კიდევ ერთხელ რომ ვხმარობ ამ ხელოვნურ ტერმინს) ოთხად ოთხი დარგია საქართველოში.
ესენია:
1. საშემსრულებლო მუსიკა (საოპერო მომღერლები, პიანისტები, მევიოლინეები).
2. ძიუდო (ამდენი ოლიმპიელი არც ერთ სხვა სპორტ-სფეროში არ გვყავს).
3. საბანკო სექტორი (ბანკები ყველაზე კარგად და სტაბილურად მუშაობენ საქართველოში).
და 4. ლიტერატურა - (რომელსაც, მიუხედავად "ხარისხობრივობისა", ამ ოთხიდან ყველაზე მწირი გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე).
დანარჩენებს ბოდიშს ვუხდი ამ ეტაპზე.
მართალია, გიდონ კრემერი ლეგენდაა, მაგრამ, ვინც კონსერვატორიის კონცერტს დაესწრო, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ იმ დღის ჭეშმარიტი ვარსკვლავი, პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი იყო, რომლის თაყვანისმცემელიც პირადად მე მას შემდეგ გავხდი, რაც მუსიკალურ ტელეარხ MEZZO-ზე ბრამსის მეორე საფორტეპიანო კონცერტის მისეულ შესრულებას მოვუსმინე. ამჯერად მან ჰაიდნით გამოგვაცოცხლა და ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხმარია: ლეგენდამ (გიდონ კრემერმა), ფაქტობრივად, ძილი მოგვგარა თავისი დუნედ და თითქოს სიმებგაყინულ-აუწყობელი ვიოლინოთი დაკრული მოცარტით, ხატია ბუნიათაშვილმა კი ისე ექსპრესიულად, ისე ცოცხლად, ისე რომანტიკულად (!) ააჟღერა ფორტეპიანო (და მისი აკომპანიატორი "კრემერატა-ბალტიკას" ორკესტრიც), რომ ყველაზე პირქუშ და წინასწარ გაბრაზებულ მსმენელსაც კი (ასეთებიც არიან) აუჩვილა გული.
კონცერტი - არ ვაჭარბებ - ჩემთვის ხატია ბუნიათაშვილით დაიწყო.
დასრულებით კი - ამ სიტყვის ყველაზე მძიმე და ფატალური გაგებით - გ. ყანჩელის "ვალს-ბოსტონით" დასრულდა.
მე კონსერვატორი ვარ მუსიკაში. ჩემთვის კლასიკური მუსიკა რიჰარდ შტრაუსის სიკვდილით სრულდება (მიუხედავად იმისა, რომ 1975 წელს გარდაცვლილი შოსტაკოვიჩიც ძალიან მიყვარს), კლასიკური ოპერა კი პუჩინის ბოლო ოპერით "ტურანდოტი", მაგრამ, ცხადია, ისეთი ყურდახშულიც არ ვარ, რომ არნოლდ შომბერგსაც არ ვუფასებდე ნახელავს... და მეტიც, რაკი სიტყვა არნოლდ შომბერგზე ჩამოვარდა, ვფიქრობ, მთელი დანარჩენი მუსიკის შემქმნელ-გამკეთებელი კომპოზიტორები სწორედ ამ ბრაზიანი კომპოზიტორისა და ახალვენელების ნააზრევ-ნახელავისგან ამოიზარდნენ...
ასეთი იყო, მაგალითად, ამ ვინმე რერშნიტკეს ოპუსიც (შნიტკე მაინც ყოფილიყო!). კომპოზიტორმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ როგორმე ნიჟარაში ჩაჩხრიალებული წყლის ჟღერადობის რეკონსტრუირება მოეხდინა.
ამ მხრივ, არც გია ყანჩელს დაუზოგავს თავი (როგორც ჩანს, ისიც დაინტერესებულა "რაკოვინებში" ჩაღვრილ წყლთა ხმოვანებით), კინაღამ გულყრამდე მიგვიყვანა თავისი "უკულმინაციო", ერთმანეთთან ხელოვნურად (და მე ვიტყოდი, პათოლოგიურად) მიწებებულ-დაკავშირებული (თუ დაუკავშირებელი) ფრაგმენტებით და საწყალი ბოსტონელებიც შეგვაცოდა - არ გინდა ასეთ ვალსზე ცეკვა!
ახლა მორიგ მკრეხელობას ვიტყვი: გია ყანჩელის მუსიკის აღქმა მხოლოდ სამ "რეალობაში" ძალმიძს - რობერტ სტურუას სპექტაკლებში (სხვაგან, სხვა სივრცეებში, ყველგან მოსაწყენი, ვულგარული და უხერხულობამდე ერთფეროვანი მეჩვენება), ტელეფონის ზარად ("ცისფერი მთების თემა") და სუროგატული სევდისგან (რომლითაც სავსეა მისი ორატორიები თუ სიმფონიურ-კამერული ოპუსები)
თავისუფალ სიმღერებად! არა, ვტყუი, მისი მეოთხე სიმფონიაც მომეწონა, რომელიც, თუ არ ვცდები, 40 წლის წინაა დაწერილი, მაგრამ, მახსოვს, ფრაგმენტალურობამ და "უჰაერობამ" მაშინაც მსუბუქ დეპრესიაში ჩამაგდო.
ასე რომ, ცხონებული ჰანს ფონ ბიულოვისა არ იყოს, კარგად შედგენილ საკონცერტო პროგრამას მართლაც არაფერი ჯობია, გვეკმარა ეს მოცარტი და ჰაიდნი, არ შეიძლებოდა? სრულყოფილმა მოცარტმა ლეგენდის (გიდონ კრემერის) არაიდეალურობა დაგვანახა, ჰაიდნმა - ხატია ბუნიათაშვილის ხასიათი, რერშნიტკემ (თუ შნერშნიტკემ) და ყანჩელმა კი რა დაგვანახეს? რა გვითხრეს თავისი მუსიკით? არაფერი. მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ.
დარბაზში აწკრიალებულ სატელეფონო ზარებზე კი ცალკე დავწერ.
================
ნამეტანი ვიწრო აზროვნება გაქვს ლაშა ბატონო. თურმე შტრაუსით მორჩენილა კლასიკური მუსიკა.
jan0 If (if ducks waddle then 5 is a prime) then (if (either Churchill drinks brandy or ducks waddle) then (either Churchill drinks brandy or 5 is a prime))