MTV-ზე ბათუმში დაგეგმილი კონცერტის აქტიური პრომოუშენი მიმდინარეობსმიმდინარე წლის 2 აგვისტოს, საქართველოს მთავრობისა და Viacom International Media Networks (VIMN) თანამშრომლობის შედეგად, პირველად საქართველოში, გაიმართება MTV Live , რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" MTV Live Georgia-ს წარმომადგენლობიდან აცნობეს, საქართველოში თავისი პირველი მოგზაურობის დროს იგლესიასი ქართველი ახალგაზრდა მუსიკის ფანების გულების დაპყრობას შეეცდება. მათი ინფორმაციითვე, მრავალგზის დაჯილდოებული კომპოზიტორი და შემსრულებელი თავისი ტურის "ეიფორიის" ("Euphoria") ფარგლებში, რომელიც უკვე ცნობილია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში, მაყურებლის წინაშე ბათუმში, ევროპის მოედანზე წარსდგება.
MTV Live Georgia-ზე მსმენელის წინაშე აგრეთვე წარსდგებიან პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი "ელდრინი". MTV Live Georgia-ს ყველაზე დასამახსოვრებელ ნაწილს MTV World Stage-ის მეშვეობით 152 ქვეყანაში 600 მლნ-მდე ადამიანი იხილავს. ასევე, წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ ენრიკე იგლესიასი მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც შეძლებს იხილოს საქართველოს უმშვენიერესი სანაპირო და ქართველ მსმენელს აჩუქოს დაუვიწყარი საღამო.
ალექს ოკოსი, VIMN ვიცე-პრეზიდენტი კი მოხარულია მათი და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რაც კიდევ უფრო პოპულარულს გახდის MTV Live-ს და MTV World-ს.
MTV Live Georgia-ზე დასწრება უფასო იქნება და ის საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.
ვიდეოს ლინკი :
http://www.palitratv.ge/garthoba/shoubizne...mdinareobs.html