გიღალატე და გაგწირე, გულით ძნელამოსაღებო,
ობლებ ვართ უერცხვისოდა, ვაის მემრ დასაძახებო,
მე ბარი მედედინაცვლა, მე – შენ, შენ – მე განაღვლებო
შენი მლოცველი მეკვლე ვარ, კარს კრძალვით შემოვაღებო
ყრმობას ფეხშიშვლის ნათელო, სამშობლოს იალაღებო,
რად მხვდებით მოქუფრულები, გეუცხოვებით, ლაღებო?
კბოდეებო და კორდებო, ნაკადულ-ნაქამანდრებო,
წარმტაცო სიმაღლეებო – საჯიხვეთ თავ-გუმბათებო
აკვნიდან წრიაპებამდე თვალშადგმით დასანახებო.
ცის ბოძო, კიდეგანაო, ღმერთების ნაქანდაკებო,
იერზვიადო, მეხების სპირალით ნასვირანგებო.
სინდიურავ და საფარევ, ლურჯი ლაჟვარდის ჭაღებო
ტანმთელო მიცუს ციხეო, ზისვრის დუღაბით ნაგებო,
მსოფლიოს ციხეთ ლიდერო, მომხვდურთგან ვერანაღებო,
შუღლწაუგებო შატილო, ბეგენგორივით საქებო,
ქალუნდაურის ნამუსო, ძაღლიკას ნაჯანსაღებო,
ბნელო ღამევ, ბაბურაულის დაშნაით ნაჩახჩახებო
შენ, ჩემო თემის კარიბჭევ, ცქიოტო ქავის თაღებო
დავლათიანი გაგაის უტყუვრად ნაგუშაგებო
ქარჩათ ბუბაის დალალო, ჩაჩქანში ნატუსაღებო
ტკივნებავ – სულის წამღებო, კივლებავ – გულის ამკლებო
ნიას “კალდიმის" წივლებავ – ლაშქრისად ოცის მამკდები
მახვილ-ხმალ-მაჯა-მარჯვენო, ურჯულოს ყანად მამკლებო!
მელოდი, სულის სამყოფოვ, მართლადამც დამელოდები
მამღერე შენი სიმაღლე, ხომ მაინც ლექსით მგონდები
მათქმიე, რომ ძველს გაუსწრებ, არამც თუ გაუსწორდები,
მისაღონე და გამხარჯე, მომანანიე ცოდვები,
მოვედ და განაწილების შემდეგ ნელ-ნელა ვგროვდები,
გუნებაგამოცვლილები პირქუშად დგანან გორ-მთები,
ჭერმოხდილ ჭერხოთ ყორეებს ბუ დაჰქვითინებს მგონდები
მოშლილა სათოფურები, მრავალგზის განაფოთები,
აქით სიკვდილის პირითა იფურთხებოდნენ თოფები...
ისმოდა ხეიბარ პაპის ჟრუანტლიანი ლოცვები.
სატკენი შედარებაა, საწყენი, გასაოცები -
მაწმიდართ სამამაცოსა დაუბამთ ფერმის ძროხები,
რიოშით შეძრწუნებული ამხდარა ანგელოზები,
გადაფარულა შამბითა პატრონცოცხალი ქოხები,
ღამისმთეველთა მაღალბან არ წკრიალებენ დროშები
ყელს შესდნობიათ სამოსი – ქალწულთა ხელსახოცები
მეც ბრალიანთა რიცხვის ვარ, ვუმზერ და სულით ვღონდები
ვითამ რა საზღაურია, მიუწვდომ გავსაგონდები,
ქვეყნად ჰყავდა კი? ან რაად აუხდა ავთ ნალოცები.
მტრისგან ძლეულს და დაბრეულს ღგავ ნასოფლარი სოფლები
მთიელი უმთოდ – უმშობლო, მთა – უშვილებო მშობლები,
ასე ვართ, მთაო, მე და შენ უერთმანეთოდ ობლები.