გულშემატკივრების მხარდაჭერა გამარჯვების წინაპირობად უნდა იქცეს
შაბათს რაგბის გულშემატკივართა ყურადღება ქუთაისისკენ იქნება მიმართული, სადაც, რეგულარული ჩემპიონატის პირველ–მეორე ადგილოსნები ,,აია“ და ,,არმია“ ერთმანეთს ,,მცირე ფინალში“ დაუპირისპირდებიან. ქუთათურებს დიდი ხანია ტიტული არ მოუპოვებიათ და წლეულს წარმატების კარგი შანსი აქვთ. გულშემატკივრები შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან და უნდა ვივარაუდოთ, რომ ქუთაისის ,,დინამოს“ სტადიონზე სრული ანშლაგი იქნება. ,,აიასა“ და ,,არმიას“ პრინციპული დაპირისპირების თაობაზე ქუთაისური გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელს კობა გიორგაძეს ვესაუბრეთ.
–როგორ ემზადებით ,,არმიასთან“ მატჩისთვის?–ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ,,არმიასთან” საბრძოლველად განსაკუთრებულად ვემზადებით. 1997 წლის შემდეგ ,,აია“ ნახევარფინალში არ ყოფილა. წლეულს ეს შევძელით და უფრო მეტის მიღწევაც გვინდა. ვეცდებით, დიდი ფინალის საგზური შაბათსვე მოვიპოვოთ.
–გუნდში როგორი მდგომარეობაა, დანაკლისი ხომ არ გაქვთ?–შესაძლოა ირაკლი ჩხიკვაძე გამოგვაკლდეს, რომელსაც კუნთი აქვს დაჭიმული, სხვა ყველა მწყობრშია და მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
–გასულ შაბათს ,,არმიასთან“ ჩემპიონატის ბოლო ტურში დამარცხდით, ალბათ, იმ მატჩში ორივე გუდმა ერთმანეთს ძლიერი მხარეები დაუმალეთ...–ვერ ვიტყვი, რომ იმ მატჩში მეტოქემ რაიმე დაგვიმალა. არმიელებმა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს. ისინი რიცხობრივად ჩვენზე მეტი არიან და როტაციის საშუალება აქვთ. ,,აიას“ მათთან შედარებით პატარა სათადარიგოთა სკამი აქვს. ჩვენ მთელ სეზონს 28 მორაგბით ვატარებთ და პრინციპული მატჩის წინ წამყვან მორაგბეებს დასვენების საშუალება მივეცით.
–ალბათ, მეტოქე კარგად გყავთ შესწავლილი. მის დადებით და უარყოფით მხარეებზე რას იტყვით?–სამწუხაროდ, რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლიაცია არ ხდება, ამიტომ ვიდეოფირების მოპოვება ძალიან რთულია. მეტოქის თამაში შეძლებისდაგვარად შესწავლილი გვაქვს. ,,არმიას“ რამდენიმე თამაშს დავაკვირდით და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად ვიცით. ყველანაირად ვეცდებით მათი მინუსების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას. კონკრეტულად რას შევთავაზებთ მეტოქეს, ამაზე წინასწარ თქმა არ შემიძლია. ყველაფერს თამაში დაგვანახებს.
–როგორც იქნა ,,აიას“ ქუთაისში თამაშის საშუალება მიეცა. ,,ყოჩებთან“ მატჩში ,,დინამოს“ სტადიონი ბოლომდე იყო გავსებული. ალბათ, მომავალ შეხვედრაშიც ,,აიას“ ერთ–ერთი მთავარი პლუსი გულშემატკივართა მხარდაჭერაც იქნება...–ძალიან კარგია, რომ ასეთ გადამწყვეტ თამაშს ქუთაისში ვატარებთ. გულშემატკივართა მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა გამარჯვების ერთ–ერთი წინაპირობაც გახდეს. ქუთაისში ამ მატჩს მოუთმენლად ელიან, ,,არმიასაც“ ეყოლება თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და დარწმუნებული ვარ ორივე ტრიბუნა ბოლომდე შეივსება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქომაგი შინ გახარებული გავისტუმროთ.
+__________________________________________________+
დარწმუნებული ვარ სტადიონი შეივსება და ფინალში გავალთ !
იმედია მოვიგებთ !
http://www.aia-rugby.ge/index.php?id=336&lang=geo#up