საშემსრულებლო ხელოვნების ტრაგიკული დოკუმენტი - ბერლინის გერმანული ოპერის "აიდა" 2001 წლის 20 აპრილიდან, რომლის დროსაც ჯუზეპე სინოპოლი გარდაიცვალა.
სინოპოლის ბერლინის ოპერაში 1990 წლის შემდეგ არ ედირიჟორა, რადგან ოპერის დირექტორ გეც ფრიდრიხთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდა. 1999 წელს ფრიდრიხმა შესარიგებლად რომში ჩააკითხა და იქვე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სეზონში, ვერდის წელიწადს, სინოპოლი "აიდას" წარუძღვებოდა.
ისე მოხდა, რომ სპექტაკლამდე რამოდენიმე თვით ადრე ფრიდრიხი გარდაიცვალა. სინოპოლიმ პრემიერა მის ხსოვნას მიუძღვნა, სპექტაკლის პროგრამაში კი თბილად გაიხსენა უწინდელი ურთიერთობები.
როგორც წერენ, წარმოდგენამ მთელი კულტურული ბერლინი შეკრიბა, ხოლო თავად სინოპოლის გამოჩენას დიდი ოვაციითა და შეძახილებით შეეგებნენ. მესამე მოქმედების მსვლელობის დროს, დაახლოებით საღამოს 10 საათისათვის, სინოპოლიმ უეცრად გონება დაკარგა და დაეცა. მიუხედავად დროული დახმარებისა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
-----
სინოპოლის სიკვდილი პირველი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.
მარტო მიუნხენმა სამი დირიჟორის სიცოცხლე შეიწირა. 1911 წელს "ტრისტანის" მეასე წარმოდგენის დროს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელგანთქმული ფელიქს მოტლი. გადმოცემის თანახმად, მოტლი სწორედ იმ დროს დაიღუპა, როცა მისი მეუღლე ზდენკა ფასბენდერი იზოლდეს სიტყვებს Todgeweihtes Haupt! Todgeweihtes Herz! მღეროდა. 1968 წელს ასევე "ტრისტანის" დირიჟორობის დროს გარდაიცვალა 59 წლის იოზეფ კაილბერტი. 1989 წლის "სევილიელმა დალაქმა" კი 57 წლის ჯუზეპე პატანე იმსხვერპლა.
1960 წელს ლა სკალაში, მალერის მესამე სიმფონიის პირველი ნაწილის რეპეტიციის დროს დაიღუპა დიმიტრი მიტროპულოსი. მისი გარდაცვალების მომენტიც ზუსტად არის ცნობილი, რადგან მეორე ფაგოტისტმა თავის პარტიაში 86-ე ტაქტს ჯვარი დაუსვა და მიაწერა: In questa misura e morto il Maestro Mitropoulos.
იმავე 1960 წელს ამსტერდამში, ბრამსის პირველი სიმფონიის რეპეტიციის დროს გარდაიცვალა 58 წლის ედუარდ ვან ბეინუმი, ხოლო 1962 წელს ბელგრადში, ბეთჰოვენის საზეიმო მესის რეპეტიციის დროს - 60 წლის ფრანც კონვიჩნი. ლივერპულსა და მანჩესტერში ასევე დირიჟორობის დროს დაიღუპნენ პაულ კლეცკი და არვიდ იანსონსი.
ამ სამწუხარო ნუსხამ არც ჩვენ აგვიარა გვერდი. 1980 წელს "აბესალომის" მეორე მოქმედების გუნდის საკონცერტო შესრულებისას სცენაზე ვახტანგ ფალიაშვილი გარდაიცვალა.
-----
ეს არის ე. წ. in-house, ანუ მაყურებლის მიერ დარბაზიდან გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც ძალიან ცუდი ხარისხისა გამოვიდა და მხოლოდ ისტორიული ღირებულება თუ გააჩნია.
Giuseppe Verdi - Aida
Deutsche Oper Berlin - 20 April 2001
Aida - Daniela Dessi
Amneris - Nadja Michael
Radames - Fabio Armiliato
Amonasro -
Lado AtaneliRamphis - Carlo Colombara
König - Kwangchul Youn
Bote - Volker Horn
Dirigent - Giuseppe Sinopoli
ლინკს თან ახლავს ორი ფრაგმენტი მომდევნო წარმოდგენიდან, რომელიც 22 აპრილს გაიმართა: ბერლინის ოპერის ინტენდანტ ანდრე შმიცის მოკლე სიტყვა, რის შემდეგაც ალესანდრა მარკი მღერის შტრაუსის Im Abendroth-ს ჯუზეპე სინოპოლისა და გეც ფრიდრიხის სამახსოვროდ. დირიჟორობს კრისტიან ტილემანი.
http://allshares.ge/download.php?id=6C275CCB12
მიმაგრებული სურათი