მინდა შემოგთავაზოთ ინფორმაცია ჯიხეთის დედათა მონასტერზე. ამ მონასტერს საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იქ დღეს დედების მგალობელთა გუნდი აქვთ, ძალიან კარგი გუნდი

მათ ორი დისკი აქვთ გამოშვებული. მეორე დისკის ანოტაცია მინდა შემოგთავაზოთ, სადაც ამ მონასტრისა და ზოგადად გურული სამგალობო კულტურის შესახებ ინფორმაციას შეხვდებით

მოგვიანებით კი თავად საგალობლებსაც ავტვირთავ

-------------------------------------------
სამება-ჯიხეთის ,,ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების” სახელობის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭყონაგორის შორიახლოს, მთაგორიან დაუსახლებელ ადგილზეა გაშენებული.
თავდაპირველად მონასტერი ,,ჯიხეთის” მთაზე, მიუდგომელ ადგილას მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მასზე ჯართან ერთად თამარ მეფე დაბანაკებულა. ამ ფაქტთან დაკავშირებულია ტაძრის სახელწოდებაც _ ,,მენელსაცხებლეთა დედათა”, შემორჩენილია ამ ტაძრის ნანგრევი, სადაც აღმართულია ხის დიდი ჯვარი.
მონასტრის ადგილმდებარეობის გამოცვლა მიწისძვრასა და უწყლობას გამოუწვევია. გადმოცემით, დედებს სამი მტრედი მოუყვანიათ და ღვთისათვის უთხოვიათ ახალი ტაძრის ასაშენებელი ადგილის მინიშნება. მტრედები ახლოს მდებარე მთის ძირში დაფრენილან.
XIX საუკუნის მიწურულს აშენდა ახალი ტაძარი, რომლის მშენებლობაც 14 წელი გაგრძელდა. 1904 წელს ტაძარი აკურთხა გურია-სამეგრელოს ეპიკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ.
ჯიხეთის მონასტერს სხვადასხვა დროს წინამძღვრობდნენ: იღუმენიაAანასტასია (ლორთქიფანიძე), მარინე (გოგეშვილი), ელისაბედ (ჯაჯღავა), იღუმენია თეოდორა (მორჩილაძე), იღუმენია ანასტასია (გოგელია).
სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ათონის წმინდა მთაზე მდებარე ივერთა მონასტერთან. მონასტერში დაცულია ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერთაგან XX საუკუნის დასაწყისში შემოწირული ორი დიდებული ხატი: ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების.
აღსანიშნავია, რომ სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში კომუნისტური ეპოქის დროსაც კი, ქრისტიანული ეკლესიის დევნის უმძიმეს წლებშიც, არ შეწყვეტილა მოღვაწეობა. წმინდა დედები ყოველდღიურად აღავლენდნენ ლოცვას მთელი საქრისტიანოსათვის.
ათეიზმის ბატონობის პერიოდი წარსულს ჩაბარდა. საქართველოში ეკლესია-მონასტრების აღორძინების ჟამი დადგა. ღვთის განგებულებით, სამება-ჯიხეთის მონასტერს 1989 წლიდან ვწინამძღვრობ. ჩვენს მონასტერშიც დაიწყო აღმშენებლობა. 1991 წელს მონასტერი წმინდა გიორგის ბაზილიკამ დაამშვენა, აშენდა ახალი საცხოვრებელი სენაკები. დროთა განმავლობაში დედათა კრებულს შეემატნენ ახალგაზდა წევრები. 2002 წელს შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, აშენდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების სახელობის მცირე ეკლესია. 2004 წელს გაიხსნა მონასტრის მუზეუმი.
სამება-ჯიხეთის მონასტერი აგრძელებს ქართული სამონასტრო ღვთისმსახურებისა და გალობის ტრადიციას. უკვე რამდენიმე წელია მონასტრის ოთხი წევრისაგან შემდგარი გუნდი, მონაზონ მართას (ჩხიკვიშვილი) ხელმძღვანელობით, ღვთისმსახურების დროს ყოველდღიურად გალობს ძველ ქართულ სამგალობლო კილოებს. ორიოდე წლის წინ შეიქმნა მეორე გუნდიც, რომელიც ამჯერად 8 წევრისაგან შედგება. ისინი ძირითადად სადა კილოს საგალობლებს ასრულებენ.
რამდენიმე თვის წინ სამება-ჯიხეთის დედათა გუნდის გალობას მოუსმინა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, რომელმაც გვაკურთხა, ჩაგვეწერა და გამოგვეცა ეს საგალობლები. მისმა მამობრივმა ლოცვა-კურთხევამ გაგვაბედინა ჩვენი მონასტრის დედების გალობის დისკის გამოცემა.
ასევე უნდა აღინიშნოს ანჩისხატის ტაძრის გუნდის მგალობლების ბატონების მალხაზ ერქვანიძისა და ვასილ ცეცხლაძის დამსახურება. ჯიხეთის მონასტრის დედათა გუნდს მათი რჩევები ძლიერ დაეხმარა და მომავალშიც მათი თანადგომის იმედი გვაქვს.
უფალმა შეიწიროს სამება-ჯიხეთის მონასტრის დედათა შრომა და მოგვცეს ძალა მარად მისი სახელის გალობით დიდებისა.
სამება-ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი)
-----------------------------------------
საქართველოს ეკლესია მდიდარი სულიერი საგანძურის მფლობელია. ჩვენმა ღირსეულმა წინაპრებმა თავგანწირვის ფასად მოიტანეს ჩვენამდე ქრისტიანული კულტურის უნიკალური ნიმუშები. ამ დიდი მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სიმღერა-საგალობლებია. გურიის მხარე ოდითგანვე გამორჩევა სამგალობლო ტრადიციით.
ღვთის წყალობით, დღეს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის აღორძინების პროცესი _ შენდება ტაძრები, იკურთხება სასულიერო პირები, გაიზარდა მრევლი. საღვთისმსახურო ტრადიციებთან ერთად ქართული გალობის აღდგენაც მეტად საჭირო საქმეა.'ჯიხეთის დედათა მონასტრის წევრები, მათი წინამძღვრის _ არქიმანდრიტ ანდრიას დიდი მონდომებითა და ხელშეწყობით, გულმოდგინედ სწავლობენ ძველ ქართულ საეკლესიო კილოებს. ამ საღმრთო შრომის შედეგიც სახეზეა: მონასტერში ყოველი ღვთისმსახურების დროს გაისმის კეთილხმოვანი ქართული გალობა.
ვფიქრობთ, ძველი ქართული საეკლესიო გალობისადმი მონასტრის კრებულის დიდი სიყვარული მათი სულიერი წინსვლის ერთ-ერთი ნიშანია. მსგავსი მონდომება სამაგალითო და მისაბაძია.
გვინდა, სიყვარულით დავლოცოთ ჯიხეთის მონასტრის კრებული და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ მათი შემდგომი წარმატება.
შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე)
---------------------------
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში მიმდინარეობს ძველი ქართული საეკლესიო გალობის აღგდენის პროცესი. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვე-კურთხევით და არაერთი თავდადებული ადამიანის შრომით უკვე ბევრი რამ გაკეთდა. გამოიცემა ქართული გალობის სანოტო კრებულები, შეიქმნა ახალი მგალობელთა გუნდები, პერიოდულად იმართება ქართული გალობისადმი მიძღვნილი საღამოები და გამოფენები, მაგრამ წინამდებარე დიკის გამოცემა განსაკუთრებულ სიხარულს მიანიჭებს ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს რადგან ამ დისკში შესული ყველა საგალობელი შერულებულია უშუალოდ მონასტრის წევრების მიერ. ქართული საეკლესიო გალობის აღდგენისა და დამკვიდრებისათვის აუცილებელია საქართველოს მონასტრებში საგალობო კერების აღორძინება. საუკუნეების მანძილზე სწორედ ქართველი ბერ-მონაზვნები იყვნენ გალობის ერთგული შემნახველნი და მეპატრონენი. სამება-ჯიხეთის მონასტრის წევრების ეს ნაშრომი გვაიმედებს რომ საქართველოს სხვა მონასტრებიც მიბაძავენ სასიკეთო მაგალითს და მეტი გულმოდგინებით გააგრძელებენ ქართული გალობის შესწავლას.
საქართველოს საპატრიარქოს
საეკლესიო გალობის ცენტრი