ანტონ ბრუკნერი : მეორე სიმფონია (ორიგინალური რედაქცია)ბეთჰოვენის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნე არის გასული, მაგრამ მისი აჩრდილი კვლავ თავზე ადგას ყველას, ვისაც სიმფონიის დაწერა განუზრახავს.
ნახევარ საუკუნესავე მიტანებული ანტონ ბრუკნერი კი ჯერ ისევ პირველ ნაბიჯებს დგამს და ახალ, გრანდიოზულ პროექტს ეკიდება. იწყება მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი ათწლეული, როცა უდიდესი სიმფონიები ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნება.
იგი მთელი არსებით ეძლევა საკუთარ შთაგონებას, ერთი წუთითაც არ ზღუდავს თავს და ტყუილუბრალოდ იმედოვნებს, რომ ეს გიგანტური, 70-წუთიანი მონუმენტი მსმენელის თანაგრძნობას მოუპოვებს.
სამწუხაროდ, 1870-იანი წლების ვენაში მეორე სიმფონიის დამფასებელი არსად არ მოიძევება, ბეთჰოვენის მემკვიდრედ კი საყოველთაო აღიარებით იოჰანეს ბრამსი მიიჩნევა.
ბრუკნერი არ ტყდება, მორიგ შედევრს ქმნის და მეორე და მესამე სიმფონიებით აღჭურვილი მიემგზავრება ბაიროითს, სადაც ამ მუსიკის გამგები ერთადერთი ადამიანი ეგულება. მიზანი მოკრძალებულია: კრძალვითა და მოწიწებით გამოსთხოვოს მაისტერს ნებართვა, ერთ-ერთი სიმფონია მას მიუძღვნას.
აღიარებით არც მისი რჩეული არის განებივრებული. ვაგნერის გულს ეფონება ეს გაღმერთებამდე მისული თაყვანისცემა, კეთილგანწყობით ათვალიერებს უზარმაზარ პარტიტურებს და მიძღვნას სიამოვნებით ღებულობს.
ახალი მეგობრები ბავარიულად მოულხენენ, რის შემდეგაც ბაღში გაისერნებენ და ვაგნერი ბრუკნერს საკუთარ საფლავს დაათვალიერებინებს.
ბრუკნერის სიხარულს საზღვარი არა აქვს. მაგრამ დახეთ უბედურებას! თანამეინახეებმა იმდენი ლუდი სვეს, რომ მეორე დილით უკვე აღარ ახსოვს, ვაგნერმა რომელი სიმფონია ამოირჩია.
მოსწავლე ვერ ბედავს, მასწავლებელი ხელმეორედ შეაწუხოს. მის ერთადერთ იმედად რჩება ცნობილი სკულპტორი კიცი, რომელიც გუშინდელ სერობას შეესწრო, თუმცა ამ უკანასკნელს მარტო ის ახსოვს, რომ რაღაც საყვირზე იყო საუბარი. გახარებული ბრუკნერი კიცს გადაეხვევა: მართალია! ეს ხომ მესამე სიმფონიაა. რა ბედნიერებაა, უწყოდე შენი რჩეულის ნება!
ვაგლახ! მესამე დღეს ბრუკნერს ისევ ეჭვი იპყრობს და იძულებული ხდება, ვაგნერთან პატარა ბარათი გააგზავნოს: "სიმფონია რე მინორი, რომელშიც თემას საყვირი იწყებს. ბრუკნერი". ფურცელი, რომელსაც მთელი ცხოვრება თვალის ჩინივით გაუფრთხილდება, მალევე უკან უბრუნდება: "დიახ, დიახ! გულითადი სალამი! ვაგნერი".
ბრუკნერი მეორე და მესამე სიმფონიებს კიდევ არაერთხელ გადააკეთებს, ბევრ რამეს შეკვეცავს და ვითომ უფრო ადვილად აღსაქმელსაც გახდის, მაგრამ მეორე სიმფონია უკვე სამუდამოდ ექცევა მესამის ჩრდილქვეშ.
ბევრი დიდი დირიჟორი და ბრუკნერის თაყვანისმცემელი ვაგნერის არჩევანს მისდევს და ჭეშმარიტების ათვლას მესამე სიმფონიიდან იწყებს. ამის შემდეგ თითქოს ბრუკნერიც უფრო მეტად უწევს ანგარიშს თავის მსმენელს და ნებსით თუ უნებლიედ აოკებს ხოლმე თავის ფანტაზიას.
შემოქმედება მარადიული ჭიდილია ხელოვანის თავისუფალი წარმოსახვისა ხელოვანისავე მაორგანიზებელ და ფორმის მიმცემ ძალებთან. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, ისე მოთოკონ თავიანთი შთაგონება, რომ არც მას შეაკვეცონ ფრთები და თან შესაფერის, ყველასათვის მისაწვდომ, მოხდენილ ყალიბში ჩამოასხან.
ბრუკნერის შემოქმედებითი პროცესი კი იქნებ არასოდეს აღარ იქნება ისეთი მოუზომელი, ლაღი და უსაზმნო, როგორიც მეორე სიმფონიის წერის დროს იყო. მერე რა, რომ შედეგი შეიძლება ერთგვარად ამორფულიც კი ჩანდეს. მუსიკალური ფანტაზია ხომ ვერასოდეს ასე ვეღარ დაუსხლტება მატერიალიზაციის სასტიკ მარწუხებს.
ამ სიმფონიით პირველად გველაპარაკება გენიოსის სული, რომელსაც არტახები არ უცვნია, თავის შთაგონებას თვალდახუჭული მინდობია და მიწიერი მიზიდულობის გადალახვასა და მარადიულობასთან შეერთებას ლამობს.
BRUCKNERFEST 2007
ANTON BRUCKNER
Symphonie Nr.2 c-moll
1. Fassung von 1872
1. Allegro. Ziemlich schnell
2. Scherzo. Schnell
3. Adagio. Feierlich, etwas bewegt
4. Finale. Mehr schnell
Gewandhausorchester Leipzig
Dirigent - Riccardo Chailly
Brucknerhaus Linz, 16/9/2007
www.alldrives.ge (Username: Richard, Password: Wagner)
This post has been edited by WAGNERITE on 27 Jan 2008, 14:15
მიმაგრებული სურათი