ფორცხოლიგამოიდარა უკვე
ჭაობი იქ არაა და ხვალ იქნება დარი და სიკეთე უკვე
Dato-Tolordavaცოტა წაიკითხე, ჯიმა!
და ისტორიული საძღვარი არის რიონი
ნუ ბოდვითი დიდი კოლხეთის გარეშე ცხადია...
და მალე დაინახავთ კიდეც მაგ საზღვარზე
XII
მარიამობისთვის წვიმიანი დილა იყო. სამეგრელოში ხალხს ერთი ფაციფუცი და მზადება ჰქონდა; ყველა სოფლებში გაისმოდა ხმა: მივშვათ! მივშვათ! გურიაში ბუნტი რეო. დათოფიარაღებული კაცები იყრიდენ თავს თავადი გიორგი დადიანის სასახლეში. იმათ ლაპარაკიდან მიხვდებოდით, რომ ისინი მიდიოდენ გურიაში თავის მთავრის დადიანის ბრძანებით აჯანყებული გურული გლეხკაცობის მიერ შეჭირვებული გურიის თავად-აზნაურების საშველად. ზოგიერთი ცეტი ყმაწვილი კაცები აღტაცებაში იყვნენ იმის ფიქრით, რომ წავალთ გურიაში, ამოვბუგავთ იქაურობას და ნადავლ-ნაშოვნით დამდიდრდებულნი დავბრუნდებით სამშობლოშიო. მიუძღოდა თუ არა გურიის გლეხკაცობას საამისო დანაშაული მათდამი, ამას სრულიადაც არ დაგიდევდენ გამოუცდელი, ომში დასწრების მწყურვალე ყმაწვილები, იმათთვის საკმარისი იყო ისიც, რომ უბრძანა მათმა ბატონმა დადიანმა: წავიდეთ და ავიკლოთო. მართალია, იმათში ერია რამდენიმე ისეთი კაციც, რომლებიც თავის გულთან ლაპარაკობდენ: “რას ვერჩით გურულ გლეხებს? რა დაუშავებიათ ჩვენთვის, რომ მათი სისხლი გვწყუროდეს? ამისთანა ცოცხალი უსამართლობა და უღვთოობა სხვა რაღა იქნება, რომ გაჭირვებული გლეხები თავის სამშობლოში თავისავე ბატონებს უკმაყოფილებას უცხადებენ და ჩვენ აქედან წავიდეთ და მათი ოჯახი ავიკლოთ! არა, მე რომ დამიჯერებდენ, ძალიან უარს ვეტყოდი ბატონ დადიანს გურიაში საომრათ წასვლაზედ, მით უმეტეს, რომ შესაძლებელია, გურულები, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ისე ადვილი ასაკლები არ იყვენ და ბევრს ჩვენგანს სიცოცხლეც დაგვატოვებიონ”. მაგრამ ამ ფიქრის პატრონები ჯერე რომ ვერ ახერხებდენ ეს თავიანთი ფიქრი სხვებისთვის გაეზიარებიათ და მერე ისე ცოტანი იყვენ, რომ იმათი აზრი და პროტესტი ისე ჩაინთქებოდა მათი მრავალრიცხოვანი ამხანაგების წადილში, როგორც პატარა კენჭი ზღვის სიღრმეში. რას გააწყობდენ ათი, გინდა ასი კაცის აზრი და უარი იმ რამდენსამე ათას კაცთან, რომლებიც მოუთმენლად ჰყვიროდენ: “მივშვათ, მივშვათ! მალასო”. წარმოიდგინეთ, ამ უკანასკნელებში იყვენ ბევრი ისეთებიც, რომლებმაც სრულიადაც არ იცოდენ, თუ რა საქმისთვის გაჰყავდა ისინი მათს ბატონს, დადიანს! ისინი მიჰყვებოდენ სხვებს ისე, როგორც ინდოურები ან ცხვრები გაჰყვებიან ერთს მათგან – წინას, თუნდაც ეს წინა პირდაპირ ტურასთან, გინდა მგელთან, მიდიოდეს.
როცა ხალხი საკმაოდ დაუგროვდა, თავადმა გიორგი დადიანმა იკითხა რამდენი კაციაო და, რა გაიგო თორმეტი ათასიაო, გამოუცხადა მათ, რომ გურიაში არეულობა მომხდარა, ჩვენ მივდივართ იქ ჩვენი მთავრის ბრძანებით, რომ გამოვესარჩლოთ მთავრობას და თავადაზნაურობას და დავამორჩილებიოთ აჯანყებული გურიის გლეხკაცობა; ვინც თქვენში ვაჟკაცობას გამოიჩენს, მთავარი სულ ყველას დაგაჯილდოვებს, იმათ კი, რომლებიც ერთგულად არ იომებენ, დასჯისო. ამ გამოცხადების შემდეგ თავადი დადიანი შებრძანდა ცხენზე და გამოუძღვა თავის ხალხს გურიისკენ. მას მხარდამხარ მოჰყვებოდა რამდენიმე სამეგრელოს წარჩინებული თავად-აზნაური, რომლებშიაც ოფიცერი ოტია ჯაიანი ისე მხიარულად და კოხტად იჯდა ცხენზე, თითქო სადმე დღეობა უნდა იყვეს და ეს კაცი ქეიფ-მეჯლისში მიპატიჟებული მიდიოდესო.
– ოტია, რა იცი, რომ მაინცადამაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, რომ ეგრე მიგიხარია? ხომ იცით, ფხიკიანი გურულების ამბავი, ადვილათ მტერს არ დამორჩილდებიან, უთხრა ჯაიანს ერთმა თავადმა, როცა დაინახა რომ ჯაიანი ბავშვივით მხიარული იყო და გზადაგზა ცხენს ათამაშებდა.
– ის მე მკითხე! პრაწია გურულებს ისეთ საქმეს დავაყენებ, რომ ცხრა წელს მათ ქვეყანაში არც მამალმა დაიყივლოს და არც ძაღლმა დაიყეფოს, – უთხრა მხიარულმა ჯაიანმა ცეტის კილოთი და განაგრძო გზა ცხენის თამაშით.
XIII
გურიის დასავლეთს, იქ, სადაც მდინარე სუფსა ერთვის შავს ზღვას, ძევს ერთი მოზრდილი ვაკე ადგილი, რომელსაც ეწოდება გრიგოლეთი. ამ ადგილის ახლო მცხოვრებს გურულებს რომ ჰკითხოთ ამ სახელწოდების შესახებ, შეუყოყმანებლად გიპასუხებენ: “დედაავ! აქანაი წმინდა გრიგოლმა სადილი მიირთვა თურმე და იმიზა ქვია გრიგოლეთიო”. ჩვენ საჭიროდ არა ვპოვებთ, რომ გამოვუდგეთ ახსნას, მართალია ეგ გადმოცემა თუ არა. ვიტყვით მხოლოდ მას, რომ ეს ადგილი – გრიგოლეთი დღეს ძლიერ ნოყიერი სახნავ-სათესი მიწებიდან შესდგება და კარგი სიმინდის მოსავალი იცის. ტყეები ამ ადგილზე მხოლოდ ცოტაოდენი აქა-იქ დარჩენილა, ისე როგორც გაბელატების შემდეგ ადამიანის თავზე დარჩება თმა აგერ-აგერ, თითო ღეროებით. მაგრამ ამ ოცდაათის თუ ორმოცი წლის წინეთ კი გრიგოლეთი ისეთი ტევრით – გაუვალი, ბნელი ტყით – იყო დაბურვილი, რომ გზის გადაღმა-გადმოღმა, გარდა ქებული მონადირისა, ცხვირის შეყოფასაც ვერავინ გაბედავდა; იქ, სადაც ეხლა ხსენებულ ადგილში გურული მუშა სთესს სიმინდსა და ღომს და სძოვს შინაური საქონელი, წინეთ საყვირისამებრ გაისმოდა ამპარტავანი ირმის ღმუილი, ილესავდა კბილებს შეუპოვარი ველური ტახი, თავისუფლად და უშიშრად დახტოდენ შვლები და სხვა ნადირები. ამ ნადირით სავსე ტყეში უხსოვარის დროდან არსებობდა გზა, რომლის ერთი თავი მიდიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და განუწყვეტლად ბოლოდან თავამდე გაივლიდა, როგორც დღესაც, გურიის მაზრას, მეორე თავი კი გაივლიდა ქ. ფოთს და უერთდებოდა სამეგრელოს გზებს სუფსის მარჯვენა ნაპირზე შავი ზღვის სიახლოვეს. ამ გზას გადასჭრიდა ერთი პატარა მდინარე, რომელსაც გურულები უწოდებენ შავ წყალს. ამ მდინარის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ამ უკანასკნელ დრომდე კიდევ იდგა ერთი ოთხკუთხედი შენობა, რომელსაც გურიის ხალხი ჯიხურს ეძახდა. ეს შენობა იყო გაკეთებული მუხის ფიცრებისაგან, რომლებსაც მეოთხედ ალაბზე მეტი სისქე ჰქონდათ. გარდა ერთი ვიწრო კარისა, ამ ჯიხურს არც ფანჯარა გააჩნდა და არცა რა, მხოლოდ ეს კია, რომ იმისი კედლები აქა-იქ ალმაცრივ იყო დაბურღული თოფის პირის ოდენათ. ნამდვილით არავის ახსოვდა ის, როდის და რა მიზნით დაეარსებიათ ეს ჯიხური, მაგრამ ის თქმულება კი იყო გურიაში, რომ ხსენებული ჯიხური დააარსა გურიის მთავარმა გურიელმა იმ მიზნით, რომ აქ დაუყენებია დარაჯები, რომელთაც უნდა ეღოთ ბაჟი ჭანების (ლაზების) და სხვა გარეშე პირებისაგან, რომლებიც შემოდიოდენ გურიაში სავაჭროდ. ეს თქმულება სიმართლე უნდა ყოფილიყო, რადგანაც ხსენებულ ჯიხურს თავისი უკანასკნელი არსებობის ჟამსაც ესევე დანიშნულება ჰქონდა, ესე იგი ჯიხურში მუდამ იდგენ ცხრა თუ ათ კაცამდე ბატონიშვილების შინაყმები – მეჯიხურეთ, რომლებსაც გაყავდათ ნავით შავს წყალზე მგზავრები და ახდევინებდენ ბაჟს. მეჯიხურენი აგრეთვე ახდევინებდენ ბაჟს სიმინდზე, ხის მასალაზე და სხვებზე, რომლებიც იმ დროს გაჰქონდათ გურიიდან მდინარე სუფსით.
სადილობის დრო იყო. როსტომა მეჯიხურე, რომელიც ერთი უსაიმედოესი პირთაგანი იყო აჯანყებულთა შორის, ქ. ოზურგეთიდან ახალ დაბრუნებული იჯდა ჯიხურში, თან თავის ამხანაგებს უამბობდა, თუ როგორ დახოცეს აჯანყებულებმა რუსის სალათები და თან საჭმელსა ჭამდა. რადგანაც ძლიერ მომშეული იყო, როსტომას ლაზათიანად გადაჰქონდა მუცელში შემწვარი თევზი და ყვითელი მჭადი, რომლებსაც ხშირ-ხშირად დაატანდა თითო კათხა თეთრ ჩხავრის ღვინოს.
– აბა, თუ ასე კარგა წევადა ჩვენი საქმე, ნაჩალიკი ბრუსულოვი ადრე აიკრებს ბარგს და გეიპარვის მისი ყველაყაისკენ, სთქვა ერთმა როსტომას ამხანაგმა.
– სხვა მტერს გადაუწყდეს, იმას ადრე გადვუწყვიტოთ, – უპასუხა როსტომამ, რომელმაც ამ დროს გადაუშვა მუცელში კათხით ღვინო და განაგრძო: – ისე გაძაღლებული არიან, მაინც იი ხუთი კაცი რომ არის, ამბაკო შალიკაიშვილი, სიმონ, ბესიეი, პეტრე მჭედელი და თოიძე, ცეცხლს ანთებენ თვალებით!
– ჰასან-ბეგი ვერ მოვიდა ჯერ? – ჰკითხა ერთმა ამხანაგმა.
– ჰასან-ბეგი ადრე მოვა. მაშინ, იგი რომ მოვა, მეც უნდა წევიდე ოზურგეთს, ისე მაქ სიტყვა ამბაკოსთან, უპასუხა როსტომამ, აიღო ხელში ღვინით სავსე კათხა და, ის იყო, უნდა მოედო პირზე, მაგრამ თითქო ხელები დასწვაო, საჩქაროდ გააგდო ხელიდან.
– აგი რა ამბავია, – წამოიძახა და მიაშტერა რაღაცას თავისი გამჭრიახი ცეცხლივით ანთებული თვალები.
– რა მოხთა, როსტომავ? – გაკვირვებით შესძახეს მას ამხანაგებმა, რომელთაც ეგონათ, რომ როსტომა გაგიჟდაო.
– ეი მაგას, ბიჭებო, თოფებს ხელი! ჯარი დაგვეცა თავზე! – წამოიძახა როსტომამ, წამოვარდა ზეზე და წამოავლო თავის თოფს ხელი.
როსტომას ამხანაგებმა გაიხედეს და დაინახეს, რომ მართლაც მოდის აუარებელი თოფიარაღიანი ხალხი. ეს იყო მეგრელები, რომლებიც დადიანის თაოსნობით გამოემგზავრენ გურიაში იმ ორი დღის წინეთ.
– დედავ, დედავ! აგი რა ამბავია, ქვეყანა ერთად მოვა! – დაიძახა ერთმა როსტომას ამხანაგმა.
– გევიქცეთ! ცხრაი კაცი ამას რას ვაწყენთ, სერესკერია! – დაიძახა მეორემ.
– რას ქვია გევიქცეთო! ლეჩაქიანი ქალი ხომ არ ვართ, რომ გევიქცეთ და მტერს კარი გაუღოთ! მეორეთ არ გაბედო! თავისებურის ვაჟკაცური ხმით შესძახა როსტომამ ამხანაგებს. შემდეგ მიახტა, მიხურა ჯიხურის კარი; მიადო თოფის პირი განზრახ სათოფისპირეთ დაბურღილ კედელს და გაჰყურებდა გარეთ. როსტომას მაგალითს მის ამხანაგებმაც მიბაძეს და თოფებით ხელში ჩაისაფრენ ჯიხურის კედლებთან. არ გასულა ამის შემდეგ სამი წამი, რომ მდ. შავი წყლის მარჯვენა ნაპირას მოადგენ ჩერქეზულ ჩოხებში ჩაცმული, შეიარაღებული მეგრელები. “გურულო, ნავი მალას, მალას!” – დაიძახა ერთმა მეგრელმა და მიაგდო ცხენი მდინარის პირზე. “აბა, ბიჭებო, მარჯვეთ! – “სთქვა როსტომამ და გაისროლა თავისი თოფი, რომლის ტყვიამ დასცა მიწაზე ერთი მოწინავე მეგრელი. როსტომას მაგალითს მიჰყვენ მისი ამხანაგებიც და გაისტუმრეს საიქიოს რვაოდე მეგრელი. მაგრამ, ეს თითქო არც კი დაჰკლებიაო. შავი წყლის მარჯვენა ნაპირი გაივსო ხალხით და ჯიხურს მოხვთა რამდენიმე ასი ტყვია იმათგან გამონასროლი, მაგრამ მეათედზედაც ვერ გასჭრა იმისი სქელი კედელი. როსტომამ და მისმა ამხანაგებმა ხელახლა გასტენეს თოფები.
– ბიჭებო, მარტო ხუთმა ვესროლოთ, მერე ჩვენ რომ თოფების ტენას დავიწყებთ, დანარჩენმა ესროლოს. ამ ჭკუით გატენილი თოფები აღარ გამოგვიწყტება. ფიშტოები ჯერ არ ისროლოთ, ვინ იცის, ეგება სხვაზე დაგვჭირდეს, – ურჩია როსტომამ თავის ამხანაგებს.
ამხანაგები დაემორჩილენ ამ რჩევას და ეხლა ისე ხუთ-ხუთობით ესროდენ თოფებსა, რომლების ტყვია ყოველ გასროლაზე ჰკლავდა ხუთ-ხუთს და ხან მეტსაც მეგრელს. მეგრელებისაგან გამონასროლი ტყვიები კი იკარგებოდენ ჯიხურის მაგარ კედლებში. რა რომ ეგეთი გასროლ-გამოსროლა განმეორდა რამდენიმეჯერ და ჯიხური მაინც, თითქო უძლეველი ციხეაო, უვნებლად იდგა, მეგრელები გაექანენ უკან, რაღაც მოილაპარაკეს და ისევ მობრუნდენ მდინარის ნაპირზე.
– აბა, ბიჭებო, ახლა უნდა სიმარჯვე! ხედავთ, მცურავი კაცები ჩამოუშვეს წყალში და ნავის წართმევას გვიპირებენ, – დაიყვირა როსტომამ და დაუმიზნა თოფი.
როსტომას ამხანაგებმა დაინახეს, რომ რამდენიმე მეგრელი გადმოეშო წყალში, დაყვინთა და წყლიდან ამოყრილ ტკვაბშებზე ეტყობოდა, რომ მოდიოდენ ნავისაკენ, როსტომა და მისი ამხანაგები ეხლა სრულიად არ აქცევდენ ყურადღებას მეგრელების მიერ გამონასროლ თოფებს, ისე სულგატყვირულნი მოელოდენ აი, აი ამოყოფენ მეგრელები წყლიდან თავებსო. არ დააგვიანა ამ შემთხვევამ. ორმა მეგრელმა ამოყო ნავთან თავი და, ის იყო აპირებდა ნავის ბაწარზე ხელის მოჭერას, რომ ამ დროს ჯიხურიდან გამოვარდა ორი თოფი და დაუშალა ეს განზრახვა. სულისაგან დაცლილი მეგრელების გვამები, თითქო თევზიაო, ერთი შეტრიალდენ და დაიძირენ სიღრმეში. იგივე ბედი ერგოთ იმათ ამხანაგებსაც, გარდა ორისა, რომლებსაც აღარ მოუწევიათ ნავთან, ისე გაბრუნდენ უკან.
მოახლოვდა საღამო, მაგრამ სროლა კი არ ჩაწყნარდა. მეგრელები თანდათან კარგავდენ ხან ხუთს და ხან ექვს კაცს, მაგრამ რამდენსამე ათას კაცს ეს თითქო არც კი აკლდებოდა, მოკლულების ალაგს იმ წამსვე იჭერდენ ცოცხლები, რომლებსაც დადიანი, ჯაიანი და ხუთიოდე სხვა თავადი მათრახით ერეკებოდენ გურულებისკენ იმ მიზნით, რომ უკანასკნელ იქნება მაინც ჩავიგდოთ ხელში ჯიხურიო. მაგრამ ამაო იყო ყოველივე მეცადინი: ჯიხური ისევ ისე თავმომწონედ და შეურყევლად იდგა. ამასობაში მზე, თითქო ემდურის ერთმანეთის სისხლის მწყურვალ და დაუნდობელ ადამიანთო, თითქმის ჩაიმალა დასავლეთში ისეთგვარად, თითქო ზღვაში ჩაყვინთაო და იმისი უკანასკნელი სხივები, რომლებთაგან ზღვა ისე ბრჭყვიალებდა, თითქო უზარმაზარი ოქროს ტახტიაო, მოხვდენ ჯიხურს და შეიტანეს დახვრეტილ ადგილებში შტოები, რომლის გამო მეჯიხურეებს აღარ შეეძლოთ დაენახათ თავისი მტერი – მეგრელები და ამიტომ დიდ შიშს ეძლეოდენ, ვაითუ მეგრელებმა ისევ ჩამოუშვან წყალში მცურავი კაცები, წაგვართვან ნავი და გამოვიდენ ჩვენ მხარესო. ამ შიშის გამო იმათ სროლას თავი გაანებეს და გაყურებდენ ჭუჭრუტანებიდან მათ მტრებს, რომლებსაც ამ დროს, თითქო თავიანთ მოპირდაპირეებს ბაძავენო, ცოტა დროებით შეეწყვიტათ სროლა და გაქანებულიყვნენ უკან: კარგა ხნის მზერის შემდეგ, ერთმა მეჯიხურემ, რომელსაც მზე მაინცდამაინც არ უცქერდა თვალებში, დაიძახა: “დედავ, აგი რა მოაქვან!” ამ ყვირილზე როსტომამ და დანარჩენმა მეჯიხურეებმა დაატანეს თვალს ძალა და, თუმცაღა მზის სხივი პირდაპირ სცემდა თვალებში, მაინც დაინახეს, რომ მეგრელები გაყოფილან ორად, გარაზმულან გზის იქით-აქეთ და შუაში დიდის სიფრთხილით შემოაქვთ რაღაც გრძელი შავი რკინა.
– უი, ბიჭო, ზარბაზანი მოაქვან! არიქა ვუშველოთ თავს, თავარა მტვრათ აქცევენ ჩვენს ჯიხურს! – დაიძახა როსტომამ, მიაყუდა ჯიხურის უკან კედელზე რაღაც პატარა ბოძი, რომელიც იქვე ხელათ იპოვნა, თვალის დახამხამებამდე ავიდა სახურავთან, გაარღვია ის და დაუძახა ამხანაგებს:
– არიქა, ამეიტანეთ თოფები და გევიდეთ აქანაი!
მეჯიხურენი სისწრაფით ერთი მეორის შემდეგ გავიდენ როსტომას მიერ გარღვეულ სახურავში და ორი წამის განმავლობში ჯიხური სრულიად დაცარიელდა. იმ დროს, როცა ზარბაზნის ტყვიამ შუილ-ზუზუნით აცნობა შავი წყლის მარჯვენა ნაპირს თავისი ძალა და არსებობა და შეგლიჯა ჯიხურის კარი, მეჯიხურენი იმყოფებოდენ უფიქრალ ადგილს, ჯიხურზე მოშორებით გზის პირს მდებარე ტყის დიდრონი ხეების ძირში ჩასაფრებულნი.
დადიანი რა დარწმუნდა, რომ გურულები წასულან და ჯიხური ცარიელიაო, ხელახლა ჩაუშვა წყალში მცურავი კაცები, გააყვანია ნავი და ერთი ორი საათის განმავლობაში გამოვიდა თავისი ხალხით შავი წყლის მარცხენა ნაპირს. მარჯვენა კი დაუთმეს ლეშთ იმ ადამიანებისას, რომლებსაც იმ ერთი-ორი საათის წინეთ, ვინ იცის, რაგვარად არ უცემდათ და რაებს არ უპირდებოდათ სიცოცხლით სავსე გული, და ორგვარად დამახინჯებულ დაჭრილებს, რომელთ მიერ წყევლა-კრულვა, ლანძღვა კვნესასთან ერთად გაისმოდა დაწყნარებულ საღამოს არემარეში. რადგანაც, ის იყო, ღამემ დაუშვა დედამიწაზე სიბნელის ზღვა და გზები აღარ დაინახებოდა, დადიანმა ბრძანა:
– ამეღამ აქ უნდა დავრჩეთ და ხვალ დილაადრიან გავსწიოთ ოზურგეთშიო. მართალია, გურულებმა ცოტაოდენი ზიანი მოგვაყენეს, რადგანაც ცუდ ადგილზე დაგვიხთენ, – დაატანა დადიანმა თავის ბრძანებას, – მაგრამ სამაგიეროდ გახეირებთ ხვალ იმათზე! სულ ერთიანათ გადავწვავ იმათ სოფლებს!
– ბებრები დავხოცოთ და ყმაწვილი კაცები და გურული ლამაზი ქალები ტყვეთ წამოვიყვანოთ! მიატანა დადიანის სიტყვებს ჯაიანმა.
ბატონის თავი გვიცოცხლოს ღმერთმა! – დაიგრიალა ხალხმა
გათენდა მეოთხე დღე მას შემდეგ, რაც დადიანმა სამეგრელოს ხალხი გურიის თავადაზნაურობის მოსარჩლედ გურიაში მოიყვანა. მზე თითქო იგლოვს ადამიანის უგუნურ მოქმედებას და ურთიერთ შორის მტრობა-მოსისხლობასო, საშინლად მოწყენილი და ღრუბლებში გახვეული ამოვიდა. შავი ზღვა, რომელიც კუპრივით უქაფებია იმ დილაზე ამოვარდნილ ქვენა ქარს, გულის შემზარავად ღმუოდა. შავის წყლის მარჯვენა ნაპირზედ დაჭირიანებული საქონელივით მოქანცულნი ეყარენ აქა-იქ მეგრელები, რომლებსაც ბუნებრივი სიკოხტავე, სიმხიარულე და სიცეტე ამ დროს სრულიად დაკარგოდათ. თუ ვინმე ამათგანში გაივლ-გამოივლიდა ან ლაპარაკს დაიწყებდა, ისიც საშინლად დანაღვლიანებულად და ისე ზანტად, თითქო წელი აქვს მოწყვეტილიო. ამ არაჩვეულებრივად დანაღვლიანებულ ხალხის შორიახლოს ეყარენ გასისხლიანებულნი, დამახინჯებულნი, თავისივე ტანსაცმელში გახვეულნი გვამნი თოფით დახოცილი ადამიანებისა, რომლებსაც ეხვეოდა უთვალავი კოღო-ბუზები და ზოგს ჭიებიც; ზევიდან კი დასტრიალებდენ ორბები, ყორნები, ძერები და სხვა ლეშისმოყვარე ფრინველები, რომლებიც მოუთმენლობის გამო საშინლად დასწიოდენ და დასჩხაოდენ. ხანდახან ამ მიცვალებულების გვამთაგან ისეთი ცუდი სუნი გამოვარდებოდა, რომ დიდი გულმაგრობა უნდოდა ადამიანს ზიზღისგან რწყევა არ დაეწყო. ხალხთა და მიცვალებულთა გვამთაგან კარგა მოშორებით იდგა ნაბდებისაგან გაკეთებული კარავი, რომელშიაც ბრძანდებოდა თავადი გიორგი დადიანი, თავის ამალა თავად-აზნაურებით. როგორც თავადი დადიანის, ისე მის ამალა თავად-აზნაურების სახეზედ საშინელი ნაწყენობა და მოღუშულობა ემჩნეოდათ. მაგრამ ამათი სახის მოღუშულობა სრულიადაც არა გვანდა ხალხისას: ხალხის სახის მოღუშულობაში ნაღველი და ტირილი იხატებოდა, ამათისაში – გაჯავრება-გაბრაზება, ანუ გულმოსულობა. ის ცეტი ყმაწვილი თავადები, რომლებიც გურიაში მოღწევამდე სიხარულისაგან თითქო ფრთებს ისხამდენ, ომს დავესწრებითო, ეხლა კრინტს არ სძრავდენ, ბევრი იმათგანი გამოეკლო და გაემგზავრებია საიქაოს შეუბრალებელ ტყვიას.
სულ სხვაგვარ სურათს წარმოადგენდა შავის წყლის მარცხენა ნაპირი: აქ შეკრებილიყო რამდენიმე ასი თოფიარაღიანი გურული, ჩვეულებრივის მხიარული, ცქვიტი სიტყვა-პასუხით ეოხუნჯებოდენ ერთმანეთს და დასცინოდენ მეგრელებს, რომლებიც ამ ორი დღის წინეთ დაამარცხეს. აი თუ როგორ მოხთა მეგრელების დამარცხება: როსტომა მეჯიხურემ და მისმა ამხანაგებმა რა დაინახეს, რომ მეგრელებმა ზარბაზანი მოიტანეს და ჩვენ მიერ მის წინააღმდეგ გაძლება შეუძლებელიაო, ის იყო, მიატოვეს ჯიხური, შეეფარენ ტყეს და ორი მათგანი აფრინეს მახლობელ სოფლებში, რომ იქიდან მოუშველებიათ ხალხი მეგრელების გასადევნად. გაგზავნილებმა იმავე ღამეს დაათარეშეს სოფლები, შეაგროვეს რამდენიმე ასი თოფიარაღიანი კაცი და ალიონზე გაჩდენ გრიგოლეთს როსტომასთან. ამ უკანასკნელმა წაიტანა მოშველეთ მოსული ხალხი, მიეპარა მეგრელებს ტყიდან და დაუშინა თოფი. მეგრელებმა, რასაკვირველია, გასცეს პასუხი ზარბაზნით და ურიცხვი თოფების სროლით, მაგრამ ვერა რას აკლებდენ, რადგანაც პირველები (გურულები) მოფარებულნი იყვენ მძლავრ სიმაგრეებს, – დიდრონ წიფლის და მუხის ძირებს. გაგრძელდა სროლა რამდენსამე საათს, რომლის განმავლობაში მეგრელების მხარე გვარიანად დაზიანდა; გურულები კი, თითქმის, უვნებლად იყვენ. ცოტა კიდევ და მეგრელების ზარბაზანი ძალდატანებისაგან გასკდა და ნატეხ-ნატეხად გაიფანტა აქეთ-იქით. ამ შემთხვევამ ძლიერ შეუშალა მათ ხელი. ისინი ეხლა მიცვინდენ ნავსა და დიდის გაჭირვებით და დაზიანებით ხელახავ გაბრუნდენ შავის წყლის მარჯვენა ნაპირს. გურულებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით, ხელახლავ გაამაგრეს ჯიხური და იქიდან ესროდენ მეგრელებს, რომლებიც, ის იყო, აპირებდენ უკან დაბრუნებას, თუ რომ დადიანის და ჯაიანის მათრახს არ დაეშალათ იმათთვის ეს განზრახვა. ამ თავმომწონე თავადებს ჯერ არამც და არამც არ უნდოდათ დანაქადში გაწბილება, ესე იგი, რადაც უნდა დასჯდომოდათ, გურია უნდა აეოხრებიათ. მეტადრე მამაცი ჯაიანი თავგანწირულად დასტრიალებდა, ერეკებოდა ხალხს წინ გურულებისაკენ და უყვიროდა: “არ გრცხვენიათ, პაწია გურულებმა შეგაშინეს! წინ, წინ!” ჯაიანის ასეთი ყვირილი გაიგონა ერთმა გურულმა და ჰკითხა იქ მყოფს თავის ამხანაგს:
– ვინ არის, თუ იცი, იი მეგრელი, ისე რომ იქადნება?
– ოტია ჯაიანია. – უპასუხა ამხანაგმა, რომელიც იცნობდა ჯაიანს.
– მომკლა, აღარ ვჩივი, რომ ჩემი თოფის ტყვია იმას საკოცნათ მისწვდებოდეს!
– ძალიან ჯინი გაქ მისი?
– რეზა არ მექნება, არ ყურობ რაფერ გვაგინებს? იი რომ არ ყოფილიყო აქანაი, ჩვენ და მეგრელები ერთი მეორეს არ დავხოცდით.
– აბა პაწია წინ გევიწიოთ და მე გაშონიებ იმას სათოფეთ.
ამ მოლაპარაკების შემდეგ ეს ორი ამხანაგი გაიქცა კარგა მანძილზე წინ და საჩქაროდ მოეფარენ დიდი წიფელის ძირს. როცა თოფის სროლა ცოტათი შეწყნარდა. ჯაიანის მცნობმა გურულმა კიჟინის ხმით დაუძახა:
– ოტია ჯაიანო, ოტია!
– რა კაცი ხარ შენ? – მოსცა პასუხათ ჯაიანმა.
– რამ გაგაბრიყვა: შენ შენი ბოზი ცოლი ვერ დაიცევი, არამც თუ ბატონები და რუსები დაიცო! გურიაში მოსულხარ და ქრისტიანის სისხლს გვასმევ და იქინეი შენ ცოლს მეჯოგე მეგრელები იგორებენ მკლავზე!
ჯაიანს ამ სიტყვებმა ნატკენ ადგილზე უკბინეს და გააჯავრეს. ამიტომ გადასწყვიტა რამეგვარად ამ სიტყვების მთქმელის სიკვდილი, მაგრამ ჯერ უნდოდა შეეტყო, თუ ვინ იყო ეს გურული, რომელსაც ასე კარგად სცოდნოდა ჯაიანის ცოლის ამბავი და ასე გასინჯეთ, იმისი საიდუმლოებიც.
– გურულო, გამოდი აქეთ და მითხარი შენი სახელი და გვარი. ღმერთს გაძლევ თავდებათ, არაფერი გაწყინო! – დაუძახა ჯაინმა და მოადგა სულ ახლოს, შავის წყლის ნაპირს, ასე რომ იმის ტანს აღარა ეფარებოდა რა.
ახლავე! – დაუძახა გურულმა მოსატყუებლად, ფრთხილად დაუმიზნა თავისი მაჭახელა (თოფი) ჯაიანს და თვალის დახამხამებადე ამპარტავანი თავადი უსულოდ დასცა დედამიწაზე.
ჯაიანის სიკვდილმა ძლიერი ზედმოქმედება იქონია დადიანზედ: მან ეხლა წარიკვეთა სასო, გურულებს ვეღარ მოვერევიო, გადასწყვიტა თავისი სამშობლო სამეგრელოში დაბრუნება, რომლის შესახებ საჩქაროდ გამოუცხადა თავის ხალხს, რომელიც ამ დროს შეუდგა უკან დაქანებას, მაგრამ გაგულისებულმა გურულებმა, რა გაუგეს ესა, გაიპარენ ტყის გზით, გავიდენ შავს წყალზე, დაუარეს თავი მეგრელებს და გადაუჭრეს გზა. ეხლა მეგრელები დარჩენ საშინლათ დამწყვდეულნი, ასე რომ ერთი მხრით ზღვა ჰქონდათ, მეორე მხრით გაუვალი ტყე, წინ და უკან კი გურიის ხალხი! სხვა რაღა უნდა ექმნათ? დაჰყარეს იარაღი და დაუწყეს ხვეწნა გურულებს – სამშობლოში დაბრუნების ნება მოგვეცითო. მაგრამ გავიდა ამ ხვეწნა-მუდარაში ორი დღე და გაჯიბრებული გურულები ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვენ ლმობიერებაში ამ დედაბრული ხვეწნით, ჯერ არ მიეცათ მეგრელებისთვის სამეგრელოში დაბრუნების ნება.
მზე სასადილოზე ამოვიდა. გურულებმა ამოიღეს ქეჩხოები და მჭადი, ყველი, თევზი, ხაპით ღვინო, დაგლიჯეს ხის ტოტები, გაშალეს სუფრა და დასხდენ სადილზე. ძლიერმა “ჩხავრის” ღვინომ, რომელსაც კათხებით ხშირ-ხშირით სვამდენ, ძლიერ გააქეიფა ისინი და მოუხშირეს თავისებური კიჟინა-სიმღერა. გაქეიფიანებულებში ტოლუმბაშობდა ერთი ყოჩაღი გლეხი, რომელსაც სიმონიკა ცერას ეძახდენ და ორი-სამი სხვა. როსტომა მეჯიხურე? ის კი აღარ ერია ცოცხლებში!.. ის დაღუპა თავისმა შეუშინებელ-მოუდრეკელმა გულმა, მას წაართო სიცოცხლე რამდენიმე მტრის ტყვიამ წინა დღით, სწორეთ იმ დროს, როცა მან (როსტომამ) მოინდომა დადიანის სიკვდილი და ხელხანჯლიანი მივარდა მას შემდეგი სიტყვებით: “შენ, შენ ხარ ამდონი ადამიანის სისხლის ღვრის ბრალი!” რა თქმა უნდა, რომ მის ამხანაგებს ძლიერ ეწყინათ და ეტკინათ მოკლება და მხრიდან გამოშლა ისეთი საიმედო, კლდე ამხანაგისა, როგორიც იყო როსტომა, მაგრამ ეგეც უნდა ვსთქვათ, რომ იქ, სადაც ხალხი გაიმარჯვებს მტერზე, ერთის, გინდა ორი-სამი კაცის დაღუპვის გამო გამოწვეული ნაღველი მხიარულებას ვერ დააჩრდილებს. როცა გურულებმა სადილის ჭამა თითქმის მოასრულეს, მათ შეესტუმრა სამი კაცი მეგრელი, და მიუტანეს სიტყვა: დადიანი თანახმაა ყოველივეზე ოღონდ შიმშილით ნუ დაგვხოცთ, სახლში გაგვიშვითო და რა მიიღეს პასუხად გურულებისაგან: აბა კაი, გაგიშობთო, წასვლა უნდოდათ, მაგრამ, როდესაც გურულებმა მიიწვიეს ისინი სადილზე, იმათ აღარ გაუწიეს დიდი წინააღმდეგობა, რადგანაც სამი დღე იყო არა ეჭამათ რა, დასხდენ გურულებთან სადილზე და მადიანად შეექცენ მჭადს, ყველსა და ღვინოს.
– კაცის არაფელი დეიჯერება! გუშინ ერთმანეთს ვწყვეტდით და დღეს აგერ თქვენ სადილზე ვზივარო! – სთქვა ერთმა თავაზიანი შეხედულობის მეგრელმა გვარიანი კარგი ქართული ენით.
– დედავ, რომ ვწყვეტთ, თქვენი ბრალი მერე როის ყოფილა, თქვენი მთავრის დადიანის ბრალი იყო. იმას რომ არ მოეყვანეთ, ჩვენში რა იყო საჩხუბარი? ნათესავები და მეზობლები ვართ ერთი მეორეის. შენ შენი ქვეყანა გეყოფა და მე ჩემი. მარა იმ სულძაღლიანმა დადიანმა დაგვაკლია ერთს მეორე, – უთხრა პასუხად მეგრელს ერთმა ცქვიტი ენის გურულმა.
– გაჩერდი, ბიჭო, დადიანი ჩვენი ბატონიშვილის ცოლის ძმაია, შეიტყობს შეუგინებიაო და, ხომ იცი, არ შეგარჩენს. ბატონიშვილმა რომ შეგარჩინოს, ქალბატონი არ შეგარჩენს მისი ძმაის შეგინებას, – გაუმტყუნა თავის ყმაწვილ ამხანაგს ერთმა მოხუცმა კაცმა.
– რას უმტყუნებ, ძამია? – ჩაერია ლაპარაკში ქართულის მცოდნე მეგრელი, – მართალს ამბობს ეს კაცი. ჩვენი მთავრები ძველიდგანვე დაჩვეული არიან ადამიანის დახოცვასა. ვინცხამ ბარათი მომწერა, წადით ახლავე, ან გურულები დაჟლიტეთ ან თავი შეაკალითო, გვიბძანა. წამოვედით ამდონი კაცი, ზოგი და ზოგი ტყვიამ მოკლა და დანარჩენს შიმშილი ხოცავს! მას რა დარდი აქ, რა ეტკინება ჩვენი სიკვდილით! ჩვენი შვილები დარჩებიან მოსამსახურეებათ. რომ მოვახსენეთ: ბატონო, არ ჯობს გურიის დამტერებაო, გაგვიწყრა, თქვენ ვინ გკითხავსო. აგია სამართალი! სასიკვტილო საქმეზე გაგზავნიდეს კაცი და გეუბნებოდეს, ენის თქმა შენი საქმე არ არი, ისე წადიო!
– კი, ძამიავ, მარა, რაც უნდა იყოს, ბატონია, უზდელათ მოხსენება არ ეკადრება, – სთქვა მოხუცმა გურულმა.
– ნუ გამოგიკავებია პირში ბატონი, ბატონი! – თითქმის წყრომით შესძახა მოხუც ამხანაგს ერთმა კოხტატანისამოსიანმა, კარგი შეხედულობის გურულმა, – ვერ შეიტყვე, ბატონობა აღარ არისო! რა ხანია გამოაცხადეს ბესიამ და სხვებმა, აწი აღარ იქნება ბატონობაო, აბა რავა გგონია! ბატონიც ჩვენისთანა ორფეხაი კაცია, აწი იმანაც ეიღოს თოხი და იმუშაოს ყანა. აწი ჩვენ ვიქნებით ჩვენი თავის ბატონი! ვნახოთ ერთი, თუ შეგვჭამოს რამემ უბატონოთ!
მეგრელებმა ამასობაში გაათავეს სადილი, გადაუხადეს მადლი გურულებს და წავიდენ თავის სახლში. არ გასულა ამის შემდეგ ნახევარი საათი, რომ ერთი მათგანი ხელახლა მოდგა შავი წყლის ნაპირზე და დაუძახა გურულებს: “ბატონმა მოგახსენათ, თუ შეიძლება, ცოტა იჩქარეთ და ადრე გაგვიშვითო.” გურულებმა დასტოვეს ჯიხურში რამდენიმე კაცი გუშაგად და დანარჩენები გავიდენ მეგრელებისკენ, გაუერთდენ იმ ხალხს, რომელიც აქამომდე დარაჯად იყვენ გზაზე, მეგრელები არ წავიდესო, და კედლებივით გაირაზმენ აქეთ-იქით ნაპირზე იმ გზისა, რომლითაც დადიანი და მისი ხალხი უნდა დაბრუნებულიყვნენ თავის სამშობლოში. “აბა გააკეთეთ თოფები!” – დაიძახა ერთმა გურულმა, ამ დაძახებაზე გურულებმა, თითქო გზას ხურავენ თოფებითაო, აიღეს, შეაჯვარედინეს თოფები, ისე რომ ადამიანი თუ არ დაიკუნძებოდა, ისე აღარ შეეძლო ამ თოფებით დახურულ გზაზე გავლა. ამ დროს დაიძრენ მეგრელები; გაიმართა ერთი სასაცილო სცენა. აი რა სცენა იყო ეს: ჯერ დადიანი და რამდენიმე თავადი დაიკუნძა და გაძვრა თოფის სახურავს ქვეშ. შემდეგ დადიანის მაგალითს მიჰყვა მისი ხალხი და ყველანი დაკუნძული გაძვრენ თოფებს ქვეშ. როცა ეს სასაცილო ცერემონია მოსრულდა, დადიანი პირადად დაელაპარაკა გურულებს:
– ახლა, ძმებო. ხომ გვაძლევთ წასვლის ნებას?
– გაძლევთ, გაძლევთ! ალაიაში ქე გაგაძვრინეთ და მეტი რაღაი! – უპასუხა ერთმა ვაჟკაცური შეხედულების გურულმა.
– რაც იყო, იყო, ჩვენ მაინც მადლობელი ვართ! – უთხრა კვლავ დადიანმა გურულებს, შემდეგ მიუბრუნდა თავის ხალხს – მეგრელებს, წარბმოჭმუხვნით შეხედა, რაღაც თავისთვის ჩაილაპარაკა, მგონია, ლანძღვა-უკმაყოფილება უნდა ყოფილიყოს იმათი და უბრძანა: – მივშვათ.
მეგრელები დაიძრენ; მათ გაუძღვა წინ დადიანი და სხვა თავადები, ნელის, დაღონებულის ნაბიჯით, მწუხარის სახით გასწიეს თავის სამშობლოსკენ. როცა კარგა მანძილზე მოშორდნენ გურულებს, დადიანმა უთხრა ერთს თავადს:
– საშინელია გამარჯვებული ხალხი! ხედავდი, რა სასაცილო საქმე გვიყვეს?
– თქვენ ნუ მომიკვდები, ბატონო, ახი იყო ჩვენზე, უარესი ექნათ. იფიქრეთ, ბატონო, ჩვენ ....
This post has been edited by beatlesflacone on 29 Sep 2014, 20:34