ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს ორი ბილეთის აღებას აიძულებენთუ ზღვისპირეთში ისვენებთ და თანაც ყოველდღიურად ავტობუსით მგზავრობთ, ბევრი თავგადასავალი გელოდებათ.
თუკი ტრანსპორტის გაჩერებაზე დგეხართ და სასურველმა ტრანსპორტმა ჩაგიქროლათ ისე, რომ არ გააჩერა, ნერვიულობა არ ღირს. ავტობუსი ისევ მოვა და ისევ ჩაგიქროლებთ. ალბათ გაოცდებით და იკითხავთ რა ხდებაო? ძნელი მისახვედრი არ არის - ბათუმში ავტობუსების გაჩერება არ არსებობს და შეგიძლიათ ნებისმიერი ავტობუსი ტაქსივით ხელის დაქნევით გააჩეროთ.
მთავარი მაინც ავტობუსში ასვლის შემდეგ გელოდებათ, მძღოლი მგზავრებს ერთი 40 თეთრიანი ბილეთის ნაცვლად, ორი ბილეთის აღებას აიძულებს. სამაგიეროდ ორჯერ იმგზავრებთ და ბიუჯეტში გარანტირებული თანხა შევა.
ავტობუსში ბილეთების სალარო მხოლოდ ბილეთების დასამოწმებლად დაუმონტაჟებიათ, ბილეთები კი თავად მძღოლთან ინახება.
ჯემალ ცინცაძე - მძღოლი: "მე რა ვქნა ბიძია, მითხრეს, ორი ბილეთი გაყიდეო და მეც ვყიდი, თუ არ შეიძენთ, მე დამაჯარიმებენ, სამსახურს დავკარგავ. მერედა თქვენი გულისთვის მე სამსახური რეიზა დავკარგო? თუ ჩემი არ გჯერა, დარეკეთ "ცხელ ხაზზე".
მგზავრი - ნანა დევაძე: მხოლოდ ერთი ბილეთის ფული მაქვს და მძღოლი მაიძულებს ავტობუსიდან ჩავიდე, ეს რას ნიშნავს? "ცხელ ხაზზე" ვრეკავ, არავინ მპასუხობს. ცხელი ქვა თქვენს თავს.
მძღოლი: ქალბატონო, ან ბილეთი აიღეთ, ან ჩადით ავტობუსიდან.
მგზავრი: მძარცველები ხართ და სხვა არაფერი.
მძღოლი: მე რას მერჩით ქალბატონო, ასე მიბრძანეს ორი ბილეთი გაყიდეო.
მეორე მგზავრი: რატომ სალაროში არ არის ბილეთები, თქვენ მძღოლი ხართ თუ გამყიდველი?
მძღოლი: ავტობუსს გავაჩერებ და ჩადით, მერე სადაც გინდათ იქ გაარკვიეთ, ვინ ვარ.
მესამე მგზავრი: ბილეთებს დამოწმება რად უნდა? ეს ბილეთი ხომ ნამდვილად ამ ავტობუსის არის? - კითხულობს გაოცებული....
ამასობაში დაბნეულ მგზავრებს სულ ავიწყდებათ გაჩერება, წივილ-კივილს ტეხენ, აყალ-მაყალით ჩადიან ავტობუსიდან და ერთ-ორ ქოქოლას კიდევ აწევენ დაძრულ ავტობუსს, შენ არ მიდი დანიშნულების ადგილზეო.
ორბილეთიანობის საკითხის გარკვევას ამაოდ შევეცადეთ, ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის "ცხელი ხაზი" მართლაც მუდმივად დაკავებულია.
ეთერ ბალაძე
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/39220-bat...l#ixzz1Sw0ErhId