სურამის სამკითხველო
სწორედ შვიდი თვეა, რაც სურამში უფასო სამკითხველო დაარსდა. თუ არა ხალხის გამოღვიძებით, სწავლის შეძენის სურვილით, სხვანაირად არ შემიძლიან ავხსნა სურამში სამკითხველოს დაარსება, იმ სურამში, სადაც განუწყვეტლივ ”კეკელჯანის” სიმღერა და დოლ-დუდუკის ხმა გაისმოდა. იმედია, ეს სამკითხველო გახდება სხვადასხვა ინეტერესებით გატაცებული სურამელების შემაერთებელი ქვაკუთხედი.
17 მარტს მომიხდა სამკითხველოში ყოფნა და დიდი სიამოვნება ვიგრძენი და მრავალი კარგი შთაბეჭდილება გამოვიტანე იქიდან.
სამკითხველო შუა დაბაშია მოთავსებული, შოსე გზის პირად. დილიდან საღამომდის სამკითხველოს კარი ღიაა, ასე რომ მსურველს ყოველჟამს შეუძლია შევიდეს ამ გონების მომსამზადებელ სალაროში და დაეწაფოს სიტკბოების წყაროს.
შიგნით სამკითხველო მშვენივრად არის მოწყობილი, დასუფთავებული, მილაგ-მოლაგებული; კაცი პირველსავე შესვლაზე შეატყობს,რომ სამკითხველოს გამგებელი ფორმალურად არ ეკიდება მისადმი რწმუნებულ საქმეს. სამკითხველოს შუა ადგილას გრძელი მაგიდა დგას; მაგიდას ერთ მხარეს სავარძელი უდგას და სკამები აქვს შემომწკრივებული. მაგიდაზე სხვადასხვა, რუსულ-ქართული, ასე ათამდის, ჟურნალ-გაზეთი აქვს გამოწერილი.
როგორც მაგიდის პირდაპირ დაკრული სიიდან ჩანს, სამკითხველოს 22 დამფუძნებელი წევრი ყოლია და მუდმივი 37 წევრი. წევრები ხალისიანად ასრულებენ თავიანთ მოვალობას, ფულიც თავის დროზე შეაქვთ, ისე რომ გახსენებაც არ სჭირდებათ.
წიგნთსაცავ კარგა ბლომად ჰქონია წიგნები, მაგრამ სურამლებში ისე ღრმად გაუდგამს კითხვის სურვილს ფესვი, რომ ეს წიგნები ვერ აკმაყოფილებენ მათ. წიგნთსაცავი, როგორც ჩანს, კარგ საფუძველზეა დამდგარი და თანაგრძნობის ღირსია ყოველი განათლებული კაცისგან. სამკითხველოში რამდენიმე საათის ყოფნამ დაბეჯითებით დამარწმუნა, რომ სურამლებისათვის, რომელთაც ასეთი წყურვილი გაღვიძებიათ წიგნების კითხვისა, სამკითხველომ უფრო მეტი წიგნები უნდა შეიძინოს. დიდად სასიამოვნო იქნება, თუ ეს ნაკლი შეივსება. უფრო სასწავლო წიგნები ესაჭიროება სამკითხველოს.
მიხეილ მურვანიშვილი.
გაზეთი ”ივერია”, 1896წ
https://www.facebook.com/notes/%E1%83%A1%E1...563643693650854მაგარი რაღაცეებია სურამზე