შეიძლება ეს ამ ფორუმზე ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი იყოს.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ "ლეონორეს" (1805 წლის ვერსია) მუსიკის ისტორიისათვის ისეთივე მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, როგორც მესამე სიმფონიას.
სამწუხაროდ, ნაწარმოებს თავიდანვე არ გაუმართლა. პრემიერის წინ ვენაში ნაპოლეონის ჯარი შევიდა, მთელი არისტოკრატია ქალაქიდან გაიხიზნა და დარბაზში მარტო ფრანგი ოფიცრები თუ ისხდნენ.
ბეთჰოვენს კი ამდენი დრო და ენერგია არცერთი ნაწარმოებისათვის არ შეულევია.
და მაინც, 1806 და 1814 წლის ორმოქმედებიანი ვერსიები, მიუხედავად უფრო მოწიფული სტილისა, გაუმართავი და დაჩეხილი მოჩანან თავდაპირველი სამმოქმედებიანი ვარიანტის აუჩქარებელი მიმდინარეობისა და შეკრული დრამატურგიის ფონზე.
სამივე ვერსიის ჩანაწერი მაქვს, მაგრამ ვისაც "ფიდელიოს" შეყვარება უნდა, ჯერ გარდინერის ბრწყინვალე "ლეონორეს" უნდა მოუსმინოს. სამწუხაროდ, ამ ჩანაწერში დიალოგები გამოტოვებულია და ისინი ბლომშტეტის ასევე 1805 წლის ვერსიიდან დავუმატე. დიალოგების გარეშე ოპერის სრულფასოვანი აღქმა შეუძლებლად მიმაჩნია.
თუ ვინმეს აინტერესებს, ბუკლეტში მოყვანილია შესანიშნავი ცხრილი, სადაც ნაჩვენებია განსხვავება 1805, 1806, 1814 და გარდინერის ვერსიებს შორის (ეს უკანასკნელი არსებითად 1805 წლის ვერსიას წარმოადგენს, უმნიშვნელო ცვლილებებით).
მაშ ასე, პირველი მოქმედება, რომელიც ლეონორეს მეორე უვერტიურისა და სამი გამოსვლისაგან (ექვსი ნომერი) შედგება.
ლეონორეს მეორე უვერტიურა მესამეს კი ჩამოუვარდება, მაგრამ აქ თავის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს.
ყურადღება მიაქციეთ მუსიკალური დრამატურგიის ერთიან, გამართულ ხაზს:
პირველი გამოსვლა
თავიდან მარცელინე მარტოა და პირველ ნომერს მისი არია წარმოადგენს.
მარცელინეს ჟაკინო შეუერთდება და მეორე ნომრად მათი დუეტი მოდის.
მეორე გამოსვლა
წყვილს როკო დაემატება. მესამე ნომერი უკვე მარცელინეს, ჟაკინოსა და როკოს ტერცეტია.
მესამე გამოსვლა
შემოდის ლეონორე. მეოთხე ნომერი - კვარტეტი.
ჟაკინო გადის. მოქმედებას როკოს არია (მეხუთე ნომერი) და მარცელინეს, როკოსა და ლეონორეს ტერცეტი (მეექვსე ნომერი) ასრულებს.
საერთო ორიენტაციისათვის იხ. ფაილი Act 1.
ვისაც აინტერესებს, "ლეონორეს" 1805 წლის ლიბრეტოც დავურთე.
http://www.mediafire.com/?26it7656i8cksed
მიმაგრებული სურათი