
შენ მეისპე 100 წლის მერე.
აჰა, შენ, "კვირის პალიტრის" დღევანდელი წერილი - წამლად გამოგადგება.
კართან ჩაძინებული მეკვლე...
“გარეთ ხომ არ დავტოვებდი იმ მამაძაღლს, შინ შევიყვანე, ყურიც ოვუწიე და სუფრასთანაც დავსვი”
ეს ლამაზი საახალწლო ამბავი, ახლა რომ უნდა გიამბოთ, ავტობუსში ჩავიწერე. ახალი წლის შემობრძანებას რამდენიმე დღე აკლდა და ამიტომ ხალხზე მეტი ბარგი ეწყო ავტობუსის სალონში, - გურულ ბებია-ბაბუებს ქალაქში შვილიშვილებისთვის იმდენი ხორაგი მიჰქონდათ, ახალ წელს კი არა, წესით, მთელი წელიწადი არ უნდა გასჭირვებოდათ არაფერი. თითქმის ყველას სხვადასხვა ზომის და რაც მთავარია, საკუთარი ხელით გათლილი ჩიჩილაკი ედგა კალთაში, რომლებიც გასაოცარ სურნელს აფრქვევდნენ და განწყობასაც ისეთს ქმნიდნენ, სიყვარულით ივსებოდა სული, ვერ წარმოიდგენდი, თუ სადმე მტრობა, შური და ტკივილი არსებობდა. ერთ სამოციოდე წლის კაცს სახეზე ეწერა სიხარული და მიზეზიც მალე გავიგეთ, ნაცნობმა შვილიშვილის შეძენა მიულოცა:
- გმადლობთ, ივანე ბატონო, გმადლობთ! თქვენც გამრავლდით და გეიხარეთ ისე, რავარც მე ვარ გახარებული. რავარც იქნა ვეღირსეთ და სამი გოგოის მერე ბიჭი შეგვეძინა... თავად კი იცი, ერთი გოგოს იმედზე დამტოვა გამჩენმა და იმას შამევევლე, ცხრა ბიჭში არ გავცვლიდი, მარა ბიჭი მაინც სხვაფრივ უხარია გულს...
- ბიჭი, თვარა, შენი გვარი არ გაამრავლოს! - წაკბინა მწარედ გამხდარმა, სიცივისგან ცხვირპირაწითლებულმა კაცმა და ვიღაცამ გაამხილა:
- მაგას თავისი გაჭირვება ალაპარაკებს, ოთხი გოგოის იმედზეა დარჩენილი, სიძეებიც არ გამოადგენო! - და იქვე ბედნიერ ბაბუას ჰკითხა, - შენ ხომ ხარ სიძით კმაყოფილი, ზაურია?
- იმას შამეევლოს ჩემი თავი, სიძე კარა, შვილია ჩემი, - ტკბილი, ზრდილი, ბუნჩულა, რავარც რაჭველების გაზრდილს შეეფერება...
- რა ვიცი, თავის დროზე არ გინდოდა რაჭველი და გურულ სიძეს ნატრობდი?
- მაი მასეა, ყველას თავისიანი ურჩევნია! - ხმა ამოიღო შავთავსაფარწაკრულმა ქალმა ისე, თითქოს რაჭველები გერმანელები ყოფილიყვნენ...
- ნამდვილად არ მინდოდა, თან, სად მყავდა მაშინ გასათხოვარი ჩემი მზექალა, 13 წლის იყო... კი იცით, რაფრა ვზრდიდი, რაც დეიბადა, ცოლი სამსახურში არ გამიშვია, კუდში დადევდა. არ ვიცი, რაფრა დამითანხმა კარის მეზობელმა მისთვის გამეტანებინა სოფელში ორი კვირით, მისი ტოლი გოგოები ჰყავდა... იქიდან კი ჩემევიდენ მშვიდობით, მარა შევამჩნიე, ჩურჩულ-პუტპუტს უმატეს. ვკითხე მკაცრად ჯერ შვილს, მერე ცოლს, რა ხდება-თქვა?
ვერ გამიბედა მოტყუება:
- იქ, რაჭაში, ვინცხა ბიჭს შეჰყვარებია ჩვენი მზექალა, თავს იკლავს თურმე, ჩამოსვლას აპირებს, ვეღარ ითმენს მის უნახავობასო.
გედევირიე, მე ამბავი ვქენი, არ თქვათ, - დავხოცე ცოლ-შვილი: 13 წლის ჩემი იყო და ბიჭი 14 წლის ყოფილა. მისი სახელის ხსენება ავკრძალე...
საახალწლოდ ხომ უნდა ჩამემეტანა სოფლიდან ხორაგი და წამევედი. მაშინ აქანე დედ-მამა ცხოვრობდა ჩემი, ქე იცით: გახაზირებული და შეკრული დამახვედრეს ყველაფერი და 31-ში დილით წამევედი ცოლ-შვილთან. წესით, ნაშუადღევს უნდა ვყოფილიყავი სახლში, მარა - მომივიდა მარცხი, მანქანა მომისრიალდა მოყინულ გზაზე და მე კი გადავრჩი, მარა მანქანას გოუტყდა იმფერი ნაწილი, სანამ ის ვიშოვე და ისევ შევძელი გზაზე დადგომა, ქე შესრულდა 12 საათი და შევხვდი გზაში ახალ წელს. კიდო კაი, ვინცხა მადლიანმა დამარეკია ცოლ-შვილთან, მაშინ არ იყო მობილური ტელეფონი, თვარა შემიცხადებდა თალიკო. ღამის ორ საათზე მივედი სახში, ფანჯარაში გადმომდგარი შემეგება ცოლი და შენ შემოგევლეო, გადმომძახა. ბაღანას ქე ჩასძინებოდა...
ბარგი ხომ უნდა აგვეზიდა და გოუღია კარი და... არ მორთო კივილი?! სული არ ამყოლია კიბეზე, იქეთ-აქიდან მეზობლები გამოცვივდნენ და რას ვხედავ - კართან ზის 14 წლის ბიჭი და თვალებს იფშვნეტს, კივილზე გაღვიძებული და შეშინებული, გვერდით ჭრელი ხურჯინი უდევს...
- ვინ ხარ, ბიძია-თქვა? - ვკითხე გაოცებულმა.
- დათუნიკა ვარ, ჯოხაძე... მიყვარს მზექალა და თუ დამიშლი მის სიყვარულს, აქვე მომკალი, ბიძია, უმისობა არ შემეძლო, გამევიპარე სახლიდან, მარა აქ მოსულს გამბედაობა არ მეყო კარზე დასაკაკუნებლად, ჩამძინებიაო!..
ცოლი დამფრთხალი მომაცქერდა.
მეზობლებმა სიცილი დამაყარეს. იმ უცნაურ მეკვლეს მხარზე მოუტყაპუნეს ხელი:
- ბარო, სიძე, შე ძველოო!...
რაღაცა მომილბა გულში და ვერ ვთქვი ვერაფერი, გარეთ ხომ არ დავტოვებდი იმ მამაძაღლს, შევიყვანე შინ: ყურიც ოვუწიე, მარა სუფრასთანაც დავსვი, გავათბე, ლოგინში ჩავაწვინე... იმისთანა ხათრიანი იყო, თვალებში არ მიყურებდა, მარა მაინც ჩემსა და ცოლს შუა ჩავაწვინე იმ ღამეს მზექალა. მეორე დღეს ჩემი ხელით ჩოვუყვანე პატრონს, გავაფრთხილე, - სიახლოვეს არ გამაკაროთ, არ მყავს მე გასათხოვარი-თქვა, მარა გაგონილა?! - ყოველ ახალ წელს მომადგებოდა მხარზე გადებული ხურჯინით: სანამ ცოცხალი ვარ, ამ ოჯახს სხვა მეკვლე არ ეყოლებაო!..
სკოლა რომ დაამთავრა, მაშინვე დოვუპირე მზექალას ჩვენებურზე, კაი ოჯახის შვილზე გათხუება, მარა დანიშნული გემეპარა სახლიდან და იმ ახალ წელს იქით ჩაასწრო მეკვლეთ რაჭაში დათუნიკას. ვინღა გამოუშობდა უკან? გევიბუტე, კვინტიც ვყარე, მარა რაღა დროს...
სოფელში ხვარ ჩავტიებდი ბაღნებს - წამევიყვანე, ჩავაბარე ოჯახი და მე ქე ჩევენაცვლე ჩემი ცოლით ცხონებულ მამაჩემს და დედაჩემს...
სამი მარსკვლავივით ლამაზი გოგო მაჩუქეს, ახლა იმათი დარდი მიხეთქავს გულს, გლახამ არავინ მომტაცოს, - უმფროსი 17 წლისაა უკვე... სამი დღეისაა ჩემი ბიჭი, იმას შამევევლე. დამილოცნიხართ, ღმერთმა ჩემნაირი ახალი წელიწადი მოგიბრუნოთ ყველას! - დაგვლოცა ბედნიერმა ბაბუამ და ისე ჩამოვედით ქალაქამდე, ბედნიერი ღიმილი არ წაშლია სახიდან...
ინგა ჯაყელი