ინფო-Qუთაისის ფორუმის ექსკურსია სიღნაღშო
http://infokutaisi.com/forum/index.php?showtopic=1578&st=40ჩვენი მარშუტი ასეთი იყო
შუამთა, ალავერდი, იყალთო, თელავი, წინანდალი, სიღნაღი, ბოდბე, მცხეთა
დილით გავედით ქუთაისიდან 6:10 წუთზე

წავედით ახლად გახსნილი გომბორის გზიდან.
შუამთის მონასტერი
მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს ძველი და ახალი შუამთის მონასტრები. შუამთის ორივე კომპლექსი განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ძველი შუამთა წარმოადგენს ხუროთმოძღვრულ ანსამბლს თელავის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. ანსამბლში შედის V ს. ბაზილიკა,ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში, VII ს. გუმბათოვანი ეკლესია - მცხეთის ჯვრის ტიპის, თუმცა უფრო პატარა (შემდცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღე, გაზრდილია გუმათის ყელის მნიშვნელობა, ტრომპების კონსტრუქცია ნათალ არის გამოვლენილი), VII ს. მცირე გუმბატოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები. კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI ს-ში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის ამახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-74) მეყღლემ თინატინ გურიელის ასულმა დაარსა შუატის ახალი მონასტერი. აგურიტ ნაგები ეკლესია გეგმით ჯვროვან-გუმბათოვანია, შიგნით-მოხატული. შემონახულია ქტიტორების პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებბანი. აქ დასაფაებეულია XIX ს. გამჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ა. ჭავჭავაძე.
------------------
ალავერდი

XI საუკუნის პირველი ნახევარი
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, რომელშიც არსებობდა საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, რომელიც გამუდმებით მდიდრდებოდა გადაწერილი და შემოწირული ხელნაწერებით. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ: ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), მარიამ ბაგრატიონი და სხვ. XVII - XVIII სს -ში აქ დედათა მონასტერიც დაარსდა.
მონასტერი შემოზღუდულია XVII-XVIII სს-ის დაკბილული, სათოფურებიანი, მაღალი, სქელი გალავნით, რომელსაც რამდენიმე სქელი კოშკი ამაგრებს. მონასტრის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა დროს აგებული განსხვავებული დანიშნულების ნაგებობები: ეპისკოპოსის მოსასვენებელი, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვა ნაგებობანი. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს ცენტრალურ - გუმბათოვან ჯვრული სახის ნაგებობას სამი აფსიდით. გარედან სწორკუთხა, პროპორციული. გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს და აქვს 16 სარკმელი.
ტაძარი როგორც ჩანს მოხატული იყო, კედლების გაწმენდის შემდეგ, გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა, რომლებიც XI - XVII საუკუნეებით თარიღდება.
ტაძარი ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია. იგი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია.
ეპისკოპატის ჩრდილო - დასავლეთით ერთი ნაგებობაა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, შაჰ-აბასის წარმომადგენლის - ფეიქარ-ხანის სასახლე უნდა ყოფილიყო, რომელსაც დაკავებული ჰქონდა ალავერდი 1615 წელს.
ტაძარი ბევრჯერ დაზარალდა მომხვდურთაგან და მიწისძვრებისაგან. პირველი დიდი რესტავრაცია მას გაუკეთა ალექსანდრე კახთა მეფემ XV ს-ის 80 -იან წლებში, შემდეგ დედოფალმა თამარმა, ბოლოს კი ერეკლე II -მ.
XIX საუკუნეში რუსულმა საეკლესიო ხელშეკრულებამ ტაძრის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე სტოები მოუნგრია, შელესა და შეათეთრა კედლები და ტაძარში რუსული კანკელი აღმართა.
ალავერდშიყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული "ალავერდობა", ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება - დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც იწყება 14 სექტემბერს, გრძელდება 3 კვირას.
-------
იყალთოს მონასტერი

ქ. თელავის დასავლეთით, 7-8 კმ-ზე, მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი "მამათაგანის" - წმიდა ზენონის მიერ. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაარსდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა მრავალი სათავსოები.
იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. მთავარ, ღვთაების ეკლესიას აქვს ბერძნული ჯვრის ფორმა. იგი აშენებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია მისი დამაარსებელი ზენონი. ზემოთ აღნიშნული ეკლესიები მრავალჯერაა რესტავრირებული და ამჯერად მათი თავდაპირველი სახე ძლიერ შეცვლილია. იყალთოს აკადეიამ დიხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს განმანათლებლობის საქმეში. 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან თავის არსებობა შეწყვიტა.
თელავი


ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. კახეთის მხარის და თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.).
ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.
პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს (II ს.) “გეოგრაფიაში” "Teleda-ს" ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიატნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა.
თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 8 წლის განმავლობაში მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმად. მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. აქვს სხვადასხვა პერიოდები განყოფილებები.
სამუზეუმო კომპლექსში "ბატონის ციხის" სახელწოდებით შედის : "კახთ მეფეთა სასახლე" (აგებულია 1884-1886 წწ.), მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ XVIIIს-ის 50-იან წლებში დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი,აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები, აგრეთვე ყოფილი წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეისა და ადმინისტრაციული კორპუსები.

მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები. ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში დაცულია ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისათვის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი. მათ შორის XIX-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.
არქეოლოგიის,ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკის, ტექსტილის, ხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციების გარდა მუზეუმში არსებობს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც 5000 მეტ წიგნად ფონდს ითვლის, ფოტოფონდი (ალექსანდრე როინაშვილი, ვასილ როინაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, შარკანოვი, ბარკალაია, სოსნოვი, ტორი, სიმონოვი და სხვა ფოტოხელოვანთა) ქალაქ თელავის შესანიშნავი ხედებით, ყოფა-ცხოვრების ამსახველი 7000-ზე მეტი ფოტომასალით.
---------
წინანდალი -

სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3264 ადამიანი.
აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იოანე ბაგრატიონთან ერთად. იგი იყო ერეკლე II-ის ელჩი რუსეთში. მეფე ერეკლემ უბოძა მას მამული ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მიიღო ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა პოეტმა, საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786—1846) იგი პეტერბურგში სამეფო კარზე გაიზარდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი ს ნათლული. მუსიკოსი და ხელოვნების მოყვარული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ გადაწყვიტა 1835 წელს წინანდლის ახალი სახლისა და დეკორატიული პარკის მოწყობა. მას ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა, მეოთხე - სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ნიკოლაის.
წინანდლის ბაღი
1844 წელს, შამილის აჯანყების დროს, წინანდლის სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს ლეკებმა. ტყვედ წაიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა სანაცვლოდ მოითხოვა ჯემალ-ედინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი ბოლოს კი ეს თანხა 4000 შემცირდა. დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა. 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედმა არნოლდ რეგელმა გადაწყვიტა და პროექტიც შეადგინა. 1897 წელს სასახლეში გაიხსნა სკოლა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია.
უხვადაა იაპონური ზღმარტლი, ტკბილი ჰოვენია, იაპონური კომში, ხურმა, ზეთის ხილი, ქაღალდის ხე, ახალი ზელანდიის ხილი, შინდი, წაბლი, წიწვოვანი ხეები, კორპის მუხა, ქაფურის ხე, დაფნა, ცხენის წაბლი, ხეშავი, ხეჭრელი, წყავი და ა. შ.
------------
სიღნაღი (ღნაღი)

ქალაქი სიღნაღი გადაჭიმულია ცივგომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ, ლამაზ გორაზე. იგი ზღვის დონიდან 750 მეტრ სიმაღლეზეა. ქალაქის ტერიტორია 582 ჰა. ჩრდილო-დასავლეთით მას ესაზღვრება მაშნაარი და ვაქირი, აღმოსავლეთით - საქობო, სამხრეთით - ნუკრიანი, დასავლეთით - მთა გურგვალ სერის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობები. თბილისიდან ქალაქი დაშორებულია 113 კმ-ით. მას მრავალი ხევებითა და ღელეებით კლდოვანი ხასიათი ეძლევა, რაც კარგ პირობას ქმნიდა მოსახლეობისთვის, რომ მტრის შემოსევისას თავი შეეფარებინათ, თვით სიტყვა სიღნაღი ,,თავშესაფარს,” ,,სანგარს ” ნიშნავს.

ადრე არსებული პატარა დასახლებული პუნქტი, რომელსაც გააჩნდა ასევე პატარა ციხე-გალავანი, 1770 წელს მეფე ერეკლე მეორემ ქალაქთა სიაში შეიტანა. ამავე პერიოდში გაჩნდა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის 40 ჰა ფართობის მქონე ციხე-გალავანი, რომლესაც მთელი ქიზიყის მოსახლეობის დატევა შეეძლო. ციხე-გალავანს ჰქონდა 23 კოშკი, 8 კარი, იგი უწყვეტი იყო და ერთ-ერთი უდიდესი საქართველოს ისტორიულ ნაგებობებში. დღეისათვის იგი თითქმის პირვანდელი სახითაა აღდგენილი. აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ძველი მეომრების მსგავსად ავიდეს ორიარუსიან კედელზე და სათოფურებიდან გახედოს დიდებულ ალაზნის ველს.
მე-19 საუკუნისთვის სიღნაღის მაზრა ცნობილი იყო თავისი განვითარებული ეკონომიკით. იგი წარმოადგენდა ხელოსნობის, ვაჭრობისა და კულტურის უმსხვილეს ცენტრს მთელს აღმოსავლეთ საქართველოში. ქალაქში ამქრული ხელოსნობის 20 სხვადასხვა დარგს მისდევდნენ. ქალაქის მთავარ მოედანზე განლაგებული იყო 131 დუქანი და სავაჭრო ფარდული.
სიღნაღი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც 1872წ. 19 აგვისტოს გაიმართა პირველი ოფიციალური თეატრალური წარმოდგენა. სიღნაღის სცენაზე გამოდიოდნენ ცნობილი მსახიობები : სანდრო ახმეტელი, ლადო მესხიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე და სხვა...’
სიღნაღი იყო რიგით მე-5 ქალაქი, სადაც ქართულ ენაზე გამოვიდა პირველი ნაბეჭდი გაზეთი (1912წ.,,ხმა კახეთისა”)
სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია თავისი მდებარეობით, არქიტექტურით, სიღნაღელობით...აქ ყველაფერი არაჩვეულებრივია : ციხე-გალავანი, ძველი ეკლესიის ზარები, ლამაზი სახლები, უაღრესად ეროვნული, მოჩუქურთმებული აივნები, ქართული აგურით ნაშენი სართულები, მარნები და სარდაფები. ყოველ მათგანს თავისი ისტორია, თავისი საიდუმლო და განსაკუთრებულობა გააჩნია.
საინტერესოა ხირსის წმ.სტეფანეს მონასტერი, რომელიც მე-6 საუკუნეში ცამეტთაგან ერთ-ერთმა, მამა სტეფანემ, დააარსა. დღეისათვის იგი მოქმედი მამათა მონასტერია, სადაც შემორჩენილია უძველესი ფრესკები.
სიღნაღის მახლობლად მდებარეობს ქართველთა სავანე, ბოდბის წმ.ნინოს მონასტერი, რომელიც მე-4 საუკუნეშია საფუძველჩაყრილი.
სიღნაღი მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ქალაქში არის 4 ეკლესია. სტუმარს შეუძლია ეწვიოს და დაათვალიეროს ევროპული სტანდარტების დონეზე მოწყობილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუნიციპალიტეტში არსებობს რაიონის გამოჩენილ ადამიანთა სახლ-მუზეუმებიც.
2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრაძანებულების თანახმად, ქ.სიღნაღში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულია ქალაქის ძველი უბნები, განახლებულია ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა დარგი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2007 წლის 09 თებერვალს დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი 2008 წლის 02 ივნისს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში რესტავრირებულია დაახლოებით 200 ობიექტი, დაიგო ქვაფენილები, განახლდა ქუჩები, მოწესრიგდა წყლისა და ელექტროგაყვანილობის ქსელები. შენობები გადაიხურა კერამიკული ფილებით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საცხოვრებელ სახლებს, გაკეთდა ახალი ხის აივნები, გაიხსნა კვების ობიექტები, კერძო სასტუმროები, წამყვანი ბანკების ფილიალები. ახალ შენობაში განთავსდა როგორც ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.
სიღნაღი მსოფლიო ინტერესების სფეროში მოექცა. იგი ტურისტულ ცენტრად იქცა. ტურისტული სეზონი სიღნაღში აპრილში იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.
ქალაქის ყველაზე საინტერესო ნაწილია რესტავრირებული ისტორიული უბნები (ნ.ბარათაშვილის, ცოტნე დადიანის, მერაბ კოსტავას, თამარ მეფის, რუსთაველის, 9 აპრილის, დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასალის ქუჩები ). ისტორიული შენობა-ნაგებობები თავისებური არქიტექტურული სტილით გამოირჩევა.
ქალაქმა თითქმის უცვლელად შემოინახა პირვანდელი იერი. სიღნაღი თავისი ბუნებრივი სილამაზით ოდითგან იწვევდა მნახველთა ინტერესს. დღეს იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესია ქალაქია. სიღნაღი ყოველდღიურად მრავალ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ საღამოობით ქალაქის ქუჩებში ეტლით ისეირნონ, ასევე მინი ავტობუსებით, გიდის თანხლებით, დაათვალიერონ ღირშესანიშნავი ადგილები.
,,სიყვარულის ქალაქში” ნებისმიერ წყვილს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შესაძლებლობა აქვს ეწვიოს ქორწინების სახლს და თავისი ქორწინება რეგისტრაციაში გაატაროს.
პირველი დღის დასასრული
--------
ბოდბის მონასტერი,

წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე.
გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე (სხვა მოსაზრებით ( ს. კაკაბაძე, ბ. მჭედლიშვილი, ზ. კიკნაძე, თ. მირზაშვილი) წმინდა ნინო უნდა გარდაცვლილიყო დღევანდელ სოფ. ნინოწმინდაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. იხ. ბოდი). ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერში მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები.
1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.
------
ბოდბის მერე წამოვედით მცხეთაში გაბრიელ ბერის საფლავზე სამწუხაროდ მე სურათები არ გადამიღია დაღლილი ვიყავი მაგარი

)
და ჩამოვედით მშვიდობით ქუთაისში
აქვე უცებ ლოგინში ვდურთე თავი