ჯემალ ჭკუასელი ყვება:
– ერთხელ ჩავედი ოზურგეთში. ათიოდე კაცი ჩრდილში დგას და ხელის ქნევით დაობს. მივესალმე.
– ჯემალს გაუმარჯოს, როის ჩამოდი?
– დღეს.
– როის მიხვალ?
– აცალეთ, ბიჭო, კაცს ჩამოსვლა მის ქვეყანაში, – შეუკივლა რენომ.
"ქვეყანაშიო"? – გავიკვირვე. თურმე გურიის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფის თაობაზე ჰქონიათ ამხელა დავიდარაბა. ამისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობაც მოაგვარეს – ჯარი, საზღვარი, ჩაი, ნაბეღლავი, ადესა, ზღვაი, მთაი, კრიმანჭული, მაგნიტიტი, ციტრუსი, ჩაქუხა. ყველაფერი კი იყო, მაგრამ რად გინდა, ერთი რაღაც უშლიდათ ხელს – ელჩებისთვის საჭირო რაოდენობის ხალხი ვერ შეაგროვეს. ამიტომ საკითხი შემდეგისთვის გადადეს. გივიმ საუბრის თემა შეცვალა.
– ჯემალ ბატონო, წინა ღამით რომ იქეიფებთ და ზომაზე მეტ ღვინოს მიირთმევთ, მეორე დღეს თავი თუ გტკივათ?
– არა–მეთქი, – ვუპასუხე.
– ესე იგი, კარგ ღვინოს სვამთ დედაქალაქშიო, – დაასკვნა.
– ნაღვინევზე თავი რომ არ გეტკინება და საერთოდ რომ არ გეტკინება, მაი არაა კაის ნიშანი, – დამგესლა კოღომ (წარმოიდგინეთ, კაცს რომ კოღოს შეარქმევენ, რა უბედური ენის პატრონი უნდა იყოს, ისე ილია ჰქვია).
– ილია ბატონო, აბა ის იყო კარგი, წუხელ რომ ღვინო დამალევინე და მანავის ლურჯიო, რომ ტრაბახობდი? – ჰკითხა გივიმ.
– ჯერ ერთი, მანავის მწვანე და არა ლურჯი, – დამცინა კოღომ, – მერე რა, არ ვარგოდა?
– რა ვარგოდა, შე ოჯახაშენებულო, პროტეზის კბილები მომკვეთა, – აღშფოთდა გივი.
მამას ცხელი ღომი უყვარდა. ერთხელ დედამ სადილად ქაფქაფა ღომი შემოიტანა. მამამ გაგრილებას აღარ დაუცადა, აიღო კარგა მოზრდილი ნაწილი და გადაყლაპა. მოულოდნელად წამოხტა და გაიქცა.
– სად გარბიხარ?! – მიაძახა დედამ.
– მე ხომ დევიწვი და დევიწვი, იქნებ სკამი მაინც გადაარჩინოთ, – მოგვესმა პასუხი სათხილიდან.