აი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაცია ქალაქზე:

ქვეყანა საქართველო
მხარე გურიის მხარე
კოორდ. 41°56′00″ ჩ. გ. 41°59′00″ ა. გ.
ქალაქი 1840 წლიდან
მოსახლეობა 20 636 [1] კაცი (2010)
ეროვნული
შემადგენლობა ქართველები, სომხები, რუსები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა მართლმადიდებლები
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +995 496[2]
საფოსტო ინდექსი 3500
ოზურგეთი — ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ოზურგეთში არის შემოქმედის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს „გურიელების სასახლეში“. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის დაწესებულებები. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ურეკს, ჩოხატაურს, ქობულეთს. სარკინიგზო ხაზით უკავშირდება სადგურ ნატანებს. მანძილი თბილისამდე 325 კმ. 2009 წლის 24 ნოემბრიდან ოზურგეთი დამეგობრებულია ქალაქ როკიშკისთან, რომელიც ლიტვის ერთ-ერთი რეგიონის, პანევეჟისის მაზრის დედაქალაქია.
გეოგრაფია
ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიდინება (ბაზრისწყალი, ადიდაყვა და სხვ.). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. ქალაქი რამდენიმე უბნად იყოფა: ცენტრის უბანი, ბასრა, ზვანი, ექადია, ანასეული, ლაშე, გაკირული, მოიდანახე, სერი, საპარასკევო.
ქალაქი სამი ტერასიდან შედგება, ქვედა ტერასაზე ძირითადად სავაჭრო დაწესებულებებია, აქ არის ბაზარი, ისტორიული უბანი საპარასკევო. შუა ტერასაზე კონცენტრირებულია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, კინოთეატრი, კინო, სასტუმრო, მუზეუმი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების შენობები ცენტრის უბანი, (ლაშე, გაკირული). ზედა ტერასაზე, ძირითადად, საცხოვრებელი უბნებია (ზვანი, მოიდანახე, სერი). ქალაქის უკიდურეს სამხრეთით არის უბნები, რომლებიც ადრე ცალკე სოფლებს წარმოადგენდნენ და მოგვიანებით გახდნენ ქალაქის ნაწილი: მდინარეების ბჟუჟისა და აჭისწყლის შესართავთან, ბჟუჟის სამხრეთით არის უბანი ბასრა და ექადია, ხოლო კიდევ უფრო სამხრეთით, გორაკზე ყოფილი დაბა ანასეული.
ისტორია
ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში, იყო გურიის სამთავროს ცენტრი. გვიან შუა საუკუნეებში ოზურგეთი სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი - ოზურგეთის განძი - ვერცხლის 270 მონეტა.
ქალაქად გამოცხადდა 1840 წელს. XIX საუკუნეში ოზურგეთში მოგზაურობდნენ და აღწერეს სერგი მესხმა (1878) და თედო სახოკიამ (1896). 1870-იან წლებში ოზურგეთი სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა 1977-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის განმავლობაში. XIX საუკუნეში ქალაქის ცენტრში არსებულ „სამკუთხა ბაღში“ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გაშენდა იზაბელას საცდელი ნერგები.
XX საუკუნის განმავლობაში ქალაქს, ისევე როგორც მთელს რაიონს ფილიპე მახარაძის საპატივსაცემოდ მახარაძე ეწოდა. 90-იან წლებში ქალაქს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება, მისი ფარგლები გაფართოვდა და მისი შემადგენელი ნაწილი გახდა ყოფილი დაბა ანასეული.
ეტიმოლოგია
ქალაქის სახელის წარმოშობის ორი გავრცელებული ვერსია არსებობს. მოსე ჯანაშვილის თანახმად, ის წარმოიშვა დასახლების ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე სერების, მოიდანახესა და ექადიას, გამო, რომლებიც ქალაქის ზურგის ფუნქციას ასრულებდნენ (ორ-ზურგ-ეთი). თედო სახოკიას თანახმად ოზურგეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია, სადაც მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი).
ისტორიული ძეგლები
ოზურგეთში არსებული ისტორიული ძეგლები შემორჩენილი არ არის. სერის უბანში XIX საუკუნის 70-იან წლებამდე იდგა გურიელების სასახლე. 1873 წელს აშენდა გურიელების ახალი სასახლე. სერგეი მესხის ცნობით
„ოზურგეთის მოედანზე....ამჟამად გამოჭიმულია თ. დ. გურიელის აჭრელებული, უცნობს არხიტეკტურასა და გაუგებელს გემოვნებაზე აშენებული სასახლე[4]“
ამჟამად შენობაში შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენციაა. სერზე არსებული სასახლე არ შემორჩენილია. ასევე არ შემორჩენილა ქალაქის ცენტრში მდგარი „დრუჟინის“ შენობა, რომელსაც იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, რომელიც, სავარაუდოდ, ამჟამინდელ თეატრალურ მოედანზე იდგა. არ შემორჩენილია არც ქალაქის გალავნის ნაშთები, რომელიც თედო სახოკიას აქვს მოხსენიებული. სახოკია ასევე ახსენებს ქალაქის ცენტრში მდგარ ორ ეკლესიას, მათგან ერთი იყო რუს სამხედროთა ხის ეკლესია. დღესდღეობით მის ადგილას დგას ღვთისმშობლის სახელობის საკათერო ტაძარი. ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენდა ქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველი კორპუსი, რომელიც 2008 წელს დაინგრა.
განათლება
ოზურგეთში პირვეი სამაზრო სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. სამაზრო სასწავლებლის მოსწავლეები სხვადასხვა დროს იყვნენ სიმონ გუგუნავა, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი. 1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. „წელს ოზურგეთის სასწავლებელში მისაღებად იმდენი ბავშვი მოგროვდა, რომ მთელი ოზურგეთი გააკვირვა“ — წერდა „დროება“
საზოგადოება
ოზურგეთში 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი უმრავლესობა მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდობის თემატიკაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე, ქალთა, დევნილთა და ინვალიდთა უფლებებზე. ასევე არის სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციები. ოზურგეთში არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალი.
ქალაქში არის ტელეკომპანია „გურია“, რომელიც გურიის მასშტაბით მაუწყებლობს. გამოდის 4 გაზეთი, რომლებიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, (ნაწილობრივ კი მთელი მხარის მასშტაბით) ვრცელდება.
ოზურგეთში მოქმედებს კულტურის რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბავშვო თეატრი, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა.[6]
თეატრი

მუზეუმი
ოზურგეთში არის მორაგბეთა კლუბი ოზურგეთის ფირალები და საფეხბურთო კლუბი მერცხალი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს.
ქალაქში ორი სტადიონია. სტადიონი მეგობრობა მუნიციპალური საკუთრებაა და მასზე ოზურგეთის მერცხალი თამაშობს. ზვანის საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი კი ოზურგეთის ფირალების საშინაო არენას წარმოადგენს. ქალაქში 2007 წელს აშენდა სპორტის სასახლე [7]
ოზურგეთში მოქმედებს მუნიციპალური სასპორტო სკოლა. ქალაქში არის ტაიკვანდოს კლუბი „გრიგალი“, საკალთბურთო კლუბი „ბახმარო“, ასევე მძლეოსნობის, კრივის, ჰოკეის, ძიუდოს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ჩოგბურთის შემსწავლელი სკოლები და კლუბები.
ცნობილი ადამიანები
ოზურგეთში დაიბადნენ:
სიკო დოლიძე — რეჟისორი, სცენარისტი
ვიქტორ დოლიძე — ქართველი კომპოზიტორი
გრიგოლ ტყაბლაძე — ქართველი მსახიობი
გიორგი კეკელიძე — პოეტი
კონსტანტინე ლესელიძე — საბჭოთა სარდალი
მანუჩარ კვირკველია — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
ვახტანგ ბლაგიძე — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში