მოკლედ, ჯობია, ელანიძის შეთხზულ ვერსიებს თავი დავანებოთ და თუშების მიერ დაწერილ ლექსებზე გადავიდეთ-ასე აჯობებს
ეს ლექსი, ვფიქრობ, ერთერთი საუკეთესო ლექსია იმ მრავალ საუკეთესო ლექსეთა შორის, რაც კი ქართველ პოეტებს დაუწერიათ... არა, განა იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ადამ ალვანელი ჩემიანია... არა. მართლა ძლიერი ლექსია. ტყუილად კი არ უთქვამს გოგლა ლეონიძეს, ადამ ალვანელი და არჩილ კიტოშვილი რომ არ დაეხვრიტათ, მე-20 საუკუნის ქართული პოეზიის სადავეები თუშთა ხელში იქნებოდაო
ჩემი სიტყვა - მარტინ იდენს
ოკეანედან მოსულ მეზღვაურს,
ხმელეთზე მოგყვა შუქი დიდების
და მოკრივეთა ამაყ მეთაურს,
გქონდა მარაგი ლოთურ გინების.
გოლიათური მკლავის უნარით,
შეაზიარე მკერდი ოკლენდის,
დიდ სასახლეში უცხო სტუმარი,
პირისპირ შეხვდი მშვენიერ ლედის.
ბრილიანტები ეფინა თმაში,
სათუთ სახეზე მზის ბრწყინვალება,
შემოგხედა და იგრძენი მაშინ -
გულმა დაიწყო ფერისცვალება.
და მეზღვაურის ტლანქი ხელებით
ვნება აზიდე ნიაღვარული,
ვით საჩუქარი დანაელების,
ტროას ქალაქში შემოპარული.
რუთის ძუძუზე ფერფლად იწოდი,
ოქროდ გიღირდა ყოველი წამი,-
გატაცებულმა როდი იცოდი,
რომ ბედისწერად გდევნიდა ჟამი.
ღამეულ განცდას მთვარეში ჰბანდი,
სხივებს იკეცდი თვალში დასტებად, -
ლანდად ქცეული მეზღვაურს ჰგავდი,
ღამეულ ტყეში გზას რომ ასცდება,
საკუთარ თავთან, ნაბიჯდარხეულს,
დაგეწყო ბრძოლა გულისხმიერი,
მაგრამ ესოდენ ბუმბერაზ სხეულს
არ აღმოაჩნდა ნება ძლიერი.
მსხვილი მაჯები ფოლადის ჯურა,
ზღვით ავსებული გაშლილი მკერდი.
ათეულ ტომმა ათჯერ დაწურა
და შენც დაღლილი გრძნობით შეჩერდი.
დასვი წერტილი შეჩერდი მაშინ,
როცა სახელი მზესაც მოედო,
ნუთუ ფიქრობდი მშობლიურ ზღვაში
თავის დახრჩობით ბრძოლა მოგეგო.
გატეხილ ნებით ბედს დაემალე,
მოიერიშეს ვეღარ დაჰკარი,
და რაც ყიჟინით უთქვამს ალვანელს,
ისიც უთოოდ მართალი არი.
რომ ძიებაში სახელმქუხარე,
ბევრი ვარამი დაუთმენიათ,
ასეულ წლიდან ამომდუღარე,
ტანჯვის საშოდან მოდის გენია.
თუკი მსოფლიოს მოთესავ ღვაწლით
და შესრულებ მოვალეობას,
წამოჩოქებას ვიღა დაგაცლის,
ვიღა დაგაცდის თავისმკვლელობას.
აბა, რას გარგებს წახვიდე ისე,
არ მოიხადო კაცური ვალი, -
უნდა ქვეყანას საკვები მისცე
და დააჩნიო ცხოვრებას კვალი.
ვერ გაარღვიე ბურუსი - იდენ,
გაუდრეკელი ორბის თვალებით,
შენი სიცოცხლე წვალებით ზიდე,
ზღვას მიაბარე იმავ წვალებით.
გმირის მიზანი ეგ თუა მხოლოდ,
ასეთი გმირი გმობის ღირსია, -
მე - უძლეველი ნების სიმბოლოდ -
თვალები ცეცხლით ამომივსია.
შენ ზღვაზე იყავ და მე კი მთებში,
შენ იცნობ ტალღას მე კი ფრიალოს,
სადაც მიუვალ ხევ-ღრანტეებში
ქარი ზუილით დახეტიალობს.
როცა მხარს შვიდი წელი მოება,
დაბლა, ბარისკენ გავჭერი სივრცე,
პატარა ბიჭი შევხვდი დროებას
და საიმედო მეგზურად მიცნეს.
იმ ხანებიდან უვალი გზებით,
ბედით დარახტულ რაშებს ვაჭენებ,
მაგრამ სიცოცხლეს თუ ვეღირები,
შენსავით წყალში არ ჩავასვენებ.
ჩვენ ორნი ვდგევართ: სცილლა - ქარიბდა,
ორ პოლუსიდან, ორი წერტილი,
თუ ფიქრი ბრძოლით გამიღარიბდა
დეე, დავეცე ფრთამოწყვეტილი.
მტვრად ავიგავო, შიშით მოხრილი
ტიალი ძვლები ქარმა გარიყოს.
სიცოცხლე ფუჭად გადაცოხნილი,
სჯობია გაქრეს და აღარ იყოს.
იმათ მკვდრებიც კი შავი მიწიდან
სცნობენ სამყაროს ღირსეულ შვილად,
ვინც საკუთარი სისხლი მოზიდა
დიდი საქმისთვის უმცირეს წვლილად.
თუ ფიქრი განცდას მოეხმარება,
მიზანს არა დროს არ გავაცილებ
ამ გულს, ქვეყანას თუ ეკმარება
რყევის გარეშე გავუნაწილებ.
მთიდან მოვდივარ მთის ნაშიერი,
ჯანღებში ელვად გადატეხილი,
ოკიანეზე უფრო ძლიერი,
ჟამთა ჯარაზე ამოგრეხილი.
ხმელეთის ზურგზე დასაყრდენს ვეძებ,
დამყვება ფიქრი მარად მგზნებარი,
სამარეშიაც სულს ავაფეთქებ,
ბედის მეტოქე დაუდეგარი.
აგრიგალებულ ველურ სტიქიას,
თვალში ჩავისხამ და დავაოკებ,
გამბედაობაც სწორედ იგია,
თუ ბედს მუხლებზე წამოაჩოქებ.
აი, ეს შუბლი - სალი კლდეა და
მასზე ნაოჭი - მთების ხეობა,
თუკი სიცოცხლე ბრძოლას შეადნა,
დარჩება მაინც გამბედაობა.
მე ჩემი სული გრიგალს ვადარე
და გრიგალივით მინდა თარეში,
პრომეთეოსის ცეცხლს დავატარებ
ბედნიერ ქვეყნის მზიურ მხარეში.
რომ ყოველივე მქონდეს ნახული,
ორი სიცოცხლე როდი მეყოფა,
ვერ გადასწვდება მთებური გული,
იმდენად დიდი არის ეპოქა.
მაინც უშიშრად ვთელავ ბილიკებს,
ერთი შეხედვით მზესაც დავაცხრობ,
თუ საქართველო შვილად მიმიღებს,
თუშურ სტიქიას ბარსაც გავაცნობ.
დეე, მაგინოს ვინც კი გაბედავს,
მაღალი შუბლი გესლმა დაღაროს,
სირცხვილი მაშინ აწყვეტილ მხედარს,
თუ მან ოდესმე თავი დახაროს. "
ადამ ალვანელი
1939 წ.
This post has been edited by BACHO on 21 Feb 2007, 23:43