Tobuldarხოო, სოფლის ზემოთ უკვე სულ აღმართებია, თხილნარია, მერე ტყე და კლდეები. სოფელს გვერდზე მდინარე ხერაში ჩამოუდის. რომელიც, დიდი ზამთრის დროს სათავეებიდან სოფლის სიახლოვემდე თოვლით იფარება და ზაფხულშიც კი ვერ დნება.

ერთ ზაფხულს, განსაკუთრებულად დიდთოვლობის მერე ასეთ ნადნობ თოვლში, ირმის რქები ვიპოვეთ.

ამ კლდის თავზე სათვალთვალო კოშკის კედლებია შემორჩენილი. სოფელი და კოშკიც ისეთნაირადაა განლაგებული, მთელს მულახის თემს, თავისი სოფლებიანად, გადაჰყურებს.
მულახის თემი, გრძელ დასახლებად რომ გეჩვენება, რეალურად რამოდენიმე სოფლის გაერთიანებაა. უახლოესი, ქვედა მულახი, მესტიიდან 4-5 კილომეტრში თუ იქნება, მაშინ როცა, უკიდურეს სოფლამდე, ჟაბეშამდე 18 კმ იქნება ალბათ.
სოფლების სახელწოდებებია: არცხელი, მურშკელი, ლახირი, ჟამუში, ჭოლაში, მუჟალი, რომელიც კიდევ 3 სოფელს აერთიანებს: ჩვაბიანი, ცალდაში და ჟაბეში. ჟაბეში კლდის ძირასაა უკვე. იქედან, მდინარის ხეობას თუ აუყვები, სასწაულ ადგილებში მოხვდები ადამიანი, საჯიხვეებში, თეთნულდის ქედებზე...