ყველამ გულიყურით ჩაიკითხოი
ჰოო, დადა-დადა!..
- მოდი, მიხავ, დაჯექ, რაი დაიდიხარ დაკარგული ინდაურივითა? ხო ვიცით, რო ვენახი მოკრეფილიცა გაქ და გაჩეხილიც, ღვინო გადაღებული გექნება, ქათამი შენ აღარა გყავ და ღორი, მოდი, ჩამოჯექ, პილიტიკაზე მაინც ვიჭორაოთ.
- პოლიტიკის მამგონი დედაც, ფინთი პოლიტიკოსებისაცა და თუ თავ არ დამანებებთ, თქვენსასაც ზედ მივაყოლებ.
- აეგრე, კაცო, ვიჭუკჭუკოთ რა, გულ გადავაყოლებთ. სანამ ცოტას შევხურდებით, ბიჭები პურმარილ მაიტანენ და მემრე უფრო გატკბება ლაპარაკი, ხო იცი, ღვინომ ტვინის გაფხვიერება იცის?
- ვინ ბიჭები მაიტანენ?
- ვინა, და, წერტილაანთ კოლა, ფაციფუცა ვალიკო, გადამბული გოგია, კომბლე ომარა... დანარჩენი კიდე, აქ დავხვდებით.
- კარქი, ჰო, ეგრე იყოი...
- ჰო და, ეგრე. იგრე ვარ, ჩემო მიხავ, იმ შენ სეხნია მიშაზე გაბრაზებული და გულმოკლული, აღარ ვიცი, რა ვქნა. კაცო, მაგან რომ იმ ცხონებული დავით აღმაშენებლის საფლავზე დაიჩოქა და ფიცი დადო, ცრემლით გეემსო თვალები, იმი შამყურე, მე ხო ვზლუქუნებდი, ბალღებიცა ბღაოდნენ და ჩემი დედაკაცი ხო... მოსაბრუნებელი გახდა. თავიდან კარქა დაიწყო, იმაი ეცა, ამაი ეცა, გზებ მიხედა, ი რაღაც ფასადებია თუ მანსარდებია, ისენი შააღებინა, იმ ბალღების საკატაო, რა ოხრობა ჰქვიან? - ისინი გააკეთებინა...
- ფანტანები არ დაგავიწყდეი, იქაც იმის მამგონის დედა შევარცხვინე, ისინი რო ვნახე - გამახსენდა, რო ნახევარ კახეთ არც სასმელი წყალი აქ და არც სარწყავი, რაც გინება ვიცოდი, სუ შამამეხარჯა, მაგრამ ეგ უშველის წამხდარ საქმეი?!
- აგე, ჩვენი ბიჭებიც მოდიან! შავიდეთ ფუსფუსა ნუგზარას ეზოში, კაკლიქვეშ დავსხდეთ და მოვულხინოთ. ნუგზარაი ცოლ რა გული მოუთმენს, რო ერთი გრიპიანი ქათამი არ დაგვიკლაი? გაზეთში ეწერა, მოხარშული საშიში არ არისო!
- ფუსფუს, გამო, ბიჭო, სტუმრები მოგივედით, გაიგე, კაცო?
- ნუგზარ-თქო, მეტსახელ ნუ ეძახი, არ გაგვიბრაზდეს.
- რათ უნდა გაგვიბრაზდეს, ჩვენ ხო არ დავარქვით, ბალღობიდან ეგრე ჰქვიან, რითია ფინთი ფუსფუსა? - სულ ერთთავად ფუსფუსებს, საქმიანობს და იმიტომა ჰქვიან. აგე, გამობრძანდა თავადიშვილი.
- აიმანდ, შენი კაკლი ძირში რო დავსხდეთ, უარ ხო არ გვეტყვი, ნუგზარ? თუ ჭკვიანათ იქნები, შენც დაგპატიჟებთ. კაი პური არა ვჭამოთ მამაძალი?
- მოდით, კაცო, მაგაი რა ნებართვა უნდა? შამოდით, ერთ-ორ ქათამ მეც დავკლამ, სანამ თითონ დაიხოცებიან.
- გრიპიანები არიან, ნუგზარ?
- გრიპიანები არა, ტყლიპიანები, ვერა ხედამ, რა ყოჩაღად არიან? ნათელ! გამო ერთი გამაანათე... და სუფრა წამაიღე, მაგიდისთვინ.
- აჰა, ესეც ესე! მაიტა წერტილ, რაცა გვაქ და დააწყე სუფრაზე, დანარჩენ ღმერთი მოგვცემს. კოლა, შენ სალათა დაჭერი და მარილ ვალიკო მააყრის, ხელები რო უკანკალებს, უფრო კარქა გაანაწილებს.
- კომბლე! მაიტა, ჩამაასხი ეგ დალოცვილი, თორე რომ გამახსენდება, ყურძნი ჩამბარებელი არავინ არი, გუნება გამიფუჭდება და აღარაფერიც აღარ მინდა მემრე.
- მიხავ, თქვი რამე, კაცო, შენ კაი თამადობა იცი, არაფერი გამოგრჩება სათქმელი.
- მე რათა, კაცო? ვის ეზოშიცა ვსხედვართ, იმაი ერგება თამადობა, სიტყვაც კარგი იცის, სიმღერაც და ლექსებსაც ჩააყოლებს შიგადაშიგ! ნუგზარაი გაუმარჯოს, აი ამ ეზო-კარმიდამოს და ნუგზარას ოჯახის შემადგენლობაი.
- გაუმარჯოი! აბა, ერთხმად, ბიჭებო, ერთხმად!
- თქვენ მოსვლასა და ჩემ დახვედრას გაუმარჯოი, დიდი მადლობა, რო მოხვედით და დამაფასეთ, ჩვენ მთავრობასა ხალხიც ფეხებზე ჰკიდია, ვენახიც, მარანიც და სოფელიც! მაგათ იმოტოლა ფული აქვთ, აღარ იციან, სად, რაში დახარჯონ, ჩვენსავით პური ფულ კი არ ეძებენ. ისევ ჩვენ უნდა ვცეთ ერთმანეთ პატივი.
- გეყო, ნუგზარ, ახლა შენებურად თუ შაუბერე და მთავრობასა და პარლამენტ მამაპაპურები უგზავნე, პურიჭამა არ გამოგვივა, ეგ იქნება მიტინგი, იქაც იმ მიტინგის გამგონის დედაც შავარცხვინე.
- თქვენ დალიეთ და მე ვიცი, რასაც ვიტყვი. რასაც ჩვენ შიგადაშიგ საყვედურს ვამბობთ, ეგ პოლიტიკა კი არ არი, დღევანდელი ჩვენი დუხჭირი ცხოვრების აღიარებაა. მაშ გლეხკაც საჭმელ-სასმელი უნდა გაუჭირდეი, კაცო? კარგი, ყურძენ მაიყვან კაცი, ბოსტნეულ მაიყვან, პურიც შეიძლება, რო შენი გქონდეი, მაგრამ, როგორა? აკი მიწაი მოხვნა და სათესლე მასალა უნდა! ფული?! ან ტრაქტორისტ რა თავი დედისა მივცე ან საწვავი როგო ვიყიდო, ან თესლი. ეგაც არ იყოს, შაქარს, საპონს, სარეცხი ფხვნილს, კბილი პასტაი ბოსტანში ხო ვერ მაიყვან! გზის ფული?! ამას წინათ ჩემ დედაკაც მაჩხაანში გვრიტივით მამიდა მოუკვდა და ვერ წაველით, ფული არა გვქონდა.
- ნუგზარა მართალია! - სოფელი რო მთავრობაი ფეხებზე ჰკიდია, ეგ მაგათი მოსვლის პირველი დღიდანვე შეეტყო. მაგათ რო ჭკუა ჰქონიყოთ, სოფლის მეურნეობითვინ უნდა შეეწყოთ ხელი. ხალხი თუ არ გაძღა, რისი მაქნისია! ან უმუშევარი კაცი, კაცია, კაცო?! ვინ ჩემი ფეხებია უმუშევარი, ჯიბეგაფხეკილი, უსაქმური კაცი? - ვინ და არავინ. ბალღები რო მშივრები, ჩაუცმელ-დაუხურავი, უწიგნებო და უჩანთო გყავ, ვინ ჩემი შარვლის ტოტი ხარ - ჰა?!
- ჰო, კარგი კომბლე, კარგი, მართალი ხარ, მაგრამ დააცადე ნუგზარას, იქნებ რამე გულის ასაჩუყებელი გვითხრას.
- მე გულის აჩუყება მაკლია, ბიჭო? რო მითხრეს, კილო ყურძენში 18 თეთრი უნდა მოგცეთო, კიდე კარგი, რო ვიჯექი, თორე წავიქცეოდი. ჯერ ხო იქ ვაგინე მკვდარი და ცოცხალი, მემრე ჩავედი ვენახში, ჩავიტანე წალდი, ერთი პირობა იქაც ვიგინე, მემრე ვენახი გამოვიტირე - უნდა მემეჭრა, მაგრამ იცით, რა გამახსენდა? - თურმე, ის აძაღლებული შაჰ-აბასი რო შემოსევია საქართველოი, ჯერ ხო ვენახები გაუჩეხიათ, მემრე იმ მევენახეებ დარევიან და ისინიც ჩაუხოციათ. ერთ სულგანათლებულ გლეხს, სანამ თავ მააჭრიდნენ, ვაზის ლერწი შემოუკვრია ქამარივითა და, რო დაუმარხიათ - ორი ბარი პირზე, ვაზს ფესვი გაუდგამს და სპარსელების ჯიბრზე, უფრო კარქი მტევნები გამოუბია, ვინემ მანამდე ესხა. მოდი, იმ კაცის ჩაფერფლილი ძვლებისა და იმის მოსაგონარი დავლიოთ.
- ვაა! - ე რა კაი რამე თქო, კაცო, ცრემლ ვეღარ ვიკავებ, გაუმარჯოი იმი სულსა და იმი ძვლებსა, ამინ!
- ნუგზარ! მაინც გადავცვივდით პოლიტიკაში და ერთი რამე უნდა გკითხო, აემ ჩინელებ რო ასახლებენ საქართველოში, ამაზე რას იტყვი?
- რას ვიტყვი კი არა, ვინც მაგათ აქ ფეხი შამაადგმევინა, მე იმის ნამუსი შევარცხვინე. მაგათ აქ რა უნდათ, კაცო?! ეგრე თქვეს, რო უკვე ორმოცი ათასი არიანო, არ ვიცი, მაქთენი იქნებიან თუ არა, მაგრამა, ორმოციც რო იყოს, ცოტაა?! 10 წელიწადში ერთი მილიონი გახდებიან, მაგათ დედაკაც ხელი რო ჩამართო, «გატოვია», ცხრა თვის თავზე ბალღ გააგორებს.
- აბა, თამადა ფეხზე დგას და მოუსმინოთ, იქნებ რამე გულის გასახარებელი თქოს.
- კარქი, რა ვთქო, აბა ჩვენ გაუბედურებულ, მიწაწართმეულ, გაღატაკებულ ქვეყანაი გაუმარჯოი. ღმერთმა გადმოგვხედოს და იმ ჩვენი საფიცარი მეფის, დავით აღმაშენებლის დროს რო იყო, იგეთი ქვეყანა გამხდარიყოს. თორმეტი მილიონი ვყოფილვართ, კაცოო, და თურმე იმდენი მოსავალი მოჰყავდათ ჩვენ წინაპრებ, რო გასაყიდათაც გაჰქონებიათ საზღვარგარეთა. აესე კი არ იყო, ოთხი მილიონიდან ნახევარი რო უცხოეთში გაიქცა პურიფულის საშოვნელად. აშენებულიყოს, აყვავებულიყოს და ი ძველი დიდება დაბრუნებიყოს ქართველ ხალხსა, ამინ!
- უჰ, შენ შემოგევლოს ჩემი კომბლე თავი, ნუგზარ, შენა კაცო, თამადა კი არა, სუფრი ღმერთი ხარ. გაუმარჯოი, ბიჭებო, ჩვენ ლამის შუაზე გახლეჩილ ქვეყანასა.
- აბა, დალიეთ, ვისაც არ დაგილევიათ და ერთი სიმღერა ვთქოთ, თორე, სირცხვილია, მეზობლები იტყვიან, ამდენი ხანია სხედან და არაფერი უმღერიათო.
- ჯერ ლექსი გვითხარ რამე, გულის მოსაფხანი, ცოტა რო შავთვრებით, უფრო კარქა ვიმღერებთ.
- კარგით, ჰო, ოღონდ, სიჩუმე იყოი. რაზე ვთქო, სასაცილოები თუ პოლიტიკურები?
- ჯერ პოლიტიკურები, მემრე სასაცილოები, რო გულში ბოღმა არ ჩაგვრჩეი.
- მაშ, აბა მამისმინეთ. ლექსსა ჰქვიან «ეეხ, მიშა, მიშა!»
- ჰოო, დადა-დადა!...
მიშავ, შენმა საქციელმა
გული დაგვიდარდიანა,
წაიყვანე ბოკერია,
წადი შენი ვარდიანად.
მოგვაშორე ბენდუქიძე,
წონით სუყველაზე დიდი,
სანამ ბედკრულ საქართველოს
სულ მთლიანად არ გაჰყიდის.
სახსოვრად ნუ დაგვიტოვებ
გაბაშვილს და არველაძეს,
აქ რა უნდათ, მაგათთანა
უნამუსო, არაკაცებს?
დაიმგზავრე ბეგაშვილი,
ნადირაძე გვარამია,
ემაგათზე, მე მგონია
დედის ძუძუ არამია.
ჩემპიონმა ასანიძემ
კაცობაში ვერ ივარგა,
მედალი კი მოიპოვა,
მაგრამ კაცობა დაკარგა!
წადით! წადით! -
შვილო, მიშა,
გზას ბარაქა დააყარეთ,
გვაპატიე, შენს მოსვლაზე
რაც ჩვენ ცრემლები
დავღვარეთ...
- კარგია, კარგი, გაიხარე ნუგზარ, გაიხარე! - ერთიც, ერთიც!
კახური წყევლა
ცეცხლად ექცეს გამოცლილი
რქაწითელით სავსე თასი,
ვინც არ იცის კახელ გლეხის
შრომისა და გარჯის ფასი.
მამაჩემთან დავიგულე
უნამუსო ყველა ერთად,
ვინც ყურძენი შაგვიფასა
კილოგრამი თვრამეტ თეთრად.
ვინც დაცინვა გაგვიბედა,
გლეხებსა და მტევნებს
ცვრიანს,
მოუვიდეს წყევლა-ლანძღვა,
მართლა ჩემისთვრამეტიანს.
* * *
გახსოვს, რა ყოფით
მოხვედით?!
ვარდებით, აურზაურში,
იცოდე, მიშა, ჩვენც მივხვდით,
ბევრი შეცდომა დაუშვი.
შადრევნები რო ჩხრიალებს
მოპირკეთებულ აუზში,
აჯობებს, სასმელი წყალი
სოფლებისკენაც გაუშვი.
- თათრებზე გვითხარი, ამას წინათ რო სთქვი, ისა! თითო ლექსი ჩვენზეცა თქვი და მემრე ვიმღეროთ:
- ესა?
სანამ ქართველი ეჩვევა
ევროპულ მოდელ-მაკეტებს,
თათარი საქართველოში
ღამეში ორ ბავშვს აკეთებს.
- ახლა, თითო კუპლეტი ჩვენზეცა და მოვრჩეეთ!
- აეხლა წერტილაზე ვიტყვი და მორჩა, აღარ შამაღონოთ, დანარჩენზე მემრე ვიტყვი, გაიგეთ?
- ჰოო, კარგი!
ამ ჩვენ წერტილა კოლასა,
მართლა წერტილიტოლასა,
შვიდი შვილი ჰყავ, ვერც ერთი
ვერ დაამთავრებს სკოლასა.
ფეხშიშველები დაუდის,
როგორც ღატაკი ციგნები,
შინ პურის ფულიც არა აქ,
რითი უყიდოს წიგნები.
წიგნები გაძვირებასა,
შენ გაბრალებენ, ქაღალდო,
მე იმის დედა ვატირე,
ვინც წიგნებ ფასი დაადო.
- კარგია! გაიხარე!
- აბა, ახლა, გვეყო მიტინგობანა. ვთქოთ რამე, ჩვენებური, მამაპაპური, რო იქ იმათ სულებს მიუვიდეს, აქ კიდე, ჩვენ გულებ გაუხარდეს. მუშა კაცის მარჯვენას გაუმარჯოი, ხარის ქედსა და ცის ნამს, ჩვენს დედაენას, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალს, ვისაც ხე დაურგავს, ბაღ-ვენახი გაუშენებია, წყარო გაუწმენდია, ღარი დაუდია, თითონაც დაულევია და მადლიც ბევრი მოუსხია!
- ამინ!
- გაუმარჯოი! გაუმარჯოი! გაუმარჯოი!
- აბა, ახლა კაი ბანი მითხარით.
შენ ბიჭო, ანაგურელო,
თუ გაქ საკმარი პურ-ღვინო,
ღვინო ბევრი მაქ, «ზაკუსკად»
ლამის დედაკაც ვუკბინო.
ყურძენი ბევრი მოვკრიფე,
ოთხ კილოი ვყიდი ლარადა,
შემოსავალი არ მეყო
ვალების დასაფარადა.
ცოლ-შვილი როგორ ვარჩინო!
აკი ზამთარი დიდია,
როგორც მე ვატყობ,
მთავრობაი
გლეხი ფეხებზე ჰკიდია!
- შენ იგრე ჭიკჭიკებ, ნუგზარ, რო, მე მგონი, მომავალ არჩევნებზე წამსვლელ არა ჰგევხარ.
- არა, არა, რამდენჯერაც მივედი და ხმა მივეცი, ერთი-მეორეზე უარესები გამოდგნენ - თარსი ფეხი მაქ, ვეღარც ცემა-ტყეპაი გავუძლებ.
- არჩევნებზე ვინა გცემს, კაცოო!
- არჩევნებზე არა, მაგრამა, რო არ ივარგებენ, მიტინგი ხო უნდა მოვაწყოთ? - ვერ ნახეთ, 7 ნოემბერ რა გვიქნეს!
- ჰოო, დადა-დადა!..
მიმაგრებული სურათი