მოდი, მეც დავწერ ორი სიტყვით ჩემს მოგონებებს მშობიარობაზე - უფრო სწორად - მორიგ საკეისრო კვეთაზე.

, წინა ორი დღე ხომ ვიპანიკე, სულ მეჩვენებოდა, რომ ტკივილები დამეწყო, თან არარეგულარულად მტკიოდა, ბოლოს დავურეკე ნუკრის და რეგულარული როგორც კი დაგეწყება, მაშინვე წამოდიო. ჰოდა, გაჩერდა!

ჩემი ჭკვიანი შვილიიი! გათენდა 19 ოქტომბერი, გავემზადე, ვითომ პირველად, ისე ვნერვიულობდი,უფრო სწორად, უფრო მეტადაც. პირველი ხომ არ არისო, რომ მამშვიდებდნენ, ვპასუხობდი: ჰოდა, პირველი რომ არ არის და რომ ვიცი, რაც მელოდება, ზუსტად იმიტომ ვნერვიულობთქო. მაგრამ ჩემი ნერვიულობები არ გამართლდა საერთოდ. ჯერ ერთი, სასტიკად მეშინოდა ხელით გასინჯვის, მაგრამ მიმღებში გადაწყვიტეს, რომ არ მჭირდებოდა,მაინც გეგმიურია და რად უნდაო, ყელი არ ექნება გახსნილიო, შვებით ამოვისუნთქე. თან მახლდა ორი მამაკაცი - კახა და გაბრიელი.

გაბრიელი ოლიმპიური სიმშვიდით მიცდიდა დერეფანში, სანამ ჩამაცვეს და საოპერაციოდ მომამზადეს, მერე მომადგა და მთხოვა: მიდი დროზე გააჩინე და სახლში წავიდეთ, მომშივდაო. ამან ცოტა გამახალისა და ამასობაში ამიყვანეს კიდეც. ჰო, კიდევ ერთი ფორმალობა გამომრჩა: ხელი მოვაწერე, რომ ნამდვილად მინდოდა და მჭირდებოდა სტერილიზაცია - მილების გადაკეტვა. საოპერაციოში ჩამიდგეს კათეტერი, აი, ეგ ყველაზე მწარე მოგონებაა ჩემთვის. ჯერ ერთი, უუუუზარმაზარია, თორემ ვენაში ნემსი და გადასხმა რას გამაკვირვებს! დიდი ბოდიშებით ჩამიდგეს, ხომ იცი, შენ გართულებების რისკის ქვეშ ხარ და ამიტომ მსხვილ კათეტერს გიდგამთ ყოველი შემთხვევისთვისო, რომ შევხედე ტანში ჟრუანტელმა დამიარა იმსისქე ნემსი იყო, ჩამიდგეს, მაგრამ წვეთოვანი არ გაატარა ვენამ. ამომიღეს. ახლა სხვაგან ვცადოთო, კიდევ ცადეს, კიდევ არ გაატარა, უკვე ცუდად გავხდი ნერვიულობისგან. რა საშინელებაა, როცა რაღაც ასე ცუდად იწყება! მესამედ ანესთეზიოლოგმა პირადად ვცდიო და მეორე ხელზე უკვე გაატარა და შვებით ამოვისუნთქე. აღარ მოვყვები დაწვრილებით ნიუანსებს, როგორ გამიკეთეს ხერხემალზე სპინალური ანესთეზია, როგორ დავკარგე ფეხების შეგრძნება და ნახევარქალად ვიქეცი. მერე დაიწყეს. კახა თავთან მეჯდა და თმებზე მეფერებოდა, ოღონდ, ეს იყო, რომ სუუუულ აღარ მეშინოდა არაფრის, ერთი სული მქონდა ჩემი შვილი მენახა. ერთი-ორი შეჯანჯღარება და იმწამსვე გაისმა სანატრელი ტირილის ხმა. უსაყვარლესი, უთბილესი, უტკბილესი, ჩემი ბუსუსუნაც გამოცუნცულდა. გაბრიელის ასლი! გოგო გაბრიელი! აღმოგვხდა ორივეს ერთხმად.

. ჰოდა, ასეთ ლამაზ შვილებს რომ აჩენთ, სტერილიზაცია აღარ გჭირდებათო, გამოგვიცხადა ნუკრიმ და აჰყვა მთელი პერსონალი. იქ ამბავი აიწიაააა! ძალს ჩვენ და ძალს ისინი! გინესის რეკორდებში შეხვალთო, დაგვცინოდნენ, მეოთხე საკეისროო, თანააც ამ ასაკშიო, და მთელი ამბავი. ბოლოს ჰა, 5 წუთი დაგრჩა უნდა გავკერო, მოიფიქრეო. 9 თვე ვფიქრობდი და ახლა ვერ გადავიფიქრებთქო, ვუპასუხე. ცოტა კი ავღელდი, შინაგანად. მაინც ძნელი ყოფილა, როცა შენი ნებით ამბობ მომავალ ბაიაზე უარს მაგრამ სხვა გზა ხომ არ მქონდა. ამის შემდეგ უფრო სწრაფად განვითარდა მოვლენები. გადაგვიყვანეს ბლოკში, ცოტა ხანში კი პალატაში. 5 წუთში ერთხელ შემორბოდნენ ექთნები, ექიმები და ნახულობდნენ სისხლისდენა ისევ ხომ არ დამეწყო წინა საკეისროს მსგავსად, მაგრამ მსგავსიც არაფერი. პირიქით, მეორე დღიდან ოდნავაც არაფერი მაქვს,ოღონდ შედარებით მჭიდრო კვვანძი მაქვს ნაკერზე და საკმაოდ მტკივა. პალატაში მყავდა ტყუპებიც, რომლებიც გაუტკივარების გარეშე გააჩინა დედიკომ. = ბიჭი და გოგო. უსაყვარლესები. ჩემი ნატალი, ალექსანდრე და ანა დამეგობრდნენ და ერთ ხმაში ტიროდნენ ხოლმე. ბოლოს 1 დღით ადრე გამოვედი, დიდი ხვეწნით, იმიტომ რომ ჩემი შვილები უდედოდ ვერ ძლებდნენ, გაბრიელს 39 სიცხე მისცა ნერვიულობისგან და ნინი მთელი დღეები ტიროდა და დედიტო მინდაო, იძახდა. ახლა ვართ ერთად ყველანი, ბედნიერები და შევხარით ერთმანეთს. ღმერთმა ყველას ასე მშვიდი და უპრობლემო მშობიარობა მოგცეთ.
ვაიმე, ძალიან ბევრი დავწერე აშკარად, ბევრი ვიტლიკინე. ვისაც დაგეზარებათ, ბოლომდე ნუ წაიკითხავთ. მაინცდამაინც ლიტერატურული შედევრი არ არის.