10 ივნისის დილა ჩვეულებრივად გათენდა. 2 კვირა ხდებოდა უკვე რაც დეკრეტში ვიყავი, 11–ში 40 კვირა მისრულდებოდა, მაგრამ არავითარი სიმპტომი და ნიშანი იმის რომ უახლოეს დღეებში ვიმშობიარებდი, არ ჩანდა. 15–ში გაგუასთან ვიყავი დაბარებული, დამაჩქარებლებით დამემუქრნენ და ისე არ მხიბლავდა ეს იდეა, ყოველ დღე ტკივილების დაწყებას ვნატრობდი.
ამ დღემაც წყნარად ჩაიარა. საღამოს მეგობრები მოვიდნენ, ვიჭუკჭუკეთ ბევრი, პოკერი ვითამაშეთ, ვჭამეთ, ვსვით, გახდა ღამის 2 საათი ამასობაში და დავიშალეთ. ბოლოსკენ ძილი უკვე ფაქტიურად აღარ შემეძლო, არ არსებობდა პოზა, რომელშიც ოდნავ მაინც კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ღამეები გადიოდა ფილმების ყურებაში, დილისკენ კი აბსოლუტურად უძილოს, რამდენიმე საათით ჩამეძინებოდა ხოლმე. ჰოდა, სადღაც 3 იქნებოდა, მე და ჩემი ქმარი ვიწექით უკვე და რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდით. რაღაც ტკივილისმაგვარი ვიგრძენი უცბად, მომიარაო თითქოს, მაგრამ მსუბუქად, ტკივილსაც რომ ვერ დაარქმევ, ისე. ხმა არ ამოვიღე, ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი, მაგრამ სადღაც 20 წუთში რომ გამიმეორდა, მივხვდი რომ მალე სამშობიაროში ამოვყოფდი თავს. ვიცოდი 20 წუთის ინტერვალი ძალიან დიდი რომ იყო და წყნარად გავაგრძელეთ ფილმის ყურება, თუმცა იმ წამიდან არც შინაარსი მახსოვს და არც რომელიმე კადრი. უკვე ათასი აზრი მიტრიალებდა თავში, რაღაც მომენტში შიშიც შემომეპარა, მაგრამ მწარედ არ შევიმჩნიე, ვიცოდი რომ არ უნდა ავყოლოდი. რაც ნაკლებად გამოვხატავდი პანიკას, მით უფრო ნაკლებად დაპანიკდებოდა გარემოც. ნელ–ნელა ინტერვალებიც შემცირდა და ტკივილსაც დაერქვა ტკივილი, ოღონდ აბსოლუტურად ასატანი, სადღაც 20–30 წამიანი. ამასობაში ვიბანავე, ჩავალაგე ჩაულაგებელი ნივთებიც, ჯერ კიდევ მოუფიქრებელ სახელებზეც ვილაპარაკეთ და ასე დაგვათენდა აივანზე. როგორ მახსოვს ის ემოცია. ძალიან სიწყნარე იყო, ასე მეგონა მარტო ჩიტების ხმა და ჩვენი ჩურჩული ისმოდა მთელ ქალაქში. ვიყურებოდი გარშემო და ვცდილობდი გამეცნობიერებინა რომ ხვალ, როცა ასეთივე დილა გათენდებოდა, სულ სხვა ემოციებით სავსე, უბედნიერესი ჩემს პატარასთან ერთად გავიღვიძებდი და ჩვენ აღარასოდეს ვიქნებოდით ორნი. თუმცა, დღეს ვხვდები რომ ორსულისთვის ამის გაცნობიერება სრულიად შეუძლებელია, როგორი სისრულითაც არ უნდა შეიგრძნობდე ყველა იმ განცდას, რომელიც წინ გაქვს.
სადღაც 8 საათი იქნებოდა უკვე, როცა ინტერვალები დაახლოებით 7–8 წუთამდე შემცირდა, ტკივილიც სადღაც 40 წამი გრძელდებოდა, საკმაოდ ძლიერი, თუმცა ასატანი. მინდოდა, რაც შეიძლება გვიან მივსულიყავი სამშობიაროში და იქ ტყულად არ ვმჯდარიყავი. სადღაც 9 საათზე წყნარად და აუღელვებლად დავურეკე დედაჩემს, დამეწყო–მეთქი. ნახევარ საათში მოვიდა ჩემს ძმასთან ერთად. ჯერ ადრეა, ნუ წავალთ, ცოტა ხანი დავსხდეთ, ჩაი დავლიოთ–მეთქი და ასე გაიარა კიდევ ერთმა საათმა.
სამშობიაროში რომ მივედი, სადღაც 10 საათი იქნებოდა ალბათ. ჩვეული არეულობა დამხვდა ფოიეში. ნაწილი მშობიარეებს ელოდებოდა, კონსულტაციაზე მოსული ორსულებიც უკვე ჩამდგარიყვნენ რიგში და უკმაყოფილო სახეებით ხან საათს, ხან გაგუას დაკეტილ კარს უყურებდნენ. მიმღებში ვიკითხე, სად იყო დათო და ასე მითხრეს კონფერენციაზეა, 10–15 წუთში გამოვაო. რომ მიხვდნენ რომ სამშობიარო ტკივილები მქონდა, აქ მოდი და გაგსინჯავთო. მე ამ გასინჯვით დაშინებულმა, ვუპასუხე, არა იყოს, არ მინდა, ბატონ დავითს დაველოდები–მეთქი. ცოტა უცნაურად კი შემომხედეს, მაგრამ რას მეტყოდნენ, კარგიო – მიპასუხეს. დავბრუნდი ფოიეში და მორჩილად დავჯექი ერთ–ერთ არაკომფორტულ სკამზე, თან 5 წუთში ერთხელ ვიმანჭებოდი. არ დამავიწყდება რამდენიმე მზერა, რომელიც ამასობაში გარშემომყოფებს შორის დავიჭირე. ალბათ ფიქრობდნენ, ეს ცოტა ვერააო, მაგრამ ნამდვილად არ მტკიოდა ისე, რომ დამანჭვის იქით, სხვა მიმიკით გამომეხატა რამე.
გავიდა 10, 15, 20, 30 წუთი… დათოც გამოჩნდა როგორც იქნა. მომენტალურად მიესია ასი კაცი პრეტენზიებით, ძლივს შევაღწიე ამ ბრბოში, რომ მეთქვა, ან გამაჩენინე და ან აქ გავაჩენ–მეთქი. წადი სასწრაფოდ მიმღებში, იქ უნდა გაგსინჯონო მითხრა, მეც ახლავე მოვალო. უკვე ფეხებზე მეკიდა ვინ გამსინჯავდა, აღარ შევეწინააღმდეგე. შევედით მიმღებში, ძალიან მშვიდი სიტუაცია იყო, მორიგე მეანი პაატა მახარაშვილი დამხვდა. იშვიათად შევხვედრივარ ასეთ უშუალო და თბილ ადამიანს. დღემდე ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება ეგ კაცი. გამომკითხა ყველაფერი, წამოდი გაგსინჯავო, თან სანამ დავწვებოდი, მაწყნარებდა, ნუ გეშინია, გპირდები რომ არ გატკენო. მართლაც არაფერი მტკენია, უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნება იყო. 2,5–ზე ხარ გახსნილი, ჯერ ადრეაო. გამოიცვალე, ჩაიცვი პერანგი და ხალათი, ოყნის გასაკეთებლად წაგიყვანენ და მერე ისევ აქ მოდიო. უსიტყვოდ დავემორჩილე.
გვერდით პატარა სააბაზანო ოთახში გამიყვანეს, გამოვიცვალე. ვიღაც კეთილი დეიდა მოვიდა, ბევრი მესიყვარულა, ჩემს ნაწლავებსაც უშველა და მიმღებში დამაბრუნა. მომდევნო ორი საათი იქ გავატარე, რამდენიმე მზადებაში მყოფ მშობიარესთან, პაატასთან და ორ მედდასთან ერთად, რომლებიც ანკეტებს ავსებდნენ. ჩემი ანკეტა პაატამ შეავსო, თან სულ მელაპარაკებოდა, ბევრი მაცინა და ისეთ სასიამოვნო განწყობაზე დამაყენა, ყველანაირი შიში გადამავიწყდა. გამიზომეს სიცხე და წნევა, დამალევინეს ანტი–ალერგიული წამალი და ამასობაში დათოც მოვიდა. ყველას ყველაფერი გამოკითხა, მერე მე მომიბრუნდა და აბა წავედით ეხლა წინასამშობიარო პალატაშიო. მეც გავუღიმე და გავყევი.
ამ პერიოდის ემოციების აღწერა ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ამდენი ერთად ცხოვრებაში არ მქონია და საერთოდ რას ვგრძობდი და რას განვიცდიდი, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია. ასე მგონია იმ მდგომარეობას სახელი არა აქვს.
შევედით გრძელ დერეფანში, სადაც ორივე მხარეს ოთახები იყო ჩამწკრივებული. თითოში თითო ჩემნაირი გაჭირვებული იჯდა და თავის რიგს ელოდებოდა. ოთახების ბოლოს სამშობიარო ბლოკი იყო, საიდანაც ისეთი კივილი გამოდიოდა, ჩემს შემართებას ბოლო მოუღო, თუმცა გარეგნულად არაფერი მემჩნეოდა, მშვიდად და მორჩილად ვიჯექი და ათასი აზრი მიტრიალებდა თავში.
ტკივილებმა საგრძნობლად იმატა, თუმცა ინტერვალები ისევ 4–5 წუთიანი იყო. მეშინოდა გაუტკივარება ვერ მომესწრო, სწრაფად არ გამხსნოდა ყელი და დერეფანში მოსიარულე ექთანს გავუძახე, მეთქი ეპიდურალურის გაკეთება მინდა და იქნებ გამსინჯოს დათომ და გითხრათ, უკვე თუ შეიძლება მეთქი. ახლავე გენაცვალეო, მითხრა გაღიმებულმა და ბლოკში შევიდა.
იმ დღეს თურმე სრული საგიჟეთი იყო. ამდენი მშობიარე გახსნის დღიდან არ გვყოლიაო ამბობდნენ. ყველა ოთახიდან რახა–რუხი გამოდიოდა, ყველგან ფუსფსებდნენ, დარბოდნენ კათეტერებით და გორიალა მაგიდებით, ხან ვინ შემოვიდოდა, ხან ვინ, ხანაც ოთახი ეშლებოდათ.
წამოვწექი და გავაგრძელე ლოდინი. უკვე საკმაოდ მტკიოდა და ყოველი მომდევნო წამოტკიება უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა, თუმცა არა ისეთი რომ დაჯდე და განწირული ხმით იკივლო. კვლავაც მხოლოდ მანჭვით შემოვიაფრგლებოდი.
სადღაც 3 საათი ხდებოდა უკვე. ამდენ პროცედურებში და მუდმივ დაძაბულობაში მალე გავიდა ძალიან დრო. ამასობაში დათოც მოვიდა და გამსინჯა. 3 თითზე ვიყავი გახსნილი, ცოტა მეტზე და წ###ბი დამაღვრევინეს. შეგრძნება – არანაირი. ერთადერთი, ოდნავ შვება ვიგრძენი. მუცელი დამეჩუტა და ბავშვის სხეული ძალიან გამოკვეთილად ჩანდა, ყველაფერს გაარჩევდი. 2 საათი არაფერი იქნებაო, გაუტკივარებაზეც მივიღე თანხმობა და ამჯერად გორალა მაგიდა და ანესთეზიოლოგი ჩემთან შემოგორდნენ.
დაიწყეს ნემსის მომზადება. ამ დროს კი მე უკანასკნელი მოვლითი ტკივილი ვიგრძენი გაყუჩებამდე, რომელიც უკვე ისეთი ძლიერი იყო, მივხვდი დროულად გამომეცხადა ეს კეთილი ძია. წამომაჯინეს, ზურგში მომხარეს და ადგილობრივი გამაყუჩებელი გამიკეთეს, შემდეგ დიდი ნემსი რომ არ მეგრძნო. ეს პატარა ჩხვლეტა იყო უკანასკნელი ტკივილი (ტკივილსაც ვერ დაარქმევ), რომელიც მშობიარობის მანძილზე ვიგრძენი.
ძალიან უცნაური შეგრძნება იყო დიდი ნემსის გაკეთება. თან ვგრძნობდი, თან ვერა. ეტყობა ნერვებს რომ ეხებოდა, ის მომენტები ვიგრძენი. შემიყვანეს კათეტერი, დამიფიქსირეს და შეუშვეს დიდი შპრიცით წამალი. რაღაც ცივმა დამიარა მთელს ზურგში. წამომაწვინეს და ვგრძნობდი ნელ–ნელა როგორ მერთმეოდა ფეხები. ყველანაირი ტკივილი გაქრა და მთელი ღამის უძილოს, ისე მეძინებოდა, მთელი ძალით ვცდილობდი, არ გავპარულიყავი.
ექთანს ჩემი ქმრის შემოშვება ვთხოვე და ერთ 10 წუთში გამომეცხადა ხალათში, ქუდში და სასაცილო ფაჩუჩებში. იმასაც ისე ეძინებოდა, ლამის ერთმანეთზე დაგვეძინა. სადღაც ნახევარ საათში ისევ ვიგრძენი პატარა ტკივილი და ექთანს დამატება ვთხოვე. ისევ გავყუჩდი, თუმცა რაღაც ქაჩვის შეგრძნება გამიძლიერდა და იქნებ მაინც გამსინჯოს ვინმემ მეთქი. კი ვიცოდი რომ ადრე იყო, მაგრამ თავი დავიზღვიე მაინც. ვიღაც გოგონამ გამსინჯა და სრული გახსნააო. არავინ ელოდა ასე მალე, თორემ წამალსაც არ დამიმატებდნენ. დავრჩი ასე გაყუჩებული, ყველანაირი ჭინთვების გარეშე. ერთ მხარეს ექთანს და მეორე მხარეს ჩემს ქმარს ჩამოკიდებული, მიმათრიეს ბლოკში და დამდეს სამშობიარო სავარძელზე. ქმარი გავიდა, რადგან თავიდანვე ვიყავით შეთანხმებულები, რომ უშუალოდ მშობიარობას არ დაესწრებოდა.
ბლოკში ძალიან სასიამოვნო გარემო იყო, ისეთი რა, არა–ექიმურ–საავადმყოფოური. რამდენიმე გოგო ჭუკჭუკებდა, გვერდით ახალი ნამშობიარები გოგო იწვა ნატანჯი სახით და ვკითხე, ძალიან თუ გეტკინა–მეთქი. კიო (რას მერჩოდა). ჰოდა დავჯექი და მოვემზადე ამ “ძალიან ტკივილისთვის”, თუმცა მოსვლის არაფერი ეტყობოდა. დათო მოვიდა, გამსინჯა და ლოდინი აღარ შეიძლებაო. თავზე ხელი გადამისვა, ეხლაო მე გეტყვი როდის გექნება ჭინთვა და შენით მოგიწევს გაჭინთვაო. დამიჯერე ყველაფერი და გპირდები რომ ერთი ნაკერიც კი არ დაგჭირდებაო.
დაიწყო ბრძოლა. მართლა ბრძოლა იყო, იმიტომ რომ გაყუჩებულზე ჭინთვა, ძნელი თუ არა, სასაცილოა ბოლო–ბოლო. ისე მეცინებოდა ჩემს თავზე, რომ იქ მყოფი საზოგადოება, საერთოდ დაიხოცა სიცილით. ასე კისკისში გამოძვრა ლაშუკას თავი. არასოდეს დამავიწყდება ეს კადრი, როცა დავაფიქსირე რომ მართლა ბავშვი მეჯდა მუცელში. სანამ დაიბადებოდა, შუა გზაში იტირა და გაჩუმებაც მოასწრო, რამაც კიდევ უფრო გაამხიარულა იქ მყოფი საზოგადოება. ჯერ არ დაბადებულხარ, მოიცა, რა გატირებსო. მოკლედ, ორი ჭინთვაც და გოჭიც გამოძვრა. მაშინვე გულზე დამაწვინეს და ისეთი ტირილი ამივარდა, აღარ ვიცოდი ამხელა ემოცია სად წამეღო. ვუყურებდი ამ პატარა არსებას და გულში ვიმეორებდი: ეს ჩემი შვილია, ეს ჩემი შვილია. დაუჯერებელი იყო რომ ეს პატარა სიხარული ჩემი იყო. აბრიალებდა პატარა თვალებს და ძუძუს ეძებდა. ვიხუტებდი და ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი რომ ამხელა ბედნიერება გამომაცდევინა, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში. ძალიან მიჭირს ამ ემოციაზე ლაპარაკი, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, იმდენად დიდი და წმინდაა რომ ასე მგონია, სიტყვებით გავაფუჭებ და გავაუფასურებ.
კაცუნა 3.300 გაჩნდა, 52 სმ, ზუსტად მეორმოცე კვირის ბოლო დღეს. არც ერთი ნაკერი არ მქონია (პატარა კვანძს თუ არ ჩავთვლით ყელზე, რასაც არ შევუწუხებივარ საერთოდ). 3 საათში უპრობლემოდ დავდიოდი, არაფერი მტკიოდა და პალატაში გემრიელად მივირთმევდი.
მოკლედ, მშობიარობის ისტორია კი არა, ლიტერატურული ნაშრომი გამომივიდა მე მგონი. ჩიტაიწე ნა ზდაროვიე. მე თვითონ ისე მისწორდებოდა ხოლმე სხვების ისტორიების კითხვა, შევეცადე მაქსიმალურად დეტალურად დამეწერა ყველაფერი.
აი ემ (შეძლებისდაგვარად) ბექ
God, give me strength to change the things I can change, give me courage to accept the things I cannot change, and grant me wisdom to know the difference.