სოფელს ორ კინკილა შავსჩენიორთ. . .
13:16 27-12-2010
ხევსურეთში ყველას ლამაზი მთისა და ლამაზი მდინარის ნახვა უნდა, მაგრამ ხევსურეთი მარტო ლამაზი მთები არ არის – აქ ხალხია, რომელსაც შია, სცივა და სწყურია,- ამ სიტყვებს ჩვენი მასპინძელი ტრისტან არაბული დაახლოებით სამ საათში მეტყვის. სწორედ ამდენი ხნის გზაა დიდუბის სადგურიდან ბარისახომდე – ხევსურეთის ყველაზე ხალხმრავალ სოფლამდე.
ბარისახომდე ჟინვალიდან მხოლოდ 51 კილომეტრშია, მაგრამ მივიწყებული და დაგნრეული გზის გამო, 5 წელიწადს ამ უგზოობაში ნატანჯი ავტობუსი მანძილის დაფარვას თითქმის ორ საათს ანდომებს.
ავტობუსით ბარისახოში ახალი წელი მიდის – მგზავრებს საახალწლო ტვირთი და სანოვაგე მიაქვთ – ვინც რამდენი შეძლო. გზადაგზა ხალხი შეცოტავდა – ჟინვალიდან ბარისახომდე სოფლებიც ამ ერთადერთი ავტობუსის იმედად არიან. მხოლოდ ისინი დავრჩით, ვინც ბოლომდე მივდივართ.
ხევსურებმა კორშამდე თავი შეიკავეს და მე და ჩემს კოლეგას, მზია საგანელიძეს არ გამოგვკითხეს – ვინ ვართ და ვისთან მივდივართ. ვხვდები, რომ ამ ავტობუსში უცხოების დანახვა უკვირთ და თანაც ამ შუა ზამთარში. კორშაში კი ვეღარ მოითმინა ერთ-ერთმა მათგანმა და მორიდებით გვკითხა, ვისთან მიდიხართო. მერე ტრისტან და ნანული არაბულების სახლიც მიგვასწავლა.
ბარისახოში შეღამებულზე ავედით. არაბულების ეზოში 84 წლის ნათელა ბებო შემოგვეგება. ისეთი ხევსურულით გვესაუბრება, მხოლოდ მესამე მცდელობაზე ვხვდები, რას გვეუბნება. ამასობაში გაავებულმა "მადამ ტუსომ"(ასე ჰქვია არაბულების პატარა, შავ ძაღლს) ოჯახის უფროსი ტრისტან არაბულიც გამოახედა. ოჯახის დიასახლისი, ხახმატელი ნანული ალუდაური ახალი მოსულია სამსახურიდან – სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში მუშაობს, პოლიციელის ცხოვრება მაქვსო, ამბობს. დღეს 2 წლის თეკლა საახალწლო ზეიმზე ისე წავიდა, დედამ ვერც ნახა. საზეიმო კაბა 11 წლის "ადამ" – მარიამმა ჩააცვა.
არაბულებს სწორედ ახლახან გაუცილებიათ სტუმრები და ჩვენი მისვლით სუფრა ისევ გააახლეს. პირველი სადღეგრძელო ჩვენია – სტუმრებისა, მეორე – ელისო არაბულის – ვინც მათთან ღამის გათევა გვირჩია და ვისაც მთელი ხევსურეთი მოწიწებით მოიხსენიებს.
"ის მთასა და ბარს შუა, ახლა კი ჩვენს შუა ხიდია. თქვენ კი უკვე ჩვენი ოჯახის წევრები", - ამბობს ტრისტან არაბული.
ცოტა ხანში სიყვარულის სადღეგრძელოს ამბობს, თან მეუღლეს უყურებს შეფარვითა და ღიმილით – "თუ რამ მიცხოვრია ეს 50 წელი, მისთვის მიცხოვრია და აი, აქ მყავს". ლექსიც მიაყოლა სადღეგრძელოს, ვუსმენ, ვცდილობ, რაღაც მაინც დავიმახსოვრო, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გამომდის. არადა, ისეა არყითა და სიყვარულით გამთბარი, მის წინ ახლა ფურცლისა და კალმის ან კამერის ამოღება მეთაკილება.. ..
"ხევსურები ცივი ხალხი ვართ, სითბოს გამოხატვა და "შენი ჭირიმეთი" ლაპარაკი არ გვეხერხება", - იღიმის ნანული, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგოდ იქცევა. . .
ცოტა ხანში თეკლამ გაიღვიძა. "ღვთის საჩუქარი" – ასე ეძახის მამა, არაბულების მეოთხე შვილია. ახალგაღვიძებულს დიდად არ გახარებია ჩემი და მზიას დანახვა. ჯერჯერობით, ჩვენზე მეტად მის ყურადღებას ახალმორთული ნაძვის ხე იმსახურებს, თან მამას ეთამაშება. ცოტა ხანში ჩვენც გაგვიშინაურა და მზიას კამერაში საკუთარი ფოტოების ნახვაც ისურვა. მარიამი ტელევოზორს უყურებს – ერთ-ერთ ცენტრლური ტელეარხის თბილი სტუდიიდან წამყვანი ესაუბრება. ტელეეკრანიდან იგებს მარიამი, როგორ აღნიშნავენ ახალ წელს საფრანგეთის თუ დანიის ქალაქების განათებულ და მორთულ ქუჩებში. . .
ვახშამი დავასრულეთ და სუფრაც ერთად ავალაგეთ, როგორც ერთი ოჯახის წევრებს შეეფერებათ. საუბარმა გახურებულ ღუმელთან გადაინაცვლა. ტრისტანი საკუთარ ამბავს გვიყვება – ფილოლოგია, ათწლეულები მასწავლებლად მუშაობდა. ახლაც მასწავლებელია, მაგრამ ბარისახოში არა, შუაფხოს სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. სახლიდან სკოლამდე 13 კილომეტრია და სამსახურში ხშირად ფეხით ჩადის – 2 საათსა და 10 წუთს ანდომებს ამ გზას მხოლოდ. კიდევ 20 წუთს თავისუფალს იტოვებს, რომ გაკვეთილების დაწყებამდე ტანსაცმლის გამოცვლა და დასვენება მოასწროს. ზოგჯერ იქვე – შუაფხოში რჩება და ბავშვები მამას რამდენიმე დღეს ვერ ხედავენ. ასეთ დღეებში თეკლას მარიამი პატრონობს. მარიამი მხოლოდ 11 წლისაა, მაგრამ უკვე მაინც დიდია.
უფროსი შვილები – 20 წლის მერაბი და 16 წლის ერეკლე თბილისში სწავლობენ – უნივერსიტეტსა და სკოლაში. მერაბი არქეოლოგი უნდა გამოვიდეს, ერეკლე ჭიდაობას მიჰყვება. ოჯახის შემოსავლის უდიდესი ნაწილიც მათ ქალაქში ცხოვრებასა და განათლებას ხმარდება.
"ერეკლე სერიოზული კაცი გვყავს, მერაბი უფრო თავისუფალია – არც სხვებზე ნაღვლობს დიდად და არც საკუთარ თავზე", - მონატრებული ღიმილით ამბობს ნანული არაბული, მაგრამ ვიცი როგორ ამაყობს ამ "თავისუფალი" შვილით – მის ლექსებს სწორედ დედამ მოუყარა თავი, თორემ თავად მერაბსაც არ ახსოვს, რამდენი ლექსი დაუკარგავს და გაუჩუქებია. . .
მეკვლე ჯიხვის თიკანი და გზა არხოტისკენ
მეორე დღეს მარიამის სკოლაში საახალწლო ზეიმია – ლექსები, სიმღერები თუ გამოცანები პირველი შვიდი კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს. ნაძვის ხე უკვე მორთულია, საჩუქრებიც არის – რაც შეძლეს – კანფეტები, ნაძვის ხის მოსართავები, ნამცხვრები . . თოვლის პაპაც შეიმოსა, ბოლო, გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.
პატარები ჯერ კიდევ ვერ დალაგდნენ ხმებსა და ტონალობაში, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ უხარიათ. ვიდრე ზეიმი დაიწყება, რამდენიმე დეტალს ვარკვევ – სკოლაში 80-მდე ბავშვი სწავლობს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ბარისახოელები არ არიან. აქ სწავლობენ კორშელებიც და ახლო-მახლო სოფლების ბავშვებიც, რომლებიც კვირის განმავლობაში სკოლის გვერდით, პანსიონში ცხოვრობენ, ბარიდან ამოსულ მასწავლებლებთან ერთად..
ზეიმის დაწყებას სულ ცოტა აკლდა, როცა მეორე სართულის დერეფანში, რაოდენ გასაოცარი და უჩვეულოც არ უნდა იყოს – ჯიხვის თიკანი შემოვიდა მშვიდი ნაბიჯით. საყელურით მოჰყავს პატრონს – კორშადან გადმოვიდნენ, რომ "თიკო" (ასე ჰქვია თიკანს), ზეიმის მეკვლე იყოს. მისმა დანახვამ ისეთი გამოცოცხლება გამოიწვია, რომ "თიკო" დაფრთხა და პატრონისკენ გაიწია. თიკანი შატილში უნახავთ მონადირეებს – რამდენიმე დღისა ყოფილა, დედა კი მგლებს დაუგლეჯიათ. გამოჰკიდებია ხევსურებს და მათაც ჩამოუყვანიათ სოფელში, მას შემდეგ წიკლაურების ოჯახში საწოვარათი გაზარდეს და არც აპირებს სადმე წასვლას - სამსახურში პატრონთან ერთად დადის და თავისი სახელიც კარგად იცის.
ზეიმი დაიწყო და პატარებმა ისევე არეულად და მონდომებით იმღერეს, როგორც რეპეტიციაზე. შედარებით უფროსებმა ლექსებიც წაიკითხეს და ალილოც შეასრულეს. მოზეიმეებს შორის ერთი პირველკლასელი ბიჭი სითამამითა და თავნებობით გამოირჩევა. ბერდია არაბულის უფროსი ვაჟი აღმოჩნდა – გაგა არაბული. მას დედა, მამა და უმცროსი ძმა წელს არღუნმა წაართვა... ჩემს უკან, მერხზე გაგას ძმა - დაჩი ზის და მორიდებით უღიმის ჩემს კამერას. პატარებს მამიდა დასტრიალებს თავზე და მოგვიანებით მთხოვს, გაგას ვიდეოკადრები გადავუწერო …. .
ჩვენმა მასპინძელმა მარიამმა უკვე იმღერა, მაგრამ ზეიმი გრძელდება და ჩვენ გარეთ გამოვედით - იქნებ, შუადღის მზეს მიფიცხებულ ბარისახოელებს გავესაუბროთ.
პირველივე სახლთან გავჩერდით – ერთი ბებო მავთულის ღობეს იქით ზის და ქსოვს, მეორე აქეთ ჩამომჯდარა და შუახნის მამაკაცს ესაუბრება. მივესალმეთ და ავუხსენით, რომ აქ მათ ამბის შესატყობად ამოვედით. ჯერ უკვირთ, მერე უხარიათ და ბოლოს სატკივარზე ლაპარაკსაც იწყებენ.
ირაკლი არაბული, რომელიც ექიმად ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა, მთავარ სატკივარს ერთ წინადადებაში ამბობს – ასე მიტოვებული არც ერთი კუთხე არ არის, როგორც ფშავ-ხევსურეთი.
"არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჟინვალს აქეთ არავინ შემოდის, რომ გზებზე, ინფრასტრუქტურაზე, ხიდებზე, მშენებლობაზე, ტურიზმზე ან რაღაცის გაკეთებაზე მაინც ილაპარაკოს", - მეუბნება ძირძველი ბარისახოელი და რამდენიმე რეალურად საკეთებელი საქმის მონახაზსაც მოაყოლებს - მესაქონლეობის ფერმა, ტყავ-მატყლის ქარხანა, ხორცის გადამამუშავებელი საამქრო, საკალმახე მეურნეობა, ძაფებისა და ხალიჩების ფაბრიკა, მცირე, 170-მეგავატიანი ჰესები.
"ასე რომ მოხდეს, ხალხი დასაქმდება და შემოსავალიც გაუჩნდება. ახლა კი მიდიან ბარისკენ. საქონელასც კი ჰყიდიან, რომ იქ ბინა იქირავონ ან იყიდონ. სოფლები უკვე 80%-ით დაცლილია. ზოგ სოფელში შეიძლება, 2 სახლი იყოს და აქედან ერთში ცხოვრობდეს ოჯახი. მარტო ეს სოფელია შემორჩენილი ამდენი ხალხით. ამის ზევით ხეობაში შეიძლება თითო-ოროლა ოჯახი შეგხვდეთ რომელიმე სოფელში", - ამბობს ირაკლი არაბული.
მისი მოსმენისას ჩვენი მასპინძლების უფროსი ვაჟის – მერაბის, იგივე "ხიჩიბას" ლექსი მახსენდება "ხევსურეთს შერჩენილი ბებერი ხევსურები":
"მგონი, ამ წელს დიდ თოვლ გვემუქრების,
უკვე ჩამოთეთრდა მთების წვერებ.
სოფელს ორ კინკილა შავსჩენიორთ,
აბა, შვილ-ზლებს აქ რა გააჩერებს.
უკვე, ჩვენ-ჩვენ დრო-ჟამ გადავძოვეთ,
თმასაც გაერია თოვლისფერა,
აღარც სიკვდილ-ოხერ აღარ მადის,
ნეტა, ღმერთმ როდისად დაგვიწერა.
ისხდნენ, ღამეს მხრებზე ილეწავდნენ,
ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა
და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ,
მზე როდისღა ამოემთისწვერათ".
"ხიჩიბასგან" ისევ მოსაუბრეებს ვუბრუნდები. აქაურების მთავარი პრობლემა მაინც გზა, უფრო სწორედ უგზოობაა. უგზოობამ გადევნა ხალხი და, როგორც ირაკლი არაბული ამბობს, სადაც ხალხი არ არის, ის უკვე სოფელი აღარ არის. ამას კი მხოლოდ ხევსურეთისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის საგანგაშო შედეგი მოჰყვება.
"საზღვარი შატილში, საძოვრებზე ორი კილომეტრით უკვე შემოსწიეს აქეთ მხარეს, რადგან აღარავინ იყო იქ და მიწას აღარავინ იყენებდა. რუსეთმა საზღვარი იმ დროს გადმოსწია, როცა ჩეჩენი ლტოლვილები შემოვიდნენ. დღესაც ვერავინ გადადის იქით – დანაღმულია ის ტერიტორია", - გვითხრა ირაკლი არაბულმა.
გზის მშენებლობა კი ძალიან სურთ ხევსურებს. ამბობენ, მოქანდაკე გოგი ოჩიაურის ინიციატივით პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო – ხევსურები ქვეყნის პირველ პირს არხოტისკენ გზის მშენებლობას სთხოვენ. როგორც ირაკლი არაბული გვიხსნის, ეს არც ისე ძნელი იქნება - კლდეების აფეთქება ან გვირაბის გაჭრა არ იქნება საჭირო, მარტო ტრაქტორიც გაიყვანს გზას, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კეთილ სურვილად რჩება. ახლა კი რაიონის გამგეობას ისიც ვერ მოუხერხებია, რომ ერთადერთ ავტობუსს მეორეც დაამატოს.
"ქალაქიდან რომ ამოვა ავტობუსი, მძღოლი მეორე დღეს მის შეკეთებას უნდება და მხოლოდ მესამე დღეს ბრუნდება უკან. დაძველდა ეს ავტობუსი და არც მისი შეცვლის იმედია და არც მეორეს დამატებისა. გამგებელი კი დაგვპირდა, მაგრამ ჯერ ვერ შეგვისრულა", - ამბობენ ბარისახოელები.
მსურს, მათთან საუბრის თემა ცოტა მაინც შევასმუბუქო და ჩემს მოსაუბრეებს ვთხოვ, მიამბონ, ახალ წელს როგორ ხვდებიან. ხევსურები ახალი წლის დადგომას 14 იანვარს ზეიმობენ. საახალწლოდ ხევსური კაცები თავისი ხატის მოსალოცად მიდიან, ღამეს იქ ათევენ და იქიდან დაბრუნებული ოჯახის მეკვლენიც თავად არიან. შობას კი ღვთისმშობლის სალოცავებში მიდიან, საკლავი მიჰყავთ და სანთელი და ქადა მიაქვთ. მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი მთელს ხევსურეთში არ არის, მხოლოდ ერთი წელია, რაც ხუთშაბათობით მოძღვარი ამოდის.
საახალწლო სუფრაზე ძირითადი კერძი ხინკალია – ახალი წლის ღამეს ყველა ოჯახში ხინკალს და ლუდს ხარშავენ. ახალი წლის აღნიშვნა ხევსურეთში 6 დღეს გრძელდება და წყალთკურთხევით სრულდება. ამ დღეებში ისინი ერთმანეთთან განუწყვეტლივ დადიან სტუმრად.
დახეული ჯაჭვის პერანგი
მათთან საუბარში სკოლაში ზეიმი დასრულდა და ჩვენმა მარიამმა მოირბინა ჩვენთან. დღეს ის იქნება ჩვენი მეგზური – შურის ციხეზე უნდა აგვიყვანოს და მერე კორშაში გადავალთ. შურის ციხეზე ბავშვები ქვებისგან აშენებენ მცირე, კოშკებისმაგვარ პატარა ნაგებობებს და ძირში რაიმეს სამახსოვროდ აყოლებენ. ეს არის აქაური ბავშვების საყვარელი გასართობი და თავშესაყრელი ადგილი. აქედან ბარისახო, კორშა, ლიქოკის ხეობა და არხოტის მთებიც ჩანს. აქედანვე მაჩვენებს მარიამი ბარისახოს განაპირას შენობის ნანგრევებს – აქ ადრე ტაძარი მდგარა, მერე საცხოვრებლად გადაუკეთებიათ და ისიც დანგრეულა, მის ადგილზე ახალი ტაძრის მშენებლობას ალბათ, გაზაფხულზე დაიწყებენო. ამ ყველაფერს შურის ციხიდან ბავშვების მიერ ატანილი საქართველოს დროშა გადმოჰყურებს. ისეა დაფლეთილი, ნიავზე თითქმის ვეღარც იშლება. ცოტა ხანს ვჩერდებით შურის ციხეზე და კორშასკენ ვეშვებით.
კორშაში შოთა არაბულს მუზეუმის კარის გახსნას ვთხოვთ. ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის ექსპონატები მან თავად შეაგროვა და უვლის. პირველ სართულზე საგამოფენო დარბაზია, მეორე სართული მხოლოდ სიმბოლურად არის კოშკი. დარბაზში ბლომადაა წარმოდგენილი ხევსურული სამოსი – მხოლოდ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ნაქარგობით, ფერებითა და უნიკალური მოსართავებით. აქვეა გამოფენილი ძველი ჭურჭელი, სამედიცინო და საბრძოლო იარაღი.
"აქ უმეტესად მე-19-20 საუკუნის ტანსაცმელი და ჭურჭელია. იარაღი უფრო ძველია – მე-17-18 საუკუნის. ბრინჯაოს ნივთებიც გვაქვს, მათ შორის კოლხური ცული. ეს ნივთები ერთ-ერთ ხეობაშია ნაპოვნი. კონკრეტულად, სად, ეს საიდუმლოა, რადგან ეს რომ გახმაურდეს, განძის მაძიებლები არ მოისვენებენ და გადათხრიან ყველაფერს", - გვითხრა შოთა არაბულმა.
ხევსურულ იარაღში განსაკუთრებულ ყურადღებას დაგლეჯილი, ჩამოხეული და უამრავგან გაჭრილი, წელთან ჩამოგლეჯილი ჯაწვის პერანგი იქცევს. რამდენჯერ დაჭრილა მისი პატრონი და რამდენ ხანს გაუძლია ამ წვრილი, რკინის მავთულისგან ნაქსოვ პერანგს... . .
მუზეუმს ვტოვებთ და სოფლის გზას მივუყვებით იმ იმედით, რომ აქაც ვინმეს გავესაუბრებით, მაგრამ კორშას ორღობეების პატრონი მდუმარება და ზოგჯერ ძაღლების ყეფაა. ვინც სოფელშია დარჩენილი, ყველა თავის საქმეს დასტრიალებს და გარეთ გამოსასვლელად არავის სცალია. სოფლის ბოლოს მაღაზიაში შევდივართ, მაგრამ მეპატრონეები დუშელები აღმოჩნდნენ, ხოლო იმ ერთადერთმა კორშელმა - ელისომ, რომელიც შემოგვესწრო, ლაპარაკი არ ისურვა და ზედმეტი თავაზიანობის გარეშე მოგვიშორა თავიდან. სხვა გზა არ გვაქვს და ბარისახოში ვბრუნდებით. საღამო მოახლოვდა, ყინვამ კიდევ უფრო იმძლავრა, ზემოდან არხოტის მთები დამოგვყურებს და სახლისკენ, თბილი ღუმელისკენ მიგვერეკება.
დილაც ისეთივე ყინვიანი გათენდა ბარისახოში, როგორიც ღამე იყო. ეზოში 84 წლის ნათელა ბებო შემომხვდა. "მიხოლთ დღეს?" – მეკითხება, "ავტობუსმა უკვე ჩაიარა". დღეს თბილისში ჩვენთან ერთად ჩვენი მარიამიც მოდის – საახალწლოდ ძმებსა და ბიძაშვილებს სტუმრობს. ძველით ახალი წლისთვის სახლში დაბრუნდება, მაგრამ შეიძლება, თბილისში მარიამის უფრო ხანგრძლივ ჩამოსვლამდე არც ისე დიდი დრო რჩებოდეს – მას ცეკვაზე სიარული უნდა, ბარისახოში კი ცეკვის მასწავლებელი არ ჰყავთ..
http://www.interpressnews.ge/ge/specialuri...cheniorth-.html