leva1990
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 93170
რეგისტრ.: 8-June 09
|
#20845513 · 26 Jul 2010, 22:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაკარგული ბავშვებიდან ერთ-ერთი, 4 თვის მამუკა არაბული, პატრიარქის ნათლულია ამბობენ, საიქიოს გარდასულნი სააქაოს დარჩენილთა მწუხარების გამო იტანჯებიანო. თუ ასეა, იოლი წარმოსადგენია, რას განიცდის ბერდია არაბულის სული. რომ შეეძლოს ალბათ ცხოვრებას იმ დრომდე დააბრუნებდა, როდესაც უკანასკნელად მიუჯდა საჭეს და ბედნიერმა გააქანა საყვარელი ხალხით სავსე ავტომობილი...
22 ივლისს, პირიქითა ხევსურეთში მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათანგენობიდან დაბრუნებული 10 ადამიანი ავტოკატასტროფაში მოყვა. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში სწრაფად მიმავალი მანქანა ხრამის პირზე მოცურდა. მძღოლმა, ბერდია არაბულმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიცუბიშის მარკის ჯიპი მდინარე არღუნში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ამ ადგილზე წყალი ღრმა არა, მაგრამ ცივი და ძალიან სწრაფია.
დაიღუპა შვიდი მგზავრი - 2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი დაიაურები დედასთან, თეონა ქუმსიაშვილთან ერთად, 4 თვის მამუკა არაბული კი მშობლებთან ბერდია და სოფიკო არაბულებთან ერთად. ასევე დაიღუპა თეონას და ნათია ქუმსიაშვილი. დემეტრე, ჯარჯი და თეონა შატილის სკოლა-ინტერნატის დირექტორის და პოეტის გელა დაიაურის ცოლ-შვილი იყო. გელა ოჯახთან და ცოლის და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში.
კატასტროფას მხოლოდ გელა, 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილი და 21 წლის თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ. ექიმებმა გელას და თორნიკეს საშუალო ხარისხის დაზიანებების გამო მთებში დარჩენის უფლება მისცეს. თეონა კი 23 ივლისს თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფის ადგილას მაშველი და ავტომობილში მყოფთა ნათესავები სწრაფად მივიდნენ, წყალმა 2 წლის დემეტრესა და 4 თვის მამუკას წაღება მოასწრო.
მდინარე არღუნი სწრაფია და ცივი, რამაც ძებნის პროცესი გაართულა. მაშველების განმარტებით, როდესაც წყლის ტემპერატურა ძალიან დაბალია, მდინარე გვამს დიდხანს აჩერებს სიღრმეში ან ფსკერზევე მიაქვს. იმის გამო, რომ დაკარგულთა სხეულები მჩატე და მცირე ზომისაა, სწრაფი დინება კიდევ უფრო იოლად მოასწრებდა მათ შორ მანძილზე გატაცებას. ხევსურეთიდან არღუნი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე გადადის. ამიტომაც მომხდარის შესახებ მეზობელ ჩეჩნებსაც შეატყობინეს, რათა მდინარის ნაპირზე დაღუპულების გამოჩენის შემთხვევაში ქართული მხარისთვის ეცნობებინათ.
მაშველების თქმით, მსხვერპლი არ იქნებოდა, მანქანა რომ არ ამოყირავებულიყო. თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი მდინარის ფსკერზე სახურავით დაეცა და სწრაფი დინების გამო მცირე ხნით იხოხა კიდეც. მანქანა თითქმის არ არის დამტვრეული, ამიტომაც მაშველები ვარაუდობენ, რომ სიკვდილს ტრავმები ვერ გამოიწვევდა. სავარაუდოდ, ყველას გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა იყო.
მაშველების ნაამბობის მიხედვით, ავარიის შემდეგ მოვლენები ელვისებურად და საბედისწეროდ განვითარდა: დაცემისას გატყდა მხოლოდ საქარე მინები, რის გამოც ავტომობილის სალონი სწრაფად აივსო წყლით. უკვე ავარიის და ტრავმების გამო შოკირებული მგზავრები პანიკაში ჩაცვივდნენ. ასეთ სიტუაციაში ტრაგედია უმოკლეს დროში ვითარდება. 3 წუთი მაქსიმალური დროა იმისათვის, რომ წყლის ტყვეობას თავი დააღწიო და არ დაიხრჩო.
დაახლოებით ამდენივე დრო სჭირდება უკვე დახრჩობის პირას მისული, წყალნაყლაპი ადამიანის გადარჩენასაც. ავტომობილის სალონში დასაშვებზე ბევრად მეტი ადამიანის ყოფნა კიდევ უფრო გაართულებდა მდგომარეობას. ცივსა და სწრაფად მდინარე წყალში, თუ თავს დროულად ვერ აღწევ, ერთი მეტრის სიღრმეც საკმარისია დასახრჩობად. ამ დროს გადარჩენის ერთადერთი შანსი ის არის, რომ იქვე, ჩასაფრებულივით იყვნენ მაშველები. სამწუხაროდ, ასე თითქმის არავის უმართლებს.
ტრაგედიის თვითმხილველთა თქმით, გელა დაიაური ავტომობილიდან ძმამ, მამუკამ გამოიყვანა. არაბულის მანქანას უკან ახლობლები მოჰყვებოდნენ სხვა მანქანებით. ამბობენ, ხრამში გადაცვენილთა საშველად ლაშქარი გადაეშვაო. იმ დღეს არავის შეშინებია სწრაფად მდინარე არღუნთან განსაცდელში მყოფთა დასახმარებლად შებმა, მაგრამ იღბალმა თუ ბედისწერამ ყველას უმუხთლა, დაღუპულებსაც და გადარჩენილებსაც.
შეწყვეტილი სიმღერა
ბერდია არაბული გელას და თეონას მეჯვარე იყო. მთებზე შეყვარებულს არასოდეს უცდია მშობლიური მხარის მიტოვება. ბოლო დრომდე ბარისახოში ცხოვრობდა. იმ ტრაგიკულ დღეს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე ყოფილა. ათანგენობაზე ხალისით მიდიოდა მუცოში, მესამე შვილი, პატარა მამუკა ხატს უნდა შევავედროო. ამბობენ, იმის გამო, რომ ავტომობილში ადგილი აღარ იყო, არაბულებმა ორი შვილი სახლში დატოვეს. ასე, შემთხვევით გადაურჩა არაბულების ოჯახი ამოწყვეტას.
დაიაურების, ქუმსიაშვილების და არაბულების ტრაგედია სრულიად საქართველოს ეტკინა, თუმც, ვიცით, რომ ვერაფერი შეედრება და ვერ აღწერს იმ ტკივილს, რასაც დაღუპულთა ოჯახები და ჩვენი მეგობარი გელა დაიაური განიცდის. ის პირველი ხევსურია, რომელმაც "კვირის პალიტრას" ხევსურეთში უმასპინძლა და ლამაზი სულით და მთის უძველესი კულტურით გაჟღენთილი პოეზიით ჩვენიანი, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა.
ის ოცნებობდა მთებში ხევსურების დაბრუნებაზე, ჩვენც აგვიყოლია ამ ოცნების განხორციელებაში, ხალხის გულამდე ტკივილის მიტანაში. ცდილობდა მთაში დაბრუნების მაგალითი მიეცა სხვებისთვის, არადა, შეეძლო ბარში მშვენივრად მოწყობილიყო, მაგრამ ყველანაირ გაჭირვებასთან ბრძოლა არჩია მიზნის მისაღწევად. თითქოს ღმერთიც ეხმარებოდა ამ ოცნების ასრულებაში, ცოლადაც ისეთი გოგო შეახვედრა, მისნაირად მოფიქრალი.
"მთის ბულბულად" წოდებული, ულამაზესი ხმის მქონე თეონა ქუმსიაშვილი თითქოს მხოლოდ გელასთვის იყო დაბადებული. მათი ლექსი და სიმღერა ათბობდა ხევსურეთს, თბილისს და საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ემიგრანტებსაც კი. წელს, 26 ივნისს, ფერეიდნელებიც კი საგანგებოდ თეონას სანახავად ჩამოვიდნენ საღამოზე "მთის საჩუქარი ბარს" დასასწრებად.
თეონას მუსიკალური ალბომის მოსმენის შემდეგ ირანელ ქართველებს განსაკუთრებით აუტაცებიათ მისი სიმღერა. ამიტომაც კონცერტის შემდეგ გურჯები დიდხანს უხდიდნენ მადლობას მთიელ ქალს, - შენმა სიმღერამ საქართველოსა და ფერეიდანს შორის მანძილი შეამცირაო.
პირველ შვილს, დემეტრეს დღე-დღეზე ელოდებოდა, რომ ვნახე. როგორ ხარ, მთებში ხომ არ გაგიჭირდა ცხოვრება-მეთქი? ლამაზი თვალები შემომანათა და ღიმილით მითხრა: "მთაში ცხოვრება მძიმე ტვირთიაო, ამბობენ. არა, ქალაქია ტვირთი, მძიმე ტვირთია ეშმაკისგან ათასგვარი საცდურით დახუნძლული, მთა კი სუფთაა.
გიცავს, გულში გიხუტებს, საზრდოს გაძლევს, თუმც განსაცდელსაც გივლენს, რომ არ დანელდე, არ მოდუნდე, არ დაეცე, რომ მუდამ გახსოვდეს ღმერთი. გზა რომ იკეტება, უნებურად შიში გიპყრობს, რა მოხდება, უცებ რომ გაგიჭირდეს, ავად გახდე და ბარში წასვლა დაგჭირდეს.
იცი, რომ ღვთის მეტი ვერავინ დაგეხმარება, მხოლოდ მის იმედად ხარ დარჩენილი. ასეთ დროს ლოცვა გეხმარება, ის გმატებს სიმტკიცეს და აღარ გეშინია მოსალოდნელი საფრთხის.
ამიტომ არის, რომ მთის ხალხის რწმენა განსაკუთრებით მძაფრია. მთაში გაზრდილი ბავშვიც იმიტომ არის უფრო მგრძნობიარე და მზრუნველი, რომ ხედავს, რამდენი განსაცდელის გადატანა უწევთ უფროსებს.
ბავშვების ხმა აცოცხლებს აქაურობას და ეს ხმა არ უნდა მიწყდეს არასოდეს. მალე მათ ხმას ჩემი შვილის და მერე, ალბათ, შვილების ხმაც შეემატება. ჩვენი სულიერი მწყემსის, პატრიარქის თხოვნა, - გამრავლდითო, უნდა შეისმინონ ქართველებმა. მე ძალიან მდიდარი ქმარი მყავს, - ცხრა და-ძმანი არიან. მინდა ეს სიმდიდრე მეც ვამრავლო. ხალხს უკვირს, რა ამბავია ცხრაო, აბა როგორ?
აქ მივხვდი, რომ ღმერთი შეგაძლებინებს და გაგაზრდევინებს მის მიერ მოცემულს. აქ რომ მოვედით, მე და ჩემს ქმარს სახლ-კარიც არ გვქონდა. ყველაფერი გამოჩნდა ღვთის ნებით. მიენდეთ ღმერთს, ის უდიდეს სიხარულს მოგგვრით და მთების გადადგმას შეძლებთ... აქ ხვდები, რას ნიშნავს ცხოვრობდე ერთად. მართლა ერთნი ვართ ყველანი".
ამ მცირე სიტყვაშიც კი მთელი საფიქრალ-სატკივარი, ოცნება და სიხარული ჩაატია თეონამ. თავისი შინაგანი მე კიდევ უფრო გაგვიხსნა და დაგვანახა უკეთილშობილესი სახე. იმის მერე, მე, ისევე როგორც უამრავ ადამიანს, კიდევ უფრო მიყვარდა ხევსურეთი თეონას და გელას გამო, ახლა მგონია, რომ იქაურობას მართლა გამოეცალა დედაბოძი. ღმერთმა შეაძლებინოს ამ უმძიმესი ტვირთის ზიდვა ჩვენს ძმას, გელას. თითქოს მთებსაც არ ნდომიათ მისგან განშორება და ამიტომაც "ჩაიხუტეს" მისთვის ყველაზე ძვირფასი - ოჯახი. ნუგეშად ისევ თეონას სიტყვები რჩება, ღმერთს მიენდე, მის მეტი ვერავინ დაგეხმარება!
"ზეცა სავსეა ფიქრთა ქაოსით, მთებმა ნისლები შესვეს ბოლომდე და იმოსება თეთრი სამოსით მიწა - შავგული, მიწა - ბოროტი. სხვებმა რაც უნდა შენზე ისა თქვან, შენ იბობოქრებ მაინც, ამინდო, დათოვე! მიწა ცოდვებისაგან მაგ სისპეტაკემ იქნებ გაწმინდოს."
- ეს ლექსი გელამ თავისი უდროოდ და ტრაგიკულად დაღუპული დის, თაიას გამო დაწერა. გოგონა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, რაც გელას სულს სამუდამოდ გახსნილ იარად დარჩა. ახლა კიდევ ეს ტრაგედია. თითქოს ბედისწერასავით დასდევს ტკივილი.
P.S. ძალიან გამიჭირდა წერა, ყურში თეონას სიმღერები ჩამესმოდა, თითქოს ტიროდა, "ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარულიო"...
"კვირის პალიტრა” იზიარებს დაღუპულთა ოჯახების ტკივილს და პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას
|