ოთარ მამფორიას ლექსები

მომეწონა
ეს ქუთაისზე ...
მიწა ხარ თუ ვეფხვის ტყავი, ბრწყინავ ათასფერებად
ზეცა ორბის ფრთანაკრავი მაღლიდან გეფერება,
ჩაგხვევია სათაფლია დაცვარული გედივით,
მკერდზე მტრედად დაგფრენია ხვამლის თეთრი მერდინი.
მთებს მოჟონავს უწმინდესი პოეზიის მირონი,
საკოცნელად გეპარება სუნთქვა გალაკტიონის,
გელათიდან ვარსკვლავები თავზე ელვად გეღვრება,
ჩანს ბაგრატის ნანგრევები უკვდავ გმირთა ძეგლებად.
ქუთაისო ხელგაშლილო მასპინძელო მარადა,
საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადავ !
ქუთაისო, ნატვრის თვალო, ეს მზე მარად გფარავდეს,
ვინც სიბერე გაგიხაროს, შენებრ გაჭაღარავდეს.
****
ყინვა
ააკანკალებს ყინვა ნაგაზებს,
ბეღურა ცრემლებს ხეს დააპკურებს.
აბა, ამაღამ გარეთ რა გაძლებს
ირგვლივ ატეხილ ყინვის კაკუნზე.
მცივანა ქარი ღრუბლის ნაფაზებს
მიაბოლებს და ფიფქებს დაჰყურებს,
და შეთეთრებულ მიწის დაფაზე
ჩამოვარდება მთვარის საყურე.
****
ნიბლია

თოვს და ქუჩაში გავედი,
ნიბლია ვნახე გარეთ,
მისი ლამაზი თვალები
მაგონებს მე შენს თვალებს.
ქარში ფიფქები მიქრიან,
შენ კი თვალებით ბრწყინავ,
შინ შევიყვანე ნიბლია,
გაუთოშია ყინვას.
მე შენზე ფიქრმა დამთოვა,
სად ხარ სუსხიან ღამეს,
ნიბლია სახლში დავტოვე,
მე გამოვვარდი გარეთ.
დაგეძებ, სად არ დაგეძებ,
შენ მენატრები როგორ,
ნიბლიასავით თოვაში,
არ გამეყინო, გოგო!