L-E-O-N-Iგაქვს კიდე მაკეტის სურათები?
----------------------------------------------------------------
STOP! აქანე ქუთეისიამართლაც რომ იუმორის ქალაქია ქუთაისი... აქ ყველასა თუ ყველაფრისგან კარგი აურა მოდის და, რაც მთავარია, ჩვენთვის დამახასიათებელი ჯანსაღი იუმორი თუ ხუმრობაში გახვეული მწარე სიმართლე ყოველთვის თანგვსდევს...
აქ ტრანსპორტიდან, ქუჩებიდან, სახლებიდან, ყველა უსულო ნივთისაგან იმდენ ინფორმაციას მიიღებთ, რომ არც ცნობათა ბიურო დაგჭირდებათ და არც კონსულტაცია სხვადასხვა პროფესიის პიროვნებებისაგან. აქ ყველაფერი მეტყველებს. იმასაც კი გაიგებთ, თუ ვის ვინ უყვარს და ა.შ.
რამდენიმე დღის წინ შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთ ავტობუსში (ხაზის), სადაც ეწერა: „მგზავრების საყურადღებოდ: ბანანის, თხილის და სემიჩკის კანები ჭამეთ კანიანად“... ამ წარწერით მძღოლი ცდილობს, დაიცვას ჰიგიენა თავის ტრანსპორტში.
სწორედ ამან გადამაწყვეტინა დღეს, მესაუბრა სახალისო წარწერებზე.
თუ გზაში მარტო მოსიარულე პიროვნება შენიშნეთ, რომელიც იცინის, მის ჯანმრთელობაში ეჭვს ნუ შეიტანთ, ირგვლივ გაიხედეთ და სიცილის მიზეზსაც დაინახავთ.
არის წარწერები, რომელსაც რაღაც ასოები დროთა განმავლობაში ეშლება და სულ სხვა შინაარსს ვიღებთ, ანუ საქმე გვაქვს ორთოგრაფიულ შეცდომებთან. მაგალითად, „იმერული ყველი“... დღეს კი ეს წარწერა კარგად ნაცნობია, არა მისი ნამდვილი სახით. „ღრმა წმენდა: ხალიჩა, დივანი, მატრასი“, „ხარჩო, ჩიხითმა, მწვადი, ქაბაბი (ფრთხილად)“ და ა.შ.
ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა, ესაა: „აქანე და იქინე არ ვაჩერებთ!“ ესეც ავტობუსში იყო. მოკლედ, ტრანსპორტში ჯერ წარწერების კითხვით არ მოიწყენთ და შემდეგ იქ გამართული დისკუსიით.
არის ტრაფარეტები, რომლის მეშვეობითაც აკეთებენ უფასო რეკლამას და რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, მიიზიდონ ხალხი. მაგალითად, ქსეროქსი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, რამაც მავანი მფლობელები საფიქრალში ჩააგდო, ამიტომაც გააკეთეს წარწერა: „ქსეროქსი 4 თეთრი-5 თეთრი. ყავა საჩუქრად!“ მართლაც რთულია გაუძლო ასეთ კონკურენციას. კიდევ ერთი: მოცლილი ახალგაზრდები, რომლებიც დაიღალნენ ერთსა და იმავე პიროვნებებთან კარტის თამაშით და მოიფიქრეს: „გვჭირდება ორი მოთამაშე ჯოკრისთვის გვაქვს face control-ი“ და აქვე არის ტელეფონის ნომრებიც მიწერილი.
არსებობს ფირმა „რუსუდანი - ბინების ყიდვა გაყიდვა“ - დიტოიას ჩიხში.
მოკლედ, ქუთაისელები რომ ვერ მოიფიქრებენ, ისეთი რა არის, არც არაფერი. შეტყობინებასაც გიტოვებენ: „საპარიკმახელო დაკეტილია. ავად ვარ“.
ცნობებსაც გაწვდიან: „რობოტზე გაჭიმვა იტალიური დანადგარით“ და დახმარებასაც აღმოგიჩენენ ყოველგვარი თანხის გარეშე: „ფეხის ოფლის წამალი“ თავისი ინსტრუქციით.
ამ გონებამახვილური წარწერების ფონზე სახალისოა ისიც, რომ ქუთაისის ერთ-ერთი უბანი მთლიანადაა ორიენტირებული ჭირისუფლების მისაზიდად: „კერძო სასაფლაო. ჩვენი ფილებით, ბლოკებით, მოაჯირით, ცემენტით, აგურით, სილით.“ მოკლედ, მთავარია მიხვიდე და ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნები.
ახლა გავიგოთ, ვის ვინ უყვარს.
ქუთაისელების სუსტი წერტილი ჭორაობაა. მოკლედ, წარწერის წაკითხვის შემდეგ მიდის სჯა-ბაასი, თუ ვინ იყო ის ბიჭი ან გოგო: „ანა მიყვარხარ!“ „დათოს + სალო=?“ შეიძლება ორ უცნობიან განტოლებებსაც წააწყდეთ და ა.შ. თუ ზედმეტსახელითაა წარწერები გაკეთებული, იქ ინტერესი ორმაგად მძაფრდება: „WOPI LOVE”, „I LOVE YOU CUCI“ და სხვა.
ქუთათურები იუმორით ებრძვიან ყველაფერს, რადგან იციან, რომ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ქუჩა-ქუჩა სიარული არ მოგბეზრდებათ, პირიქით - ნასიამოვნებიც დარჩებით, რადგან, მოულოდნელად, ისეთ რაღაცას გადააწყდებით, რომ თავადაც გაოცებული დარჩებით.
ყველასთვის ცნობილი ფრაზა „STOP! აქანე, ძმაო, ქუთეისია!“ - ნამდვილად ამართლებს და კარგადაც არის მოფიქრებული.
გვანცა თოთაძეhttp://www.psnews.info/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=782