mcenare-99
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15558
წევრი No.: 85670
რეგისტრ.: 1-March 09
|
#24198888 · 26 Feb 2011, 15:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შესავალი
მოსახლეობის მიგრაციები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გამოვლინება, მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენაა. ამ პროცესების მეცნიერულ შესწავლას ერთდროულად ორგვარი მნიშვნელობა აქვს - თეორიული და პრაქტიკული. პრობლემის სირთულის გამო მისი შესწავლა სხვადასხვა კუთხით და მიდგომით ხდება, რომელთაგანაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევა. მოსახლეობის მიგრაციებს არსებით ყურადღებას უთმობდნენ მარქსიზმის კლასიკოსები, რომლებმაც შექმნეს ხალხთმოსახლეობის მეცნიერული თეორია. ცნობილია რომ ვ. ი. ლენინმა განავითარა ხალხთმოსახლეობის მარქსისტული თეორია და მასში მოაქცია სხვადასხვა ასპექტი, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა მოსახლეობის მიგრაციის პრობლემებს. ვ. ი. ლენინმა ნაშრომში „კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში“, რომელიც მიგრაციების მეცნიერული შესწავლის მეთოდოლოგიის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, და აგრეთვე ხალხის შიდა გადანაცვლების საკითხისადმი მიძღვნილ სხვა ნაშრომებში გამოააშკარავა რევოლუციამდელი რუსეთის მოსახლეობის მიგრაციის კანონზომიერებანი და თავისებურობანი და ამ საზოგადოებრივი მოვლენის გამაპირობებელი ფაქტორები (10, გვ. 649-704; 11; 12). მოსახლეობის ადგილგადანაცვლება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ მხარეზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი მეცნიერების ყურადღების ცენტრში ექცევა. განსაკუთრებით საგულისხმოა აღნიშნული ისტორიული კატეგორიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული შესწავლა. მოსახლეობის მიგრაციის ეთნოგრაფიული შესწავლა მთავარ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რა გავლენას ახდენს ახალი საცხოვრებელი გარემო გადასახლებულთა ყოფა-ცხოვრებაზე, წეს-ჩვეულებებზე, ტრადიციებზე როგორია სამეურნეო-მატერიალური და სოციალურ- კულტურული ადაპტაციის შინაარსი და დონე. კვლევის საგანი ხდება, აგრეთვე, ხალხთა გადასახლების შედეგად მიმდინარე ეთნიკური პროცესები (121, გვ.35-37). საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსახლეობის მიგრაციები არსებით როლს თამაშობს ეთნიკურ პროცესებში, მაგრამ ადამიანთა საზოგადოების ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ეს როლი ერთნაირი როდია. მისი მნიშვნელობა ეთნიკურ ერთობათა ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით დიდია ისტორიის ადრეულ ეტაპებზე (115). სპეციალურ ლიტერატურაში ხაზგასმულია მიგრაციული პროცესების ეთნოგრაფიული კვლევა-ძიების განსაკუთრებული მნიშვნელობა. კერძოდ გ. ჩიტაია აღნიშნავს, რომ მიგრაციული „პროცესი ეთნოგრაფიული კვლევა-ძიებისათვის მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს და სათანადოდ შეფასდეს ეთნოგრაფიული მოვლენების განხილვის დროს.“ (90, გვ. 283). მიგრაციული პროცესების ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებს მნიშვნელობა აქვს სოციალური განვითარების თანამედროვე პირობების შესწავლისათვისაც. პირველ რიგში კი მიგრაციული ქცევის მექანიზმის და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ადაპტაციების სპეციფიკის შედარებითი კვლევისათვის. მოსახლეობის მოძრაობის თვალსაზრისით საგულისხმოა საქართველოს მთის მოსახლეობის მიგრაციის ისტორია, რაც ყველა მთაბარიანი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი (123, 124, გვ. 230-240; 149; 150). ქართველ მთიელთა მთისწინეთსა და ბარში გადასახლების ერთგვარად კანონზომიერი პროცესის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საკითხები სპეციალური თვალსაზრისით მონოგრაფიულად შესწავლილი არ არის და ამდენად წინამდებარე ნაშრომი ამ მხრივ პირველ ცდას წარმოადგენს, თუმცა ქართულ სამეცნიერო და სხვა სახის ლიტერატურაში მიგრაციული პროცესების ცალკეული საკითხები უყურადღებოდ არ ყოფილა დატოვებული. მთის მოსახლეობის შინაგანი გადაჯგუფების პროცესით პირველად ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) დაინტერესდა, რომელმაც მთიელთა ბარში ჩამოსახლება ქვეყნის მშვიდობიანობა-ომიანობას დაუკავშირა: „ხოლო რაოდენნი ოსნი დავსწერეთ ამ ადგილებთა შინა, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათგან გარდმოსახლებულან ოსნი, და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინაითგან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან“ (42, გვ. 364). ქვემოთ ვნახავთ, რომ მთის მოსახლეობის დაბლობში მიგრაციის ძირითად მიზეზებთან, - ეკონომიკურსა და გეოგრაფიულთან, - ერთად, ვახუშტისეული აღნიშნული პოლიტიკური მიზეზიც გარკვეულ როლს თამაშობდა. ვახუშტივე მიუთითებდა ომიანობის დროს ბარელთა მთაში შეხიზვნასა და ქართლიდან გლეხთა კახეთში გადასახლებაზე (42, გვ. 425, 520). XIX ს. ავტორთაგან ფშავ-ხევსურთა მთისწინეთსა და ბარში მიგრაციაზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს მ. მაჩაბელმა და ვაჟა-ფშაველამ. პირველმა მათგანმა სრულიად სამართლიანად მთიელთა ბარში გადმოსახლების მიზეზად ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორები მიიჩნია. (132, გვ. 342-343). ვაჟა-ფშაველამ, როგორც მომსწრემ მთიელთა დაბლობში ჩამოსახლებისა, რამდენიმე წერილი უძღვნა აღნიშნულ პროცესს (38-ბ, 38-ა), მოგვევლინა შირაქში ჩასახლებული ფშავლების იურიდიულ დამცველად და ზოგიერთი ეთნოგრაფიული მასალით მთიელთა მიგრაციის უფრო ადრეული სურათი აღადგინა. ის წერდა: „ლაშარობაზე ფშავლებს გარდა თქვენ იქ ხედავთ ბარელ ქართველებს, ბარელნი თითქმის ორასის ვერსის მანძილიდან მოდიან ლაშარში სალოცავად თავიანთი ცოლ-შვილით უგზო გზით, აუტკივარ თავს რისთვის იტკივებენო, - რატომ არ იკითხავთ? იკითხავთ, თუმცა ტყუილად, ვინაიდან ისინიც ლაშარის ჯვარს, როგორც ადგილობრივი ფშავლები, მამა-პაპის სალოცავად, თავის ხატად და ბატონ-პატრონადა სთვლიან“. შემდეგ: „დაჭეშმარიტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარით მომდინარე დღეს ლაშარში მლოცველები ძველად ბარში გადასახლებული ფშაველები არიან“ (38-ა, 234). ვაჟა-ფშაველა პირველი იყო, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოს მთის სხვადასხვა კუთხიდან ერწო-თიანეთში დასახლებული მთიელების ყოფისა და წეს-ჩვეულებების შეცვლა-შეუცვლელობის შესახებ მიუთითა (38-ბ, გვ. 44). საბჭოთა მეცნიერთაგან საქართველოს მთის მოსახლეობის მიგრაციის საკითხებს, საერთოდ, საქართველოს მოსახლეობის ადგილმონაცვლეობას ზოგადად შეეხო ნ. ბერძენიშვილი (24-ა, გვ. 235-245). მიუხედავად იმისა, რომ მას სპეციალური კვლევა არ უწარმოებია, აღნიშნული საკითხის ირგვლივ გამოთქმული აქვს საყურადღებო მოსაზრებანი. ნ. ბერძენიშვილმა მოსახლეობის მიგრაციის ისტორიულ-ეთნოგრაფიული შესწავლისათვის მკვლევარებს დაუსახა მეთოდური პრინციპები, მიუთითა ძირითადი სალოცავების გამოყენების მნიშვნელობაზე, რამდენადაც იგი ამას ერთ-ერთ საიმედო საშუალებად თვლიდა. ნ. ბერძენიშვილის დაკვირვებით მოსახლეობის ადგილგადანაცვლება ფეოდალურ საქართველოში ძირითადად კლასობრივი ხასიათისა იყო (24-ა, გვ. 237-239; 40, გვ. 42-52). ქართულ ისტორიოგრაფიაში მთიელთა ბარში პერიოდული ჩამოსახლების აღსანიშნავად გამოყენებულია ნ. ბერძენიშვილის შემოთავაზებული ცნება „მთიელთა ჩამოწოლა“. საქართველოს მთის მოსახლეობის მიგრაციის საკითხებს ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე შეეხო გ. მელიქიშვილი. მისი დასკვნით ძვ. წ. I და ახ. წ. I სს. მთის მოსახლეობის დაბლობში ჩამოსვლამ „პირობები შეამზადეს კოლხეთში ახალი ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბებისათვის“ (75-ა, გვ. 482). „მთიელთა ჩამოსახლებამ, რომელთა შორის ძლიერი იყო გვაროვნული წყობილების ტრადიციები, ერთგვარად გააახალგაზრდავა კოლხეთის საზოგადოება, გააძლიერა ერი“ - თავისუფალ მეთემეთა ფენა, თუმცა ამასთან ერთად ჩამოსახლებული მთიელებიც ადრეკლასობრივი საზოგადოების დონეზე აიყვანა“ (75-ა, გვ. 547). ამასთანვე, დასავლეთ საქართველოში ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე მთიელთა სტიქიის მოძალებამ და მთიელთა ტომების მასიურმა ჩამოსახლებამ შეაფერხა ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი (64, გვ. 124-125). ქართველ ეთნოგრაფთაგან საქართველოს მთის მოსახლეობის მიგრაციაზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტით, ყურადღება პირველად გ. ჩიტაიამ გაამახვილა (90; 145, 147). მან მიუთითა, რომ მთიდან ბარში მოსახლეობის გადასახლება აუცილებელი პროცესი იყო. მეურნეობის პროდუქტების უკმარისობის გამო აქ შესაძლებელი ხდებოდა მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაზე მეტის გამოკვება და ჭარბი ნაწილი სახლდებოდა მთისწინეთსა და ბარში. მისივე თქმით, მთიელთა ბარში მიგრაცია საფეხურებრივ ხასიათს ატარებდა. ქართველ ეთნოგრაფთაგან საქართველოს მთის მოსახლეობის მიგრაციას ყურადღება მიაქციეს და აზრი გამოთქვეს: ვ. ბარდაველიძემ (19, 102-103), მ. გეგეშიძემ (31, გვ.217), თ. ოჩიაურმა(68), ს. მაკალათიამ (59;57), გ.ჯალაბაძემ (112, გვ. 12; 47;113;114, გვ. 6-24), ილ. ჭყონიამ (101), ვ. ითონიშვილმა, ჯ. სონღულაშვილმა (46, გვ. 197-200; 76; 77) და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მოსახლეობის საკითხებს ამანათობასთან კავშირში შეეხო მ. კანდელაკი (129), რადგან ეს სოციალური მოვლენა (ამანათობა) უშუალოდ მთის ერთი კუთხიდან მეორეში, ანდა საერთოდ მთაში ნებისმიერი გეოგრაფიული რეგიონიდან ადამიანის გადასახლებას მოსდევს შედეგად. ასევე მოსახლეობის მიგრაციას უკავშირდება ხიზნობა, რომელიც შესწავლილი აქვს ვ. გუჩუას. ქართველ მთიელთა ბარში ჩამოსახლებას XIX-XX სს. შეეხო საბჭოთა ეთნოგრაფი ნ. ვოლკოვა (122; 125). მასვე ეკუთვნის გამოკვლევები ჩრდილოეთ კავკასიის მთის მოსახლეობის ბარში გადასახლებაზე (123; 124). ოსების მთიდან ბარში მიგრაციის ისტორიას მიეძღვნა ბ. ბეროზოვის მონოგრაფია (119). ქართველი მთიელების მიგრაციაზე ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრით ყურადღება გაამახვილეს დ. მუსხელიშვილმა (65), ნ.ასათიანმა (16, გვ. 21), რ. რამიშვილმა (79), ჯ. გვასალიამ (33); სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ალ. ბენდიანიშვილმა (22, გვ. 52-62; 63, გვ. 458-466), ე. ხოშტარიამ (105;143, გვ. 82-88), ი. უთურაშვილმა (78; გვ. 184), პ. გუგუშვილმა (36); ეკონომიკურ-გეოგრაფიული ასპექტით ვ. ჯაოშვილმა (127). XIX ს. საქართველოში აღნიშნული საკითხი ისტორიულ-დემოგრაფიული კუთხით გააშუქა კ. ანთაძემ (14), დასავლეთ საქართველოს მთიელთა თანამედროვე მიგრაციული პროცესების შესწავლას სოციოლოგიური გამოკვლევა უძღვნა აკ. კაცაძემ (51). საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ქართული გვარების მკვლევარის, ენათმეცნიერ ი. მაისურაძის ნაღვაწი ამ სფეროში. იგი მოსახლეობის მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში შეეხო იმდენად, რამდენადაც ბევრი ქართული გვარი წარმოშობილია ამ სოციალური მოვლენის შედეგად. ასეთი ქართული გვარები ძირითადად -ელ და -არ ფორმანტებს ირთავენ. რა თქმა უნდა, ე. წ. „გეოგრაფიული“ ტიპის გვარები მეორეულია. გადასახლების შედეგად მიგრანტებმა ახალი გვარი მიიღეს და მასში ძველი საცხოვრებელი პუნქტის სახელიც ჩააქსოვეს. ი. მაისურაძის მიერ ამ თვალსაზრისით დაჯგუფებული გვარები საქართველოში მოსახლეობის გადასახლების საყურადღებო სურათს წარმოაჩენს (იხ. ილია მაისურაძე, ქართული გვარსახელები, თბ., 1979, გვ. 29-47). ზემოთ აღნიშნული ნაშრომები აშკარად მიუთითებენ საქართველოში შიდა მიგრაციული პროცესების ისტორიულ-დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და სხვ. კუთხით შესწავლის მნიშვნელობაზე. ამანვე ბევრად განსაზღვრა მიგრაციული პროცესების ისტორიულ-ეთნოგრაფიული შესწავლის საჭიროება, რასაც ჩვენი მონოგრაფია მეტ-ნაკლებად უპასუხებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ბარში მიგრაციის ეთნოგრაფიული შესწავლა ძირითადად ეთნოგრაფიულ მასალას დაემყარა, რადგან მოსახლეობის მოძრაობა ხშირად უფრო კარგადაა ხალხში „ჩაწერილი“, ვიდრე წერილობით წყაროებში. ამ მასალის ისტორიულ-შედარებითი ანალიზისათვის გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ხასიათის და დანიშნულების წერილობითი მონაცემები. მოსახლეობის აღწერის მასალებიდან შეიძლება გამოვყოთ აღმოსავლეთ საქართველოს XVIII ს. ხალხის აღწერის დავთრები (110), რომელიც ჩვენთვის საინტერესო რეგიონების (კახეთი, ერწო-თიანეთი, არაგვის ხეობის მთისწინეთი და ბარი) მოსახლეობის აღწერასაც შეიცავს. ამ მხრივ აღსანიშნავია, აგრეთვე, 1801-1802 წლების კახეთის აღწერა (26). ყურადღებას იმსახურებს XIX ს. საოჯახო სიები და მოსახლეობის კამერალური აღწერის მასალები. ზოგიერთი მათგანი ძვირფას ცნობებს შეიცავს მთის მოსახლეობის მიგრაციის შესახებ. მოსახლეობის გადასახლების სურათის აღდგენის საშუალებას გვაძლევს აგრეთვე ზემოთ დასახელებული ორი წყაროს - ეთნოგრაფიული მასალებისა და ხალხის აღწერის მონაცემების - ურთიერთშედარება. ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ნაშრომს, შეკრებილია იმ მეთოდიკით, რომელიც შეიმუშავეს ივ. ჯავახიშვილმა (106; გვ. 168-171) და გ. ჩიტაიამ (91; 146) (საველე-ეთნოგრაფიული მასალის შეკრების „კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდი“). ამასთანავე, ნაშრომში გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდიკა, რაც ერთ საკვლევ მიზანდასახულებას დაუმორჩილდა. ასეა შესწავლილი მიგრაციული მარშრუტები, მატერიალური კულტურის ელემენტები („მოძრავი საკულტო ძეგლების“ ფიქსაცია), სამეურნეო-კულტურული ადაპტაცია, ონომასტიკონი. არსებითი მნიშვნლობა აქვს ისტორიულ დოკუმენტებს, საფლავის ქვებს, ფოლკლორული, დიალექტოლოგიური და სხვა მასალების ჩვენებებს (141, გვ. 3-9). ნაშრომში გამოყენებული საველე-ეთნოგრაფიული მასალები შეკრებილია 1973-1978 წლებში იმ გეოგრაფიულ ერთეულებში, სადაც ისტორიულად მიმდინარეობდა ქართველ მთიელთა გადასახლებები როგორც მთისწინეთსა, ისე ბარში: თიანეთის, დუშეთის, მცხეთის, საგარეჯოს, ახმეტის, თელავის, წითელწყაროს რაიონებში. წინამდებარე ნაშრომის ისტორიულ-ეთნოგრაფიული დამუშავება პირველია ქართულ ისტორიოგრაფიასა და ეთნოგრაფიაში. მას შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს და ამასთანავე გარკვეული კუთხით აშუქებს საქართველოს ისტორიული წარსულის ზოგიერთ მხარეს. მთის მოსახლეობის მიგრაციული პროცესების ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალთახედვით კვლევას არა მარტო სამეცნიერო-თეორიული და შემეცნებითი, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დაგვეხმაროს დღევანდელი მთის მოსახლეობის მიგრაციული პროცესების რეგულირებაში, როდესაც სოციალური დაგეგმვის საკითხებში უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს მოვლენის ისტორიულ-ეთნოგრაფიული შესწავლა. წარსული მიგრაციული პროცესების შესწავლით შესაძლებლობა გვეძლევა ვიმსჯელოთ დღევანდელ შესაბამის მოვლენებზე, კრიტიკულად გავაანალიზოთ წარსულის ზოგიერთი გამოცდილება ამ სფეროში და ცალკეული არასწორი პრაქტიკაც კი, რასაც ჩვენს ახლო სინამდვილეში ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით მოსახლეობის კომპაქტური ჯგუფების მთიდან ბარში ჩამოსახლების საკითხში. ასეთმა პრაქტიკამ, ალბათ, აჩქარების მიზეზით არასასურველი შედეგი დატოვა - ზიანი მიაყენა მთის პირობებში ტრადიციულ-საწარმოო პროფილის შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებას, რაც საქართველოს სპეციფიკურ პირობებში ასე საჭირო იყო და რასაც დღეს უკვე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ყოველივე ეს კი დააჩქარებს საქართველოს მთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი კონცეფციის შემუშავებას და რეგიონალურ პროგრამირებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის. ამრიგად, წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია აღმოსავლეთ საქართველოს მთის (ფშავის, ხევსურეთის) მოსახლეობის მიგრაციის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები, კულტურულ-ისტორიული საკითხები განვლილი სამი საუკუნის (XVII-XX ს. I მეოთხედი) მანძილზე. ,,შენ მე ვერ დამამარცხებ! იმიტომ არა, რომ უძლეველი ვარ. იმიტომ, რომ უძლეველს ებრძვი ჩემში!" - (ელგა-დიდი)
ქართველ მთიელთა ერწო-თიანეთში გადასახლებები
ქართულ ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში მითითებულია, რომ მთის მოსახლეობა უშუალოდ ბარში არ გადასახლდებოდა (90, 92), არამედ გაივლიდა შუალედურ რგოლს, ე. წ. საფეხურს მთისწინეთის სახით,რადგან უაღრესად ძნელი იყო მთიელისათვის ბარის ბუნებრივ კლიმატურ პირობებთან შეგუება და ფიზიოლოგიური ადაპტაცია. ამავე დროს გადასახლებულისათვის არა ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სამეურნეო-საწარმოო მომენტს. ემიგრანტისათვის თითქმის არსებითი იყო ახალ საცხოვრებელ გარემოში მეურნეობის მოწყობის საკითხი. ის თავდაპირველად ვერ წყდებოდა მთის მეურნეობის მოწყობის საკითხი. ის თავდაპირველად ვერ წყდებოდა მთის მეურნეობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს, რომელიც ტრადიციით მამა-პაპათაგან ჰქონდა მიღებული, ბავშობიდანვე იყო შეგუებული და ამდენად მთური საწარიოო პროფილის შეცვლა ერთგვარ ერთგვარ სიძნელეს წარმოადგენდა. ამ მხრივ მთიულის ფიზიოლოგიურ ადაპტაციას და მეურნეობლივ მოწყობას ხელს უწყობდა მთისწინეთი, მთიდან ბარში გარდამავალი ზონა. ჩვენ ხელთ არსებული წყაროებით ფშავ-ხევსურთა ერწო-თიანეთში ჩამოსახლების სურათის აღდგენა ხერხდება XVII ს. II ნახევრიდაან, თუმცა, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ქართველ მთიელთა მთისწინეთსა და ბარში მიგრაცია უფრო ადრეულ პერიოდშია საგულვებელი. მიგრაციული პროცესების სურათის დასანახად, დასახასიათებლად და შინაგან თავისებურებების გასათვალისწინებლად მიზანშეწონილად ვცანით წარმოვადგინოთ უმთავრესად გვარების ისტორია, წარმომავლობა-სადაურობბა, რაც საშუალებას მოგვცემს, წარმოვაჩინოთ ჩვენს მიერ შესწავლილი პროცესის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-ისტორიულ საკითხები, რომელთა რიგში ექცევა, აგრეთვე, ქართველ მთიულთა მთისწინეთსა და ბარში გადასახლების მიმართულების მოწყობის სპეცითიკა. უმეტეს შემთხვევაში გვართა სადაურობა-წარმომავლობაზე შეკრებილი ეთნოგრაფული მასალით მიგრაციის საკითხებსაც ვწვდებით.
1. ფშაველთა ერწო-თიანეთშში მიგრაცია XVII ს. IIნახ.-XIX ს. Iნახ.
ერწო-თიანეთი, ივრის ხეობის ზემო წელი, ფშავის არაგვის ხეობას უშუალოდ ემეზობლება და სწორედ აქ შექმნეს ფშავიდან გადმოსახლებულებმა დიდი კომფაქტური დასახლებები. დასახლებულ რეგიონში ფშაველთა გადმოსახლებაზე თხრობას დავიწყებთ დიდიგვარებით, რომლებსაც კარგად ახსოვს წინაპართა ფშავიდაან მოსულობა, თავდაპირველი გვარი და თემი, გადმოსახლების მიზეზი. თიანათის ჩრდილოეთით სოფ. ჭურჭერაულებში მოსახლეობს ჭურჭეაურთ გვარი. ეს გვარი თიანეთის „ქვეყანაში“ ჯერ კიდევ XVIII ს. I მეოთხედის მოსახლეობის აღწერაში გვხვდება სოთლებში ქაშოში, თიანეთსა და აჯაგვში. აჯაგვი დღევანდელი ჭურჭელაურების ადრინდელი სახელწოდებაა. ეთნოგრაფიული მონაცემებით ჭურჭელაურები ფშავის სოფელ ახლიდან არიან გადმოსახლებულნი. მანამ ისინი თიანეთის მახლობლად დასახლდნებოდნენ, მათი წინაპრები ჯერ ივრის ხეობის წელის სოფელ აონში მოსულან, საიდანაც გადმოსახლებულად სოფელ აჯაგვში. მიგრაციამ ამ უკანასკნელ სოფელს სახელი უცვალა. ჭურჭელაურების ოთხი ოჯახი XVIII ს. I მეოთხედში თიანეთში გვავარაუდებინებს, რომ ისინი აქ უნდა გადმოსახლებულიყვნენ XVII ს. II ნახევარში. სოფ. დულუზაურში (ივრის ხეობის მარცხენა მხარეს) ერთი მამიდან მომდინარე ორი დიდი გვარი მოსახლეობს: დულუზაურები და ჯაბანაშვილები. ისინი ძირად გოგოჭურთ თემის ფშავლები არიან. მათი წინაპრები ჩარგლიდან გადმოსახლებულან. XVIII ს. I მეოთხედში გვარი დულუზაური მოიხსენიება თიანეთის მახლობელ სოფ. არხალში (110, გვ. 42). ისინი 1801-1802 წწ. მოსახლეობის აღწერაშიც გვხვდებიან (26; 143). ამავე პერიოდში აქვე მოსახლეობდა ერთი კომლი ჯაბანაშვილიც. ფშავიდან გამოსახლებულმა დულუზაურ-ჯაბანაშვილებმა სოფელს (არხალი) თანდათანობით სახელწოდება უცვალეს XIX ს-ის შუა ხანებში (დულუზაურთკარი), რომლის ერთ-ერთ მიზეზად ისიც მოგვევლინა, რომ აქ მოსახლე სხვა, ძველი გვარები ბარში გადასახლდნენ. თუმა ასევე ბარში, კახეთში, უკვე XVIII ს. გადასახლებულა დულუზაურების ნაწილი. 1763 წ. ერთ დოკუმენტში სოფ. უტოს მცხოვრებლად დულუზაური მოიხსენიება (81 - გ, -გვ. 493). სოფ. დულუზაურებში დღეს მოსახლეობენ აგრეთვე ზატუაშვილები, რომლებიც აქ უკვე 1801 წ. მოიხსენიებიან (26; გვ. 143), ხოლო 1843 წლის საოჯახო სიებში ორი გვარით (ზატუაშვილი დულუზაური) გვევლინებიან (1, № 2042). ზატუაშვილების წინაპარი, რომელსაც ზატუა რქმევია, ყვარელიდან გერად მოჰყოლია ვინმე ჯაბანაშვილს და მისი შთამომავლები ზატუაშვილად დაწერილან. მთხრობელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ზატუაშვილები ჩვენი ხატის - მთავარანგელოზის, ყმებად ითვლებიან. ისე, როგორც ძმები, ისე ვართ ეს სამი გვარი“. გარდა ზემოთ აღნიშნული სამი გვარისა, არხალში (დულუზაურებში) XVIII ს. I მეოთხედის აღწერაში გვხვდება ბულალაურის გვარიც (110, გვ. 42), რომლებიც, როგორც ჩანს, ფშავის სოფ. ბულალაურთიდან იყვნენ გადმოსახლებული. ჩარგალიდან გადმოსახლებულან სოფ. გორიმზვარეში ცაბაურთ თემის შავერდაშვილები და ტურაშვილები, რომლებიც XVIII ს. დასაწყისში უკვე აქ მოსახლეობდნენ (110, გვ. 42). ჩანს, რომ ამ პერიოდში, ისევე როგორც მეზობელი სოფ. არხალი, გორიმზვარც (ახლანდელი კვერანაულა) მთლიანად გოგოჭურთ თემის ფშავლებით იყო დასახლებული. გარდა შავერდაშვილებისა და ტურაშვილებისა, გორიმზვარეში XVIII ს. დასაწყისში მოსახლეობდნენ გორაზმაულები და გურასპაულები (110, გვ. 42), რომლებიც ასევე გოგოჭურთ თემის ფშავლები არიან. XVII ს. უნდა იყვნენ თიანეთის სოფ. სახასოში გადმოსახლებულნი ჯამარაულები (110, გვ. 42; 26, გვ.144), რომლებიც ფშავის სათემო სოფ. უძილაურთიდან არიან ჩამოსახლებულნი ჯამარაულების მეზობლად მოსახლე გოჯიაშვილები. XVIII ს-ის წინარე ხანაში ფშავიდან ერწოსა და თიანეთში ბევრი სხვა გვარიც გადმოსახლებულა, რომელთაგან მხოლოდ ზოგიერთს დავასახელებთ: გაბიდაურები, რომლებსაც ივრის ხეობაში რამდენიმე სოფელი ჰქონდათ დაფუძნებული (ლიშო, ქუშხევი, სხლოვანი, ყვარა...). ხოშარიდან გადმოსახლებული გაბიდაურების ნაწილი უკვე XVIII – XIX სს. შეცვლილი გვარებით გვევლინებიან: ნიბლოშვილი, ხარანაული, დოჯურიშვილი, ფხიკლეშვილი, ნაკვეთაური, მამსიკაშვილი. მათურელები თიანეთის სოფ. ჟებოტის მკვიდრები არიან. XVIII ს. დასაწყისში (110, გვ. 76). გადმოსული არიან ფშავის სოფ. მათურიდან. ჟებოტაში მათურიდანვე არიან ჩამოსახლებული დოლიაშვილები, ივანაურები, ბადრახიშვილები, გულოშვილები და აკობაშვილები. საერთოდ, სოფ. ჟებოტაში ძირითადად მათურიდან გადმოსახლებულები ცხოვრობენ და მას ერთ დროს მათურიანთკარსაც (მათურელი) კი უწოდებდნენ (7). XVII ს. ნახევარში ივრის ხეობაში ფშავიდან არიან გადმოსახლებულები უძილაურები, რომელთა ნაწილი მამიშვილობის მიხედვით შემდეგ სხვა გვარებზე დაეწერნენ. XVII ს. ფშავის გაბიდაურთ სათემო სოფ. ხოშარიდან გადმოსახლებულან ძებნიაურებისა და ბადურაშვილების წინაპრები. პირველნი თავისივე გვარის სახელის მქონე სოფელში მოსახლეობენ, მეორენი კი სოფ. ჟებოტაში. აღნიშნულ გვარებს, როგორც გადმოგვცემენ, ფშავიდან გადმოსახლებულმა ძმებმა - ძებნიამ და ბაადურმა - დაუდეს საფუძველი. ფშავიდან ერწო-თიანეთში XVIII ს. შემდეგი გვარები არიან ჩამოსახლებულნი: აქიმიშვილები - ხოშარიდან, რომლებსაც უფრო ადრე ბუჭყურაშვილის გვარი უტარებიათ; ბაღიაშვილები - ჩარგლიდან; ბიჩინაშვილები - ფშავის სოფ. შუაფხოდან. აქედანვე თიანეთში იმავე პერიოდში მოსულან შუშანაშვილები. ასევე ქისტაურთ თემის ფშავლები არიან ხუცურაულები, რომლებიც XVIII ს-ში ერწო-თიანეთის რამდენიმე სოფელში გადმოსახლდნენ სოფ. ვანხევიდან. ზემო თიანეთში შუაფხოდან ჩამოსახლდნენ გიანაშვილები, ქაჩლიშვილები და ტუშურები, ოღონდ ამ უკანასკნელი გვარის ჩამოსახლების დროდ XVIII ს. წინარე პერიოდი უნდა ვიგულისხმოთ. XVIII ს. I მეოთხედის ხალხის აღწერის დავთრის მიხედვით, ტუშურები მოსახლეობდნენ სოფლებში ქაშოში, თანგანთკარსა და თვით აღნიშნული გვარის სახელის მატარებელ სოფელ ტუშურებში (110; გვ. 43-44). 1801-1802 წწ. მოსახლეობის აღწერით თიანეთში რვა ოჯახი ტუშური მოსახლეობდა (26; გვ. 143, 146), რომელთა შედარებით ასეთი მცირე რაოდენობა კახეთში გადასახლებით უნდა აიხსნას. ერწოს სოფ. სიმონიანთხევში ჩარგლიდან მოსულან ბაიაშვილები, რომლებიც აქ 1801-1802 წწ. მოსახლეობის აღწერაში ორი კომლის რაოდენობით არიან (26; გვ. 142). XVIII ს. ჩარგლიდანვე გადმოსახლებულან კბილცეცხლაშვილები და მათი განაყრები ქიტესაშვილები. XVIII ს. ფშავის სოფ. უძილაურთიდან არიან დასახლებული ტიღინაშვილები. თიანეთსა და ჩაბანოში XVIII ს. არიან დასახლებული ჯიმშიტაშვილები. გაბიდაურთ თემის ეს ფშავლები უშუალოდ ფშავის სოფ. ხოშარიდან არ ჩამოსახლებულან. მათი წინაპრები ჯერ ივრის ხეობის სოფ. ბაჩალში მოსულან, ბაჩალიდან კი ჩაბანოსა და თიანეთში.XIX ს. დასაწყისში აქ ოთხი კომლი ჯიმშიტაშვილი მოსახლეობდა (26, გვ. 145-146), 1842 წ. - რვა (1, № 2042). XVIII ს. II ნახევარში უნდა იყვნენ ფშავის სოფ. გოგოლაურთიდან თიანეთში გადმოსახლებულნი მაჩურიშვილები, რომლებიც 1801 – 1802 წწ. თიანეთის აღწერაში მიხსენიებიან (26; გვ. 148). მაჩურიშვილები გოგოლაურებისა და თურმანაულების განაყრებად თვლიან თავს. ასევე ძირად გოგოლაურები არიან ჟებოტაში მცხოვრები საღირიშვილები და ლახატოელი მგელიაშვილები. ეს უკანასკნელნი გადმოსახლდნენ სოფ. კუდოდან. აგრეთვე - ვერხველში მოსახლე ტუნტურიშვილები. XVIII ს. ფშავიდან სხვა გადმოსახლებულებიც შეიძლებოდა დაგვესახელებინა, მაგრამ, ვფიქრობთ, აღნიშნულიც საკმარისია საერთო სურათის წარმოსაჩენად. ფშაველთა ერწო-თიანეთის სოფლებში ჩამოსახლების ადრე დაწყებული პროფესი XIX ს-შიც გრძელდებოდა. XIX ს. I ნახევარში მოსულან თეგერაშვილები სრფ. უძილაურთიდან, ლევერაშვილები გოგოლაურთიდან. აღნიშნულ პერიოდში ერწოს სოფ. ომარაულში ფშავის სოფ. მეთურიდან არიან გადმოსახლებული: ზურაბაული, ფუნჩიაშვილი, ხუციშვილი, ქისტაური, მაჩურიშვილი, ხიბლაშვილი, გახუტელაშვილი, თადიაური, გუგეჩაშვილი, ტარტიკახელი, ღიჯურაშვილი. XIX ს. I ნახევარში ზემო თიანეთში გადმოსახლებულ ფშაველთა შორის უნდა დავასახელოთ ჯერვალიძეები, რომდებმაც აქ ამ გვარის სახელის მქონე სოფელიც კი შექმნეს. ისინი ჯერ ფშავის სოფ. შუაფხოდან ხორხის ხეობაში დასახლებულან, საიდანაც შემდეგ ზემო თიანეთში მოსულან. XIX ს. I ნახევარში არიან გადმოსახლებულნი ზემო თიანეთის სოფ. წიკვლიათკარში წითელაურთ სათემო სოფ. ნაკვალესავიდან სხვადასხვა გვარისა ფშავლები (მაგ., ბაჩანაშვილები).
* * * 2. ფშაველთა ერწო-თიანეთში მიგრაცია XIX ს. II ნახ. – XX ს. დასაწყისში
ფშავლების მთისწინეთსა თუ ბარში ჩამოსახლება სხვა ქართველ მთიელებთან ერთად გრძელდებოდა XIX ს. II ნახევარშიც. 1850-იან წლებში გადმოსახლდნენ მთისწინეთისა და ბარის მიჯნაზე მდებარე სოფ. ცხვარიჭამიაშიფშავის სოფლებიდან: მუქოდნ და ნაკვალესავიდან[2, 248და269]. XIX ს. 50-იან წლებში ერწოს სოფ. საყარაულოში გადმოსახლებულანფშავის სოფ. ყაფრიდან ერთი კომლი გოდერძაულთ თემის ფშაველი (2, 248). ერწოს სოფ. ვეძათხევში ჯერ კიდევ XIX ს. I ნახევარში მოსახლეობდნენ ფშავლები (მათურიშვილი, ხინჩლაშვილი, ღრუბელაშვილი), რომელთა აქ ჩამოსახლება XIX ს. II ნახევარშიც გრძელდებოდა. კერძოდ უკანა ფშავიდან გადმოსახლებულან ჩეკურიშვილები [2, 248]. 1873 წლის შემდეგ აქვე ექვსი ოჯახი გოგოლაური დასახლებულა [3, 273]. ვეძათხევს დაუდვიათ ბინა გაბიდაურთ და ჭიჩოელთ თემის ფშავლებსაც, რომელთა წარმომადგენლები 1866 წელს მოსულან ჩაბანოდან და ივრის ხეობის ზემო წელის სოფლებიდან (ქუშხევი, არტანი) [3, 273]. 1850-იან წლებში ორხევში გადმოსახლებულან გოგოლაურთ თემის ფშავლები სოფ. მაღაროდან [3, 273]. ერწოს სოფ. მაგრანეთში XIX ს. II ნახ. ორი დიდი მიგრაციული ნაკადი მოვიდა: ფშავლები და ხევსურები. ფშავლები აქ ძირითადად ივრის ხეობის ზემო წელის სოფ. არტნიდან ჩამოსახლდნენ (21 ოჯახი) [2, 248]. 1850-იან წლებში ხოშარიდან სოფ. თრანში დასახლებულან გაბიდაურები [3, 274] (ხუთი კომლი) ხოლო 1870 წელს ახადიდან და ვანხევიდან თითო კომლი [2, 248]. XIX ს. შუა ხანებში ერწოს სოფ. უკუღმართში დასახლდნენ ახადიდან მოსული ფშავლები [2, 248; 4, 1754], რომლებსაც 1876 წელს დაემატა ერთი კომლი სოფ. შუაფხოდან [4, 1754]. სოფ. ჭიოტაანთკარი ერწოში XIX ს. II ნახევრიდან ჩანს წარმოქმნილი. აქ დასახლებულან მაღაროდან გოგოლაურთ თემის, ლიშოდან გაბიდაურთ თემის და ახადიდან გოდერძაულთ თემის ფშავლები [2, 248]. 1850-იან წლებში სიონში სახლდებიან გაბიდაურები ხოშარიდან, დიღმელაურში გოგოლაურები მაღაროდან [2, 249] და სხვა. ჯიხოში XIX ს. 50-იან წლებში ახადელი ფშავლები გადმოსახლებულან. ფშაველთა აქ დასახლკარება თითქმის მთელი XIX ს. II ნახ. განმავლობაში მიმდინარეობდა: მაგალითად 1865 წ. აქ მოსულან სოფ. მაღაროდან, 1869 წ. ცაბაურთიდან და სხვა [3, 273]. ზემოთ აღნიშნული გვქონდა, რომ XIX ს. I ნახევარში ერწოს სოფ. ომარაულში ჩამოსახლდნენ ფშავის სოფ. მათურიდან. ფშაველთა მათურიდან ომარაულში მიგრაცია XIX ს. II ნახევარშიც გრძელდებოდა, რომლის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ 1882 წ. გახუტელაშვილების მოსვლა [3, 273]. XIX ს. I ნახვარში სოფ. ბოჭორმა დასახლებულ იქნა გაბიდაურთ თემის ფშავლებით, რომელთა აქ ჩამოსახლება XIX ს. II ნახევარშიც მიმდინარეობდა: სოფ. ბზიკურთიდან - ციხელაშვილები (1865 წ.), საღირაშვილები (1865 წ.), ბერიშვილები და ლეგაშვილები (1869 წ.), ქუშხევიდან - მგელაშვილები (1869 წ.), ჩარგლიდან - ბაიაშვილები (1860 წ.), და სხვ. [3, 273]. XI
This post has been edited by mcenare-99 on 26 Feb 2011, 15:08
--------------------
დსვცვავხც ხც დდვფავფრფვრევფრვ ხცც ხ ხც
|