სახელწოდება
რუსთავის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ად სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, ქართლის ცხოვრება[8], მოქცევაჲ ქართლისაჲ[9] და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდა კუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად.
IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ.
სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს. ეს სიტყვა შეიძლება ორნაირად განვმარტოთ:
სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეს არის (სავარაუდოდ) არაბული სიტყვა და სამხრეთს ნიშნავს. რუსთავი თბილისის სამხრეთით მდებარეობდა და შესაძლოა სწორედ ამიტომ დაერქვა ქალაქს ნაგები;
ნაგები შეიძლება ნიშნავდეს ძველად აგებულს, აშენებულს.
რუსთავი XII—XIII საუკუნეებში
XII—XIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქალაქში ყვაოდა ხელოსნობის ისეთი დარგები როგორიცაა კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. რუსთავი იმავ დროს ჩართული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო გზების ქსელში.
XIII საუკუნეში, ქათლში, მონღოლთა შემოსევები საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავითვის. 1265 წლის ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად, აღდგომა დღეს[10] რუსთავმა არსებობა შეწყვიტა.
რუსთავის ციხე მთავარი სტატია : რუსთავის ციხე.
რუსთავის ციხე
რუსთავის განადგურების შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევები გადარჩა. ციხე იყო თბილისის ირგვლივ აგებულ ციხეთა ერთ-ერთი რგოლი. თავისი არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. თავდაპირველად (V—VIII სს.) ზღუდეს ჰქონია ოთხკუთხა კოშკები, მეორეს, ე. წ. შიდა ზღუდეს, ნახევარწრიული კოშკები. შემდგომ ეს ორივე ზღუდე ერთ ზღუდედ გაუერთიანებიათ (IX—XI სს.). მესამე, ე. წ. გარე ზღუდეს გვირაბიანი კარიბჭე ჰქონია (XII—XIII სს.). ციხის აღმოსავლეთით ერთდოულად ორი ზღუდე ყოფილა. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები.
რუსთავის ციხის ნამდვილი სახელი
გასულ საუკუნეში რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არაქართული მოსახლეობა ცხოვროდა, რომელიც ციხეს რიშ-ყალას ეძახდა. რუსთავს რიშად მოხსენიებს ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანიც. რიშა ქართული რუსთავის დამახინჯებული ვარიანტია.
XX საუკუნის 20-იან წლებში ციხეს კიდევ ერთი ისტორიულად გაუმართლებელი სახელი დაუმკვიდრდა — არიშის ციხე. ეს სახელი მომდინარეობს პავლე ინგოროყვას გამოკვლევიდან — რუსთაველიანა, რომელშიც მან რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულების — არიშიანების საგვარეულო ციხედ მიიჩნია და მას არიშის ციხე უწოდა. ეს მოსაზრება თავიდანვე უარყვეს იმდროინდელმა ისტრიკოსებმა. რუსთავი ყოველთვის კახეთ-კუხეთის განუყოფელი ნაწილი იყო და არასოდეს შედიოდა ჰერეთის შემადგენლობაში. ყველა ისტორიულ წყაროში ციხე მოხსენიებულია, როგორც რუსთავის ციხე-ქალაქი, ან რუსთავის ციხე.
რუსთაველთა საგვარეულო
VIII საუკუნის ბოლოს საქართველოში არსებობდა რუვისთაველთა ანუ რუსთაველთა ფეოდალური საგვარეულო. ისინი ფლობდნენ კუხეთსა და რუსთავს და ამიტომაც იწოდებოდნენ რუსთაველებად. აკადემიკოსმა ზ. ალექსიზემ გამოთქვა მოსაზრება, რომ XII—XIII საუკუნეების პოეტი შოთა რუსთაველი, შესაძლოა, ამ საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
This post has been edited by V/RUS on 5 Nov 2013, 13:54
მიმაგრებული სურათი