მაგ უბნიდან ერთი ქალია ჩვენთან გამოთხოვილი რუსიკო რამიშვილი. მამას ანდრო ჰქვიოდა, მაგრამ ის არ გეხსომება, მაგრამ ძმა გეცოდინება - თამაზი, რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. რობაქიძეების მეზობლად ცხოვრობს, ბიბლიოთეკის თავზე, მაღლა. ახლა ცოტა მობერდა, თორემ ეგ ისეთი ყოჩაღი ქალია, ახალგაზრდობაში, საღამოს საქმეებს რომ მოილევდა ოჯახში - ძროხას მოწველიდა და ყველა ამოიყვანდა, ქათამ-ინდაურს დაამწყვდევდა და ოჯახს ავახშმებდა, მერე შემოირტყამდა წელზე ქამარს, გაირჭობდა შიგ ნაჯახს, დაიბიჯებდა ჯოხს და კაი დაღამებულში მოდიოდა დიდვანს დედამისთან. არადა, დათვებით და ნადირით სავსე უღრანი ტყეა გამოსავლელი. ერთხელ - მაშინ დედამისი უკვე მკვდარი იყო და ორმოცის წინა დღეებში მოდიოდა ასე შუაღამისას. გზაჯვარედინზე არევია გზა და დიდვანის ნაცვლად ყვითელოურის მთაზე წასულა. მერე კი მიმხვდარა გზის არევას, მაგრამ ვერ გამოუგნია უკან და დაუწყის იმ შუარამეზე იმხელა მთაზე ყვირილი.

კიდე კარგი, ბედი მაგისი, ნაჩხუბარაზე იმ წლებში თქვენებურები ყანებს ტესავდნენ და ნადირისგან დასაცავად ღამეებსაც იქ ათევდნენ კარვებში. იმათ გაუგონიათ ყვირილი, თორემ ვის რას გააგონებდა იქიდან! მერე ასულან ესენი და ჩამოუყვანიათ სოფელში.
ერთხელ, ზაფხულში, სისხამ დილით, გათენებამდე თურმე თქვენგან მოდის ზემოხეთში. ნაჩხუბარას რომ შემოგდომია, მაშინ დაუწყია თენება, იმდენად ადრე წამოსულა. მოდის თურმე, მოუყვება იმ აღმართში ბილიკს და უცებ ბუჩქებში რაღაცა გაფაჩუნდა. უფიქრია, ალბათ ვინმე ჩვენებურის საქონელიაო და იყურება თურმე ბუჩქებში, დავინახოო. ამ დროს საქონლის ნაცვლად რამდენიმე მეტრის დაშორებით გამოსულა მოზრდილი დათვი. დგას თურმე ორივე ბილიკზე ასე სამიოდე მეტრის დაშორებით და უყურებენ ერთმანეთს. რუსიკომ, ჩემთვის ვბურდღუნებ, ნუთუ ამან უნდა შემჭამოს, ამის წერა უნდა გავხდეო? დათვმაც მიყურა ერთხანს, მერე კაცივით შემაფურთხა, შებრუნდა და წავიდაო.

ბებიაჩემი ეხუმრებოდა მერე, ეტყობა, ასე გამხდარი რომ ხარ, ხორცად არ მოეწონე და იმიტომ დაგიწუნაო. მაგრამ მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო რუსიკოს საქციელია - იმის მაგივრად, რაკი ცოცხალი გადარცა, სებრუნებულიყო და უკან მოეკურცხლა, დაადო თავი და მაინც ჩვენსკენ წამოვიდა.

არადა, მთავარი ტყე მერე უნდა გადმოევლო. დილის 9 საათზე უკვე სახლში იყო გადმოსული. შეხვედრია თავისივე მეზობელი და თურმე მოუყვა, რაც შეემთხვა გზაში. ის კაცი თავის ცოლს მიბრუნებია და, ქალო, შენ ძროხის მოსაწველად ძლივს აგაყენე ლოგინიდან და ამას აგერ დათვთანაც მოუსწრია შეხვედრაო.
* * *
სპორტი
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".