l_i_l_u
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 975
წევრი No.: 50582
რეგისტრ.: 3-January 08
|
#9153472 · 9 Apr 2008, 22:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვენი პატარა უკვე 6 თვის გახდა? ე.ი. მოვიდა დრო, რომ მან გაიცნოს ახალი საკვები.
დამატებითი კვების დაწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ახალ საკვებთან ნაცნობობა იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან და დაბადებისას მას გემოვნებითი თვისებები ნაწილობრივ ჩამოყალიბებული აქვს. მაგალითად, თუ დედას უყვარს ვაშლი, მაშინ სავარაუდოდ ბავშვსაც ეყვარება იგი. დაბადების შემდეგ კი ხდება ”უკვე ნაცნობის ახლიდან აღქმა” დედის რძის საშუალებით, და უკვე ამის შემდეგ ბავშვი იღებს ”ნამდვილ” ახალ საკვებს.
6 თვის ასაკიდან ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი საკვები. დამატებითი კვების დაწყება დაგვიანებით ისეთივე საზიანოა, როგორც ნაადრევად დაწყება, ვინაიდან შესაძლოა ბავშვს დააკლდეს საჭირო საკვები ნივთიერებები, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება.
პირველ რიგში დამატებითი კვების სახით გამოიყენება ხილის წვენი, ხილფაფა, ბოსტნეულის პიურე, ფაფები.
დამატებითი კვების დაწყებამდე უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები: - ყოველი ახალი პროდუქტი უნდა მივცეთ ბავშვს, როდესაც იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია. - არ მისცეთ ახალი პროდუქტები პროფილაქტიკური აცრების ჩატარების პერიოდში. - ყოველი ახალი პროდუქტის მიცემა უნდა დაიწყოთ მცირე რაოდენობიდან (რამოდენიმე წვეთიდან ან 1\4 - 1\2 ჩაის კოვზიდან), თანდათან, 5-7 დღის განმავლობაში უნდა გავზარდოთ ულუფა სასურველ რაოდენობამდე. ყურადღებით დააკვირდით საკვების ამტანობას - ხომ არ გაჩნდა კანზე გამონაყარი და როგორ შეიცვალა განავალი. - ახალი პროდუქტი (კერძი) უნდა მივცეთ ბავშვს დღის პირველ ნახევარში, იმისათვის რომ დავაკვირდეთ საკვების მიღების შემდეგ განვითარებულ შესაძლო რეაქციას. - საკვები მიეცით კოვზით და არა საწოვარათი! - თავიდან ბავშვს მხოლოდ ერთი სახეობის საკვები შესთავაზეთ. თუ ბოლომდე ვერ ჭამს, ნუ დააძალებთ. - ორ უცხო საკვების მიღებას შორის უნდა გავიდეს არანაკლებ ერთი კვირისა. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება, ჯერ ძუძუ შესთავაზეთ, შემდეგ დამატებითი საკვები, 9 თვიდან კი, პირიქით, ჯერ დამატებითი საკვები მიაწოდეთ და შემდეგ ძუძუ. - საკვები უნდა მომზადდეს ჰიგიენის ყველა წესის დაცვით. - საკვები უნდა იყოს ჰომოგენური, რომ არ გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ასაკის მატებასთან ერთად გადადიან უფრო სქელ, ხოლო, მოგვიანებით უფრო მკვრივ საკვებზე, იმისათვის, რომ ბავშვი თანდათან მიეჩვიოს ღეჭვას. - არარაციონალურია ორი მყარი და ორი თხევადი საკვების ერთდროულად მიცემა, მაგ: ფაფისა და პიურესი, ან ბულიონისა და კისელის, ვინაიდან პირველ შემთხვევაში იგი გვიან მოინელება, მეორე შემთხვევაში კი საკვები ადვილად გადავა კუჭიდან ნაწლავებში და გამოიწვევს შიმშილის გრძნობის ნაადრევ განვითარებას.
ხილისა და ბოსტნეულის წვენები - პირველი პროდუქტებია, რომელსაც ეცნობა თქვენი პატარა. ამასთან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვს წვენი ეძლევა 6 თვეზე ადრე, ამ შემთხვევაში წვენი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, კერძოდ ხდება საჭმლის მონელების დარღვევა (ამოქაფება, კოლიკები, დიარეა და მუცლის ტკივილი) და ვლინდება ალერგიული რეაქციები.
თუ ბავშვს, რომელსაც უკვე ამოჭრილი აქვს პირველი კბილები, მივცემთ წვენს კვებათაშორის შუალედში, იზრდება კარიესის განვითარების რისკი. ბოლო მონაცემების მიხედვით, კარიესი ვითარდება არა მხოლოდ ტკბილი საკვების მიღებისას, არამედ საკვების ხშირი მიღების შედეგადაც.
წვენი უზრუნველყოფს პატარას მისთვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით. ესენია: გლუკოზა, ფრუქტოზა, ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის მჟავა), აგრეთვე ვიტამინი C და მინერალები.
ჩვეულებრივ, პირველად პატარას სთავაზობენ ვაშლის წვენს, შემდეგ მსხლის, ქლიავის, ატმისა და გარგარის წვენებს.
ციტრუსის, ჟოლოსა და მარწყვის წვენებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
მრავალკომპონენტიანი წვენები ძალიან სასარგებლოა თქვენი პატარასთვის და გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით, მაგრამ აქაც აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. რომ არ მოხდეს ალერგიული რეაქციის განვითარება, სასურველია კოქტეილის შემადგენელ ყველა კომპონენტს ბავშვი კარგად იცნობდეს.
თუ თვითონ წურავთ წვენს, მაშინ მას შაქარი არ დაუმატოთ!
შედარებით სქელი კონსისტენციის საკვებთან ნაცნობობა, როგორც წესი, იწყება ბოსტნეულის პიურეთი. ბოსტნეული მშვენიერი წყაროა ორგანული მჟავების, კალიუმის, რკინის და საკვები ბოჭკოების, მათ შორის პექტინების. სტაფილო და გოგრა მდიდარია ბეტა-კაროტინით.
პიურეს პატარა ეცნობა წვენის მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ. დამატებითი საკვები უნდა მივცეთ მონოკომპონენტური (შეიცავს ერთი სახეობის ხილს ან ბოსტნეულს) პიურეს სახით. პირველი ბოსტნეულის საუკეთესო კანდიდატები არიან ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, ბროკოლი. ისინი ადვილად შეითვისება და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
ხილის პიურე - არის ორგანული მჟავების, შაქრების, საკვები ბოჭკოების, ზოგიერთი ვიტამინის, მათ შორის ვიტამინი C-ს, და მინერალების წყარო. დასაწყისისთვის სასურველია ვაშლის და მსხლის პიურეს მიცემა. შემდეგ შეიძლება ბანანის პიურეს შეთავაზება.
ქლიავი, ატამი და გარგარი გვიხსნის შეკრულობისგან, ხოლო ბანანი და მსხალი - გახშირებული კუჭის მოქმედების დროს არის მიზანშეწონილი. სასურველია ციტრუსებთან, მარწყვთან და კივთან ნაცნობობა არ ვიჩქაროთ.
ხილისა და ბოსტნეულის პიურე შეიძლება გახდეს პირველი დამატებითი საკვები შეკრულობის დროს.
ხილისა და ბოსტნეულის პიურეების გარდა საწარმოო პირობებში ხდება სხვადასხვა კომბინირებული პიურეების წარმოება. ესენია: ხილისა და მარცვლეულის ნაზავი, აგრეთვე, ხილის პიურეები რძის პროდუქტების დამატებით (ხაჭო, იოგურტი, ნაღები). ხილის პიურეებში რძის პროდუქტების დამატება უზრუნველყოფს ორგანიზმს მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით (ფოსფორით, კალიუმით, კალციუმითა და რკინით), რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის. იოგურტს ახასიათებს მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობა, ასტიმულირებს ნაწლავში სასარგებლო ბიფიდო - და ლაქტობაქტერიების ზრდას და თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას.
თუ თქვენ პიურეს ამზადებთ სახლში, არ დაამატოთ ჭარბად მარილი, შაქარი და სანელებლები.
რაც შეეხება ფაფებს, ალერგიის რისკის შესამცირებლად, თირკმელების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია დავიწყოთ ერთკომპონენტიანი, ურძეო და გლუტენის გარეშე ფაფებიდან. ბრინჯის, სიმინდის და წიწიბურას ფაფები არ შეიცავს გლუტენს (მცენარეული ცილა, რომელსაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა), ამიტომ რეკომენდებულია ბავშვის რაციონში თავდაპირველად ამ ფაფების შეტანა.
კვერცხის გული ხშირად იწვევს ალერგიას, ამიტომ მისი რაციონში შეტანა არ არის სასურველი 7-8 თვეზე ადრე. თუ ბავშვი ალერგიულია, სასურველია მისი მიცემა გადავდოთ ერთი წლის ასაკამდე. მიცემა უნდა დავიწყოთ 1\4 კვერცხის გულიდან, ამასთან, შესაძლებელია მისი გარევა დედის რძეში ან ადაპტირებულ ნარევში, აგრეთვე შესაძლოა მისი შერევა ფაფებში ან ბოსტნეულის პიურეში.
ძროხის რძე როგორც დამოუკიდებელი საკვები სასურველი არ არის მისცეთ თქვენს პატარას ერთ წლამდე. უმჯობესია შევთავაზოთ რძემჟავა სასმელები. ისინი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, ადვილად მოინელება და შეითვისება, აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.
მაწვნის ან იოგურტის მიცემა, როგორც დამოუკიდებელი საკვების სასურველია 8-9 თვის შემდეგ.
ხაჭო ერთვება ბავშვის რაციონში 6-7 თვიდან.
ხორცი ერთვება პატარას მენიუში 7-8 თვიდან. იგი უნდა იყოს ჰომოგენური კონსისტენციის საქონლის, ქათმის ან ინდაურის ხორცის პიურე. ხორთან ნაცნობობის შემდეგ შეგიძლიათ თქვენს პატარას შესთავაზოთ ქარხნული წარმოების ხორციანი პიურეები ბოსტნეულის დამატებით.
9 თვიდან კვირაში 1-2 ჯერ ხორცი შეანაცვლეთ ახლი მოხარშული თევზით.
დამატებითი საკვების გაცნობის შემდეგ აუცილებლად შესთავაზეთ ბავშვს წყალი, ოღონდ დამტკბარი არა! პატარა განსაკუთრებით საჭიროებს წყალს ცხელ ამინდში. ბავშვის ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა მინერალური ცვლის დარღვევებისადმი, იგი ძნელად უმკლავდება ჩვეულებრივ სასმელ წყალში შემავალი მინერალური ნივთიერებებისა და მარილების სიჭარბეს, ხოლო ისეთი მიკროელემენტების ნაკლებობამ, როგორიცაა კალციუმი და ფოსფორი, შეიძლება გამოიწვიოს ძვლებისა და კბილების განვითარების შეფერხება. ამიტომ, სასურველია გამოიყენებთ დაბალი მინერალიზაციის ბავშვთა სასმელი წყალი.
--------------------
Can't you see, life's easy If you consider things from another point of view
|