
ნიშნები რომლებიც მშობიარობის მოახლოებაზე მიუთითებს:
. ცრუ ჭინთვები.
ამ დროს საშვილოსნო ფიცარივით მაგრდება და კვლავ დუნდება. ამგვარად ის მშობიარობისთვის ემზადება, თუმცა ბავშვის დაბადება წუთი-წუთზე ნამდვილად არ არის მოსალოდნელი. ცრუ ჭინთვების დროს საშვილოსნოს ყელი არ იხსნება, ასე რომ, პატარას მცირე ხანს კიდევ მოუწევს მოცდა.
. ლორწოვანი საცობის მოცლა.
საშვილოსნოს ყელის არხში გროვდება ლორწო, რომელსაც ირგვლივ არსებული ჯირკვლები მშობიარობამდე დაახლოებით 1-2 კვირით ადრე გამოიმუშავებს. ისიც შეიძლება, ლორწოთი არხი უშუალოდ მშობიარობის წინ ამოივსოს.
ლორწო, რომლის მოცულობა დაახლოებით 20 მლ-ია, ერთგვარ დამცავ ფუნქციას ასრულებს: იგი საშვილოსნოს ინფექციური აგენტებისგან იცავს.
ლორწოს მოცილება, რომელსაც ხშირად სისხლის მინარევი მოყვება, მშობიარობის წინ ნორმალურია, მაგრამ თუკი ლორწოვანი საცობი მშობიარობის სავარაუდო ვადამდე ორი კვირით ადრე მოსცილდა, უთუოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
. მუცლის დაწევა.
ამ ნიშანს წინათ დიდ ყურადღებას აქცევდნენ: „მუცელი დაგეწია? პატარას რამდენიმე საათში ელოდეო“. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მუცელი ასე უმეტესად პირველი ორსულობის, თავით წინამდებარეობის დროს იწევს.
. წონის კლება.
ზოგიერთს მშობიარობამდე მცირე ხნით ადრე მადა ეკარგება. ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონული ფონის ცვლილებაა.
. უგუნებობა.
ხშირად ფეხმძიმეს, რომელიც დღე-დღეზე ელის პაწიას, მარტოობის სურვილი უჩნდება. მას აღარ მოსწონს ხმაურიანი საზოგადოება, ერიდება ნაცნობებთან კონტაქტს. ამაში უჩვეულო არაფერია. მღელვარება და შფოთვა ბავშვის დაბადებისთანავე გაივლის.
... და ფინიში
მშობიარობის დაწყების პირველი ნიშანი ყველაზე ხშირად ჭინთვები გახლავთ. ამ დროს საშვილოსნო რეგულარულად იკუმშება, აღმოცენდება ტკივილი. ცრუ ჭინთვებისგან განსხვავებით, ასეთი შეტევა ნაყოფის გამოძევებით ანუ მშობიარობით სრულდება.
ჭინთვები თავდაპირველად იშვიათია, ინტერვალიც – ხანგრძლივი, მერე და მერე საშვილოსნოს შეკუმშვა ხშირდება (ყოველ 5 წუთში ერთხელ), ინტენსიური და ძლიერი ხდება, რასაც მოჰყვება კიდეც ტკივილი.
მშობიარობა შეიძლება არა ჭინთვებით, არამედ სანაყოფე წყლების დაღვრით დაიწყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მეან-გინეკოლოგს დროულად უნდა მიმართოთ. უწყლო პერიოდის გახანგრძლივება არამც და არამც არ შეიძლება, ვინაიდან ამ დროს მაღალია საშვილოსნოსა და ნაყოფის ინფიცირების რისკი.
წყარო: Aversi.ge