რუსთავი ისტორიულ წყაროებში
რუსთავის წარმოშობის შესახებ პირველი ისტორია მეთერთმეტე საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ჩანაწერებში აღმოჩენილი. მისი ცნობით ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში რუსთავი უკვე ქალაქად მოიხსენებოდა და მისი აშენება ქართველი ეპონომის, ქართლოსის მეუღლის სახელს უკავშირდება.
რუსთავის - როგორც ქალაქის არსებობის უფრო თვალსაჩინო კვალი ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში შეინიშნება. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქის მშენებლობა ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელთანაა დაკავშირებული რომელიც მეფობდა 383-395 წწ.. მას გაუყვანია მდინარე მტკვირდან სარწყავი არხი - ”რუ” , რომელსაც განსაკუთრებული მნიშვენლობა ქონდა კუხეთის რეგიონისათვის. სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ქალაქის სახელწოდების - ”რუსთავის” წარმოშობას. ამავე პერიოდს უკავშირდება რუსთავის ციხისა და პირველი ეკლესიის მშენებლობა.
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმით რუსთავი მსხვილი საეპარქიო ცენტრი გახდა.
სინას მთაზე აღმოჩენილი ხელნაწერების მიხედვით მერვე საუკუნის ბოლოდან კუხეთსა და რუსთავს რუსთაველთა ფეოდალური სახლი განაგებს და არსებობს გარკვეული მოსაზრება მეთორმეტე საუკუნის გენიალური პოეტი ”ვეფხვისტყაოსნის” ავტორი, შოთა რუსთაველი სწორედ ამ საგვარეულოს წარმომადგენელი იყო.
735-737 წწ არაბმა დამპყრობელმა მურვან-ყრუმ საქართველოს დალაშქვრისას ააოხრა რუსთავიც. მეთერთმეტე საუკუნეში რუსთავი თურქ-სელჩუკთა ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა, მისი გათავისუფლება დავით აღმაშენებლის თანამოსანგრის, მწიგნობართუხუცესს გიორგი ჭყონდიდელის სახელს უკავშირდება.
მეცამეტე საუკუნისთვის რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ უმაღლეს განვითარებას მიაღწია. იგი მსხვილ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა და ჩართული იყო მახოლბელი აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების ქსელში. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახის ნაწარმი განსაკუთრებული ხარისით გამოირჩეოდა და მოთხოვნადი იყო მეზობელი ქვეყნის ბაზრებში.
1265 წელს მონღოლი ბერქა-ყანის გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად ქალაქი რუსთავი ნაცარტუტად იქცა და ფაქტობრივად შეწყვტა არსებობა. ცხოვრების სუსტი კვალი მისგან დარჩენილ პატარა დასახლებასა და რუსთავის ციხეზე შეინიშნებოდა.
მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეთა მიჯნაზე ქართლელი და კახელი ბაგრატიონების მცდელობა ქალაქის აღორძინებისა უშედეგოდ დასრულდა. სწორედ ამ დროიდან რუსთავი სრულად წყვეტს თავის არსებობას.
მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირის შექმნის შემდგომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ძველი ქალაქის ნასახლარზე ახალი ცხოვრების აღორძინებისა და მეტალურგიული კერის შექმნის შესახებ.
1944 წლიდან იწყება დაბა რუსთავის მაჯისცემა. აშენდა მექანიკური ქარხანა, დიზელის ელექტროსადგური, დაიგო 2 კილომეტრი რკინიგზა, გაყვანილი იქნა 20 კილომეტრი საავტომობილო გზა. ფაიწყო მეტალურგიული ქარხნის ძირითად საამქროთა კონსტრუქციების მონტაჟი. ჩამოდიოდნენ მშენებელთა და სპეციალისტა რაზმები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. სულ უფრო მრავალეროვანი ხდებოდა რუსთაველთა ინტერნაციონალური ოჯახი.
1948 წლის 19 იანვრის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო პრეზიდიუმის ბრძანებულების თანახმად დაბა რუსთავი გამოეყო გარდაბნის რაიონს და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად გამოცხადდა და კვლავ დაიკავა თავისი ისტორიული ადგილი თანამედროვე საქართველოს რუკაზე.
1950 წლის 27 აპრილს პირველი რუსთავული ფოლადის ტალღამ გზა გაიკვლია ციცხვისკენ.
1950 წელს ძველ ხალიბთა ნამოსახლარზე დაიწყო პირველი ქართული ფოლადის წარმოება, რაც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქალაქის ისტორიაში.

რუსთავი უნიკალური ქალაქია, რადგან იგი ერთდროულად ათას ექვსას წლოვანი ისტორიის მემკვიდრეცაა და საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ქალაქიც, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში გიგანტური სახეცვლილება განიცადა _ პაწაწინა დაბიდან მძლავრ ინდუსტრიულ და კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა.
ბოლო ათწლეულში როგორც საქართველოში, ასევე ქალაქ რუსთავშიც არსებითად შეიცვალა დემოსოციალური ვითარება, რაც გამოიხატებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებით. მოსახლეობის ბუნებრივ და მექანიკურ მოძრაობაში გამოკვეთილი ნეგატიური ტენდენციების გამო (შობადობის შემცირება, გარემიგრაციული პროცესების ინტენსიურობა, მიგრანტთა შორის რეპროდუქტიული ასაკის მოსახლეობის მაღალი წილი და სხვა), გაიზარდა მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი.

მოსახლეობის განაწილება ცალკეული ეროვნებების მიხედვით
ქართველი 102151
აფხაზი 44
ოსი 1410
სომეხი 2809
რუსი 3563
აზერბაიჯანელი 4993
ბერძენი 257
უკრაინელი 395
ქისტი 15
იეზიდი 15